„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3218-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 180000000.05.001.017638
3218-IIს
18/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
180000000.05.001.017638
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 02.07.2009, მუხ. 63) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-2 მუხლის:

  ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) სასამართლო – ამ კანონის მე-11, მე-13, მე-14 და 35-ე მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა გაიმართოს საარბიტრაჟო განხილვა; მე-16, 21-ე, 22-ე, 23-ე, 42-ე და 43-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები; 44-ე და 45-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო;“;

  ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების წესებზე. ამ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება მოიცავს საარბიტრაჟო წარმოების იმ წესებს, რომლებზედაც მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითებენ. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმება კონკრეტულ საარბიტრაჟო დაწესებულებაზე მოიცავს შეთანხმებას ამავე საარბიტრაჟო დაწესებულების წესებზე.“;

  გ) 2პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  2. მე-8 მუხლის:

  ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობით, ისეთი დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც ხელმოწერილია მხარეების მიერ. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები.“;

  ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  3. მე-9 მუხლის:

  ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.“;

  ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  4. მე-11 მუხლის:

  ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნაზე მხარეთა შეთანხმების არარსებობისას ან შეთანხმებული პროცედურის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში:

  ა) სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში;

  ბ) ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“;

  ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. არბიტრის დანიშვნისას სასამართლომ ან სხვა დაწესებულებამ, რომელიც ნიშნავს არბიტრს, უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.“;

  გ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე;“.

  5. მე-13 მუხლის:

  ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს, აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს იმ დღიდან 15 დღის ვადაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. არბიტრის აცილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს არბიტრის აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გამოაცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება მის აცილებას არბიტრის აცილების შესახებ განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის გასვლიდან 30 დღეში.“;

  ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

  „21. თუ არბიტრის აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც არბიტრის აცილებას აცხადებს, შეუძლია არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.“;

  გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. სასამართლოს ამ მუხლის 21 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. არბიტრის აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.“.

  6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია

  1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საკუთარი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

  2. განცხადება იმის შესახებ, რომ არბიტრაჟს არ აქვს კომპეტენცია, შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.

  3. განცხადება არბიტრაჟის მიერ საკუთარი კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.

  4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.

  5. არბიტრაჟი უფლებამოსილია ამ მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად. თუ არბიტრაჟი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაადგენს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, არბიტრაჟის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

  6. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში არბიტრაჟი საკუთარი კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად.“.

  7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მიმართვის საფუძველზე, წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, გონივრულ ვადაში დაავალოს მხარეს:

  ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;

  ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

  გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებითაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

  დ) იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავას და მის გადაწყვეტას.“.

  8. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია ამ მხარის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დააკისროს.“.

  9. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვს სავალდებულო ძალა და ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. თუ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვას არ საჭიროებს, არბიტრაჟი უფლებამოსილია დაადგინოს მათი აღსრულების განსხვავებული წესი.“.

  10. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.“.

  11. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 27. შეტყობინება

  თუ ამ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მხარეებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო შეტყობინებისა და დაბარებისთვის დადგენილი წესებით.“.

  12. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა  (ენები). მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას  (ენებს) ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, ზეპირ მოსმენას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებას და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.“.

  13. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის იმ ნორმების შესაბამისად, რომლებიც დავის არსებით ნაწილზე ვრცელდება.“.

  14. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი წყვეტს განხილვას. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მხარეთა მორიგება შეთანხმებული პირობებით.“.

  15. 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი წერილობით უნდა იქნეს გამოტანილი. მას ხელი უნდა მოაწეროს (მოაწერონ) არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამომტანი არბიტრები, საარბიტრაჟო განხილვის მხარეები, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.

  3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის მოტივები, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები სამოტივაციო ნაწილის არარსებობაზე შეთანხმდნენ ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამ კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად არის გამოტანილი.“.

  16. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება“.

  17. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

  1. ამ კანონის ფარგლებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ერთადერთი საპროცესო საშუალებაა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, რაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტების შესაბამისად.

  2. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:

  ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე ქმედუუნარო ან არაუფლებამოსილი იყო, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

  ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;

  ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება;

  ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;

  ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

  ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

  ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს.

  3. მხარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. მხარეთა მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში საჩივრის წარდგენის  ვადა აითვლება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არბიტრაჟის მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან. 

  4. სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

  5. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, დაუშვებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომლითაც მხარემ მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა და რომელიც სასამართლომ არსებითი განხილვის შედეგად უარყო. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი არ დაიშვება, ხოლო თუ საჩივარი მიღებულია, მასზე საქმის წარმოება შეწყდება.“.

  18. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის შეჩერება

  სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადით, რათა არბიტრაჟს მიეცეს შესაძლებლობა, განაახლოს განხილვა ან განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც, არბიტრაჟის შეხედულებით, აუცილებელია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.“.

  19. 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  20. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 45. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა

  1. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ:

  ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:

  ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე ქმედუუნარო ან არაუფლებამოსილი იყო, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

  ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;

  ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს;

  ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა;

  ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი;

  ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

  ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

  ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

  2. დაუშვებელია საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვა იმავე საფუძვლით, რომლითაც მხარე ითხოვდა აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, ან იმ შემთხვევაში, თუ მხარემ არ გაასაჩივრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამ კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

  3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებულ სასამართლოში წარდგენილია საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ან შეტანილია შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობით, უფლება აქვს, არაუმეტეს 30 დღით გადადოს გადაწყვეტილების გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 მარტი 2015 წ.

N3218-IIს