დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 116 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/08/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110809030, 09/08/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 170050000.22.027.016183 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №116
2011 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №33 მუხ. 517) დამტკიცებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამოცდის დანიშვნის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე უნდა გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ბრძანება აგრეთვე ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი) და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის (შემდგომში – ნოტარიუსთა პალატა) ვებგვერდებზე.
3. გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან იქმნება კომისიის სამდივნო, რომლის მიზანია გამოცდის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმება.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. გამოცდაზე დასაშვებად საბუთების მიღება
1. გამოცდაზე დაშვების მიზნით საბუთების მიღება იწყება გამოცდის ჩატარების თარიღის გამოცხადებიდან მეორე სამუშაო დღეს და მთავრდება გამოცდის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე. დაგვიანებით შემოსული საბუთები არ მიიღება.
2. გამოცდის ჩაბარების მსურველებმა სამდივნოში ელექტრონულად უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4-ზე;
ე) გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. თუ პირი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი საბუთები შეესაბამება დადგენილ წესს, საბუთების გაგზავნიდან 1 დღის ვადაში იგი მიიღებს ელექტრონულ ფოსტაზე დადასტურებას გამოცდაზე დაშვების შესახებ. თუ პირის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, იგი უფლებამოსილია გამოასწოროს ხარვეზი და სამდივნოში წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთები შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩატარებული ტესტირების დასრულებისას ამობეჭდილ უნდა იქნეს კანდიდატის მიერ დამუშავებული ელექტრონული ტესტების შეფასების ამონაწერის ეგზემპლარი, რომელიც ინახება საგამოცდო კომისიასთან 1 წლის ვადით.“.
4. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. გამოცდის პირველი ეტაპი – ზოგადი უნარ-ჩვევები
1. გამოცდის პირველი ეტაპის ტესტი შედგება ასი ტესტური ტიპის კითხვისგან.
2. საგამოცდო ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პასუხი არის სწორი.
3. გამოსაცდელის ამოცანაა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან აირჩიოს სწორი პასუხი.
4. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი – 0 ქულით.
5. გამოცდის პირველი ეტაპის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100.
6. თუ გამოსაცდელმა გამოცდის პირველ ეტაპზე დააგროვა 70 ან მეტი ქულა, იგი უფლებამოსილია გავიდეს გამოცდის მეორე ეტაპზე, რის შესახებაც პირს ეცნობება გამოცდის პირველი ეტაპის ჩატარების მეორე დღეს.
მუხლი 8. გამოცდის მეორე ეტაპი - პროფესიული ნაწილი
1. გამოცდის მეორე ეტაპის – პროფესიული ნაწილისათვის განკუთვნილი ტესტები უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას (დანართი №2).
2. გამოცდის მეორე ეტაპი ტარდება ამ დებულების მე-7 მუხლით (გარდა მე-6 პუნქტისა) დადგენილი წესით.
3. გამოსაცდელმა გამოცდის მეორე ეტაპზე უნდა დააგროვოს 75 ან მეტი ქულა.“.
5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.“.
6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გამოცდის პირველი ეტაპისთვის გამოსაცდელს ეძლევა 2 საათი, ხოლო მეორე ეტაპისთვის – 3 საათი.“.
7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულმა პირებმა გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.“.
8. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამოცდის შედეგები ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები