დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 626 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/04/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 17-18, 05/05/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.230.000.05.001.000.194 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (05/05/1997 - 12/08/2000)
საქართველოს კანონი
საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს კონტროლის პალატა (შემდგომში – კონტროლის პალატა) არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურება ეროვნული სიმდიდრის და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას.
მუხლი 2
1. კონტროლის პალატა არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მისი უფლებამოსილება, ორგანიზაცია, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. კონტროლის პალატა ახორციელებს კონტროლს კანონიერების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობის და საჯაროობის პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 3
კონტროლის პალატა აღიარებს უმაღლესი საკონტროლო ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებს და სხვა ფუძემდებლური დოკუმენტების ძირითად პრინციპებს, საქმიანობას წარმართავს კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საკონტროლო ორგანოებთან ურთიერთკავშირის განმტკიცების, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით.
მუხლი 4
1. კონტროლის პალატა არის იურიდიული პირი, აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი დასახელებით.
2. საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.
თავი II
კონტროლის პალატის საკონტროლო სფერო და უფლებამოსილებანი
მუხლი 5
საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად კონტროლის პალატა:
ა) აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სახსრების ხარჯვის კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას;
ბ) აკონტროლებს სახელმწიფო ვალების, უცხოური სახელმწიფო კრედიტების და სესხების გამოყენების კანონიერებას, რაციონალობასა და ეფექტიანობას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას;
გ) აკონტროლებს სახელმწიფო საკუთრების გამოყენების ეფექტურობასა და მიზანშეწონილობას;
დ) სწავლობს და აანალიზებს საბიუჯეტო პროცესში გამოვლენილ დარღვევებს, დადგენილი საბიუჯეტო მაჩვენებლებისაგან გადახრებს და წარადგენს წინადადებებს ამ დარღვევებისა და გადახრების აღმოსაფხვრელად;
ე) აფასებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემოსავლისა და ხარჯის ნაწილების საფუძვლიანობას;
ვ) აკონტროლებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მოძრაობის კანონიერებას და დროულად გადარიცხავს საქართველოს ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში;
ზ) საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით,ატარებს ექსპერტიზას და იძლევა დასკვნებს იმ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტებზე, აგრეთვე იმ პროგრამებზე,რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენენ ამ სახსრების ფორმირებაზე.
მუხლი 6
კონტროლის პალატის საკონტროლო უფლებამოსილება,მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ყველა ორგანოზე,მმართველობით ადგილობრივ ორგანოებზე,სპეციალურ სახელმწიფო ფონდებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე და ყველა სხვა ორგანიზაციასა და დაწესებულებაზე.
მუხლი 7
კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობა,მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია საბიუჯეტო ან სახელმწიფო სპეციალური ფონდების კუთვნილი თანხების მიღებასთან,გადარიცხვასთან ან გამოყენებასთან,რაიმე ფორმით სახელმწიფო საკუთრების გამოყენებასთან ან მის მართვასთან,აგრეთვე იმ ნაწილში,რომელიც დაკავშირებულია მათთვის საგადასახადო, საბაჟო ან სხვა სახის შეღავათების მინიჭებასთან.
მუხლი 8
კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის ის სახელშეკრულებო ვალდებულება და სესხი, რომლის გარანტად დგას სახელმწიფო.
თავი III
საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურა და შემადგენლობა
მუხლი 9
1. კონტროლის პალატა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც შედიან კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატი, კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში და კონტროლის პალატის ბიუროები საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში.
2. გადაწყვეტილებას კონტროლის პალატის ბიუროების შექმნის შესახებ იღებს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
მუხლი 10
კონტროლის პალატას საერთო ხელმძღვანელობას უწევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ხუთი წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნიშნავს პარლამენტი. მისი თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11
კონტროლის პალატის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს პალატის მუშაობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და პალატის მუშაობის რეგლამენტის შესაბამისად;
ბ) წყვეტს კონტროლის პალატის საქმიანობის, კონტროლისა და რევიზია-შემოწმების ორგანიზაციის საკითხებს;
გ) თავმჯდომარეობს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომას;
დ) წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი თანამდებობის პირების კანდიდატურებს;
ე) ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კონტროლის პალატის სისტემის პასუხისმგებელ მუშაკებს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატის თავმჯდომარეებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით;
ვ) ამტკიცებს კონტროლის პალატის საშტატო განრიგს კონტროლის პალატისათვის დადგენილი მუშაკთა ზღვრული რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში;
ზ) წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით;
თ) წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კონტროლის პალატის ანგარიშს პალატის საქმიანობის შესახებ;
ი) წარმოადგენს კონტროლის პალატას სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
კ) მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებას,რომელიც უმაღლესი ნორმატიული აქტია საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში;
ლ) უფლებამოსილია, ხოლო თხოვნის შემთხვევაში ვალდებულია,დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომას, ამასთან, მას მოთხოვნისათანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ;
მ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის არყოფნის, ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
მუხლი 12
კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი.
მუხლი 13
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით.
მუხლი 14
კონტროლის პალატის თავმჯდომარე დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს.
მუხლი 15
თავმჯდომარის მოადგილეები უფლებამოსილი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან დაესწრონ პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომას, ამასთან,მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა,კომიტეტმა ან კომისიამ.
მუხლი 16
კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მოადგილეები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქენი, ჰქონდეთ უმაღლესი განათლება და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება სახელმწიფო მართვის,სახელმწიფო კონტროლის,ეკონომიკის და ფინანსების სფეროებიდან ერთში მაინც.
მუხლი 17
კონტროლის პალატის თავმჯდომარის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
მუხლი 18
უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელების პირობები. მისი მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას დადგენილი წესით.
მუხლი 19
კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მოადგილეები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აჩერებენ პოლიტიკური პარტიის წევრობას.
მუხლი 20
1. კონტროლის პალატაში იქმნება უმაღლესი კოლეგიალური ორგანო – კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
2. პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დანარჩენ წევრებს,კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 21
კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი დანიშვნიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პრეზიდიუმის დანარჩენი წევრების კანდიდატურებს.
მუხლი 22
კონტროლის პალატის პრეზიდიუმი:
ა) განსაზღვრავს კონტროლის პალატის სისტემის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მუშაობის ერთიან რეგლამენტს, სამუშაო გეგმებს და იღებს სხვა შიდასაუწყებო ნორმატიულ აქტებს;
გ) ისმენს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რევიზია-შემოწმების შედეგებს;
დ) ისმენს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქ თბილისის კონტროლის პალატების და კონტროლის პალატის ბიუროების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს;
ე) ამტკიცებს პარლამენტში წარსადგენი პალატის შენახვის ხარჯების პროექტს;
ვ) განიხილავს და ამტკიცებს პარლამენტში წარსადგენ ანგარიშს;
ზ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პალატის სტრუქტურას;
თ) წევრების ხმების უმრავლესობით ღებულობს დადგენილებას, რომლის რეალიზაცია ხდება კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით;
ი) მართავს სხდომებს თვეში ერთხელ მაინც.
მუხლი 23
კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს უფლება აქვთ პრეზიდიუმის სხდომაზე მათი მონაწილეობით განხილულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი განსაკუთრებული აზრი წარმოადგინონ წერილობით, რომელიც თან ერთვის პრეზიდიუმის დადგენილებას.
თავი IV
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქ თბილისის კონტროლის პალატები
მუხლი 24
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქ თბილისის კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს შესაბამისი პალატის თავმჯდომარე.
მუხლი 25
პალატის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს პალატის მუშაობას საქართველოს კონსტიტუციის,ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და პალატის მუშაობის რეგლამენტის შესაბამისად;
ბ) წარმართავს პალატის საქმიანობის, კონტროლისა და რევიზია-შემოწმების ორგანიზაციულ საკითხებს;
გ) თავმჯდომარეობს პალატის პრეზიდიუმის სხდომას;
დ) წელიწადში ერთხელ კონტროლის პალატას წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ;
ე) მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს;
ვ) უფლებამოსილია, ხოლო თხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მინისტრთა საბჭოს, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სხდომებს.
მუხლი 26
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ თბილისის კონტროლის პალატის თავმჯდომარეები და მოადგილეები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აჩერებენ პოლიტიკური პარტიის წევრობას.
მუხლი 27
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქ თბილისის კონტროლის პალატაში იქმნება კოლეგიალური ორგანო – პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობასაც, შესაბამისი პალატის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
მუხლი 28
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქ თბილისის კონტროლის პალატის პრეზიდიუმი:
ა) ისმენს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რევიზია-შემოწმების შედეგებს;
ბ) ამტკიცებს კონტროლის პალატაში წარსადგენ წლიურ ანგარიშს, აგრეთვე კონტროლის პალატის პრეზიდიუმზე განსახილველად წარსადგენი სამუშაო გეგმის პროექტს;
გ) წევრების ხმების უმრავლესობით ღებულობს დადგენილებას;
დ) მართავს სხდომებს თვეში ერთხელ მაინც.
მუხლი 29
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქ თბილისის კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს უფლება აქვთ პრეზიდიუმის სხდომაზე მათი მონაწილეობით განხილულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი განსაკუთრებული აზრი წარმოადგინონ წერილობით, რომელიც თან ერთვის პრეზიდიუმის დადგენილებას.
მუხლი 30
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატები ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის გარდა, წარუდგენს შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
თავი V
საქართველოს ტერიტორიული ერთეულების კონტროლის პალატის ბიუროები
მუხლი 31
ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის გარდა საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში კონტროლის პალატის ბიუროს ხელმძღვანელობს შესაბამისი ბიუროს უფროსი.
მუხლი 32
ბიუროს უფროსი:
ა) წარმართავს ბიუროს მუშაობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კონტროლის პალატის მუშაობის რეგლამენტის შესაბამისად;
ბ) წყვეტს ბიუროს საქმიანობის, კონტროლისა და რევიზია-შემოწმების ორგანიზაციულ საკითხებს;
გ) თავმჯდომარეობს ბიუროს კოლეგიის სხდომას;
დ) წელიწადში ერთხელ საქართველოს კონტროლის პალატას წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი ბიუროს საქმიანობის შესახებ;
ე) მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს;
ვ) უფლებამოსილია, ხოლო თხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სხდომებს.
მუხლი 33
კონტროლის პალატის ბიუროს უფროსი და მოადგილეები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აჩერებენ პოლიტიკური პარტიის წევრობას.
მუხლი 34
კონტროლის პალატის ბიუროში იქმნება კოლეგიალური ორგანო – კოლეგია, რომლის შემადგენლობასაც, შესაბამისი ბიუროს უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
მუხლი 35
კონტროლის პალატის ბიუროს კოლეგია:
ა) ისმენს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რევიზია-შემოწმების შედეგებს;
ბ) ამტკიცებს კონტროლის პალატაში წარსადგენ წლიურ ანგარიშს,აგრეთვე კონტროლის პალატის პრეზიდიუმზე განსახილველად წარსადგენი სამუშაო გეგმის პროექტს;
გ) წევრების ხმების უმრავლესობით ღებულობს დადგენილებას;
დ) მართავს სხდომებს თვეში ერთხელ მაინც.
მუხლი 36
კონტროლის პალატის ბიუროს კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ კოლეგიის სხდომაზე მათი მონაწილეობით განხილულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი განსაკუთრებული აზრი წარმოადგინონ წერილობით, რომელიც თან ერთვის კოლეგიის დადგენილებას.
თავი VI
კონტროლის პალატის საქმიანობის წესი
მუხლი 37
კონტროლის პალატა თავის ამოცანას ძირითადად ახორციელებს ოპერატიული კონტროლის, კომპლექსური რევიზიის, თემატური შემოწმებისა და ექსპერტიზის მეშვეობით.
მუხლი 38
კონტროლის პალატა მუშაობას წარმართავს პერსპექტიული და მიმდინარე გეგმებით, რომელშიც აუცილებლად შეიტანება საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინადადებები.
მუხლი 39
კონტროლის პალატის გეგმის შედგენის დროს აუცილებლად განიხილება საქართველოს პარლამენტის კომიტეტების და კომისიების წინადადებები.
მუხლი 40
არაგეგმიური რევიზია და შემოწმება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მიმართვის, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქ თბილისის კონტროლის პალატების პრეზიდიუმების ან კონტროლის პალატის ბიუროების კოლეგიის გადაწყვეტილებით.
მუხლი 41
კონტროლის პალატის შიდა საქმიანობის საკითხები, საქმის წარმოების წესი,ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, კონტროლის პალატების და ბიუროების ფუნქციები და ურთიერთობა, რევიზია-შემოწმების მომზადებისა და ჩატარების ფორმები, აგრეთვე სხვა საკითხები განისაზღვრება კონტროლის პალატის მუშაობის ერთიანი რეგლამენტით.
მუხლი 42
რევიზია-შემოწმების მოცულობას, ჩატარების ვადას და ადგილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში – აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქ თბილისის კონტროლის პალატის თავმჯდომარეები, სხვა ტერიტორიულ ერთეულებში კი – კონტროლის პალატის ბიუროს უფროსები.
მუხლი 43
დაუშვებელია რევიზია-შემოწმების ჩატარება კონტროლის შესაბამისი პალატის თავმჯდომარის ან კონტროლის პალატის ბიუროს უფროსის ბრძანებისა და დამტკიცებული პროგრამის გარეშე.
მუხლი 44
იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია გადაწყვეტილება, შემოწმება ჩატარდეს კონტროლის პალატაში, შესამოწმებელ ობიექტს ეგზავნება შესაბამისი ბრძანება და შესამოწმებელ საკითხთა პროგრამა.
მუხლი 45
ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია ბრძანების მიღებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამის ორგანოში წარადგინოს სრულყოფილი ანგარიში პროგრამაში მითითებულ საკითხთა გარშემო. ანგარიშის წარდგენის ვადა ინფორმაციის მოცულობის მიხედვით შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ერთ თვემდე ან ერთ კვირამდე შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით.
მუხლი 46
დადგენილ ვადაში ანგარიშის წარუდგენლობის ან არასრულყოფილი ანგარიშის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება დაისვას შესაბამისი ობიექტის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გადაწყვეტილებას ამის თაობაზე ღებულობს შესაბამისი კონტროლის პალატის პრეზიდიუმი ან ბიუროს კოლეგია.
მუხლი 47
რევიზია-შემოწმების შედეგებზე დგება აქტი ან ცნობა, რომლის სისწორეზეც პასუხისმგებლობა ეკისრება კონტროლის პალატის შესაბამის პასუხისმგებელ მუშაკს. კონტროლის პალატა შემოწმებულ ობიექტს აცნობს რევიზია-შემოწმების შედეგებს.
მუხლი 48
დანაშაულის ნიშნების შემცველი შემოწმების მასალები ეგზავნებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, სახელმწიფო ფულადი და მატერიალური ქონების დატაცების გამოვლენის შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ იგზავნება.
მუხლი 49
რევიზია-შემოწმების ჩატარებისას კონტროლის პალატას უფლება აქვს მოიწვიოს სათანადო დარგის სპეციალისტები საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად.
მუხლი 50
1. შესამოწმებელი ობიექტის მხრიდან რევიზია-შემოწმების ჩატარების დროს დაბრკოლებების შექმნის, ასევე კონტროლის პალატის კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კონტროლის პალატას უფლება აქვს შესაბამისი შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელობას მისცეს მიწერილობა, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად.
2. კონტროლის პალატის მიერ გაგზავნილ მიწერილობას ხელს აწერს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარე ან ბიუროს უფროსი.
მუხლი 51
1. რევიზია-შემოწმებით გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კონტროლის პალატა წარდგინებას უგზავნის შემოწმებულ ობიექტს ან მის ზემდგომს.
2. კონტროლის პალატის წარდგინება სავალდებულოა შესასრულებლად. წარდგინება განხილულ უნდა იქნეს 20 დღეში, თუ მასში სხვა ვადა არ არის მითითებული.
მუხლი 52
წარდგინების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი რეალიზაციის ღონისძიებების შესახებ უნდა ეცნობოს კონტროლის პალატას.
მუხლი 53
კონტროლის პალატის კანონიერი მიწერილობისა და წარდგინების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში კონტროლის პალატას უფლება აქვს დასვას შესამოწმებელი საბიუჯეტო ობიექტის ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი და მისცეს არასაბიუჯეტო ობიექტის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს რეკომენდაცია განიხილოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
მუხლი 54
საბიუჯეტო შემოსავალსა და ხარჯებზე ეფექტიანი, ოპერატიული კონტროლის დაწესების მიზნით საფინანსო ორგანოები, სახაზინო, საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, აგრეთვე ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებულია კონტროლის პალატაში წარადგინოს ანგარიში პალატის მიერ დადგენილი ფორმით.
მუხლი 55
ინფორმაცია საბიუჯეტო შემოსავლისა და ხარჯების შესახებ კონტროლის პალატაში წარდგენილ უნდა იქნეს: ყოველთვიური – არა უგვიანეს მომავალი თვის თხუთმეტი რიცხვისა, ექვსი თვის – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 აგვისტოსი და წლის შედეგების შესახებ – არა უგვიანეს შემდეგი წლის 15 თებერვლისა.
მუხლი 56
დადგენილ ვადაში ანგარიშის წარუდგენლობის ან არასრულყოფილი ანგარიშის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება დაისვას შესაბამისი ობიექტის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
მუხლი 57
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია კონტროლის პალატის ორგანოების დადგენილებები ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს კონტროლის პალატის ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში დადგენილი წესით.
თავი VII
კონტროლის პალატის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან
მუხლი 58
კონტროლის პალატა საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის პარლამენტში წარდგენის დღიდან არა უგვიანეს ორი კვირისა, პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშთან დაკავშირებით.
მუხლი 59
კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებასთან ერთად წარუდგენს თავის მოხსენებას.
მუხლი 60
კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, თავისი საქმიანობის ანგარიშს, წარუდგენს პარლამენტს, რომელიც ანგარიშის განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის დადგენილებას. ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
მუხლი 61
კონტროლის პალატა უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია გადასცეს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და კომისიებს უმნიშვნელოვანესი რევიზია-შემოწმების მასალები.
მუხლი 62
კონტროლის პალატა უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები. კონტროლის პალატა ამ წინადადებებს ამზადებს ახალი საბიუჯეტო წლის დადგომამდე. კონტროლის პალატის წინადადებები აისახება საგადასახადო კანონმდებლობაში იმ ვარაუდით, რომ ის არ იწვევს ცვლილებებს მიმდინარე წლის მანძილზე.
მუხლი 63
კონტროლის პალატის საქმიანობას ამოწმებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია.
თავი VIII
კონტროლის პალატის ურთიერთობა სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოებთან
მუხლი 64
სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო საგადასახადო სამსახური, საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სახელმწიფო ორგანოები, უწყებრივი კონტროლის სამსახურები, სხვა სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებანი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინონ კონტროლის პალატას.
მუხლი 65
სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება კანონის შესაბამისად.
მუხლი 66
სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის ეფექტური განხორციელების, რევიზია-შემოწმებების პარალელიზმის აღკვეთის მიზნით საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სფეროში კონტროლის პალატა კოორდინაციას უწევს სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სხვა ორგანოების საქმიანობას.
მუხლი 67
კონტროლის პალატა, როგორც კოორდინაციის სუბიექტი, უფლებამოსილია კოორდინაციაში ჩართულ ორგანოთა ხელმძღვანელებისაგან შედგენილ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით კოორდინაციის ობიექტებს მისცეს რეკომენდაციები შემოწმების ობიექტისა და ვადის შეცვლის, კომპლექსურ შემოწმებაში ჩართვისა და სხვა ოპერატიული ღონისძიებების თაობაზე.
მუხლი 68
საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. საბჭოს საქმიანობა რეგულირდება საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 69
კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს სახელმწიფო საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა ორგანოთა საქმიანობა.
მუხლი 70
საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის მაღალი ხარისხის და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით კონტროლის პალატა რევიზია-შემოწმების საკითხში შეიმუშავებს საკონტროლო და სარევიზიო ნორმებსა და ნორმატივებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა გამოყენება სავალდებულოა საფინანსო-სამეურნეო კონტროლის ყველა სამსახურისთვის.
თავი IX
კონტროლის პალატის მუშაკთა უფლება-მოვალეობა, პასუხისმგებლობა და სამართლებრივი გარანტიები
მუხლი 71
კონტროლის პალატის მუშაკებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ:
ა) რევიზია-შემოწმების პერიოდში მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა ნებისმიერი პასუხისმგებელი პირისაგან მუშაობის პროცესში წამოჭრილი საკითხების გარშემო;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატარონ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია შესამოწმებელ ობიექტში;
გ) ჩამოართვან ახსნა-განმარტებანი შესამოწმებელი ობიექტის პასუხისმგებელ პირებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში დალუქონ საწყობები, არქივები და სალაროები, სიყალბის და დატაცების აღმოჩენისას ამოიღონ სათანადო დოკუმენტები, ადგილზე კი დატოვონ ამოღების აქტი და დოკუმენტების ასლები.
მუხლი 72
კონტროლის პალატის მუშაკები ვალდებული არიან რევიზია-შემოწმების პერიოდში არ დაუშვან უფლებამოსილების გადამეტება. ისინი პასუხს აგებენ რევიზია-შემოწმების შედეგების სისწორეზე, აგრეთვე შემოწმებულ ობიექტთა სახელმწიფოებრივი და კომერციული საიდუმლოების გაცხადებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 73
რევიზია-შემოწმების ჩატარებისას კონტროლის პალატის მუშაკები არ უნდა ჩაერიონ შესამოწმებელი ობიექტის მიმდინარე საქმიანობაში, ამასთან, რევიზია-შემოწმების დამთავრებამდე და აქტის გაფორმებამდე თავიანთი დასკვნები საჯარო არ უნდა გახადონ.
მუხლი 74
კონტროლის პალატის მუშაკების კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა შესამოწმებელი ობიექტის ყველა თანამდებობის პირისათვის.
მუხლი 75
შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელები ვალდებული არიან ყოველმხრივ შეუწყონ ხელი კონტროლის პალატის მუშაკებს მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში, გაუწიონ აუცილებელი დახმარება რევიზია-შემოწმების ჩატარებაში.
მუხლი 76
დაუშვებელია საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომელთა მიმართ ძალადობა, მუქარა და სხვა არამართლზომიერი მოქმედება სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით, დამრღვევი პირები პასუხს აგებენ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 77
კონტროლის პალატის მუშაკები სამსახურებრივი მივლინების დროს სარგებლობენ სასტუმროში ადგილისა და ყველა სახის ტრანსპორტზე სამგზავრო დოკუმენტის დაჯავშნის უფლებით.
თავი X
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 78
კონტროლის პალატა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვას და მუშაკთა ზღვრულ რაოდენობას.
მუხლი 79
კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთი არ უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივ განაკვეთზე ნაკლები.
მუხლი 80
საქართველოს კონტროლის პალატა ყველა სახის სასამართლოში საკითხის განხილვისას თავისუფლდება სახელმწიფო საბაჟო გადასახადისაგან. საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის განხილვისას სასამართლო ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
მუხლი 81
საქართველოს კონტროლის პალატა ძირითადად კომპლექტდება უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირებით.
თავი XI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 82
ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებში სტიმულირების საკითხის ერთიანი წესის შემუშავებამდე კონტროლის პალატის მიერ რევიზია-შემოწმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს საგადასახადო სამსახური. ფინანსური სანქციების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში, ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ჩარიცხული თანხის 30 პროცენტი ირიცხება კონტროლის პალატის ანგარიშზე და მოხმარდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, კონტროლის პალატის მუშაკთა მატერიალურ წახალისებას და სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 83
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი ორგანოების არჩევნების ჩატარების შემდეგ შეიცვლება კონტროლის პალატის მიერ საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სახსრების კონტროლის წესი და კანონით განისაზღვრება ადგილობრივი ბიუჯეტის კონტროლის ადგილობრივი ორგანოების შექმნისა და ფუნქციონირების წესები.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 15 აპრილი.
№626–IIს
დოკუმენტის კომენტარები