სახანძრო უსაფრთხოების შესახებ

სახანძრო უსაფრთხოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.05.001.000.355
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1377
12/05/1998
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998
140.060.000.05.001.000.355
სახანძრო უსაფრთხოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 23.03.2017, №500)

 

საქართველოს კანონი

სახანძრო უსაფრთხოების შესახებ

ეს კანონი ადგენს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, აწესრიგებს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ურთიერთობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები

კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) სახანძრო უსაფრთხოება – ხანძრისაგან ფიზიკურ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, აგრეთვე კერძო და სახელმწიფო ქონების დაცვა;

ბ) ხანძარი – არაკონტროლირებადი წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზარალს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები – სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით, დადგენილი სოციალური და/ან ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა – სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი – მოქალაქეთა ქცევის, წარმოების ორგანიზებისა და სათავსების (ტერიტორიის) მოვლა-პატრონობის წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის აღკვეთასა და ხანძრის ჩაქრობას;

ვ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები – სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების მიზნით გაწეული მოქმედება;

ზ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური – ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის, მასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დადგენილი წესით, შექმნილი ხანძარსაწინააღმდეგო ფორმირებების (ძალების, საშუალებების) ერთობლიობა;

თ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოები – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საბრძოლო მოქმედება, მიმართული ფიზიკურ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, კერძო და სახელმწიფო ქონების გადარჩენისა და დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;

ი) სახანძრო-ტექნიკური პროდუქცია – სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პროდუქცია, მათ შორის სახანძრო ტექნიკა, მოწყობილობა და აღჭურვილობა, ცეცხლსაქრობი და ცეცხლდამცავი ნივთიერებები, სპეციალური კავშირისა და მართვის საშუალებები, პროგრამები ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებისათვის და მონაცემთა ბაზები, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის სხვა საშუალებები;

კ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გარნიზონი – განსაზღვრულ ტერიტორიაზე დისლოცირებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფებისა და ხანძრის ჩაქრობისათვის განკუთვნილი სხვა ხანძარსაწინააღმდეგო ფორმირებების ერთობლიობა, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა;

ლ) საწარმო – საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, სადაც დამოუკიდებლად ან ორგანიზებულად ხორციელდება პროდუქციის შექმნა, საქმიანობა, მომსახურების გაწევა ;

მ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტი – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობები.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1777 – სსმI, №40, 18 .07 .2005 წ., მუხ. 266

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახანძრო უსაფრთხოების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და შედგება ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა

1. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა არის ხანძართან ბრძოლისათვის მიმართული ძალებისა და საშუალებების, აგრეთვე სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური, სოციალური და სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებათა ერთობლიობა.

2. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი სუბიექტებია:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;

გ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობენ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

3. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამართლებრივი რეგულირება და სახელმწიფო ღონისძიებების გატარება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შექმნა და მისი საქმიანობის ორგანიზაცია;

გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

დ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სისტემის სუბიექტების უფლებებისა და მოვალეობების რეალიზება;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;

ვ) მოხალისე მეხანძრეებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის ხელის შეწყობა, მოსახლეობის მობილიზება სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველ­ყოფის მიზნით;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა;

თ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროს საინფორმაციო უზრუნველყოფა;

ი) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხანძარ-საწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება;

კ) სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოება;

ლ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულება, მომსახურების გაწევა, პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაცია (შემდგომში – სერტიფიკაცია);

მ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სოციალური და ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებათა განხორციელება;

ნ) ხანძრის ჩაქრობა და მასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება (შემდგომში – ხანძრების ჩაქრობა);

ო) ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვა.

საქართველოს 199 9 წლის 28 მაისის კანონი № 2027 – სსმI, №20(27), 09.06 .199 9 წ., მუხ. 94

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1777 – სსმI, №40, 18 .07 .2005 წ., მუხ. 266

თავი II

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები

    მუხლი 4. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების სახეები და ძირითადი ამოცანები

1. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწი­ნააღმდეგო სამსახურები;

გ) ტყეების ხანძრისაგან დაცვის სამსახური;

დ) საუწყებო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური;

ე) ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური;

ვ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გაერთიანებები.

2. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ძირითადი ამოცანებია:

ა) ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზაცია;

ბ) ხანძრის ჩაქრობა.

3. მასობრივი უწესრიგობების აღკვეთისა და მათი თავიდან აცილების ღონისძიებებში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები მონაწილეობენ მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად მათი ჩარევის აუცილებლობისას.

    მუხლი 5. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური

1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მისი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით.

2. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური:

ა) დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ზედამხედველობას უწევს მათ განხორციელებას;

ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების მარეგლამენტირებელ სამართლებრივ აქტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს;

გ) კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საქმიანობას;

დ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას;

ე) დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ და სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მარეგლამენტირებელ აქტებს;

ვ) შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სამეცნიერო-ტექნიკურ პოლიტიკას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;

ზ) ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების კადრების მომზადებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას;

თ) რთული და დიდი ხანძრის შემთხვევაში ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების საქმიანობას;

ი) ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ინსპექტირებას და უწევს მათ მეთოდურ დახმარებას;

კ) ადგენს ხანძრის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების უფლებამოსილებასა და ორგანიზაციის საფუძვლებს;

ლ) (ამოღებულია);

მ) შეიმუშავებს სტანდარტების, ნორმებისა და წესების პროექტებს, სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც შეიცავენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს;

ნ) დადგენილი წესით შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ და სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს;

ო) ორგანიზებას უწევს ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნას;

პ) აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას.

3. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სტრუქტურასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №953– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.51

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1777 – სსმI, №40, 18 .07 .2005 წ., მუხ. 266

     მუხლი 6. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები

1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ქმნიან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ შექმნან ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები:

ა) ორგანიზებას უწევენ და ახორციელებენ ხანძარსაწინააღდეგო ზედამხედველობას, ხანძრის ჩაქრობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში;

ბ) ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციასა და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფენ ეროვნული მეურნეობის ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზებასა და ჩაქრობას, სხვა სამუშაოების შესრულებასა და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.

3. ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ძალებისა და საშუალებების ჩაბმა ხორციელდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ შემუშავებული განრიგით ან უშუალოდ მისი უფროსის ან მოადგილის განკარგულებით.

4. აკრძალულია სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №953– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.51

    მუხლი 7. ტყეების ხანძრისაგან დაცვის სამსახური

ტყეების ხანძრისაგან დაცვის სამსახური იქმნება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს შესაბამისი კანონმდებლობით.

    მუხლი 8. საუწყებო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური

1. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, საწარმოებს უფლება აქვთ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შექმნან საუწყებო ხანძარსაწინა­აღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფები.

2. საუწყებო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების ორგანიზაციის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი, მათი საქმიანობის განხორციელებისა და პირადი შემადგენლობის მიერ მოვალეობის შესრულების პირობები დგინდება შესაბამისი დებულებებით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვით­მმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებთან შეთანხმებით.

3. კონტროლს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საჰაერო, საზღვაო (სამდინარო), საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტზე, აგრეთვე მცურავ საზღვაო საშუალებებსა და ნაგებობებზე მათი ექსპლუატაციის დროს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო.

    მუხლი 9. ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური

1. ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური საზოგადოებრივ საწყისებზე მონაწილეობს დასახლებულ პუნქტებში, საწარმოებში ან სხვა ადგილებში ხანძრის კერების წარმოშობის თავიდან აცილებაში, აგრეთვე მისი ჩაქრობის ორგანიზაციაში.

2. მოხალისე მეხანძრე არის მოქალაქე, რომელიც ნებაყოფლობით (შრომითი ხელშეკრულების დაუდებლად) უშუალოდ მონაწილეობს ხანძრის თავიდან აცილებისა და/ან ჩაქრობის საქმიანობაში.

3. მოხალისე მეხანძრეთა რეგისტრაციისა და ქვედანაყოფების (რაზმეულების) შექმნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

4. მოხალისე მეხანძრეებს ეძლევათ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, აგრეთვე მათი რეგისტრაციაში გამტარებელი საწარმოების მიერ დადგენილი სოციალური გარანტიები.

5. მოხალისე მეხანძრეები საქმიანობენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებთან შეთანხმებული მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №953– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.51

    მუხლი 10. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გაერთიანებები

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გაერთიანებები (საზოგადოებრივი გაერთიანებები, კავშირები, ასოციაციები, სახანძრო უსაფრთხოების ფონდები და ა.შ.) იქმნება საქართველოს კანონ­მდებლობის შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში დასახული ამოცანების გადაწყვეტის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით. აღნიშნული გაერთიანებები საქმიანობენ წესდების საფუძველზე.

    მუხლი 11. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა

1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა სახელმწიფო საზედამხედველო საქმიანობის სპეციალური სახეა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების თანამდებობის პირთა მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის, კონტროლისათვის და დარღვევების აღსაკვეთად.

2. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხელმძღვანელი არის საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“

4. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების თანამდებობის პირებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებისას უფლება აქვთ:

ა) დადგენილი წესით შეიმუშაონ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი და სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მარეგლამენტირებელი აქტები;

ბ) განახორციელონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;

გ) შეიტანონ წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესრულების თაობაზე;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით ჩაატარონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდნენ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტში, თუ არსებობს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, რომლებიც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანის უსაფრთხოებას;

ვ) მონაწილეობა მიიღონ მშენებლობის მოედნების შემრჩევი კომისიის, აგრეთვე დამთავრებული (რეკონსტრუირებული) ობიექტების მიმღები კომისიის მუშაობაში;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევის ან ასეთი მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში განიხილონ და შეითანხმონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის, გაფართოების, ტექნიკური გადაიარაღებისა და ქალაქთმშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

თ) სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისობის ფარგლებში ჩაატარონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის საპროექტო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შერჩევითი შემოწმება იმ საწარმოებში, რომლებიც ასრულებენ საპროექტო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებს;

ი) გასცენ შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად;

კ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ექსპლოატაცია თუ გამოავლენენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ლ) გამოიძახონ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფებში საწარმოთა ხელმძღვანელები, აგრეთვე ფიზიკური პირები მათ წარმოებაში არსებულ იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ხანძრებს, მიიღონ მათგან საჭირო განმარტებები, ცნობები, დოკუმენტები და მათი ასლები;

მ) დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებებისა და დადგენილებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. უცხოელ იურიდიულ პირთა მფლობელობაში მყოფ ობიექტებზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირები ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებისას ასევე სარგებლობენ ამ მუხლით დადგენილი უფლებებით.

6. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას ტყეებზე ახორციელებენ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოები, ხოლო მიწისქვეშა ობიექტებზე და ფეთქებადსაშიში სამუშაოების ჩატარებისას – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები.

7. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სხვა უფლებამოსილებათა რეგლამენტირება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ობიექტებზე, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო ხომალდებზე, რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტზე ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

8. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებისას სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მითითებები და განკარგულებები მათი ხელქვეითებისათვის სავალდებულოა შესასრულებლად.

9. აკრძალულია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ამ კანონის მიხედვით სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №953– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.51

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1777 – სსმI, №40, 18 .07 .2005 წ., მუხ. 266

    მუხლი 12. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობა

1. საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში მიიღებიან შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურში მიღების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი დგინდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისინი სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირად შემადგენლობას პროფესიული, სოციალური და სხვა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეუძლია კანონმდებლობის შესაბამისად გაერთიანდეს ან ნებაყოფლობით შევიდეს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პროფესიულ კავშირში, ასოციაციასა და გაერთიანებაში.

6. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების თანამშრომლები ატარებენ შესაბამისი წესით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №953– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.51

    მუხლი 13. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებსა და შეღავათებს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

2. (ამოღებულია).

3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართვე­ლობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ დაადგინონ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სხვა გარანტიებიც.

4. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირად შემადგენლობაზე, რომელიც იცავს ხანძრისაგან შრომის მავნე და სახიფათო პირობების მქონე საწარმოებს, ვრცელდება ამ საწარმოების მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები და შეღავათები.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №953– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.51

    მუხლი 14. სავალდებულო დაზღვევა და ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების თანამშრომლებისა და მუშაკების დაღუპვის (სიკვდილის) ან დაშავების (დასახიჩრების) შემთხვევაში

1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების თანამშრომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.

2. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწი­ნააღმდეგო სამსახურების თანამშრომელთა სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების შესანახი ხარჯთაღ­რიცხვით გათვალისწინებული სახსრებით, აგრეთვე იმ საწარმოთა სახსრებით, რომლებშიც შექმნილია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფები.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №953– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.51

    მუხლი 15. ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ფინანსური უზრუნველყოფა, მათ შორის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიხედვით, იგეგმება და ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ბიუჯეტებიდან.

2. (ამოღებულია).

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწი­ნააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე.

4. საწარმოებთან ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ხანძარსაწი­ნააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფები ფუნქციონირებენ საწარმოთა სახსრების ხარჯზე.

5. საუწყებო და ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება მათი მესაკუთრეების მიერ.

6. (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №895 – სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.44

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №953– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.51

    მუხლი 16. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქონება

1. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს აქვთ მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.

2. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქონების მიზნობრივი დანიშნულება არ შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოსთან შეუთანხმებლად.

3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველო­ბის ორგანოები, აგრეთვე საწარმოები, რომლებშიც იქმნება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფები, სავალდებულო წესით გამოუყოფენ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფილ შენობებს, ნაგებობებს, სამსახურებრივ სათავსებსა და სხვა აუცილებელ ქონებას დადგენილი ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 17. წარმომადგენლობა

სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ წარმომადგენლობას საერთაშორისო ფონდებში, კომიტეტებში, გაერთიანებებსა და სხვა ორგანიზაციებში ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №953– სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.51

თავი III

სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები

    მუხლი 18. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობები

1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ნორმატიული აქტების მიღება და კონტროლი მათ შესრულებაზე;

ბ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, შესრულების ორგანიზაცია და დაფინანსება;

გ) სახელმწიფო სტანდარტების, ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავების ორგანიზაცია და დამტკიცება;

დ) სახანძრო უსაფრთხოებისათვის, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების შენახვისათვის, ცენტრალური ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი შესრულება;

ე) (ამოღებულია);

ვ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაცია;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპების დადგენა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოციალური და ეკონომიკური სტიმულირების განხორციელება, სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოება და შესყიდვა, აგრეთვე ხანძართან ბრძოლაში მოსახლეობის ჩაბმა;

თ) (ამოღებულია);

ი) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების უზრუნველყოფა აუცილებელი სახანძრო-ტექნიკური პროდუქციით;

კ) იმ საწარმოთა, მათ შორის, ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფთა ნუსხის დადგენა, სადაც აუცილებელია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების შექმნა;

ლ) მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ორგანიზაცია, ძირითადი მეცნიერული გამოკვლევებისა და დამუშავებათა კოორდინირება;

მ) სახელმწიფო საჭიროებისათვის სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის ნომენკლატურის, გამოშვების მოცულობის განსაზღვრა და მიწოდების წესის დამტკიცება;

ნ) სახელმწიფო საინფორმაციო უზრუნველყოფის, ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემების შექმნა;

ო) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფებში სამოქალაქო თავდაცვის ხანძარსაწინააღმდეგო ფორმირებებისა და სამობილიზაციო დავალებების ორგანიზაციის ზოგადი პრინციპების დადგენა;

პ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებისთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია;

ჟ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სამართლებრივი და სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელება;

რ) სახანძრო უსაფრთხოების ფონდების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა;

ს) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების თანამშრომელთათვის განმასხვავებელი ნიშნებისა და ფორმის ტანსაცმლის დადგენა.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან:

ა) უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ საწარმოებში და შესაბამის ტერიტორიებზე სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა რეალიზაცია;

ბ) შექმნან და შეინახონ დადგენილი ნორმების თანახმად შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯებიდან დაფინანსებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფები;

გ) გაუწიონ აუცილებელი დახმარება ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს მათ წინაშე დასახული ამოცანების შესასრულებლად;

დ) შექმნან პირობები ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის საქმეში მოსახლეობის ჩასაბმელად;

ე) ორგანიზაცია გაუწიონ ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდასა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას;

ვ) დააფინანსონ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოები.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი № 953 – სსმI, №6, 19 .01 .2005 წ., მუხ. 51

    მუხლი 19. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები

1. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება:

ა) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელება და შესრულების ორგანიზაცია;

ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შესრულებაში მონაწილეობა;

გ) სახანძრო უსაფრთხოებაზე, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების შენახვაზე ხარჯების გათვალისწინება ადგილობრივ ბიუჯეტებში;

დ) სახანძრო უსაფრთხოების ფონდების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა;

ე) მათი კომპეტენციის ფარგლებში სახანძრო უსაფრთხოების ეკონომიკური და სოციალური სტიმულირების განხორციელება;

ვ) მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება და მათი ჩაბმა ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის საქმეში;

ზ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებისა და მოხალისე მეხანძრეთა საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;

თ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი კონტროლის ორგანიზაცია;

ი) ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან შესაბამის ტერიტორიებზე:

ა) უზრუნველყონ სახანძრო უსაფრთხოების წესების შესრულება;

ბ) მიიღონ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქონება აღნიშნული ქონების მესაკუთრის მიერ მის შენახვაზე უარის თქმის შემთხვევაში და გამოიყენონ იგი პირდაპირი დანიშნულებით;

გ) დადგენილი ნორმების შესაბამისად შექმნან და შეინახონ ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრების ხარჯებიდან დაფინანსებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფები;

დ) ორგანიზაცია გაუწიონ მოსახლეობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას;

ე) ხელი შეუწყონ მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას.

თავი IV

სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

    მუხლი 20. სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია

1. სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები მუშავდება საქართველოს კანონმდებ­ლობისა და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, აგრეთვე ხანძართან ბრძოლის გამოცდილების, ნივთიერებების, მასალების, ტექნოლოგიური პროცესების, ნაკეთობების, კონსტრუქციების, შენობებისა და ნაგებობების ხანძარსაშიშ­როების შეფასების საფუძველზე.

2. ნივთიერებების, მასალების, ნაკეთობებისა და დანადგარების დამამზადებლები (მომწოდებლები) ვალდებულნი არიან შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოიყვანონ ამ ნივთიერებების, მასალების, ნაკეთობებისა და დანადგარების ხანძარსაშიშროების მაჩვენებლები, აგრეთვე მიუთითონ მათთან მუშაობისას აუცილებელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ.

3. საწარმოების, შენობების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისა და რეალიზაციის დროს, აგრეთვე მათი დაპროექტებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ღონისძიებები ხანძრის შემთხვევაში ადამიანთა ევაკუაციის უზრუნველსაყოფად.

4. საწარმოებისათვის სავალდებულო წესით მუშავდება ხანძრის ჩაქრობის გეგმები, რომლებიც ითვალისწინებენ გადაწყვეტილებებს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

5. ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლე­ბის, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ.

6. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათა თანახმად შემუშავებული საინვესტიციო პროექტები უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანოებთან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა ნაწილში.

7. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ სტანდარტიზაციის შესახებ მიღებული ნორმატიული აქტები, რომლებიც ადგენენ ან რომლებმაც უნდა დაადგინონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი № 953 – სსმI, №6, 19 .01 .2005 წ., მუხ. 51

    მუხლი 21. ხანძრის ჩაქრობა

1. ხანძრის ჩაქრობა არის მოქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კერძო და სახელმწიფო ქონების გადარჩენისა და ხანძრის ლიკვიდაციისათვის.

2. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების გარნიზონებში ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის წესს ადგენენ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები და ამტკიცებენ აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოები.

3. საგანგებო მდგომარეობისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისათვის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ძალები და საშუალებები მიიზიდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების გამოსაძახებლად ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების სატელეფონო ქსელში დადგენილია ერთიანი ნომერი.

5. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ხანძარზე მისული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი – ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირად შემადგენლობას და ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებს.

6. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითებები აუცილებელია შესასრულებლად ყველა თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის საბრძოლო მოქმედება.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი № 953 – სსმI, №6, 19 .01 .2005 წ., მუხ. 51

    მუხლი 22. სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოება

1. სახანძრო-ტექნიკური პროდუქცია მზადდება სახელმწიფო შეკვეთის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის დამზადებას არეგულირებს და ხელს უწყობს სახელმწიფო.

3. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახანძრო-ტექნიკურ პროდუქციაზე სახელმწიფო შეკვეთა და განაწილება ხდება მიზნობრივი პროგრამებით.

4. სახელმწიფო შეკვეთის შესრულების ორგანიზაცია ხდება კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 23. სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

1. სამუშაოები და მომსახურება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სრულდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა რეალიზაციის, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის მიზნით.

2. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოებსა და მომსახურებას განეკუთვნება:

ა) ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოებისა და დასახლებული პუნქტების ხანძრებისაგან დაცვა;

ბ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სამეცნიერო-ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;

გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების ექსპერტიზის ჩატარება;

დ) ნივთიერებების, მასალების, ნაკეთობების, მოწყობილობებისა და კონსტრუქციების გამოცდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით;

ე) საუწყებო კონტროლის განხორციელება სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;

ვ) სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოება, გამოცდა, შესყიდვა და მიწოდება;

ზ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟი, გამართვა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;

თ) დასახლებული პუნქტების, სამინისტროების, უწყებებისა და საწარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ორგანიზაცია და საქმიანობა;

ი) საპროექტო-საძიებო სამუშაოების შესრულება;

კ) ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდის განხორციელება, სპეციალური ლიტერატურისა და სარეკლამო პროდუქციის გამოცემა;

ლ) ცეცხლდამცავი და საღუმელე სამუშაოების შესრულება;

მ) სახანძრო ტექნიკის, აღჭურვილობისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალე­ბების შეკეთება;

ნ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების შენობების, ნაგებობების, სათავსების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და შეკეთება;

ო) სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;

პ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმართული სხვა სამუშაოები და მომსახურება, რომლის ნუსხას ადგენს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დეპარტამენტი.

    მუხლი 24. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა, სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება და ინფორმაციული უზრუნველყოფა

1. ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა არის საზოგადოების მიზანდასახული ინფორმირება სახანძრო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ, რომელიც ხორციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამოცემების, სპეციალური ლიტერატურისა და სარეკლამო პროდუქციის გამოშვებით, თემატური გამოფენების, ჩვენებების, კონფერენციების მოწყობით, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირების სხვა ფორმების გამოყენებით, რომლებიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.

2. ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები და საწარმოები.

3. საწარმოს თანამშრომელთათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას ახორციელებს ამ საწარმოს ადმინისტრაცია საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

4. სახანძრო უსაფრთხოების წესების სავალდებულო სწავლებას ბავშვებისათვის, სკოლამდელი აღზრდისა და სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ახორციელებენ შესაბამისი უწყებები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით.

[ 4. სახანძრო უსაფრთხოების წესების სავალდებულო სწავლებას ბავშვებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღსაზრდელებისა და სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეებისათვის ახორციელებენ შესაბამისი უწყებები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით.  ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან )]

5. განათლების სისტემისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ორგანოებს შეუძლიათ მოზარდებისაგან შექმნან მოხალისე მეხანძრეთა რაზმები.

6. ინფორმაციული უზრუნველყოფა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ხორციელდება სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის იმ სპეციალური საინფორმაციო სისტემების საბანკო მონაცემების (შემდგომში საინფორმაციო სისტემები) შექმნისა და გამოყენების მეშვეობით, რომლებიც აუცილებელია დასახული ამოცანების შესასრულებლად.

7. საინფორმაციო სისტემებში სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ცნობების შეტანის საფუძველსა და წესს, აგრეთვე მოქალაქეთა და თანამდებობის პირთა ამ ცნობებით სარგებლობის პირობებსა და წესს ადგენს კანონმდებლობა.

8. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ვალდებულნი არიან ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მოთხოვნით გამოაქვეყნონ ოპერატიული ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

9. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და ხელი შეუწყონ სახანძრო-ტექნიკური ცოდნის გავრცელებას.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი № 953 – სსმI, №6, 19 .01 .2005 წ., მუხ. 51

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5373  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

    მუხლი 25. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვა

1. საქართველოში მოქმედებს ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა.

2. ოფიციალურ სტატისტიკურ აღრიცხვასა და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას ხანძრებისა და მათი შედეგების შესახებ აწარმოებენ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები.

3. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.

4. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის დადგენილი წესის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი № 953 – სსმI, №6, 19 .01 .2005 წ., მუხ. 51

    მუხლი 26. ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა

ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა ნებაყოფლობითია და ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1777 – სსმI, №40, 18 .07 .2005 წ., მუხ. 266

    მუხლი 27. სახანძრო უსაფრთხოების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. ( ამოღებულ ია).

2. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური ნაშრომები ფინანსდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების, აგრეთვე დაფინანსების სხვა წყაროებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მეცნიერული გამოკვლევების კოორდინირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

4. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქციის შექმნისას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საწარმოები ორგანიზაციას უწევენ საჭირო სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი № 953 – სსმI, №6, 19 .01 .2005 წ., მუხ. 51

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 199 9 წლის 28 მაისის კანონი № 2027 – სსმI, №20(27), 09.06 .199 9 წ., მუხ. 94

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1777 – სსმI, №40, 18 .07 .2005 წ., მუხ. 266

თავი V

უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

    მუხლი 30. მოქალაქეების უფლება-მოვალეობები სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

1. მოქალაქეებს უფლება აქვთ:

ა) ხანძრის შემთხვევაში დაიცვან თავიანთი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება;

ბ) აინაზღაურონ მიყენებული ზარალი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) მიიღონ მონაწილეობა იმ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენაში, რომელმაც ზიანი მიაყენა მათ ჯანმრთელობასა და ქონებას;

დ) მიიღონ ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფებიდან;

ე) მიიღონ მონაწილეობა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საქმიანობაში.

2. მოქალაქენი ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) ( ამოღებულ ია);

გ) ხანძრის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების მისვლამდე შეძლებისდაგვარად მიიღონ ზომები ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კერძო და სახელმწიფო ქონების გადასარჩენად და ხანძრის ჩასაქრობად;

ე) დაეხმარონ ხანძრის ჩაქრობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფებს;

ვ) ( ამოღებულ ია);

ზ) ( ამოღებულ ია).

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1777 – სსმI, №40, 18 .07 .2005 წ., მუხ. 266

    მუხლი 31. საწარმოების და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის უფლება-მოვალეობები სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

1. საწარმოებს უფლება აქვთ:

ა) დადგენილი წესით შექმნან მათ დაფინანსებაზე მყოფი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების (სახელშეკრულებო) ან საუწყებო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფები, აგრეთვე მოახდინონ მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

ბ) შეიტანონ აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;

გ) ჩაატარონ სამუშაოები საწარმოებში მომხდარი ხანძრების გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად;

დ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინონ სოციალური და ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებები;

ე) დადგენილი წესით მიიღონ ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფებიდან.

2. საწარმოები ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) ( ამოღებულ ია);

გ) აწარმოონ ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა, აგრეთვე უზრუნველყონ თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;

დ) შეიტანონ კოლექტიურ ხელშეკრულებაში (შეთანხმებაში) სახანძრო უსაფრთხოების საკითხები;

ე) იქონიონ გამართულ მდგომარეობაში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები და სისტემები, მათ შორის ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები, არ დაუშვან მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენება;

ვ) ( ამოღებულ ია);

ზ) ხელი შეუწყონ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს ხანძრის ჩაქრობაში, მისი გაჩენის, გავრცელების მიზეზებისა და პირობების დადგენაში, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დამრღვევ და ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირთა გამოვლენაში;

თ) საწარმოების ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობისას გამოყონ აუცილებელი ძალები და საშუალებები;

ი) ( ამოღებულ ია);

კ) ( ამოღებულ ია);

ლ) დაუყოვნებლივ აცნობონ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს ხანძრის გაჩენის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისა და საშუალებების გაუმართაობის, გზებსა და გასასვლელებში ცვლილებების შესახებ;

მ) ხელი შეუწყონ მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას.

3. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ვრცელდება ამ მუხლით საწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების თანამდებობის პირთა შესვლა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ტერიტორიებზე, შენობებში, ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების თანამდებობის პირთა მოთხოვნით წარმოადგინოს მონაცემები და დოკუმენტები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი № 953 – სსმI, №6, 19 .01 .2005 წ., მუხ. 51

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1777 – სსმI, №40, 18 .07 .2005 წ., მუხ. 266

    მუხლი 32. პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 33. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის სრულად ასამოქმედებლად მისი ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) (ამოღებულია);

ბ) საქართველოს კანონი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ";

გ) საქართველოს კანონი "საბაჟო გადასახადების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ;

დ) დებულება "საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციის შესახებ";

ე) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციის წესდება;

ვ) ხანძრის ჩაქრობის საბრძოლო წესდება;

ზ) დებულება “საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის შესახებ”;

თ) დებულება “მოხალისე ხანძარსაწინააღმდეგო რაზმეულის შესახებ”.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი № 1777 – სსმI, №40, 18 .07 .2005 წ., მუხ. 266

თავი VII

დასკვნითი დებულება

    მუხლი 34. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 12 მაისი

1377 IIს