საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 959
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 19/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 270.030.000.22.022.010.977
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
959
11/10/2007
სსმ, 146, 19/10/2007
270.030.000.22.022.010.977
საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/10/2007 - 14/01/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.030.000.22.022.010.977

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

 მინისტრის ბრძანება №959

2007 წლის 11 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვე-პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დანართი

საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. შრომითი ხელშეკრულების ფორმა

1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, წინამდებარე ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

2. შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. ამ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ ენას აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აგრეთვე აფხაზური. ხელშეკრულების ტექსტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ქართულ ენაზე დადებული შრომითი ხელშეკრულების ტექსტს.

    მუხლი 2. შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები

შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები არიან: ერთი მხრივ – საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) (დამსაქმებელი), წარმოდგენილი სკოლის დირექტორით და, მეორე მხრივ – ფიზიკური პირი მასწავლებელი (დასაქმებული).

    მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

შრომითი ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წარმოიშობა შრომითი ხელშეკრულების დადების მომენტიდან.

თავი II. შრომითი ხელშეკრულების შინაარსი

    მუხლი 4. შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები

შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება:

ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;

ბ) ხელშემკვრელი მხარეების ვინაობა და მისამართი;

გ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები;

დ) სამუშაო დრო;

ე) სამუშაო ადგილი;

ვ) შრომის ანაზღაურების პირობები;

ზ) შვებულების მიცემის წესი;

თ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;

ი) შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების შეწყვეტა;

კ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;

ლ) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;

მ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კა-ნონმდებლობით.

    მუხლი 5. ხელშემკვრელი მხარეების ვინაობა და მისამართი

შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეები ვალდებულნი არიან მიუთითონ თავიანთი სტატუსი (დასაქმებული – ფიზიკური პირი, დამსაქმებელი – სკოლა, დირექტორის სახით), ვინაობა (გვარი, სახელი) და მისამართი. სკოლის შემთხვევაში მისამართად მითითებულ უნდა იქნეს სკოლის მისამართი, ხოლო დასაქმებულის შემთხვევაში – მისი ფაქტობრივი და სარეგისტრაციო მისამართი.

    მუხლი 6. შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი, შეუქმნას მას მუშაობისათვის აუცილებელი პირობები.

2. სკოლა ვალდებულია აუნაზღაუროს მასწავლებელს ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით.

3. სკოლა ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს მასწავლებელს დაყოვნებული თანხის 0.07%.

4. სკოლა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დადგენილი წესით, უზრუნველყოს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაზრდა საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.

5. სკოლა ვალდებულია მასწავლებელი უზრუნველყოს:

ა) სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემოთი;

ბ) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით;

გ) აკადემიური თავისუფლებით იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;

დ) კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ ვალდებულია მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

6. სკოლა ვალდებულია სასკოლო დისციპლინის დაცვისას უზრუნველყოს:

ა) მასწავლებლისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მისი ღირსების პატივისცემა და არ დაუშვას მასწავლებლის დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით;

ბ) მასწავლებლის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურებით;

გ) მასწავლებლისათვის წერილობითი განმარტების მიცემა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსთან დაკავშირებით.

7. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;

ბ) მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;

გ) მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში;

დ) შეაფასოს მოსწავლეების პროგრესი და მოახდინოს შედეგების შესახებ ინფორმირება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;

ვ) დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;

ზ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

თ) იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;

ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

8. მასწავლებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საჯარო სკოლის მართვაში პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, მოითხოვოს და მიიღოს სკოლაში არსებული საჯარო ინფორმაცია.

9. მასწავლებელი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასთან დაკავშირებულ საკითხზე გამართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით და თავისი უფლებების დასაცავად გაასაჩივროს სკოლის გადაწყვეტილებები და ქმედებები.

10. შრომით ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის მხარეთა –სკოლისა (დამსაქმებლის) და მასწავლებლის (დასაქმებულის) სხვა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 7. შვებულების მიცემის წესი

1. მასწავლებლის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მასწავლებელს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.

2. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღეზე მეტი ვადით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში.

3. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღისა.

    მუხლი 8. სამუშაო დრო და შრომის ანაზღაურების პირობები

1. შრომით ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მასწავლებლის სამუშაო საათების, მათ შორის, საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო საათების რაოდენობა, „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

2. შრომით ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების პირობები – ოდენობა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების გაცემის ადგილთან და გაცემის სიხშირესთან, ანგარიშსწორების ფორმასთან და დროსთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9. მხარეთა პასუხისმგებლობის წესი

შრომითი ხელშეკრულების მხარეები პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე.

    მუხლი 10. შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების შეწყვეტა

1. შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს სკოლის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომში – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.

2. სკოლა ვალდებულია, მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მასწავლებელს ვალდებულების შესასრულებლად დაუწესოს დამატებითი გონივრული ვადა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ წერილობით აცნობოს არანაკლებ ერთი კვირით ადრე.

3. სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრო-მისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს.

4. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

ა) სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;

ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 11. შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა

თითოეულ ენაზე შედგენილი შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა და რომელთა თითო ეგზემპლარი გადაეცემა ხელშემკვრელ მხარეებს.

    მუხლი 12. შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

შრომით ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმებული ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ. შრომით ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების ან/და დამატების მიმართ ვრცელდება ამ დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.

    მუხლი 13. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა

1. შრომითი ხელშეკრულების ბოლოს სავალდებულოა მიეთითოს მხარეთა რეკვიზიტები, რაც გულისხმობს მათ პირად მონაცემებს (მისამართი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, საბანკო ანგარიში და სხვა) და ხელმოწერას.

2. სკოლის დირექტორის ხელმოწერას სავალდებულოა დაესვას სკოლის ბეჭედი.

    მუხლი 14. დავის გადაწყვეტის წესი

შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. გარდამავალი დებულება

ამ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების მე-3 მუხლი არ ვრცელდება ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე.