საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 107/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 29/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.010.153
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
107/ნ
28/03/2007
სსმ, 43, 29/03/2007
040.030.000.22.035.010.153
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/03/2007 - 20/05/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.010.153

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №107/ნ

2007 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №175 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება (დანართი).

2. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლეს.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აპრილიდან.

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 25-ე პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №175 ბრძანებულების საფუძველზე.

2. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო, კანონქვემდებარე და სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

4. ცენტს აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და ბანკში, ემბლემა და ბეჭედი, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ასათიანის ქ. №9.

    მუხლი 2. ცენტრის მიზანი, ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. ცენტრის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით გადამდები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე არაგადამდები დაავადებების და რისკების გამოვლენას, საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას, დაავადებათა კონტროლს და პრევენციას.

2. ცენტრის ფუნქციებია:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის:

ა.ა) გადამდები დაავადებების ერთიანი ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ეპიდაფეთქებების, ეპიდემიების მიზეზების დადგენა; ეპიდსაწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; განსაკუთრებით საშიში ინფექციების კერებში ეპიზოოტოლოგიური, ენტომოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება;

ა.ბ) იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, მისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განხორციელების ზედამხედველობა (მონიტორინგი და შეფასება);

ა.გ) არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების და ჯანმრთელობის რისკების (დეტერმინანტების) კვლევა, მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება პრევენციულ ღონისძიებებზე;

ა.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა.

ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი;

გ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება;

დ) ლაბორატორიული საქმიანობა, ეროვნული რეფერალური ლაბორატორების ორგანიზება და ფუნქციონირება; განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებული საქმიანობა და ლაბორატორიების ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბაქტერიების და ვირუსების ეროვნული კოლექციის (საცავის) ორგანიზება და ფუნქციონირება; მიკროორგანიზმების და გადამტანების საწინააღმდეგო საშუალებების, საკვები ნიადაგების, იმუნობიოლოგიური პრეპარატების დამზადება, მათი ხარისხის კონტროლი; დეზინფექციის ეფექტიანობის და სტერილობის განსაზღვრა; სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საქმიანობა და ამ საშუალებების რეგისტრაცია;

ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; პათოლოგიური ბიოლოგიური აგენტების კლასიფიკაციის და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე საქმიანობის სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) ეპიდემიოლოგიური სტანდარტების შემუშავება; ჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა; სპეციალიზებული სურსათის უვნებლობის ნორმების და ეტიკეტირების წესის დადგენაში მონაწილეობა;

ზ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების ირგვლივ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საზოგადოებისათვის ინფორმაციის, რეკომენდაციების მიწოდება;

თ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;

ი) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) ეროვნული კოორდინატორის ფუნქციის განხორციელება;

კ) პროფილური კადრების მომზადება და გადამზადება;

ლ) საკანონმდებლო, ნორმატიული ბაზისათვის წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში.

3. ცენტრის უფლებამოსილებებია:

ა) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;

ბ) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად;

გ) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის;

დ) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა;

ე) ცენტრის მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრი დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები) მეშვეობით.

2. ცენტრის სტრუქტურას და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4. ცენტრის მართვა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. გენერალური დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში წარმართავს ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ცენტრის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. გენერალური დირექტორი:

ა) წარმოადგენს ცენტრს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ცენტრის სახელით ხელს აწერს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;

ე) ამტკიცებს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას და წარუდგენს სამინისტროს;

ვ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას და წარდგენას როგორც სამინისტროსათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის;

ზ) ხელს აწერს ცენტრის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ან ახდენს ამ ფუნქციის დელეგირებას შესაბამის კომპეტენტურ პირებზე ბრძანების საფუძველზე;

თ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორების (მოადგილეეების) კანდიდატურებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ლ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული უნარ- ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

ნ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ო) განსაზღვრავს ცენტრის სტრუქტურას; სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;

პ) სამინისტროში წარადგენს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს;

ჟ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

რ) ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიები, საბჭოები) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ს) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 4. ცენტრის დირექტორს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.

    მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის (მათ შორის, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის) კანონიერებას, მიზანშეწონილობას და ეფექტიანობას.

2. სამინისტრო აჩერებს ან აუქმებს ცენტრის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრის ქონებასთან და სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ცენტრი ამ მუხლის მე-4 პუნქტის ბ“ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, ხოლო ა“ და დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.

    მუხლი 7. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყარო

1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონ დებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

3. ცენტრს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

5. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

6. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 8. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ლ. ჭიპაშვილი

17. 02/02/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 12/ნ - ვებგვერდი, 02/02/2024 16. 11/05/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-39/ნ - ვებგვერდი, 11/05/2022 15. 18/01/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-2/ნ - ვებგვერდი, 20/01/2022 14. 04/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-51/ნ - ვებგვერდი, 07/06/2021 13. 30/01/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-18/ნ - ვებგვერდი, 31/01/2020 12. 22/03/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-22/ნ - ვებგვერდი, 25/03/2019 11. 05/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-28/ნ - ვებგვერდი, 06/11/2018 10. 09/10/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-15/ნ - ვებგვერდი, 10/10/2018 9. 16/03/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-12/ნ - ვებგვერდი, 16/03/2018 8. 29/10/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-51/ნ - ვებგვერდი, 30/10/2015 7. 19/09/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-67/ნ - ვებგვერდი, 19/09/2014 6. 07/02/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-9/ნ - ვებგვერდი, 07/02/2014 5. 26/08/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-36/ნ - ვებგვერდი, 26/08/2013 4. 22/08/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-35/ნ - ვებგვერდი, 22/08/2013 3. 19/08/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-34/ნ - ვებგვერდი, 19/08/2013 2. 26/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-43/ნ - ვებგვერდი, 26/06/2012 1. 20/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-22/ნ - ვებგვერდი, 110523001, 23/05/2011