არბიტრაჟის შესახებ

არბიტრაჟის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 02/07/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 180.000.000.05.001.000.521
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1280
19/06/2009
სსმ, 13, 02/07/2009
180.000.000.05.001.000.521
არბიტრაჟის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (15/12/2010 - 11/11/2011)

საქართველოს კანონი

არბიტრაჟის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ადგენს საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს.

2. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება და კანონის გამოყენება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასამართლო – ამ კანონის მე-11, მე-13, მე-14, მე-16 და 35-ე მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა; 21-ე, 22-ე, 23-ე, 42-ე და 43-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები; 44-ე და 45-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ბ) ელექტრონული შეტყობინება – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, მხარეთა შეთანხმება მოიცავს იმ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების საარბიტრაჟო წარმოების წესებს, რომელსაც მხარეებმა მიმართეს საარბიტრაჟო დავის გადასაწყვეტად.

21. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება ვალდებულია ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს საარბიტრაჟო წარმოების წესები.

3. თუ ამ კანონის რომელიმე დებულება შეეხება საარბიტრაჟო სარჩელს, აღნიშნული დებულება გამოიყენება საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართაც, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი № 404 6 - სსმ I, № 7 6, 27 . 12 .2010წ., მუხ. 4 92

    მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების მხარეთა თანასწორობა

საარბიტრაჟო წარმოების მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.

    მუხლი 4. გადაწყვეტილების მიღების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის

მხარეებს უფლება აქვთ, მათთვის ამ კანონით მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლება გადასცენ მესამე პირს.

    მუხლი 5. უფლებამონაცვლეობა საარბიტრაჟო წარმოებისას

1. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 6. არბიტრაჟის დამოუკიდებლობა და სასამართლოს ჩარევის შემთხვევები

1. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 7. ვადები

1. ამ კანონით დადგენილი დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

თავი II. საარბიტრაჟო შეთანხმება

    მუხლი 8. საარბიტრაჟო შეთანხმების ცნება და ფორმა

1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით.

3. საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.

4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა.

5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება ელექტრონული შეტყობინებით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის.

6. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.

7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.

8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები.

9. თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, საარბიტრაჟო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ მხარეთა ადვოკატებმაც ან საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი № 404 6 - სსმ I, № 7 6, 27 . 12 .2010წ., მუხ. 4 92

    მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმება და დავის არსებით საკითხზე სარჩელის შეტანა სასამართლოში

1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია ამ საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოაჩენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.

2. საარბიტრაჟო წარმოების მხარე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია შეატყობინოს სასამართლოს იმ დავის არსებით საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

თავი III. არბიტრაჟის შემადგენლობა

    მუხლი 10. არბიტრთა რაოდენობა

1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან.

2. არბიტრთა რაოდენობას და მათი დანიშვნის წესს განსაზღვრავენ მხარეები. მხარეები ნიშნავენ თანაბარი რაოდენობის არბიტრებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებული არიან, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით.

    მუხლი 11. არბიტრების დანიშვნა

1. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა პირმა უნდა განაცხადოს წერილობით.

2. არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა დგინდება მხარეთა შეთანხმებით.

3. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას:

ა) სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში;

ბ) ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

5. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა (სასამართლომ) უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.

7. დაუშვებელია პირს აეკრძალოს არბიტრად დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არის:

ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი;

ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე;

გ) მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა.

    მუხლი 12. არბიტრის აცილების საფუძვლები

1. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას ან/და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.

2. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს თავის მიერ დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.

3. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ან უკვე დანიშნული არბიტრი ვალდებულია მისი დანიშვნიდან საარბიტრაჟო განხილვის მთელი ვადის განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს და არბიტრაჟს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საეჭვოს ხდის მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

    მუხლი 13. არბიტრის აცილების პროცედურა

1. მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე.

2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

4. სასამართლოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

5. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.

    მუხლი 14. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. მხარეს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.

2. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3. არბიტრის მიერ უარის თქმა თავისი მოვალეობის შესრულებაზე ან მხარის თანხმობა არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან აცილების ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან მათ აღიარებას.

    მუხლი 15. ახალი არბიტრის დანიშვნა

არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომლებიც გამოყენებულ იქნა წინა არბიტრის დანიშვნისას.

თავი IV. არბიტრაჟის უფლებამოსილება

    მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია

1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.

3. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.

4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.

5. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

    მუხლი 17. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება

1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:

ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;

ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.

    მუხლი 18. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების პირობები

1. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:

ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;

ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;

გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

2. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

3. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

4. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

    მუხლი 19. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება

არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.

    მუხლი 20. ინფორმაციის განცხადების ვალდებულება

არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.

    მუხლი 21. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება

1. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოყენებული აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

2. მხარე, რომელიც მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ან რომლის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა სასამართლომ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან გაუქმებას.

3. სასამართლო უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

4. სასამართლოში ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 22. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარი ეფუძნება ამ კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებს;

ა.ბ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის თაობაზე არ იქნა შესრულებული;

ა.გ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეაჩერა ან გააუქმა არბიტრაჟმა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ტარდება საარბიტრაჟო განხილვა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები;

ბ) სასამართლო მიიჩნევს, რომ:

ბ.ა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება სცილდება სასამართლოს უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის ღონისძიების არსებითად შეცვლის გარეშე მისი ფორმის იმ ფარგლებში შეცვლის შესახებ, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებისათვის;

ბ.ბ) ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები გამოიყენება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე.

3. სასამართლო, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, გადაწყვეტილების გამოტანისას არსებითად არ იხილავს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

    მუხლი 23. სასამართლოს მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

3. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

თავი V. საარბიტრაჟო განხილვა

    მუხლი 24. საარბიტრაჟო განხილვის წესის განსაზღვრა

1. საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება არბიტრაჟის მიერ დადგენილი წესით, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ადგილს განსაზღვრავს არბიტრაჟი საქმის გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეებისათვის.

2. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 26. საარბიტრაჟო დავის განხილვის დაწყება

საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 27. შეტყობინებები

თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.

    მუხლი 28. წარმომადგენლობა საარბიტრაჟო განხილვაში

მხარეს უფლება აქვს, საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე წარმოდგენილი იყოს ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

    მუხლი 29. საარბიტრაჟო წარმოების ენა

1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას ან ენებს ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.

2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).

    მუხლი 30. საარბიტრაჟო სარჩელი, საარბიტრაჟო შესაგებელი

1. მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში საარბიტრაჟო მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რომელშიც მიუთითებს მხარეთა სახელებსა (სახელწოდებებსა) და მისამართებს (ადგილსამყოფლებს), მოთხოვნას, იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას, და საარბიტრაჟო სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხა.

2. საარბიტრაჟო მოპასუხე წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა მოთხოვნები არ არის დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ, ან როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს.

4. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება.

5. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.

6. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო სარჩელთან ან შესაგებელთან ერთად წარმოადგინონ ნებისმიერი საბუთი, რომელიც უკავშირდება საქმეს, ან მიუთითონ იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ისინი შემდგომ წარმოადგენენ.

7. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა გაეგზავნოს მეორე მხარესა და არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟის თავმჯდომარე ჯერ არ არის არჩეული – ყველა არბიტრს.

8. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები ან შესაგებელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.

    მუხლი 31. უარი შეპასუხებაზე

თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

    მუხლი 32. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა

1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.

2. მხარეებს წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაჰბარდეთ უწყება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ.

3. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.

4. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

    მუხლი 33. მხარეთა გამოუცხადებლობა

თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 34. ექსპერტის დანიშვნა და აცილება

1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟს უფლება აქვს:

ა) დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნების წარმოდგენის მიზნით;

ბ) მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა, დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპერტის მიერ ზეპირი ან წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.

3. ექსპერტის აცილება და თვითაცილება განხორციელდება არბიტრის აცილებისათვის ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.

    მუხლი 35. მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში

1. არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟი უფლებამოსილია:

ა) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარუდგინოს მეორე მხარეს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;

ბ) გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ან, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მისი დაკითხვა საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე და გამოიყენოს მოწმის ჩვენება განხილვის დროს;

გ) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება.

3. არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) ან არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

თავი VI. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა და საქმის განხილვის შეწყვეტა

    მუხლი 36. სამართლის ნორმათა გამოყენება საარბიტრაჟო განხილვისას

1. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად.

2. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული სამართლის ნორმები.

3. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.

4. არბიტრაჟი გადაწყვეტილების გამოტანისას ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობებს და იმ სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რომლებიც ასეთი ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება.

    მუხლი 37. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას

1. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.

    მუხლი 38. მხარეთა მორიგება

1. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.

2. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ კანონის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია ამ კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად.

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.

5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 40. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა

1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.

2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;

გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.

    მუხლი 41. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:

ა) მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;

ბ) მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.

2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.

3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შეცდომა.

4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

5. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.

თავი VII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და გაუქმება

    მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები

1. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს სარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;

ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;

ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

2. განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში.

3. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღით, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.

    მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის შეჩერება

სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა თავის მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.

თავი VIII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

    მუხლი 44. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

1. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

3. მხარეს, რომელსაც დაეკისრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღით, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 45. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ:

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს სარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;

ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;

ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა;

ა.ვ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა გაუქმებულ ან შეჩერებულ იქნა იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, სადაც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი;

ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების ან აღსრულების შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს შუამდგომლობით ცნობისა და აღსრულების შესახებ, უფლება აქვს არა უმეტეს 30 დღით გადადოს გადაწყვეტილების გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა.

თავი IX. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავების განხილვის წესი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ აღნიშნული დავების „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით განხილვაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით.

თავი X. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 47. ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონი.

    მუხლი 48. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 19 ივნისი.

№1280–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4046 - სსმ I, №76, 27.12.2010წ., მუხ. 492