ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.014408
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
68
31/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
170050000.22.027.014408
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2010 - 18/10/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.22.027.014.408

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №68

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა (დანართი №2).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ დებულებებისა და ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 6 ივნისის №422 ბრძანება.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

ზ. ადეიშვილი

დანართი №1

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება შემუშავებულია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – გამოცდა) ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის პრინციპებს.

2. გამოცდის ჩატარების მიზანს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება ნოტარიუსობის კანდიდატის კვალიფიკაცია ნოტარიუსისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.

    მუხლი 2. გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები

1. გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ფლობს სახელმწიფო ენას.

2. პირი გათავისუფლდება გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში.

3. გამოცდაზე არ დაიშვება პირი, რომლის ასაკი აღემატება ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკს.

    მუხლი 3. კომისია

1. ნოტარიუსობის კანდიდატი გამოცდას აბარებს კომისიას.

2. კომისია იქმნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებისაგან, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან.

4. კომისია იქმნება გამოცდის ჩატარებამდე არა უადრეს ათი დღისა და მისი უფლებამოსილება წყდება გამოცდის შედეგების დამტკიცებისთანავე.

3. კომისიის წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. კომისიის შემადგენლობა ანონიმურია.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს.

    მუხლი 4. გამოცდის დანიშვნა

1. გამოცდას ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. გამოცდის დანიშვნის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ბრძანება აგრეთვე ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.

3. გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან (შემდგომში – ნოტარიუსთა პალატა) იქმნება კომისიის სამდივნო, რომლის მიზანია გამოცდის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმება.

    მუხლი 5. გამოცდაზე დასაშვებად საბუთების მიღება

1. გამოცდაზე დაშვების მიზნით განცხადებების მიღება იწყება გამოცდის ჩატარების თარიღის გამოცხადებიდან მეორე სამუშაო დღეს და მთავრდება გამოცდის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე. დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.

2. გამოცდის ჩაბარების მსურველებმა სამდივნოში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება გამოცდაზე დაშვების შესახებ;

ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი და ჩაბარებული საგნების ჩამონათვალი – დანართი;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთი ან ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟის/საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4-ზე;

ზ) გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. გამოცდამდე თითოეულ კანდიდატს გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელიც წარმოადგენს პირის გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს. საგამოცდო ბარათში აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომელიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის.

4. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს ან მის მიერ წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება დადგენილ წესს, იგი გამოცდაზე არ დაიშვება.

    მუხლი 6. გამოცდის ეტაპები

1. გამოცდა მოიცავს ორ ეტაპს – პროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს), რომლებიც ტარდება ტესტირების ფორმით.

2. პირი გათავისუფლდება გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით, ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა და ამ გამოცდის ჩაბარებიდან/მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი, ან უკავია მოსამართლის თანამდებობა.

    მუხლი 7. გამოცდის პირველი ეტაპი – პროფესიული ნაწილი

1. გამოცდის პირველი ეტაპის – პროფესიული ნაწილისათვის განკუთვნილი ტესტები უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას (დანართი №2).

2. გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება ასი საკითხის შერჩევის გზით. ის ასი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს ტესტირებისას, აირჩევა უშუალოდ გამოცდის დაწყების წინ და დაყოფილი იქნება სამ ვარიანტად (A,B,C).

3. საგამოცდო ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პასუხი არის სწორი.

4. გამოსაცდელის ამოცანაა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან აირჩიოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში.

5. თუ პასუხის ფურცელში სწორ პასუხად მითითებულია ერთზე მეტი პასუხი, მაშინ ტესტის ამოხსნა შეფასდება 0-ით. თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0-ით. შეფასება 0-ს დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია.

6. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.

7. გამოცდის პირველი ეტაპის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასებაა – 100.

8. თუ გამოსაცდელმა გამოცდის პირველ ეტაპზე დააგროვა 75 ან მეტი ქულა, იგი უფლებამოსილია გავიდეს გამოცდის მეორე ეტაპზე, რის შესახებაც პირს ეცნობება გამოცდის პირველი ეტაპის ჩატარებიდან მეორე დღეს.

    მუხლი 8. გამოცდის მეორე ეტაპი – ზოგადი უნარ-ჩვევები

გამოცდის მეორე ეტაპის ჩატარების წესს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ნოტარიუსთა პალატა.

    მუხლი 9. გამოცდაზე გამოცხადების დრო

1. გამოცდის თითოეული ეტაპის ჩატარების დღეს ყველა გამოსაცდელი გამოცდის ჩატარების ადგილას უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს და გაიაროს რეგისტრაცია. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საგამოცდო ბარათის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. რეგისტრაციის დასრულებისთანავე იხურება გამოსაცდელი დარბაზის კარები და დაგვიანებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

    მუხლი 10. საგამოცდო დრო

1. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ექვსი საათი. დროის გადაცილების შემდეგ საგამოცდო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.

2. გამოსაცდლები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით და 15 წუთი ადრე. 30 წუთით ადრე გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი საგამოცდო ტესტის ჩაბარების გარეშე.

    მუხლი 11. საგამოცდო ტესტების წიგნის დარიგების წესი

1. გამოცდის თითოეული ეტაპის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული ტესტების წიგნი.

2. საგამოცდო დარბაზში უნდა დარიგდეს ზუსტად იმდენი ტესტების წიგნი, რამდენი გამოსაცდელიც იქნება დაშვებული გამოცდაზე.

3. სამდივნო ითვლის დარჩენილი ტესტების წიგნების რაოდენობას, ადგენს აქტს და ლუქავს მათ სპეციალურ ყუთში.

    მუხლი 12. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე

საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი გამოცდის დაწყებამდე ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, წინსართის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ჩაბარებისათვის.

    მუხლი 13. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა

1. გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება.

2. გამოცდაზე დაუშვებელია აუდიო ან ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) შეტანა.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება შესაბამისი შინაარსის აქტი, ხოლო გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება მითითებული მასალისა თუ ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.

    მუხლი 14. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები

გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამოუცხადებლობის საფუძვლის მიუხედავად, პირს არ აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება.

    მუხლი 15. საჯაროობა გამოცდის ჩატარებისას

1. გამოცდის ჩატარებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულმა პირებმა გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე განცხადებით უნდა მიმართონ ნოტარიუსთა პალატას. თანხმობის შემთხვევაში ისინი აკრედიტაციას გადიან ნოტარიუსთა პალატაში.

3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საგამოცდო პროცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილ იქნება საგამოცდო დარბაზიდან.

    მუხლი 16. გამოცდის შედეგების შემოწმება

1. გამოცდის თითოეული ეტაპის შედეგები მოწმდება კომისიის მიერ, კომპიუტერული ტექნიკის ან სხვა საშუალებების გამოყენებით.

2. შედეგების შემოქმების დროს დაცული უნდა იყოს ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.

    მუხლი 17. საპრეტენზიო კომისია

1. გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია.

2. გამოცდის თითოეული ეტაპის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით.

3. პრეტენზია მიიღება გამოცდის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადების დღეს, კომისიის სამდივნოში. დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება.

4. საპრეტენზიო კომისიის მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.

5. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ საგამოცდო კომისიის შეფასება არ არის სწორი, იგი ვალდებულია შეცვალოს შეფასება.

6. პრეტენზიების განხილვის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში.

    მუხლი 18. გამოცდის შედეგები

1. გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს კომისია.

2. პირები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა, იღებენ სერტიფიკატს.

3. გამოცდის შედეგები ქვეყნდება ნოტარიუსთა პალატაში.

დანართი №2

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა

შინაარსი

1. საკონსტიტუციო სამართალი

2. სამოქალაქო სამართალი

3. სამოქალაქო სამართლის პროცესი

4. ადმინისტრაციული სამართალი

5. ნოტარიატი

საკონსტიტუციო სამართალი

თემა I

კონსტიტუციის ცნება, დამახასიათებელი ნიშნები და მნიშვნელობა (ზოგადი მიმოხილვა)

კონსტიტუციის ცნება, არსი და იურიდიული მნიშვნელობა. კონსტიტუციის ნორმების ადგილი სამართლის სისტემაში. კონსტიტუცია – მიმდინარე კანონმდებლობის იურიდიული ბაზა. კონსტიტუციის უზენაესობა.

თემა II

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია

საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია – ქვეყნის უზენაესი კანონი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტი. საქართველოს კონსტიტუციის სისტემა. საქართველოს კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი.

თემა III

საქართველოს საზოგადოებრივი წყობილების კონსტიტუციური საფუძვლები

საქართველოს საზოგადოებრივი წყობილების ცნება და არსი. სახელმწიფოს მართვაში ხალხის მონაწილეობის ფორმები. პოლიტიკური პარტიების შექმნისა და ფუნქციონირების წესი. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობა. სახელმწიფო და ეკლესია. კონსტიტუციური შეთანხმება.

თემა IV

მოქალაქეობა

საქართველოს მოქალაქეობის ცნება. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების წესი და საფუძვლები. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები. ბავშვების მოქალაქეობის შეცვლის წესი. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესი. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქმეთა გადაწყვეტის წესი.

თემა V

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ცნება და იურიდიული ბუნება. ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიები, მათი რეალიზაციის პირობები და საშუალებები. საჩივრისა და პეტიციის უფლება. სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირთა არაკანონიერი მოქმედებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. სასამართლო წესით დაცვის (სამართლიანი სასამართლოს) უფლება. საქართველოს სახალხო დამცველი. საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური მოვალეობები. უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში. თავშესაფრის უფლება.

თემა VI

საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა

საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი. ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები – ქალაქი, მუნიციპალიტეტი, სოფელი, დაბა, თემი.

თემა VII

სახელმწიფო ორგანოთა სისტემა. მათი ორგანიზაციისა და საქმიანობის კონსტიტუციური პრინციპები

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ცნება და სისტემა. ხელისუფლების დანაწილება, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული ორგანიზაციის ფუძემდებლური კონსტიტუციური პრინციპი. ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი.

თემა VIII

საქართველოს საარჩევნო სისტემა

საარჩევნო სისტემის ძირითადი პრინციპები. საქართველოს საარჩევნო სისტემის სახეები. საარჩევნო პროცესი და მისი სტადიები.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საარჩევნო სისტემა, მისი თავისებურებანი.

თემა IX

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი – საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. უფლებამოსილების ვადა, კომპეტენცია და სტრუქტურა. საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი. სადეპუტატო მანდატის ხასიათი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. პარლამენტის წევრის საქმიანობის გარანტიები. საქართველოს პარლამენტის აქტები. საქართველოს პარლამენტის სესიები და პლენარული სხდომები. საკანონმდებლო პროცესი და მისი სტადიები.

თემა X

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი სტატუსი. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი სახელმწიფო ორგანოების ფორმირების პროცესში. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, დაკავშირებული პარლამენტის საქმიანობასთან. სუსპენზიური ვეტოს უფლება. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესი (იმპიჩმენტი). საქართველოს პრეზიდენტის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.

თემა XI

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის სამართლებრივი სტატუსი. მთავრობის შემადგენლობა, სტრუქტურა, უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი. მთავრობის წევრთა უფლებამოსილების მოხსნის წესი და პირობები. მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან. მთავრობის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.

საქართველოს პროკურატურის სტატუსი, პროკურატურის ორგანოთა სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი.

თემა XII

სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური საფუძვლები

სასამართლო ხელისუფლების სისტემა. მართლმსაჯულების განხორციელება და საკონსტიტუციო სამართალწარმოება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საერთო სასამართლოების სისტემა. საქართველოს უზენაესი სასამართლო. მისი ფორმირების წესი და უფლებამოსილება. რაიონული (საქალაქო) სასამართლოები. სააპელაციო სასამართლოები. მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური პრინციპები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის წესი, კომპეტენცია. საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინებით შესვლის უფლება. მოსამართლეთა საქმიანობის კონსტიტუციური გარანტიები.

საქართველოს ადვოკატურა.

თემა XIII

ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური საფუძვლები

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება. ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.

საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“.

საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“.

საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“.

საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“.

საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“.

საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“.

საქართველოს კანონი „კონტროლის პალატის შესახებ“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“.

საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

სამოქალაქო სამართალი

თემა I

ზოგადი დებულებანი

სამოქალაქო სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში. კერძო და საჯარო სამართალი. სამოქალაქო კანონმდებლობა. სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში. კანონისა და სამართლის ანალოგია. სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა. სამოქალაქო კანონთა მიზანი.

კერძო სამართლის სისტემა. სამოქალაქო კოდექსის სისტემა. ზოგადი ნაწილის ცნება, მნიშვნელობა და სახეები.

დისპოზიციური და იმპერატიული ნორმები სამოქალაქო სამართალში.

თემა II

პირები სამოქალაქო სამართალში

ა) ფიზიკური პირები

უფლებაუნარიანობა. ქმედუნარიანობის ცნება და მნიშვნელობა. ქმედუუნაროდ პირის მიჩნევის საფუძვლები (ასაკი, ჯანმრთელობა). შეზღუდული ქმედუნარიანობა.

სახელის უფლება. სამოქალაქო სახელი. კომერციული სახელი.

პირადი არაქონებრივი უფლებები: სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია.

უფლება საკუთარ გამოსახულებაზე. პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ.

საცხოვრებელი ადგილი. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. არჩევით საცხოვრებელი ადგილი და კანონით საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის გაუქმების დაუშვებლობა პირის ნების საწინააღმდეგოდ.

პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მისი შედეგები.

პირის გამოცხადება გარდაცვლილად და მისი შედეგები.

ბ)იურიდიული პირები

იურიდიული პირის ცნება და ნიშნები. იურიდიული პირის სახეები: კერძო სამართლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მათი მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში. სახელმწიფოს მონაწილეობა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.

იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა. ზოგადი და სპეციალური უფლებაუნარიანობა.

კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელწოდება (საფირმო სახელწოდება).

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნება, რეგისტრაცია, წესდების სამართლებრივი ბუნება. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კავშირის მართვის ორგანოები: კავშირის წევრთა საერთო კრება, გამგეობა, კომისიები, საკონსულტაციო ორგანოები. კავშირის წევრობა.

არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება).

თემა III

გარიგებანი

ზოგადი ნორმები გარიგებათა შესახებ.

გარიგების ცნება. ნების გამოვლენის ნამდვილობა. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი. გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ნების გამოვლენის არასერიოზულობის, ქმედუუნარობის ან ფსიქიკური მოშლილობის გამო. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. გარიგების კონვერსია. გარიგების ნაწილის ბათილობა. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას.

ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა.

არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება. არასრულწლოვნის ემანსიპაცია. წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული გარიგება.

გარიგების ფორმა.

საცილო გარიგებანი.

შეცდომით დადებული გარიგებანი. მოტყუებით დადებული გარიგებანი. იძულებით დადებული გარიგებანი.

პირობითი გარიგებანი.

პირობითი გარიგების ცნება. ამორალური პირობა. ნებაზე დამოკიდებული, პოზიტიური და ნეგატიური პირობა. გარიგებები გადადების და გაუქმების პირობით.

თანხმობა გარიგებებში.

წარმომადგენლობა გარიგებებში.

თემა IV

ვადები. ხანდაზმულობა

ვადების გამოთვლა. ხანდაზმულობა. მოთხოვნები, რომლებზედაც ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადის დაწყება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. ხანდაზმულობის ვადა სანივთო მოთხოვნათა მიმართ. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას. დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ხანდაზმულობის ვადის შეცვლის დაუშვებლობა მხარეთა შეთანხმებით.

 

სანივთო (ქონებრივი) სამართალი

თემა I

ქონება

ქონების ცნება. ნივთის სახეები. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება. აქცესორული და შეზღუდული უფლებები. ნივთისა და უფლების ნაყოფი.

თემა II

მფლობელობა

მფლობელობის ცნება და სახეები. მფლობელობის შეწყვეტა, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. კეთილსინდისიერი მფლობელი, მისი უფლებები, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელისა და არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი. საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით.

თემა III

საკუთრება

საკუთრების უფლების შინაარსი. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება. მესაკუთრის მიერ ნივთით სარგებლობის ხელისშემშლელი მოქმედების აღკვეთის მოთხოვნა. საერთო საკუთრება.

თემა V

საკუთრების შეძენა და დაკარგვა

საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებზე. საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე. პირობადადებული საკუთრება. საკუთრების შეძენა უპატრონო ნივთზე. ნაპოვარი. განძი. თანასაკუთრება შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

თემა VI

საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე

უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის ცნება და შინაარსი. მოთხოვნის დათმობა. ვალის გადაკისრება.

თემა VII

ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლებში

მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრების ცნება. ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება. წილის განსაზღვრა საერთო საკუთრებაში. ბინის საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ურთიერთობანი ბინის მესაკუთრეთა შორის.

თემა VIII

სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა

ა) აღნაგობა

აღნაგობის ცნება. აღნაგობის უფლების წარმოშობის საფუძვლები. აღნაგობის უფლების გასხვისება. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია. აღნაგობის უფლების შეწყვეტა.

ბ) უზუფრუქტი

უზუფრუქტის ცნება. უზუფრუქტის სახეები. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი. უზუფრუქტის შეწყვეტა.

გ) სერვიტუტები

სერვიტუტის ცნება. სერვიტუტის პირობები. ნაგებობის მოვლის ვალდებულება. მიწის გაყოფის შედეგები. უფლებამოსილი პირის უფლებების დაცვა. პირადი სერვიტუტი.

თემა IX

საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

ა) გირავნობა

ცნება. მოძრავი ნივთებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი. გირავნობის სახეები. რეგისტრირებული გირავნობა. გარიგების დადება გირავნობის საგანზე. გირავნობის გაუქმების საფუძვლები. გირავნობის საგნის რეალიზაცია. გირაოს გასხვისების შედეგები.

ბ) იპოთეკა

ცნება. საერთო იპოთეკა. იპოთეკის რეგისტრაცია. ნივთის დატვირთვა იპოთეკით რამდენჯერმე. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას. იპოთეკის გადასვლა ახალ კრედიტორზე. იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის წესი. ნივთის იძულებით მართვა (სეკვესტრი).

თემა X

საჯარო რეესტრი

საჯარო რეესტრის დანიშნულება. რეესტრში ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა.

 

ვალდებულებითი სამართალი

ზოგადი ნაწილი

თემა I

ზოგადი დებულებანი ვალდებულებათა შესახებ

ვალდებულების ცნება და სახეები. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები. ვალდებულების წარმოშობა ხელშეკრულების მომზადების საფუძველზე. ხელშეკრულების დასადებად გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

თემა II

ზოგადი დებულებანი ხელშეკრულებათა შესახებ

ხელშეკრულების ცნება და სახეები. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება.

თემა III

ხელშეკრულების დადება

ხელშეკრულების დადების წესი (ოფერტი, აქცეპტი). ქუჩაში ხელშეკრულების დადების თავისებურება.

თემა IV

ხელშეკრულების შინაარსი

ხელშეკრულების პირობები (არსებითი, ჩვეულებრივი, შემთხვევითი პირობები). ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებები.

თემა V

ხელშეკრულებიდან გასვლა

თემა VI

ვალდებულების შესრულება

თემა VII

ვალდებულების დარღვევა

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას. ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობებზე. მოვალის მიერ ვადის გადაცილება. ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს.

თემა VIII

მოთხოვნის უზუნველყოფის დამატებითი საშუალებები

პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია.

თემა IX

ვალდებულების შეწყვეტა

ვალდებულების შეწყვეტა მისი შესრულებით, ნოვაციით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. ვალდებულების შეწყვეტა მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების გამო. ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო.

თემა X

კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებებში

სოლიდარული კრედიტორები. სოლიდარული მოვალეები.

 

განსაკუთრებული ნაწილი

თემა XI

ნასყიდობის ხელშეკრულება

ნასყიდობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. გამყიდველისა და მყიდველის უფლებები და მოვალეობები. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა. ნასყიდობა გადახდის განვადებით. გამოსყიდვის უფლება. ოფცია. უპირატესი შესყიდვის უფლება. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით.

თემა XII

გაცვლის ხელშეკრულება

თემა XIII

ჩუქების ხელშეკრულება

ჩუქების ხელშეკრულების ცნება. ჩუქების ხალშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება. შეწირულობა. ჩუქების გაუქმება და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა.

თემა XIV

ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობის ხელშეკრულების ცნება. მხარეთა უფლებები და მოვალეობანი. ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა.

თავი XV

ლიზინგის ხელშეკრულება

თემა XVI

იჯარის ხელშეკრულება

იჯარის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მისი განსხვავება ქირავნობის ხელშეკრულებისაგან. მიწის იჯარა ინვენტართან ერთად. იჯარის ხელშეკრულების მოშლა.

თემა XVII

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება

ცნება და შინაარსი. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების შეწყვეტა.

თემა XVII

სესხის ხელშეკრულება

სესხის ხელშეკრულების ცნება. სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობა. პროცენტი სესხისათვის. ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება. სესხის შეპირება. ხელშეკრულების შეწყვეტა.

თემა XVIII

დავალების ხელშეკრულება

დავალების ხელშეკრულების ცნება. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. დავალების გადანდობა მესამე პირისათვის. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა. მარწმუნებლისა და რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები.

თემა XIX

საკუთრების მინდობა

საკუთრების მინდობის ცნება. მინდობილი მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი. მინდობილი მესაკუთრისათვის ხარჯების ანაზღაურება. მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობა.

თემა XX

შუამავლობის ხელშეკრულება

შუამავლობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. ექსკლუზიური დავალება. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა. შუამავლობა ბინის ქირავნობისას. შუამავლობა სესხებისას.

თემა XXI

მიბარების ხელშეკრულება

მიბარების ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მხარეთა უფლებები და მოვალეობები. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი.

თემა XXII

ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება

ამხანაგობის ხელშეკრულების ცნება. ამხანაგობის მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები. ამხანაგობის მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა. ამხანაგობიდან ერთ-ერთი მონაწილის გასვლის შედეგები. ამხანაგობის შეწყვეტის საფუძვლები და წესი.

თემა XXIII

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. მარჩენალისათვის გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა. ხელშეკრულების შეწყვეტა. მარჩენალის გარდაცვალების შედეგები.

 

საოჯახო სამართალი

თემა I

ქორწინების წესი და პირობები

ქორწინების ცნება. დაქორწინების პირობები. დაქორწინების გაფორმება. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები. ხელმეორედ დაქორწინების წესი.

თემა II

ქორწინების შეწყვეტა

ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები. განქორწინების დაუშვებლობა. განქორწინების წესი. ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული მეუღლის დაბრუნებისას. მსჯავრდადებულ მეუღლესთან განქორწინების წესი.

თემა III

ქორწინების ბათილობა

ქორწინების ბათილობის საფუძველი. ქორწინების ბათილობის მომენტი.

თემა IV

მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები

მეუღლეთა პირადი უფლებები. კანონით დადგენილი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები. მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივი ურთიერთობები. მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა.

თემა V

შვილება

შვილების ცნება. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია. მშვილებელი. შვილად აყვანა მეუღლეების მიერ. მშობლების თანხმობა გაშვილებისას. მეურვეობაში მყოფი ბავშვის შვილება. ათი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის შვილება. ნაშვილების ურთიერთობანი ღვიძლ მშობლებთან. შვილად აყვანის გაუქმება და მისი შედეგები. შვილად აყვანის ბათილად ცნობის საფუძველები.

თემა VI

მეურვეობა და მზრუნველობა

მეურვეობისა და მზრუნველობის ცნება. მეურვეობა, მზრუნველობა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები. მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი. მეურვის და მზრუნველის უფლებები. მეურვისა და მზრუნველის მოვალეობანი. მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილება, შეზღუდვა. მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობისაგან. მეურვეობის შეწყვეტის საფუძვლები.

მემკვიდრეობითი სამართალი

თემა I

ზოგადი დებულებანი

მემკვიდრეობის ცნება. მამკვიდრებელი. მემკვიდრეები. თანამემკვიდრეები. უღირსი მემკვიდრე. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება). სამკვიდროს გახსნა. სამკვიდროს გახსნა კომლში.

თემა II

მემკვიდრეობა კანონით

კანონით მემკვიდრეები. კანონით მემკვიდრეთა რიგითობა. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას. მემკვიდრეობის უფლებების ჩამორთმევა ცოცხლად დარჩენილ მეუღლისათვის. უმკვიდრო ქონების გადასვლა ხაზინაზე.

თემა III

მემკვიდრეობა ანდერძით

ანდერძის ცნება. ერთობლივი ანდერძი. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ. ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა.

თემა IV

ანდერძის ფორმა

სანოტარო ფორმა. შინაურული ანდერძი. დახურული ანდერძი.

თემა V

მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა

თემა VI

სავალდებულო წილი

სავალდებულო წილის ცნება. სავალდებულო წილის განსაზღვრა. უარი სავალდებულო წილის მიღებაზე. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა.

თემა VII

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

ლეგატის ცნება. საანდერძო დანაკისრის საგანი. საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლები და ვადა. საანდერძო დანაკისრი სავალდებულო წილის მიღებისას. უარი საანდერძო დანაკისრის მიღებაზე. საანდერძო დანაკისრი საერთო სასარგებლო მიზნით.

თემა VIII

ანდერძის შეცვლა ან მოშლა

ანდერძის შეცვლის საშუალებები. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები.

თემა IX

ანდერძის აღსრულება

თემა X

სამკვიდროს მიღება და უარი მის მიღებაზე

სამკვიდროს მიღება. სამკვიდროს მიღების ვადა და ვადის გაგრძელება. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა. მემკვიდრეობითი ტრანსმისია. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე.

თემა XI

სამკვიდროს გაყოფა

სამკვიდროს გაყოფის წესის განსაზღვრა მოანდერძის მიერ. საჩუქრის ჩათვლა მოანდერძის წილში. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის. საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით. ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას. წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება. წილის განკარგვის უფლება. წილის გათანაბრება. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები. უპირატესი მემკვიდრეობის უფლება.

თემა XII

კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

თემა XIII

სამკვიდროს დაცვა

თემა XIV

სამკვიდრო მოწმობა

 

სამეწარმეო სამართალი

ზოგადი ნაწილი

თემა I

სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის ცნება

სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის მართლზომიერება, არაერთჯერადობა, მოგების მიზანი, დამოუკიდებლობა და ორგანიზებულობა. არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა. თავისუფალი პროფესიების ცნება.

თემა II

საწარმოთა სამართლებრივი ფორმები

საწარმოს ცნება. ინდივიდუალური საწარმო. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს). კომანდიტური საზოგადოება (კს). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). სააქციო საზოგადოება (სს). კოოპერატივი. პარტნიორის ცნება. ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და სახელმწიფო, როგორც პარტნიორები. რეგისტრაციის ცნება და მნიშვნელობა. იურიდიული პირის ცნება. იურიდიული პირის ზოგადი უფლებაუნარიანობა.

თემა III

საწარმოს დაფუძნება. რეგისტრაციის პირობები

სამეწარმეო რეესტრის ცნება და მნიშვნელობა. საწარმოთა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები. რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტები. რეგისტრაციის გაუქმება. რეგისტრაციის სისწორის პრეზუმფცია. რეგისტრაციის განხორციელების პრეზუმფცია.

თემა IV

საწარმოთა პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობის ცნება. პასუხისმგებლობის პირობები. კრედიტორის ცნება. მესამე პირის ცნება. შესატანის ცნება. ფულადი და არაფულადი შესატანები. შესატანის შეტანის წესი. შესატანის შემცირება საწესდებო კაპიტალის შემცირებით. პარტნიორთა თანასწორუფლებიანობის პრინციპები.

თემა V

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირები. საერთო კრება. ხელმძღვანელობითი საქმიანობა. საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილებათა შეზღუდვა. საზოგადოების ხელმძღვანელობის საგარეო ურთიერთობა. კონკურენციის აკრძალვა. საზოგადოების ხელმძღვანელთა ვალდებულება. მტკიცების ტვირთი. იმპერატიული ნორმა რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. საწესდებო კაპიტალის შენარჩუნების უზრუნველყოფა. საკონსულტაციო საბჭო.

თემა VI

ხანგრძლივობა. რეორგანიზაცია. ლიკვიდაცია

ხანგრძლივობა. სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ისა და კოოპერატივის ლიკვიდაცია. საზოგადოების ლიკვიდაციისას ქონების განაწილების წესი. საზოგადოების რეორგანიზაცია, საწარმოთა შერწყმა, გაყოფა ნატურით.

თემა VII

ხანდაზმულობა. გასაჩივრების ვადები

ხანდაზმულობის ცნება. პრეტენზიის ცნება.

თემა VIII

ფილიალები

ფილიალის ცნება. ფილიალის რეგისტრაცია. საზღვარგარეთის საწარმოთა ფილიალის რეგისტრაცია.

კერძო ნაწილი

თემა IX

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ცნება. პარტნიორთა კრება. საზოგადოების ხელმძღვანელობა. პარტნიორის კონტროლის უფლება. ლიკვიდაციის საფუძვლები. წილი კაპიტალის გასხვისება. პარტნიორის გარდაცვალება.

თემა X

კომანდიტური საზოგადოება

ცნება. კონკურენციის აკრძალვა. კომანდიტის კონტროლის უფლება. საზოგადოების ხელმძღვანელობა. მოგება და ზარალი. კომანდიტის პასუხისმგებლობა. კომანდიტის წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა.

თემა XI

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ცნება. შპს-ის განსხვავება სს-ისგან. საწესდებო კაპიტალი. პარტნიორის უფლება-მოვალეობანი. წილის გასხვისება. წილის ცნება. წილის გასხვისებას გათანაბრებული გარიგებანი. დამატებითი შენატანების გადახდა.

პარტნიორთა კრების მოწვევა. კონტროლი საზოგადოების ხელმძღვანელობაზე. კრებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.

თემა XII

სააქციო საზოგადოება

ცნება. საზოგადოების წიგნი. აქციათა ფორმები. აქციის ცნება და აქციათა სახეები. ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები. აქციის ნომინალური ღირებულება. აქციების გასხვისების წესი. ფასიანი ქაღალდების კაპიტალის სხვა ფორმები.

აქციონერთა უფლებები და მოვალეობები. საერთო კრება და მისი კომპეტენცია. სამეთვალყურეო საბჭო და მისი კომპეტენცია. დირექტორები.

წლიური ანგარიში და მოგების გამოყენება. ქონების მოვლის ვალდებულება. რევიზია. კაპიტალის შეძენის ღონისძიებები.

თემა XIII

კოოპერატივი

ცნება. პაი. კოოპერატივში გაწევრიანება. წევრის გასვლა კოოპერატივიდან. საერთო კრება. წარმომადგენელთა კრება. სამეთვალყურეო საბჭო. გამგეობა. დირექტორები.

 

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1997 წ.

საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, 1994 წ.

 

სამოქალაქო სამართლის პროცესი

თემა I

სასამართლო

სამართალწარმოების ძირითადი დებულებები. უწყებრივი ქვემდებარეობა. განსჯადობა. სასამართლოს შემადგენლობა. აცილება. პროცესის ხარჯები. საპროცესო უზრუნველყოფა. საპროცესო ვადები. სასამართლო შეტყობინება და დაბარება.

თემა II

მხარეები

მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. საპროცესო თანამონაწილეობა. მესამე პირები. წარმომადგენლობა სასამართლოში.

თემა III

სასამართლო მტკიცებულებები

მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. ადგილზე დათვალიერება. მხარეთა ახსნა-განმარტებები. წერილობითი მტკიცებულება. მოწმეთა ჩვენება. ნივთიერი მტკიცებულება. ექსპერტის დასკვნა.

თემა IV

სასარჩელო წარმოება

საქმეების განხილვა I ინსტანციით. შეგებებული სარჩელი. სარჩელის უზრუნველყოფა. საქმის მომზადება მთავარ სხდომაზე განსახილველად. სასამართლოს მთავარი სხდომა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. საქმის წარმოების შეჩერება. სასამართლო განჩინება. სასამართლო ოქმი.

თემა V

გამარტივებული წარმოება

თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა. დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი.

თემა VI

უდავო წარმოება

ზოგადი დებულებები. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება. მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად და ქმედუუნაროდ აღიარება. დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდენო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება). ქონების უპატრონოდ ცნობა. შვილად აყვანა.

თემა VII

საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებები

საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი. წარმოება რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

თემა VIII

სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრება

აპელაციის დასაშვებობა. საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კასაციის დასაშვებობა. საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი.

თემა IX

საქმის წარმოების განახლება

განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი. გარდამავალი დებულებები.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

ადმინისტრაციული სამართალი

თემა I

ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ზოგადი დებულებანი

 ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულება, სამართლებრივი დახმარების პირობა და ფარგლები, უარის თქმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, სამართლებრივ დახმარებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება,

დოკუმენტის ოფიციალური დამოწმების უფლება, საზოგადოებრივი ექსპერტი, საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარდგენა, საექსპერტო დასკვნის იურიდიული ძალა, საზოგადოებრივი ექსპერტის მოვალეობის შეწყვეტა.

თემა II

ინფორმაციის თავისუფლება

პირადი საიდუმლოება, კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა, საჯარო რეესტრი, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია, პერსონალური მონაცემების საიდუმლოება, მონაცემებში შესწორების შეტანა ან მათი განადგურება.

თემა III

ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მიმართვის უფლება

თემა IV

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, გაცემა და გაცემაზე უარი

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა.

თემა V

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სახეები

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები.

თემა VI

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება, ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი, ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა.

თემა VII

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი .

ნოტარიატი

1. ნოტარიატის წარმოშობის ისტორია . ნოტარიატის სისტემები თანამედროვე მსოფლიოში .

2. ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირი .

3. მმართველობა და თვითმმართველობა ნოტარიატის სისტემაში .

4. ნოტარიატის კომპეტენცია და მისი ადგილი სამოქალაქო ბრუნვაში .

5. სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების ძირითადი მოთხოვნები (ვადები , შესრულების გადადება , შეჩერება , უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე ).

6. გარიგების დამოწმების ზოგადი წესი , პირობები და შედეგები .

7. კანონით უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებები . მათი შესრულების ფარგლები და სპეციფიკა .

8. საზღვაო პროტესტი .

9. სანოტარო საქმიანობის განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი . ნოტარიუსის ქონებრივი პასუხისმგებლობა და სამსახურებრივი დაზღვევა .

10. მინდობის , დავალების და რწმუნების დადასტურების თავისებურებანი (მათი მოქმედების ვადა . მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები . გადანდობის უფლება ).

11. ნოტარიუსის შემოსავლის დაბეგვრის წესი .

12. სანოტარო მოქმედებები , რომლებსაც ასრულებენ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები .

13. თანამდებობის პირების მიერ იმ ანდერძებისა და რწმუნებულებების დადასტურება , რომლებიც უთანაბრდება სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს .

14. სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ და მათთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი და პირობები .

15. დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის დადასტურების წესი . დუბლიკატი .

16. დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების წესი .

17. მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის სანოტარო წესით დადასტურება .

18. მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის სანოტარო წესით დადასტურება .

19. მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის სანოტარო წესით დადასტურება .

20. მოქალაქეთა , დაწესებულებათა და ორგანიზაციათა განცხადებების მიღების წესი , დოკუმენტთა შესანახად მიღება .

21. ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღება .

22. სააღსრულებო ფურცლის გაცემა .

23. ქონების წილზე საკუთრების მოწმობის , მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების მოწმობის გაცემა .

24. საზღვარგარეთ სამოქმედოდ გაცემულ დოკუმენტთა სანოტარო წესით დამოწმების წესი და თავისებურებანილეგალიზაცია , აპოსტილი “.

25. საქართველოს მოქალაქეთა , უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლება მემკვიდრეობასა და საკუთრებაზე .

26. არასამეწარმეო იურიდიულ პირთა დაფუძნების და რეორგანიზაციისათვის საჭირო დოკუმენტთა დამოწმების წესი და პირობები .

27. სამეწარმეო იურიდიულ პირთა დაფუძნების და რეორგანიზაციისათვის საჭირო დოკუმენტთა დამოწმების წესი და პირობები .

28. საქორწინო ხელშეკრულება , მისი დამოწმების წესი .

29. წილის განკარგვის დადასტურების წესი და პირობები კომერციულ საზოგადოებებში .

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

 

საქართველოს კანონინოტარიატის შესახებ

საქართველოს კანონისანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

11. 24/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 691 - ვებგვერდი, 25/03/2021 10. 12/10/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101 - ვებგვერდი, 12/10/2015 9. 07/04/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 20 - ვებგვერდი, 08/04/2014 8. 28/01/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2 - ვებგვერდი, 28/01/2014 7. 09/08/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 116 - ვებგვერდი, 110809030, 09/08/2011 6. 16/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 231 - სსმ, 165, 17/12/2010 5. 16/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 230 - სსმ, 165, 17/12/2010 4. 10/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 229 - სსმ, 162, 13/12/2010 3. 06/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 226 - სსმ, 159, 06/12/2010 2. 02/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 223 - სსმ, 158, 03/12/2010 1. 18/10/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 190 - სსმ, 134, 19/10/2010