,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 22/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.011.399
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
54
18/01/2008
სსმ, 9, 22/01/2008
190.010.000.22.033.011.399
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/01/2008 - 28/03/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.011.399

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №54

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულება“.

2. შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 თებერვლიდან.

ნ. გილაური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტატუსი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (შემდგომში – ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, როგორც საგადასახადო და საბაჟო ორგანო.

2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის მართვას და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

3. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.

4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადგილსამყოფელია ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5.

    მუხლი 2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

1. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.

2. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.

თავი II

ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანა

ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

    მუხლი 5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო

ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის, უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საბაჟო რეჟიმის რეგულირებას, საბაჟო დამუშვების ოპერაციებს და საბაჟო კონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი III

ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურა, ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 6. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურა

1. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაცია (აპარატი);

ბ) იურიდიული სამმართველო;

გ) მომსახურების სამმართველო;

დ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;

ე) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;

ვ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო;

ზ) საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება;

თ) საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი“ და საბაჟო გამშვები პუნქტები „სარფი“ და „ბათუმის აეროპორტი“.

    მუხლი 7. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობის ორგანიზება და თანამდებობის პირთა დანიშვნის წესი

1. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ხელმძღვანელობს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

3. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სხვა საჯარო მოსამსახურეებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სახელით, წარმოადგენს ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე;

დ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წინადადებებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე სანქციის გამოყენების თაობაზე;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილავს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.

5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:

ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;

ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.

თავი IV

ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

    მუხლი 8. ადმინისტრაცია (აპარატი)

ადმინისტრაცია (აპარატი):

ა) აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას;

ბ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს;

დ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას.

    მუხლი 9. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;

ბ) მონაწილეობს საგადასახადო, საბაჟო და სხვა სახის სასამართლო დავებში;

გ) მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

დ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის განხორციელების თაობაზე;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით უზრუნველყოფს „საბაჟო შეტყობინების“ მომზადებას;

ვ) დადგენილი წესით აწარმოებს საბაჟო სამართალდარღვევების აღრიცხვას.

    მუხლი 10. მომსახურების სამმართველო

1. მომსახურების სამმართველო გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (ანიჭებს გადასახადის გადამხდელებს საიდენტიფიკაციო ნომრებს);

ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;

გ) ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, უზრუნველყოფს სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოებას და რეესტრის ამონაწერების გაცემას;

დ) ამყარებს ურთიერთობას სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელ სხვა ორგანოებთან;

ე) ახდენს დღგი-ს გადამხდელთა რეგისტრაციას;

ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას;

ზ) აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას;

თ) ახორციელებს ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, შესაბამისი მოწმობის გაცემას და საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრის წარმოებას;

ი) უზრუნველყოფს ამ პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,ეთ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის შექმნას.

2. მომსახურების სამმართველო მონაცემთა დამუშავების უზრუნველსაყოფად:

ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;

ბ) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციებს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადების გადამხდელების შესახებ და უზრუნველყოფს გადასახადების მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

გ) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის) სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სავარაუდო დარიცხვას;

დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;

ე) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი (წარმოდგენილი) დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამზადებს წინადადებებს სავარაუდო დარიცხვის შესახებ. გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე ამზადებს მასალებს და რეაგირებისათვის გადასცემს სათანადო ორგანოს;

ვ) დადგენილი წესით, ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას და სათანადო დამუშავებას;

ზ) სახაზინო დაწესებულებებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადების, საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

თ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს ,,საგადასახადო მოთხოვნის“ პროექტებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;

კ) ადგენს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშებს;

ლ) იცავს კომპიუტერულ სისტემებს გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანას სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათ დაბრუნებას გადამხდელთათვის;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;

ო) ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ამზადებს წინადადებებს გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

3. მომსახურების სამმართველო გადამხდელთა მომსახურების მიზნით:

ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას (აპარატს);

ბ) განიხილავს გადასახადის გადამხდელების განცხადებებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;

დ) უზრუნველყოფს ,,გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნების“ განხილვას და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას;

ე) უწევს კონსულტაციებს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ვ) აწვდის გადასახადის გადამხდელებს ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასახადის გადამხდელზე/საგადასახადო აგენტზე ამონაწერის გადაცემას საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და უწევს შესაბამის მომსახურებას დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;

ი) უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებების (მათ შორის ქონების გადასახადზე) არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;

კ) საბანკო დაწესებულებებიდან იღებს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციას და ახორციელებს შესაბამისი ცნობების გაცემას;

ლ) უზრუნველყოფს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემას;

მ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციების ფორმების გაცემას, შევსებული ფორმების მიღებას და მათი შენახვის ორგანიზებას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 11. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო

1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით:

ა) ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს გადამხდელის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებით, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, ქონებაზე ყადაღის დადებით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით;

ბ) შეისწავლის საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების ვადის შეცვლის, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას.

2. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო მიმდინარე კონტროლისა და გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით:

ა) აწესებს კონტროლს გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;

ბ) აგროვებს ინფორმაციას შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ;

გ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;

დ) ახდენს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;

ვ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას, გამოვლენილ დარღვევებზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებს და შესაბამისი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ სამმართველოს;

ზ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

თ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;

ი) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს. დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახალ დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტებს. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 12. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო

გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას;

ბ) ადგენს საგადასახადო შემოწმებების წლიურ სამუშაო გეგმას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში და დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად ამოწმებს გადასახადის გადამხდელების საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;

დ) ახდენს საგადასახადო შემოწმების წინასწარ მომზადებას;

ე) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს კამერალურ და გასვლით (მათ შორის საკონტროლო) საგადასახადო შემოწმებებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და ვადებში ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტებს და დადგენილი წესით და ვადებში წარუდგენს განსახილველად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს;

ზ) შემოწმების აქტის საფუძველზე ამზადებს სათანადო გადაწყვეტილების პროექტს, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 13. საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო

საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშვების ოპერაციების განხორციელება, მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით:

ა.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება (მათ შორის, აღრიცხვის მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმება; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევების შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმება; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგზაო წესების დარღვევის, ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმება (მაგ., ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში – გადახდის ქვითარის არსებობის შემოწმება);

ა.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ა.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ა.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია;

ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ა.ვ) საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;

ბ) დადგენილი წესით საბაჟო გადასახდელების მონაცემთა აღრიცხვა;

გ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;

დ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 14. საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება

საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილების ფუნქციებია:

ა) რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ბ) რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მიერ გამოწერილი ან კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შესაბამისი პირველი და მეორე პირის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწმობა კოტროლიდან იხსნება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე) მიღება, აღრიცხვა, შენახვა და დადგენილი წესის შესაბისად არქივში გადაცემის მიზნით დამუშავება. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის დადგენილი ვადებისა და პირობების დარღვევის ფაქტებზე საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული რეაგირების ღონისძიებების ორგანიზაცია, ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

გ) მონიტორინგის განხორციელება რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებულ საბაჟო ორგანოებში წარდგენილი საქონლის გადაადგილებაზე, საბაჟო ვალდებულების დაფარვის გარანტიებზე (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე;

დ) რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მდებარე ღია ან/და დახურული საბაჟო საწყობების, დროებითი შენახვის ღია ან/და დახურული საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების კოორდინაცია, სანებართვო პირობებთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება და ნებართვის გამცემი ორგანოს ინფორმირება;

ე) საბაჟო ორგანოების მიერ ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების და რადიაქტიური ნარჩენებისა და მინერალების (წიაღისეულის), გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალის, იარაღის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა, სავალუტო კონტროლის და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების კოორდინაცია, მათი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საბაჟო ორგანოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა. ზემოაღნიშნული სახეობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოების მოხელეთა და მათზე გაცემული სპეცტექნიკის აღრიცხვა. ამ კუთხით საბაჟო ორგანოების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

ვ) სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლების, ზედმეტად და შეცდომით გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხების, ვადაგადაცილებული დავალიანებების, სანქცია-საურავების, რესტრუქტურიზებულ და უიმედოდ აღიარებულ დავალიანებათა აღრიცხვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათანადო ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;

ზ) გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციების მიზნით დეპოზიტზე განთავსებული თანხის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე გადატანის უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებში არსებული ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, გაცემისა და დამუშავების ტექნიკისა და ლოკალური ქსელის მომსახურება;

ი) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ელექტრონული და არაელექტრონული ბაზების ოპერატიული განახლების კოორდინაცია და სისტემატიზაცია;

კ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის დადგენილი წესით და ფორმით ინფორმაციების მიწოდება.

    მუხლი 15. საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი“ და საბაჟო გამშვები პუნქტები „სარფი“ და „ბათუმის აეროპორტი“

საბაჟო საგუშაგოს და საბაჟო გამშვები პუნქტების ფუნქციებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;

გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ფიტოსანიტარიული და ვეტსანიტარიული კონტროლი;

დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია, აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სსსდ-ით შემოტანას დაქვემდებარებულ ტვირთებზე კონტროლი;

ვ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო დამუშვების ოპერაციის ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახადებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;

ი) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.