„საზღვაო დისციპლინური წესდების“ დამტკიცების თაობაზე

  • Word
„საზღვაო დისციპლინური წესდების“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 26/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.11.115.006.248
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
51
12/12/2003
სსმ, 149, 26/12/2003
310.020.000.11.115.006.248
„საზღვაო დისციპლინური წესდების“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2003 - 15/09/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.11.115.006.248

საქართველო საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის

ბრძანება 51

2003 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების”, „საზღვაო დისციპლინური წესდების”, „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულების”, „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების” „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულების” და „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ”, „ნომრატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები”;

ბ) „საზღვაო დისციპლინური წესდება”;

გ) „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულება”;

დ) „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულება”;

ე) „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულება”;

ვ) „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულება”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. ცინცაძე

საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „საზღვაო სამართლის შესახებ” (1982წ), „გემების რეგისტრაციის შესახებ” გაეროს კონვენციათა გათვალისწინებით, საქართველოს საზღვაო კოდექსის თანახმად და განსაზღვრავს გემების სახელმწიფო რეგისტრაციის, აღრიცხვისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს, სარეგისტრაციო გემის ტიპის, კუთვნილებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.

2.  ამ წესების შესრულება აუცილებელია ყველა გემთმფლობელისათვის.

3. წინამდებარე წესები ცვლის „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის და გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების წესების”, „საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესის”, „საზღვაო დისციპლინარული წესდების”, „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულების”, „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების” და „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 28 იანვრის №10 ბრძანებას.

    მუხლი 2. წესების გავრცელების ფარგლები

მოცემული წესები არ ვრცელდება:

ა) სამხედრო ხომალდებსა და გემებზე;

ბ) კატარღაზე, კანჯოებსა და გემების კუთვნილ სხვა მცურავ საშუალებებზე.

    მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანოები

საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციას აწარმოებენ:

ა) საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია გემების სახელმწიფო რეესტრში;

ბ) ნავსადგურის კაპიტანი გემების სახელმწიფო წიგნში.

    მუხლი 4. რეგისტრაციის პროცედურა

საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია წარმოებს გემების სახელმწიფო რეესტრში ან გემების სახელმწიფო წიგნში მათ შესახებ მონაცემების შეტანითა და საქართველოს ნავსადგურებზე ამ გემების მიწერით. ჩანაწერების შეტანა მიმდინარეობს რეგისტრაციის თანმიმდევრობის მიხედვით.

    მუხლი 5. სარეგისტრაციო გემები

1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) 100 და მეტი საერთო ტევადობის ყველა საზღვაო გემი;

ბ) მოტორიანი იახტები, რომლებიც ახორციელებენ უცხოეთში ნაოსნობას;

2. საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) 100-ზე ნაკლები საერთო ტევადობის ყველა საზღვაო გემი, რომელიც არ ახორციელებს უცხოეთში ნაოსნობას.

    მუხლი 6. უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირების გემების რეგისტრაცია

1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ან გემების სახელმწიფო წიგნში შეიძლება შეტანილ იქნეს მე-5 მუხლში ჩამოთვლილი საზღვაო გემები, რომლებიც ეკუთვნის უცხო ქვეყნის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს.

2. უცხოელ გემთმფლობელებს საქართველოში შეუძლიათ დანიშნონ თავიანთი წარმომადგენელი.

    მუხლი 7. სარეგისტრაციო ინდექსი

გემებს, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ან გემების სახელმწიფო წიგნში, ენიჭება ხუთი ციფრისაგან შემდგარი ნომერი ინდექსით:

ა) M – 00000 – გემი ნაოსნობის შეუზღუდავი რაიონით;

ბ) C – 00000 – გემი სანაპირო ნაოსნობის რაიონით.

    მუხლი 8. საქართველოს დროშით ცურვის უფლება

1. საქართველოს დროშით ცურვის უფლება გემს ენიჭება მისი საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ან გემების სახელმწიფო წიგნში შეტანის დღიდან.

2. საქართველოს დროშით ცურვის უფლების არმქონე გემზე სახელმწიფო დროშის აღმართვა ისჯება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9. რეგისტრაციის პერიოდი

1. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ვალდებულია გემის რეესტრში შეიტანოს სარეგისტრაციოდ საბუთების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

2. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია კანონის ფარგლებში პასუხს აგებს გემის რეგისტრაციაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში.

3. გემის რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

ა) არსებობს აშკარა შეუსაბამობა გემის მდგომარეობასა და საბუთებს შორის;

ბ) გემის რეგისტრაციისათვის აუცილებელი რომელიმე დოკუმენტის დანაკლისის შემთხვევაში.

4. გემთმფლობელი პასუხს აგებს რეგისტრაციისათვის საჭირო ცნობების სისწორეზე.

5. გემების მონაცემებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ იგი ვალდებულია არა უგვიანეს 30 დღისა აცნობოს წერილობით მარეგისტრირებელ ორგანოს.

    მუხლი 10. დოკუმენების დაკარგვა

გემის სარეგისტრაციო დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევაში საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია გასცემს დუბლიკატს ვითარების სრული განხილვის, გემთმფლობელის ხარჯზე პერიოდულ პრესაში გემის სარეგისტრაციო დოკუმენტების დაკარგვის შესახებ განცხადებისა და მათი ძალადაკარგულად ცნობის შემდეგ. პრესაში პუბლიკაცია შესაძლოა არ აღმოჩნდეს საჭირო, თუ დოკუმენტების განადგურება ეჭვგარეშეა.

    მუხლი 11. რეგისტრაციის საფასური

1. გემის რეგისტრაციისათვის გემთმფლობელი იხდის საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ საფასურს, რომლის შეცვლა შესაძლებელია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს საწევრო გადასახადის განაკვეთის ცვლილების თანახმად.

2. გემის რადიოსადგურის მოწმობის საფასური განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი განაკვეთით.

    მუხლი 12. გემის განმასხვავებელი ნიშნები

1. გემების სახელმწიფო რეესტრში შეტანისას გემს უნდა გააჩნდეს განმასხვავებელი წარწერა:

ა) გემის სახელი – კორპუსის წინა ნაწილსა და დანაშენზე (სანავიგაციო ხიდურის დონეზე) ორივე ბორტსა და გემის კიჩოზე;

ბ) მიწერის ნავსადგური – კიჩოზე (გემის სახელი დანაშენზე იწერება ინგლისურად).

გ) გემის ამოსაცნობი ნომერი – „ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ” კონვენციის 2002 წლის შესწორების მე-5 წესის შესაბამისად.

2. გემების სახელმწიფო წიგნში შეტანისას გემს უნდა გააჩნდეს განმასხვავებელი წარწერა:

ა) გემის სახელი და რეგისტრაციის ნომერი თვალსაჩინო ადგილზე (თევზსაჭერი ფლოტის გემებს შეიძლება გააჩნდეთ სხვა დამატებით განმასხვავებელი ნიშნები, გემთმფლობელის შეხედულებისამებრ).

    მუხლი 13. დროებითი მოწმობა

1. დროებითი მოწმობა მიეცემა გემს 3 თვის ვადით წინამდებარე წესების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე.

2. 3-თვიანი ვადის განმავლობაში გემთმფლობელმა უნდა წარადგინოს ყველა საბუთი წინამდებარე წესების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც ხდება გემის მუდმივი რეგისტრაცია მათი ყოველწლიური განახლებით.

თავი II. საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია

    მუხლი 14. რეგისტრაციის საჭირო საბუთები

1. გემის დროებითი რეგისტრაციისათვის სავალდებულოა შემდეგი საბუთების წარდგენა:

ა) განაცხადი გემის რეგისტრაცისაათვის (ფორმა №1);

ბ) განცხადების ფორმა გემის რადიოსადგურის რეგისტრაციისათვის (ფორმა №3, ასლი);

გ) მინდობილობის ასლი;

დ) გემის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის ასლი;

ე) საერთაშორისო „საზომი მოწმობის” ასლი;

ვ) 500 და მეტი საერთო ტევადობის გემებისათვის საკლასიფიკაციო საზოგადოების მოქმედი მოწმობები ან საკლასიფიკაციო საზოგადოების დადსტურება იმისა, რომ გემი იმყოფება მისი ზედამხედველობის ქვეშ (იმ გემებისათვის, რომლებიც აუქციონზეა შესყიდული);

ზ) წინა დროშის რეგისტრაციის ნაოსნობის უფლების მოწმობის ასლი;

თ) უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ მოწმობის ასლი;

ი) გემთმფლობელის წერილი – გარანტია, იმის თაობაზე, რომ გემი 3 თვის ვადაში მოხსნილი იქნება წინა რეგისტრაციიდან;

კ) უსაფრთხოების მართვის სისტემის კოდექსის შესაბამისობის მოწმოპბის ასლი.

2. გემის მუდმივი რეგისტრაციისათვის სავალდებულოა შემდეგი საბუთების წარდგენა:

ა) განაცხადი გემის რეგისტრაცისათვის (ფორმა №1, დედანი);

ბ) განცხადების ფორმა გემის რადიოსადგურის რეგისტრაციისათვის (ფორმა №3, დედანი);

გ) მინდობილობის დედანი;

დ) გემის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან ინვოისის ნოტარიალურად დამოწმებული ასლები;

ე) მოწმობა გემის წინა სარეგისტრაციო რეესტრიდან ამოღების (მოხსნის) შესახებ (დედანი);

ვ) საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სახელით გაცემული კონვენციური მოწმობების ასლი;

ზ) საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ გაცემული საკლასიფიკაციო საზოგადოების მოწმობის ასლი;

თ) 500 და ნაკლები საერთო ტევადობის მქონე გემებისათვის, ნაოსნობის ვარგისიანობის მოწმობა;

ი) ნაოსნობის უსაფრთხოების მართვის მოწმობა;

კ) კომპანიის მოწმობის ან კომპანიის დაფუძნების მოწმობის ასლები (თუ კომპანია ახალია);

ლ) გემის დათვალიერების ინსპექტირების პატაკის დედანი;

მ) ორი ფოტოსურათი (გემის წინა და გვერდითი ხედი).

    მუხლი 15. მოწმობები რეგისტრაციის შესახებ

1. გემების სახელმწიფო რეესტრში შეტანისას გაიცემა შემდეგი მოწმობები:

ა) საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლება (გემის პატენტი);

ბ) გემის საკუთრების მოწმობა;

გ) მოწმობა უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ;

დ) მოწმობა ზღვის ნავთობით დაბინძურებისათვის სამოქალაქო და ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ;

ე) გემის რადიოსადგურის მოწმობა.

2. გემების სახელმწიფო წიგნში შეტანისას ამ მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილ მოწმობათა ნაცვლად გაიცემა „გემის ბილეთი”.

    მუხლი 16. ბერბოუტ-ჩარტერული გემის რეგისტრაცია

1. ბერბოუტ-ჩარტერში მყოფი გემის რეგისტრაციისას საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლებაზე მოწმობა გაიცემა იმის მიუხედავად, გადადის თუ არა ბერბოუტ-ჩარტერის გემთმფლობელზე გემის კუთვნილების უფლება, ან თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გემი უბრუნდება მესაკუთრეს.

2. მოწმობა გემის ბერბოუტ-ჩარტერის კუთვნილებაზე გაიცემა ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მიღების შემდეგ.

3. თუ გემზე ბერბოუტ-ჩარტერის კუთვნილების უფლების მინიჭების მომენტი არ ემთხვევა ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების გაფორმების მომენტს, გემზე ინახება უცხოეთის კომპეტენტური ხელისუფლების მიერ გაცემული საბუთი საკუთრების უფლების შესახებ, ასევე საბუთების დედანი (ან მათი ასლები), რომლებიც ადასტურებსაქართველოს გემთმფლობელის უფლებას სარგებლობაზე.

თავი III. საზღვაო გემების რეგისტრაციიდან მოხსნა

    მუხლი 17. რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურა

1. საზღვაო გემის რეგისტრაციიდან მოხსნა წარმოებს საქართველოს საზღვაო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად , გემის სახელმწიფო რეესტრიდან ან გემების წიგნიდან ამოღების მეშვეობით.

2. რეგისტრაციიდან მოხსნა შეიძლება იყოს სრული ან დროებითი.

    მუხლი 18. რეგისტრაციიდან მოხსნის გაფორმება

1. სახელმწიფო რეგისტრაციიდან საზღვაო გემის სრული მოხსნა წარმოებს:

ა) გემთმფლობელის ან გემის სარგებლობის და გამგებლობის უფლების მქონე სხვა პირის განცხადების საფუძველზე ;

ბ) გემის ჩამოწერის ან მისი ექსპლუატციიდან საბოლოოდ გამოყვანის შემთხვევაში;

გ) საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

2. გემის რეგისტრაციიდან საბოლოოდ მოხსნისას განცხადებას თან უნდა დაერთოს წინამდებარე წესების მე-15 მუხლში ჩამოთვლილი მოწმობები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი დაღუპვის ფაქტი დამტკიცებულია.

3. გემის რეგისტრაციიდან დროებით მოხსნა ხორციელდება მაშინ, როდესაც გემი დროებითი სარგებლობის ან გამგებლობისათვის გადაეცემა უცხო ქვეყანას, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გემის მიწერისა და დროშის დროებითი შეცვლით და მესაკუთრის ინიციატივით.

4. სახელმწიფო რეგისტრაციიდან გემის დროებითი მოხსნისათვის საჭიროა:

ა) რეგისტრაციიდან გემის დროებით მოხსნაზე განცხადება, რომელშიც ასახულია მიზეზები, მას თან უნდა ერთვოდეს მე-15 მუხლში ჩამოთვლილი მოწმობები (კუთვნილებაზე უფლების მოწმობის გამოკლებით);

ბ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა ასლები (როცა საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილ გემებს).

5. სახელმწიფოს კუთვნილი გემის რეგისტრაციიდან მოხსნა (მათ შორის , დროებით) ხორციელდება საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილების საფუძველზე.

6. გემის რეგისტრაციიდან მოხსნისას ჩაბარებული საბუთები ინახება საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში.

7. გემის ახალი რეგისტრაციის ადგილზე საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაყვანისას ჩაბარებული საბუთების ნაცვლად გემზე გაიცემა დროებითი მოწმობები აღრიცხვიდან მოხსნისა და სახელმწიფო დროშის შეცვლის უფლების შესახებ

8. საბუთები გაიცემა გემის რეგისტრაციიდან დროებით მოხსნის შესახებ განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში.

    მუხლი 19. მიწერის ნავსადგურის შეცვლა

მიწერის ნავსადგურის შეცვლა საქართველოში ხორციელდება გემთმფლობელის განცხადების საფუძვველზე.

    მუხლი 20. საბუთების შენახვა

1. მოწმობა დროშის ბერბოუტ-ჩარტერის შეცვლის უფლებაზე ინახება გემზე, მისი საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების დაბრუნებამდე.

2. დროშის შეცვლისას გემის კაპიტანს მოწმობაში შეაქვს საზღვარგარეთის ნავსადგურში სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი, რის შესახებაც აცნობებს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას.

    მუხლი 21. რეგისტრაციის აღდგენა

1. გემის საქართველოს დროშის ქვეშ დაბრუნებისას წარმოდგენილ უნდა იქ ნეს მოწმობა გემის სხვა ქვეყანაში ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნის შესახებ (თუ ასეთი არსებობს) და მოწმობა საქართველოს სახელმწიფო დროშის დროებით შეცვლის უფლების შესახებ.

2. გემის სხვა ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ გემზე დროებითი მოწმობების საფუძველზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. მიწერის ნავსადგურში დაბრუნებისას დროებითი მოწმობები უნდა ჩაბარდეს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში, ახალი მუდმივი საბუთების სანაცვლოდ.

 

თავი IV. საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესი

    მუხლი 22. ზოგადი დებულებები

1. გემის საზღვაო იპოთეკა ხორციელდება საქართველოს საზღვაო კოდექსის XIII თავის (საზღვაო იპოთეკა”) და საზღვაო გირაოსა და იპოთეკის შესახებ 1993 წ. საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე და იძენს იურიდიულ ძალას საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

2. ეს წესი არეგულირებს მხოლოდ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში გემების საზღვაო იპოთეკის აღრიცხვას და ხორციელდება საქართველოს საზღვაო კოდექსის 206-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 23. იპოთეკის აღრიცხვის წესი

1. გემთმფლობელმა (დამგირავებელმა), რომელიც აგირავებს (იპოთეკა) თავის კუთვნილ გემს:

ა) უნდა შეავსოს იპოთეკის შესახებ განცხადების ფორმა (24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი), და დაამოწმოს თავისი ხელმოწერით და ბეჭდით. თუ დამგირავებელი ფიზიკური პირია, მისი ხელმოწერა უნდა იქნს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ;

 ბ) წარმოადგინოს გემის იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების დედანი და ნოტარულად დამოწმებული ასლი, რომელიც შეინახება გემის საქმეში, ხოლო დედანი შედარების შემდეგ უბრუნდება დამგირავებელს;

გ) წარმოადგინოს გემის საკუთრების მოწმობის დედანი, რომელზეც გაკეთდება აღნიშვნა იპოთეკის შესახებ.

2. დამგირავებლის განცხადება გადაიცემა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში გემის რეგისტრატორის მიერ ხელმოწერით დამოწმებისათვის. განცხადების დედანი ინახება გემის საქმეში.

3. განცხადების ასლი გადაეცემა მოგირავნეს (კრედიტორს) და გემთმფლობელს.

    მუხლი 24. იპოთეკის აღრიცხვის შესახებ განცხადების შინაარსი

განცხადება შედგება ხუთი ნაწილისაგან და შეიცავს:

1. ნაწილი ა. გემის მონაცემები

ა) გემის ოფიციალური ნომერი;

ბ) გემის დასახელება;

გ) გემის მიწერის ნავსადგური;

დ) გემის ტიპი;

ე) გემის საერთო ტევადობა;

ვ) გემის სუფთა ტევადობა;

ზ) გემის სიგრძე;

თ) გემის სიგანე;

ი) გემის ბორტის სიმაღლე .

2. ნაწილი ბ. იპოთეკის რეკვიზიტები

ა) დამგირავებლის სრული დასახელება და მისამართი;

ბ) კრედიტორის (მოგირავნე) სრული დასახელება და მისამართი;

გ) იპოთეკის დეტალები;

დ) გემის წილის ის ოდენობა, რომელიც იტვირთება ოპოთეკით ;

ე) საპროცენტო განაკვეთი იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

3. ნაწილი გ. იპოთეკის გადაცემა

ა) იპოთეკის გადაცემის სრული დასახელება და მისამართი;

ბ) იპოთეკის მიმღების სრული დასახელება და მისამართი;

გ) გადაცემის დეტალები.

4. ნაწილი დ. განცხადება იპოთეკის გადაცემის შესახებ

ა) იპოთეკის გადაცემის შემდეგ მისი მიმღების სრული დასახელება და მისამართი;

ბ) გადაცემის დეტალები;

გ) იპოთეკის გადაცემის თარიღი;

დ) განმცხადებლის სახელი და ხელმოწერა;

ე) თარიღი;

ვ) ადგილი;

ზ) განცხადების მიმღების სახელი და განცხადების თარიღი;

თ) განცხადების მიმღების კვალიფიკაცია და ხელმოწერა.

5. ნაწილი ე. იპოთეკის შეწყვეტა

ა) იპოთეკის დასრულების/შეწყვეტის დეტალები;

ბ) პასუხიმგებელ პირთა ხელმოწერები და ბეჭდები.

    მუხლი 25. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საზღვაო გემის იპოთეკის აღრიცხვის წესი

სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საზღვაო გემის იპოთეკის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მონაწილეობით.

    მუხლი 26. იპოთეკის გადაცემის წესი

1. იპოთეკის საგანი გადაიცემა საქართველოს საზღვაო კოდექსის XIII თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. იპოთეკის საგნის გადაცემისას დამგირავებელი და მოგირავნე (განმცხადებელი) ავსებენ განცხადების დედანს (24-ე მუხლი), ამოწმებენ ხელმოწერით და გადამცემის ბეჭდით (ან სანოტარო წესით, თუ იპოთეკის გადამცემი კერძო პირია).

3. იპოთეკის მიმღები ავსებს 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა” და „თ” ქვეპუნქტებს.

4. განცხადების დედანი უბრუნდება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას, ხოლო ასლი ინახება ორივე მხარესთან.

5. გემების სახელმწიფო რეესტრის რეგისტრატორი აკეთებს ახალ ჩანაწერს გემის საკუთრების მოწმობაში, რომლის ასლი გადაეცემა ბოლო განმცხადებელს (მოგირავნეს).

6. გემის ადრინდელი „საკუთრების მოწმობა” ბრუნდება გემების სახელმწიფო რეესტრში.

    მუხლი 27. იპოთეკის შეწყვეტა

1. იპოთეკის შეწყვეტისას კრედიტორი (მოგირავნე) წერილობით განაცხადებს დამგირავებლის მიერ თავისი ვალდებულების შესრულების თაობაზე, რის შესახებაც ხდება ჩაწერა ამ განცხადების დედანზე, რომელიც მოწმდება ხელმოწერებითა და ბეჭდით.

2. გემის სახელმწიფო რეესტრის რეგისტრატორი გასცემს ახალ „საკუთრების მოწმობას”.

 

საზღვაო დისციპლინური წესდება

პრეამბულა

საზღვაო დისციპლინური წესდება მომზადებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტზე დგომის შესახებ 1995 წლის კონვენციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და მართვის უსაფრთხოების საერთაშორისო კოდექსის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, მოთხოვნათა შესაბამისად და საზღვაო ტრადიციების გათვალისწინებით. წინამდებარე წესდება ცვლის “საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის და გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების წესების”, “საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესის”, „საზღვაო დისციპლინარული წესდების”, „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულების”, „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების” და „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 28 იანვრის 10 ბრძანებას.

საზღვაო ტრანსპორტში დისციპლინის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ხშირად დისციპლინაზეა დამოკიდებული ეკიპაჟის, გემისა და ტვირთის უსაფრთხოება. მეზღვაურები გემზე, შეზღუდულ გარემოში, ერთი და იგივე პირების გარემოცვაში ცხოვრობენ, მუშაობენ და ისვენებენ, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და განაწყობს სტრესებისაკენ.

ქცევის დადგენილი ნორმები არ უნდა იქცეს მოხერხებულ საშუალებად პიროვნების დასჯისათვის. მათი დაცვა უნდა განაპირობებდეს გემზე საქმიან ატმოსფეროსა და ჯანსაღი მიკროკლიმატის შექმნას.

დისციპლინის დამყარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა თვითდისციპლინა, რაც გულისხმობს თითოეული მეზღვაურის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას თავისი მოვალეობისადმი, ეკიპაჟის წევრთა ერთმანეთისადმი გულისხმიერ, კეთილგანწყობით დამოკიდებულებას, რაც აუცილებელი პირობაა მთელი ეკიპაჟის ეფექტური მუშაობისათვის.

 ბრძოლა თვითდისციპლინის დარღვევათა წინააღმდეგ უნდა ემყარებოდეს დისციპლინის შესახებ საყოველთაოდ ცნობილ ცნებებსა და წინამდებარე წესდების დებულებებს გონივრული ქცევის წესების შესახებ.

გემის ეკიპაჟის ეფექტური და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფისათვის საჭიროა გაიცეს მოკლე, მკაფიო, საფუძვლიანი ბრძანებები. ასეთ ბრძანებას ადამიანი ხალისით ასრულებს. თუ ბრძანება გაუგებარი ან ბუნდოვანია, პასუხად მოთხოვნაზე ბრძანების ადრესატს უნდა მიეცეს გასაგები, დამაჯერებელი განმარტება ბრძანებასთან დაკავშირებით.

განმეორებით, ან განზრახ უარის თქმა ბრძანების შესრულებაზე, ან სხვა ანტისაზოგადოებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

წინამდებარე წესდების დაცვა განაპირობებს ზღვაოსნობის გადაქცევას საჭირო, სასიამოვნო და უსაფრთხო საქმედ ყველა იმათთვის, ვინც მეზღვაურობა თავის პროფესიად აირჩია. საჭიროა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დარღვევა შეიძლება გახდეს მიზეზი გემზე სახიფათო მდგომარეობის შექმნისა.

 

თავი I. ჩვეულებრივ (ნორმალურ) პირობებში მოქცევის ზოგადი წესები

    მუხლი 1. წესდების მოქმედება

წინამდებარე წესდება ვრცელდება საქართველოს დროშით მცურავ სამოქალაქო გემების მეზღვაურებზე, იმის მიუხედავად, თუ ვისი კუთვნილებაა და რა დანიშნულებისაა გემი.

    მუხლი 2. მოვალეობების შესრულება

1. პუნქტუალურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ეკიპაჟის სწრაფი და ეფექტური მუშაობისათვის, ასევე კოოლეგებისათვის ზედმეტი საქმის თავიდან ასაცილებლად. აქ იგულისხმება გემზე დროული გამოცხადება, გემიდან გათავისუფლების შემდეგ დროულად დაბრუნება, ვახტაზე გამოცხადება და ა. შ. ნავსადგურიდან გასვლის მომენტში გემის ბორტზე არყოფნა ითვლება ერთ-ერთ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევად, რადგანაც იგი გემის შეჩერების მიზეზი ხდება.

2. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება:

ა) ეკიპაჟის ყოველი წევრი ვალდებულია მაქსიმალური მონდომებით შეასრულოს მასზე კომპანიის მიერ დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები ნაოსნობის უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსის შესაბამისად;

ბ) ეკიპაჟის წევრს უფლება აქვს მიიღოს სწორი და კონკრეტული ინფორმაცია იმაზე, თუ ვის ემორჩილება იგი თანამდებობრივად და რა მოვალეობების შესრულება ეკისრება. თუ ეკიპაჟის წევრს დაებადა ეჭვი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაარკვიოს თანამდებობრივი დაქვემდებარების შესაბამისად;

გ) ეკიპაჟის წევრი ვალდებულია უსიტყვოდ შეასრულოს ყველა ბრძანება და განკარგულება მისი მოვალეობის ფარგლებში.

3. ნაოსნობის პერიოდში გემი მეზღვაურისათვის წარმოადგენს როგორც სამუშაო, ასევე საცხოვრებელ ადგილსაც. ამიტომ იმის მიუხედავად, ერთ პირს ეკუთვნის საცხოვრებელი კაიუტა და გემზე არსებული კეთილმოწყობილობა, თუ რამდენიმეს, იქ უნდა სუფევდეს წესრიგი და სისუფთავე.

    მუხლი 3. აკრძალული საქციელი

1. თამბაქოს წევა სახიფათოა ყველა გემზე, განსაკუთრებით კი ტანკერებზე. გემზე თამბაქოს მოწევის წესი, აგრეთვე ღია ცეცხლის, არასტანდარტული ელექტროხელსაწყოების გამოყენება დგინდება გემებზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების შესაბამისად.

2. ალკოჰოლური სასმელების მიღება გემზე კატეგორიულად აკრძალულია.

3. გარეშე პირთა გემზე მიპატიჟება უნდა ხდებოდეს კაპიტნის ნებართვით, გემის წესებისა და ნავსადგურების ადმინისტრაციის მიერ დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში.

4. გემზე ნარკოტიკული ნივთიერებების არასანქციონირებულ შენახვაში, მოხმარებასა და გავრცელებაში შემჩნეული ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სამსახურიდან, აეკრძალება საზღვაო ტრანსპორტზე შემდგომი მუშაობა.

5. გემზე კატეგორიულად იკრძალება ცეცხლსასროლი (საბრძოლო) იარაღის შენახვა. აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება გემიდან ჩამოწერა.

 6. მეზღვაური ეკიპაჟის სხვა წევრებს უნდა ეპყრობოდეს ზრდილობიანად და კეთილგანწყობით. მეზღვაურის ანტისაზოგადოებრივ საქციელს შეიძლება მოჰყვეს ეკიპაჟის წევრთა გაღიზიანება, ხოლო თუ ასეთ საქციელს ადგილი აქვს ექსტრემალურ სიტუაციაში, იგი შეიძლება გახდეს საფრთხის მიზეზი როგორც ხალხის, ასევე გემისათვისაც. ანტისაზოგადოებრივ საქციელად შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ სპირტიანი სასმელების მიღება, არამედ უზომო ხმაური, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, სხვების შეურაცხმყოფელი პირადი ჩვევები და სხვა.

 

თავი II. ქცევის ნორმები საგანგებო მდგომარეობაში

    მუხლი 4. ქცევის ნორმები საგანგებო მდგომარეობაში

ნებისმიერ საგანგებო მდგომარეობაში, როცა ეკიპაჟის წევრებს, მგზავრებს, გემსა და ტვირთს საფრთხე ემუქრება, კაპიტანი ან სხვა მეთაური უფლებამოსილია მოითხოვოს ბრძანების დაუყოვნებლივ, უსიტყვოდ შესრულება. ამ წესიდან არ არსებობს გამონაკლისი. ბრძანების შეუსრულებლობა მიიჩნევა წინამდებარე წესდების დებულებათა მეტად სერიოზულ დარღვევად, რის შედეგადაც დამნაშავე გათავისუფლდება სამუშაოდან და აეკრძალება საზღვაო ტრანსპორტზე მუშაობა.

 

თავი III. დისციპლინარული სასჯელი

    მუხლი 5. დისციპლინური სასჯელის სახეობები

1. ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობიდან გამომდინარე, მეზღვაური შეიძლება დაისაჯოს შემდეგნაირად, მას გამოეცხადება:

ა) არაოფიციალური (სიტყვიერი) გაფრთხილება უმნიშვნელო დარღვევებისათვის;

ბ) ოფიციალური გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) მკაცრი საყვედური;

ე) დროებით ჩამოერთვას პროფესიული ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთები და ჩამოეწეროს გემიდან;

ვ) დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, საზღვაო ტრანსპორტზე მუშაობის უფლების ჩამორთმევით.

    მუხლი 6. სერიოზული დარღვევები

ქვემოთ ჩამოთვლილ დარღვევებს, თუ კაპიტანი უეჭველად მიიჩნევს, შედეგად მოჰყვება გემიდან დამრღვევის ჩამოწერა დაუყოვნებლივ ან ნაოსნობის დამთავრების შემდეგ (სიტუაციიდან გამომდინარე). ამასთან, შესაძლებელია საქმე განსახილველად გადაეცეს სასამართლოს:

ა) ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებზე თავდასხმა;

ბ) გემსა და გემის კუთვნილ ქონებაზე შეგნებულად ზარალის მიყენება;

გ) ქურდობა ან ნაქურდალის შენახვა;

დ) ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა;

ე) შეგნებულად ან არაერთგზის უარის თქმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

ვ) ნარკოტიკების მიღება, შენახვა და გავრცელება;

ზ) საქციელი, რომლის შედეგადაც საფრთხე ექმნება გემს;

თ) ისეთი ქცევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზღვაო ინციდენტი;

ი) ნორმალური ნაოსნობისათვის ხელის შეშლის მიზნით გემზე შეთქმულების მოწყობა;

კ) ბრძანების შეუსრულებლობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ბრძანება დაკავშირებულია ხალხისა და გემის უსაფრთხოებასთან;

ლ) ძილი ვახტზე. ვახტზე მდგომი პირის წასვლა სამუშაო ადგილიდან, თუ აღნიშნულმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა გემის და გემზე მყოფი ხალხის უსაფრთხოებას;

მ) სიმთვრალისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებით გამოწვეული უუნარობის შედეგად სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;

ნ) თამბაქოს მოწევა, ღია ცეცხლისა და აკრძალული ელექტროხელსაწყოების გამოყენება გემის ნებისმიერ ნაწილში, როცა გემს ხანძარსაშიში ტვირთი გადააქვს;

ო) ეკიპაჟის სხვა წევრების დაშინება, იძულება, მათთვის დაბრკოლების შექმნა;

პ) საქციელი, რომლის შედეგადაც ხდება უსაფრთხო, ეფექტურ მუშაობაზე ეკიპაჟის წევრთა ყურადღების სერიოზული შესუსტება;

ჟ) ეკიპაჟის წევრის ისეთი ქმედება ეკიპაჟის სხვა წევრთა მიმართებაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმა ან სხვა დაზიანება გემის ტექნიკურ მოწყობილობებთან;

რ) საქციელი, რომელიც სერიოზულად აფერხებს გემზე დასვენებასა და კულტურულ გართობას;

ს) ნაოსნობის პერიოდში გემზე გარეშე პირთა მიწვევასა და გემზე ყოფნაზე ხელშეწყობა.

    მუხლი 7. უმნიშვნელო დარღვევები

უმნიშვნელო დარღვევად ითვლება:

ა) მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ის სამართალდარღვევები, რომლებიც არ იწვევს მძიმე შედეგებს და არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად პიროვნების სამსახურიდან დათხოვნისათვის;

ბ) უმნიშვნელო გადაცდომა, რაც სამსახურებრივი მოვალეობებისადმი წინადუხედავ, დაუდევარ დამოკიდებულებასა და გაუგონრობაში გამოიხატება;

გ) არადამაკმაყოფილებელი მუშაობა;

დ) სამუშაო ადგილზე დაგვიანება;

ე) სამუშაოს მოწყვეტა დათქმულ დროზე ადრე;

ვ) სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე;

ზ) სამუშაო ადგილიდან ან გემიდან უნებართვოდ წასვლა;

თ) აგრესიული ან შფოთიანი საქციელი, თუ ის არ გამოიწვევს მძიმე შედეგებს.

    მუხლი 8. დისციპლინური სასჯელი უმნიშვნელო დარღვევებზე

1. უმნიშვნელო დარღვევებზე განსაზღვრულია:

ა) კაპიტანზე რანგით დაბლა მდგომი პირის მიერ არაოფიციალური გაფრთხილების გამოცხადება;

ბ) უშუალო უფროსის მიერ ოფიციალური გაფრთხილების გამოცხადება, რომელიც დაფიქსირდება წერილობით;

გ) გაფრთხილება, რომელსაც უცხადებს კაპიტანი, ფორმდება ოფიციალურად და შეიტანება ბრძანებების წიგნში;

დ) საყვედური, რომელსაც უცხადებს კაპიტანი და შეიტანება ბრძანებების წიგნში.

2. ოფიციალური გაფრთხილების შემთხვევაში მეზღვაურს უნდა ეცნობოს იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს განმეორებით დარღვევას.

    მუხლი 9. დისციპლინური წესდების დარღვევასთან დაკავშირებული საქმის განხილვა

1. მეზღვაური, რომელმაც პირველად დაარღვია წესდება, გასაუბრებისათვის უნდა მიიწვიოს მეთაურთა უფროსმა ან უმცროსი შემადგენლობის წარმომადგენელმა (კაპიტნის გადაწყვეტილებით), თუ მეთაურისათვის ნათელი გახდება, რომ დამატებითი დისციპლინური ღონისძიების გატარება საჭირო არ არის და ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად საკმარისია არაოფიციალური გაფრთხილება, მაშინ მეთაურთა შემადგენლობის წარმომადგენელი შემოიფარგლება ამგვარი გაფრთხილებით.

2. თუკი დარღვევა შედარებით სერიოზულია ან უმნიშვნელო, მაგრამ განმეორებითი, მაშინ მიეცემა ოფიციალური გაფრთხილება, რომელიც გაფორმდება ბრძანებით ან განსახილველად გადაეცემა კაპიტანს. მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ყველა დარღვევა უნდა იქნეს განხილული კაპიტნის მიერ.

3. კაპიტანმა მასთან შესული ყველა საქმე უნდა განიხილოს დაუყოვნებლივ. კაპიტანი ვალდებულია აცნობოს მეზღვაურს მის მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ, მოუსმინოს მეზღვაურს, მის და სხვა მოწმეებს და საქმის გულდასმით განხილვის შემდეგ გააკეთოს დასკვნა იმის შესახებ, დამნაშავეა თუ არა აღნიშნული პირი.

4. იმ შემთხვევაში, როცა კაპიტანს გამოაქვს დასკვნა დარღვევის ფაქტის არსებობის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხასიათდებოდა მეზღვაური მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა გათვალისწინებით, კაპიტანი იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის სახეობების, შესახებ მე-5 მუხლის შესაბამისად.

5. თუ კაპიტანს მიაჩნია, რომ დისციპლინის დამრღვევის გემზე შემდგომი ყოფნა არაკეთილსასურველია გემის ეკიპაჟის უსაფრთხო, ეფექტური მუშაობისათვის და უარყოფითად მოქმედებს ეკიპაჟის წევრთა ურთიერთდამოკიდებულებაზე, მას შეუძლია უახლოეს ნავსადგურში ჩამოწეროს მეზღვაური.

6. დარღვევასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანისა და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ კაპიტანი ჩანაწერს აკეთებს ბრძანებების წიგნში და ყველა საბუთის ასლებს აგზავნის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში.

7. დარღვევათა გამო მეზღვაურის გემიდან ჩამოწერისას მას ხელზე მიეცემა ბრძანების წიგნში ჩანაწერებისა და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში წარდგენილი მოხსენებითი ბარათის ასლები, რომელთა მიღებასაც იგი ხელის მოწერით ადასტურებს.

8. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში მეზღვაურის გემიდან ჩამოწერის შესახებ მოხსენებითი ბარათის მიღების შემდეგ ადმინისტრაცია განიხილავს აღნიშნულ ფაქტს და გამოაქვს დასკვნა მეზღვაურის საზღვაო ტრანსპორტზე მუშაობის შემდგომი მიზანშეწონილობის შესახებ.

 

 

 

 

 

თავი IV. მეზღვაურის უფლებები

    მუხლი 10. მეზღვაურის უფლებები დისციპლინური წესდების დარღვევასთან დაკავშირებული საქმის განხილვისას

დისციპლინის დარღვევის ფაქტის განხილვის ყველა შემთხვევაში მეზღვაურს უფლება აქვს თან ახლდეს ერთი პიროვნება (ამხანაგი), რომელსაც შეუძლია მისცეს მეზღვაურს რჩევა-დარიგება ან გამოვიდეს მისი სახელით.

    მუხლი 11. მეზღვაურის უფლებების დაცვა

სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მეზღვაურს შეუძლია მიმართოს პირადი ინტერესების დამცველ ნებისმიერი ოფიციალური ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც აღნიშნულ საკითხს დააყენებს სანაოსნო კომპანიის ხელმძღვანელობის წინაშე. აღნიშნულ შემთხვევაში ორივე მხარის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა შეხვდეს არა უგვიანეს ხუთი დღის ვადისა.

თავი V. წახალისება

    მუხლი 12. მეზღვაურის წახალისება

1. კაპიტანს თავისი კომპეტენციისა და გემთმფლობელის მიერ დაშვებული ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უფლება აქვს წაახალისოს მეზღვაური, რომელმაც თავი გამოიჩინა, ან კომპანიის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობა აღძრას წახალისების შესახებ.

2. კომპანიის ხელმძღვანელობას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გამოიყენოს წახალისების ყველა ცნობილი ფორმა.

 

ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1995 წლის 23 ნოემბრის A787(19) რეზოლუციით მიღებული „სახელმწიფო სანავსადგურო კონტროლის სახელმძღვანელოს”, საქართველოს საზღვაო კოდექსის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვარვს ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის ფუნქციებს;

2. წინამდებარე დებულება ცვლის „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის და გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების წესების”, „საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესის”, „საზღვაო დისციპლინარული წესდების”, “ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულების”, „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების” და „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 28 იანვრის 10 ბრძანებას.

3. ნავსადგურის კაპიტნის სამსახური წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შექმნილია საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ.

4. ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის ბიუჯეტის წყარო არის სალოცმანო მოსაკრებელი და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი სხვა წყაროები. ბიუჯეტს ამტკიცებს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.

5. ნავსადგურის კაპიტანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე, საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად.

6. ნავსადგურის კაპიტანს გააჩნია გერბიანი ბეჭედი, ვიმპელი, თავისი ბალანსი და კატარღა.

7. თანამშრომლებს, რომლებიც აწარმოებენ უშუალო კონტროლსა და მეთვალყურეობას ზღვაოსნობის უსაფრთხოებაზე, გააჩნიათ შტამპი, რომელზეც ინგლისურადაა აღნიშნული მოცემული პირის გვარი, წოდება და თანამდებობა.

    მუხლი 2. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. საქართველოს ნავსადგურების კაპიტნის სამსახურები ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ზღვის გარემოს დაცვის მიზნით, საერთაშორისო კონვენციების, მოქმედი კანონების, დადგენილებების, წესების, განკარგულებების და საქართველოს მიერ ხელმოწერილ ზღვაოსნობის უსაფრთხოებასა და ზღვის გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ შეთანხმებათა შესაბამისად.

2. ნავსადგურის კაპიტნის სამსახური აწარმოებს:

ა) 100-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემების რეგისტრაციას გემების სახელმწიფო წიგნში;

გემების დოკუმენტების, დიპლომებისა და მოწმობების შემოწმებას;

გ) გემების ნავსადგურში შესვლისა და გასვლის რეგისტრაციას;

დ) ზღვაში ჩაძირული ქონების ამოტანაზე, ასევე ნავსადგურის აკვატორიაში და მის ტერიტორიაზე სამშენებლო, ჰიდროტექნიკური და სხვა სახის სამუშაოების წარმოებაზე ნებართვის გაცემას;

ე) საბუნკერო ოპერაციების წარმოებაზე კონტროლს;

ვ) გემის შეკეთებაზე ნებართვის გაცემას;

ზ) ხიფათში მყოფი გემისა და ხალხის გადარჩენისას სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრთან ურთიერთკავშირს;

თ) სამაშველო ოპერაციების ორგანიზაციას უბედურებაში მყოფი ხალხისა და გემის გადარჩენის მიზნით, რეიდზე და ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში;

ი) დოკუმენტებისა და უსაფრთხო გადაზიდვის, გადატვირთვის, საწყობში დალაგებისა და სახიფათო ტვირთის ნავსადგურის ზონაში შენახვის სერთიფიკატების შემოწმებას და სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებაზე ნებართვის გაცემას საერთაშორისო კონვენციებისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდების შესაბამისად;

კ) პაკეტებისა და სახიფათო ტვირთის შემცველი კონტეინერული სისტემების შემოწმებას ნავსადგურის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს არასახიფათოა და პრაქტიკულად შესაძლებელია;

ლ) ნებისმიერი სახის შემოწმებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წინასწარი ზომების გატარების მიზნით, უზრუნველყოფს ნაოსნობის უსაფრთხოებას ნავსადგურის ზონაში;

მ) ნაოსნობის უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, აუცილებელ შემთხვევებში, გაუთვალისწინებელ გარემოებათა არსებობისას დროებით, წერილობით ცვლის მოქმედ წესს და მიღებული ცვლილებების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას და ყველა დაინტერესებულ მხარეს;

ნ) საზღვაო ინციდენტების შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი ოპერატიული გეგმის შესაბამისად;

ო) უზრუნველყოფს ნავსადგურში ავარიული ჯგუფის ფორმირებას, ხიფათის რამდენიმე კერის არსებობის შემთხვევაში კოორდინაციას უწევს მათ მოქმედებას.

    მუხლი 3. ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მოვალეობები და პასუხისმგებლობა

ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს ევალება:

ა) ზედამხედველობა ზღვაოსნობის უსაფრთხოებასა და ზღვის გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოქმედი კანონების, საერთაშორისო კონვენციების, დადგენილებების, განკარგულებების, წესებისა და შეთანხმებების შესრულებაზე;

ბ) სადღეღამისო ზედამხედველობა ნავსადგურში დადგენილი წესების შესრულებაზე ფლოტის უავარიო მუშაობის მიზნით;

გ) ნავსადგურის აკვატორიაში, ფარვატერზე ფლოტის მოძრაობის რეგულირება ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

დ) გემების ნავსადგურში შევლისა და ნავსადგურიდან გასვლის რეგისტრაცია;

ე) გემების შემოწმება, თუ რამდენად იცავენ საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებსა და საქართველოს საზღვაო კოდექსს;

ვ) ეკიპაჟების მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის დიპლომებისა და საკვალიფიკაციო მოწმობების შემოწმება იმ გემებზე, რომლებიც საქართველოს ნავსადგურებში შედიან;

ზ) ზღვაში გასასვლელად გემის მზადყოფნისა და საზღვაოსნო მდგომარეობის შემოწმება;

თ) გემების სახელმწიფო წიგნში შეტანილი გემებისათვის გემის ბილეთის გაცემა;

ი) საქართველოს ნავსადგურებში „სახელმწიფო სალოცმანო სამსახურის დებულების” თანახმად სახელმწიფო სალოცმანო სამსახურის ხელმძღვანელობა და ორგანიზაცია;

კ) სამაშველო ოპერაციების ორგანიზაცია ხიფათში ჩავარდნილი ხალხისა და გემის გადარჩენის მიზნით – ნავსადგურში, რეიდზე ან ნავსადგურის შიდა აკვატორიასა და ნავმისადგომებთან;

ლ) განაცხადით განსაზღვრული სიღრმის დონის შენარჩუნებაზე კონტროლი, ფარვატერზე, ნავსადგურის შიდა აკვატორიასა და ნავმისადგომებთან;

მ) კონტროლი ნავსადგურსა და მასთან მისასვლელებზე სანავიგაციო ზღუდეების გამართულობაზე;

ნ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ყველა კონვენციის, მათი დამატებებისა და ოქმების შესრულებაზე კონტროლი;

ო) კონტროლი ნავსადგურის აკვატორიასა და ფარვატერის ნავთობპროდუქტებითა და ზღვაში ჩაძირული მცურავი ობიექტებით დაბინძურების თავიდან აცილებაზე;

პ) კონტროლი ნავმისადგომების, მისაბმელებისა და დამცავი მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობაზე;

ჟ) ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში სასიგნალე სამსახურის ორგანიზება;

რ) გემის კაპიტნების უზრუნველყოფა სანავიგაციო და ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციით ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში;

ს) პროექტების განხილვასა და ნავსადგურის ჰიდროტექნიკური დანადგარების საექსპლოატაციოდ გადაცემაში მონაწილეობის მიღება;

ტ) გემის ჟურნალებისა და სხვა დოკუმენტების დამოწმება;

უ) დოკუმენტებისა და სერტიფიკატების შემოწმება, რომელიც შეეხება ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში სახიფათო ტვირთის გადაზიდვას, გადატვირთვას, საწყობში დალაგებასა და შენახვას;

ფ) სახიფათო ტვირთის შემცველი პაკეტებისა და კონტეინერული სისტემების შემოწმება, როცა ეს არასახიფათო და პრაქტიკულად შესაძლებელია;

ქ) ორგანიზაცია გაუკეთოს და აწარმოოს ნებისმიერი სახის შემოწმება, რომელსაც აუცილებლად ჩათვლის ნავსადგურის ზონაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ღ) ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის ყველა განკარგულება ზედამხედველობისა და ზღვაოსნობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს უცილობლად ყველა გემის, კომპანიის, წარმოების, ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის მიერ, იმის მიუხედავად, თუ რომელი დროშით ცურავს გემი, ვის ეკუთვნის და ვის დაქვემდებარებაშია, თუკი იმყოფება ნავსადგურის აკვატორიაში ან ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში.

    მუხლი 4. ნავსდგურის კაპიტნის უფლებები

ნავსადგურის კაპიტანი უფლებამოსილია:

1. აკრძალოს გემების ზღვაში გასვლა, როცა დარღვეულია მოთხოვნები გემის დატვირთვის, მომარაგების, ეკიპაჟის დაკომპლექტების მხრივ და სხვა შემთხვევებში, როცა ექმნება საფრთხე ზღვაოსნობის უსაფრთხოებას ან გემზე მყოფ ადამიანებს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ გემის დოკუმენტები არ შეესაბამება არსებულ წესებს, ასევე დადგენილი გადასახადისა და ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში.

2. წინამდებარე დებულების აღნიშნული მუხლის (დათვალიერება, შემოწმება და ა.შ.) შესრულებასთან დაკავშირებულ თანხებს იხდის გემთმფლობელი;

3. მოსთხოვოს ნავსადგურში მდგომი გემების კაპიტნებს, ნავსადგურის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა ორგანიზაციას, კომპანიას, დაწესებულებას, ნავსადგურში მყოფ ცალკეულ პირებს – მათ განკარგულებაში მყოფი ნებისმიერი მცურავი და ტექნიკური საშუალებებით გამოყენებულ იქნეს უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად. ნავსადგურის კაპიტნის ეს მოთხოვნა სრულდება უსიტყვოდ და დაუყოვნებლივ.

4. მოახდინოს ნებისმიერი დროშით მცურავი გემის ინსპექტირება, მისი სანაოსნო მდგომარეობისა და საკლასიფიკაციო საზოგადოებებისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

5. აღძრას შუამდგომლობა იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა დადგენილებები და წესები ზღვაოსნობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

6. დააჯარიმოს დადგენილი ადმინისტრაციული წესით.

7. დაამტკიცოს ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები.

8. აღძრას შუამდგომლობა საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის წინაშე ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანამშრომელთა დასჯის ან წახალისების შესახებ.

9. ნავსადგურის კაპიტანი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას;

ბ) გამოსცემს შიდა განკარგულებებს;

გ) ანგარიშვალდებულია საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის წინაშე.

    მუხლი 5. ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის სტრუქტურა და მართვა

1. ნავსადგურის კაპიტანი და მისი მოადგილე თანამდებობაზე ინიშნება და დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიერ ამავე ადმინისტრაციის სახელმწიფო საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს წარდგინების საფუძველზე.

2. ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის საშტატო განრიგს ნავსადგურის კაპიტნის წარდგინებით ამტკიცებს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე.

3. ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის სტრუქტურაში მოქმედებენ:

ა) სანავსადგურო კონტროლის სახელმწიფო ინსპექცია;

ბ) სახელმწიფო სალოცმანო სამსახური;

გ) მორიგე ნავსადგურის კაპიტნები.

4. ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა ეცვათ საზღვაო ფორმა შესაბამისი წოდების განმასხვავებელი ნიშნებით.

5. გემის გაცილებისათვის დადგენილი სალოცმანო ტარიფი 10%-ის ოდენობით ირიცხება ავარიული ფონდის შესაქმნელად.

6. სახელმწიფო სალოცმანო გაცილებისათვის ნავსადგურის კაპიტნის სამსახური წარადგენს ანგარიშს და გემთმფლობელის აგენტები ვალდებულნი არიან აწარმოონ ანგარიში ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან.

 

დებულება სახელმწიფო სალოცმანო სამსახურის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად. იგი ცვლის „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის და გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების წესების”, „საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესის”, „საზღვაო დისციპლინარული წესდების”, „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულების”, „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების” და „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 28 იანვრის 10 ბრძანებას.

2. სალოცმანო სამსახური ახორციელებს გემების სალოცმანო გაცილებას, რომლის მიზანია დაეხმაროს გემთწამყვანს გემის ყველაზე მეტად უსაფრთხო გზით გაცილებაში და აქედან გამომდინარე უზრუნველყოს ნაოსნობის უსაფრთხოება საზღვაოსნო გზებზე, ნავსადგურების აკვატორიაში და მის მისადგომებთან.

3. სალოცმანო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ღებულობს ზომებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საზღვაო გზების, სანავიგაციო დამცავი საშუალებების დაზიანების და გემებთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით.

4. სახელმწიფო სალოცმანო სამსახური ,საქართველოს საზღვაო კოდექსის თანახმად, არის ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შემადგენლობაში და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით და წინამდებარე დებულებით.

5. კონტროლს სახელმწიფო სალოცმანო სამსახურის საქმიანობაზე გემების გაცილების უსაფრთხოების დარგში ახორციელებს ნავსადგურის კაპიტნის მიერ.

6. ლოცმანად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომლის მომზადება აკმაყოფილებს საქართველოს საზღვაო კოდექსის 88-ე მუხლის მოთხოვნებს.

7. ლოცმანს უნდა გააჩნდეს ნაოსნობის გარკვეულ რაიონში გემების გაცილების უფლების დამადასტურებელი, დადგენილი ფორმის ლოცმანის მოწმობა.

8. ლოცმანის მოწმობა ეძლევა და წოდება „ლოცმანი” მიენიჭება პირს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის საატესტაციო კომისიის მიერ ცოდნის დონის შემოწმების შემდეგ. ლოცმანის ცოდნის დონე პერიოდულად, ორ წელიწადში ერთხელ, უნდა იქნეს ხელახლა შემოწმებული.

9. გემის გაცილების პერიოდში ლოცმანმა უნდა აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს:

ა) ცვლილებების შესახებ ფარვატერებზე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გემების ნაოსნობას;

ბ) გასაცილებელ და სხვა გემთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ; სანავიგაციო დამცავი საშუალებების მოქმედებაში დარღვევების ან უწესრიგობის შემჩნევის შესახებ.

10. თუ გასაცილებელი გემის კაპიტანი არ ასრულებს ნაოსნობის, ასევე გემებიდან ნავთობით, მავნე ნივთიერებებით, ჩამდინარე წყლებით, ნაგვით ზღვის დაჭუჭყიანების ამკრძალავ წესებს, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის მოთხოვნებს.

    მუხლი 2. სალოცმანო გაცილება სალოცმანო გაცილების აუცილებელ რაიონებში

გემებს, რომლებიც აუცილებლად ექვემდებარებიან ასეთ გაცილებას, არა აქვთ უფლება აწარმოონ ნაოსნობა ლოცმანის გარეშე.

    მუხლი 3. ურთიერთდამოკიდებულება ლოცმანსა და გემის კაპიტანს შორის

1. გემის კაპიტანმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი ლოცმანის მოწვევის შესახებ ნავსადგურის წესებით დადგენილ ვადებში. გემის კაპიტნის მიერ ლოცმანის მიწვევის შემთხვევაში ნავსადგურის კაპიტნის სამსახური ვალდებულია გაგზავნოს გემზე ლოცმანი და შეატყობინოს გემის კაპიტანს მისი მისვლის დრო. იმ შემთხვევაში, თუ ლოცმანის გემზე გაშვება შეუძლებელია, გემის კაპიტანს უნდა ეცნობოს თუ როდის გახდება შესაძლებელი ლოცმანის გემზე გაგზავნა.

2. შეთანხმებულ ვადებში გემზე ლოცმანის გამოუცხადებლობით გამოწვეულ მოცდენაზე პასუხს აგებს ნავსადგურის კაპიტანი.

3. გემზე მისვლისას ლოცმანი ვალდებულია წარუდგინოს გემის კაპიტანს ლოცმანის პირადობის მოწმობა და ქვითარი.

4. გემის ბორტზე ლოცმანის მიღების ან მისი წასვლის შემთხვევაში გემის კაპიტანი უზრუნველყოფს გემზე ასვლისა და ჩამოსვლის უსაფრთხოებას. უსასყიდლოდ სთავაზობს ლოცმანს კვებას ეკიპაჟის წევრთა თანაბრად და საცხოვრებელს გემის გაცილების მთელი დროის განმავლობაში.

5. თუ ლოცმანის ტრაპი არ აკმაყოფილებს „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ” კონვენციის (SOLAS) მოთხოვნებს, ლოცმანს უფლება აქვს უარი განაცხადოს გემის გაცილებაზე.

6. თუ გემის გაცილების მომენტში ლოცმანს ან ლოცმანის სტაჟორს უბედურება შეემთხვა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით.

7. ეს წესები ვრცელდება ლოცმანის სტაჟორზეც, რომელიც გემზე გამოცხადდება ლოცმანთან ერთად პრაქტიკის გავლის მიზნით.

8. გემის კაპიტანი აწვდის ლოცმანს მონაცემებს გემის წყალშიგის, სიგრძის, სიგანის, გემის წყალზედა ბორტის სიმაღლის, ტვირთის სახეობის, გემის ტვირთამწეობის ან ტევადობის შესახებ, რომელიც შეიტანება კაპიტნის მიერ ხელმოწერილ ლოცმანის ქვითარში.

9. გემის კაპიტანს უფლება აქვს შეიტანოს ლოცმანის ქვითარში მონაცემები გემის გაცილების პერიოდში შექმნილი ვითარების შესახებ.

10. ლოცმანი აცნობებს კაპიტანს გემის გაცილების უბანზე გასვლასთან დაკავშირებულ თავისებურებებს, გემის ნავმისადგომთან დაყენების წესს, ამასთან თვითონაც ღებულობს ინფორმაციას კაპიტნისაგან გემის შესაძლებლობებისა და სამანევრო მახასიათებლების შესახებ სალოცმანო გაცილების პირობებში ნაოსნობისას.

11. გემის სალოცმანო გაცილების დროს კაპიტანი უზრუნველყოფს ნაოსნობის უსაფრთხოებას ლოცმანის რეკომენდაციის თანახმად.

12. კაპიტანს შეუძლია დაავალოს ლოცმანს, ნაოსნობასთან ან გემის მანევრირებასთან დაკავშირეული განკარგულებები გასცეს უშუალოდ მესაჭის მისამართით, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს გემის კაპიტანს პასუხისმგებლობისაგან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს გემის მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილების სხვაზე გადაბარებას.

13. იმ შემთხვევაში, როცა გემის გაცილებისას ლოცმანი იძულებულია დროებით მიატოვოს კაპიტნის ხიდური ეს უნდა მოხდეს კაპიტნის ნებართვით, რომელმაც უნდა შეცვალის ლოცმანი ან შეაჩეროს გემის მოძრაობა.

14. თუ გასაცილებელი გემის, ან სხვა გემების უსაფრთხოების მიზნით შეიქმნა გემის გაცილების შეჩერების აუცილებლობა, ლოცმანს უფლება აქვს შეაჩეროს ეს გაცილება უსაფრთხო ნაოსნობისათვის სასურველი პირობების დადგომამდე.

15. თუ გემის კაპიტანი, ლოცმანის გემზე მიღების შემდეგ, ანგარიშს არ უწევს და მოქმედებს ლოცმანის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, ლოცმანს უფლება აქვს მესამე პირის თანდასწრებით უარი განაცხადოს გემის შემდგომ გაცილებაზე. ამასთან, მან უნდა მოითხოვოს, რომ აღნიშნულის შესახებ ჩანაწერი შეტანილ იქნეს ლოცმანის ქვითარში და გემის სავახტო ჟურნალში.

16. გემის გაცილებაზე უარის თქმის შემდეგ ლოცმანი ვალდებულია იმყოფებოდეს გემზე და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხო ნაოსნობისათვის საჭირო მონაცემები მიაწოდოს კაპიტანს. თუ კაპიტანი მოითხოვს, რომ ლოცმანმა გააგრძელოს გემის გაცილება, ეს უკანასკნელი ვალდებულია განაახლოს გაცილება.

17. თუ კაპიტანს ეჭვი ეპარება ლოცმანის რეკომენდაციების მართებულობაში, მას უფლება აქვს მესამე პირის თანდასწრებით უარი განაცხადოს ლოცმანის მომსახურებაზე, ამის შესახებ ჩანაწერი გააკეთოს გემის ჟურნალსა და ლოცმანის ქვითარში და მოითხოვოს ლოცმანის შეცვლა.

 რაიონებში, სადაც სალოცმანო გაცილება აუცილებელია, შეძლებისამებრ კაპიტანი ცდილობს შეაჩეროს გემის მოძრაობა სხვა ლოცმანის გემზე მოსვლამდე.

18. ლოცმანს უფლება არა აქვს კაპიტნის თანხმობის გარეშე მიატოვოს გემი მანამ, ვიდრე გემი დადგება ღუზაზე, იქნება უსაფრთხო ადგილზე, ან ნაოსნობის ისეთ რაიონში, სადაც სალოცმანო გაცილება აუცილებელი არ არის, ან ვიდრე მას შეცვლის სხვა ლოცმანი.

19. გემზე ლოცმანის ყოფნა არ უხსნის პასუხისმგებლობას გემის მართვასა და უსაფრთხო ნაოსნობაზე გემის კაპიტანსა და მევახტე შტურმანს.

20. გემის გაცილებისას სამუშაო ენებია ინგლისური და ქართული. თუ ლოცმანი სამუშაოს შესრულებისას მეტყველებს ინგლისურად, მაშინ ყველა რეკომენდაცია, განკარგულება (გემის კაპიტნის ნებართვით) უნდა გაიცეს საერთაშირისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული „სტანდარტული საზღვაო სანავიგაციო სასაუბრო ლექსიკონის” შესაბამისად.

21. ლოცმანი ვალდებულია კონტროლი გაუწიოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ კანონებსა და წესებს, აგრეთვე ნაოსნობის, ნავსადგურის, გარემოს დაჭუჭყიანების თავიდან აცილებასთან დაკავშირებულ წესებს.

22. იმ შემთხვევაში, როცა გემი გაცილებისათვის მზად არ არის, ლოცმანს უფლება აქვს გემზე იმყოფებოდეს ასვლიდან ერთი საათის განმავლობაში.

    მუხლი 4. სალოცმანო ტარიფი

1. გემები, რომლებიც ექვემდებარება აუცილებელ სალოცმანო გაცილებას, უხდიან ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს სალოცმანო ტარიფს იმის მიუხედავად, ლოცმანმა გააცილა გემი თუ არა.

2. კაპიტანი, რომელმაც გემზე მოიწვია ლოცმანი, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადა მის სამსახურზე, ვალდებულია შეავსოს და ხელი მოაწეროს სალოცმანო ქვითარს, რათა სრულად იქნას გადახდილი სალოცმანო ტარიფი გემის გაცილებისათვის, რისთვისაც იქნა გემზე მოწვეული ლოცმანი.

    მუხლი 5. პასუხიმგებლობა

1. სალოცმანო სამსახური, რომლის თანამშრომელიცაა ლოცმანი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში პასუხისმგებელია ლოცმანის მიერ განხორციელებული გემის არასწორი გაცილების შემდეგ მიყენებულ ზარალზე.

2. გემის სათანადო გაცილებაზე ლოცმანი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დებულება საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება მომზადებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მე-20 ასამბლეის A849 (20) (27.11.1997) რეზოლუციით და A884 (21) (25.11.99) რეზოლუციაში დამატებების შეტანით მიღებული „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის კოდექსი”-ს შესაბამისად და განსაზღვრავს გემებთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევისა და აღრიცხვის წესს ყველა პირობებში.

2. წინამდებარე დებულება ცვლის „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის და გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების წესების”, „საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესის”, „საზღვაო დისციპლინარული წესდების”, „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულების”, „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების” და „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 28 იანვრის 10 ბრძანებას.

3. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევისას სახელმძღვანელოდ მიიღება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მე-20 ასამბლეის A849 (20) (27.11.1997) რეზოლუციით და A884 (21) 25.11.99 რეზოლუციაში დამატებების შეტანით მიღებული „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის კოდექსი” და წინამდებარე დებულება.

4. წინამდებარე დებულება ვრცელდება საქართველოს დროშით მცურავ გემებთან დაკავშირებულ საზღვაო ინციდენტებზე ამ გემების ადგილმდებარეობის მიუხედავად და საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში მომხდარ ყველა საზღვაო ინციდენტზე.

5. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის მიზანია მომავალში ამგვარი შემთხვევების თავიდან აცილება. გამოკვლევა შეისწავლის მომხდარი ინციდენტის გარემოებებს, მიზეზებს, აკეთებს შეგროვებული ინფორმაციის ანალიზს და გამოაქვს დასკვნები.

6. მომხდარ საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებით გემთმფლობელები ვალდებულნი არიან:

ა) მომხდარი საზღვაო ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ წერილობით საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას;

ბ) შეაგროვონ საზღვაო ინციდენტის შესახებ ყოველგვარი და სრული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები და წარუდგინონ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას;

გ) „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში მოყვანილი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე ინფორმაციის დამალვისათვის გემთმფლობელები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 2. ცნებები და განსაზღვრებები

1. „საზღვაო ინციდენტი” ნიშნავს შემთხვევას, რომლის შედეგად გამოწვეულია ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი შედეგი:

ა) გემის ექსპლუატაციით გამოწვეული ან ამ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ადამიანის დაღუპვა ან სერიოზული ტრამვა;

ბ) გემის ექსპლუატაციით გამოწვეული ან ამ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გემიდან ადამიანის დაკარგვა;

გ) გემის დაკარგვა ან სავარაუდო დაკარგვა ან მიტოვება;

დ) გემის მნიშვნელოვანი დაზიანება;

ე) გემის მეჩეჩზე დაჯდომა ან მწყობრიდან გამოსვლა ან შეჯახება;

ვ) გემის ექსპლუატაციით გამოწვეული ან ამ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გემის მნიშვნელოვანი დაზიანება, მათ შორის, ზღვაოსნობის ექსტრემალურად მძიმე ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში;

ზ) გემის ან გემების ექსპლუატაციით გამოწვეული ან ამ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გემის ან გემების დაზიანება, რომელიც ზარალს მიაყენებს გარემოს;

თ) გემბანზე ტვირთის გადაადგილება ან გადაზიდვის პროცესში მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებების ცვლილება, გემის მიერ სანაპირო ნაგებობების, სანავიგაციო აღჭურვილობის დაზიანება, სხვა გემის (გემების), საბუქსირე ობიექტის დაზიანება, გემბანის ტვირთის დაკარგვა, გვარლის ან ბადის დახვევა სანიჩბავ ხრახნზე.

2. „საზღვაოსნო თვისებები” გულისხმობს საკლასიფაკაციო საზოგადოების წესების შესაბამისად ნორმირებული გემის სიმტკიცის, მდგრადობის, ცურვადობის, ჩაუძირაობის ერთობლიობას.

3. „საექსპლუატაციო შეზღუდვები” – საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ განსაზღვრული შეზღუდვები, გემის ექსპლუატაციისას მისი ტექნიკური მდგომარეობის დაქვეითების, ან საზღვაოსნო თვისებების გაუარესების, აღჭურვილობაში ნაკლის აღმოჩენისა და მარაგის არაკომპლექტურობის გათვალისწინებით, რომელიც ვლინდება საზღვაო ინციდენტების შედეგად.

4. „სანავიგაციო უსაფრთხოება” განისაზღვრება ნაოსნობისათვის საჭირო სანავიგაციო რუკებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების საკმარისობითა და სიზუსტით, საშტატო ადგილებიდან სანავიგაციო აღჭურვილობის საშუალებათა გადაადგილების შესახებ დროული, ოპერატიული სანავიგაციო ინფორმაციით, ნაოსნობის რაიონის ჰიდროგრაფიული გამოკვლევის საიმედოობით, რადიო-ელექტრონული სანავიგაციო საშუალებების მახასიათებელთა სტაბილურობით, ამინდის პროგნოზის სისწორითა და საზღვაო გზებზე ნაოსნობისათვის უსაფრთხოების რეკომენდაციებით, ამ ინფორმაციის ეკიპაჟის მიერ კვალიფიციურად გამოყენებითა და სხვა ფაქტორებით, რომლებიც უზრუნველყოფს ზღვაოსნობის უსაფრთხოებას.

    მუხლი 3. საზღვაო ინციდენტების კლასიფიკაცია

1. „ძალიან სერიოზული საზღვაო ინციდენტი” (ძსსი) – საზღვაო ინციდენტი, რომელსაც შედეგად მოჰყვება ეკიპაჟის დაღუპვა, გემის დაღუპვა, ან გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურება ან სანაპირო ობიექტის სრული დაშლა.

2. „სერიოზული საზღვაო ინციდენტი” (სსი) სერიოზული ინციდენტი, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს „ძალიან სერიოზულ ინციდენტად” და რომელიც მოიცავს შემდეგს:

ა) ხანძარი, აფეთქება, შეჯახება, მეჩეჩზე დაჯდომა ან მასზე შეხება, დაზიანება მწვავე უამინდობის პირობებში, ყინულით დაზიანება, ბზარი კორპუსზე ან კორპუსის სავარაუდო დაზიანება;

ბ) კონსტრუქციების დაზიანება, რის გამოც გემი მიიჩნევა როგორც ნაოსნობისათვის გამოუსადეგარი, ისეთი, როგორც: ნახვრეტი გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილში, მთავარი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, სათავსებისა და მოწყობილობების მნიშვნელოვანი დაზიანება;

გ) ზღვის დაბინძურება;

დ) ისეთი დაზიანება, რომელიც მოითხოვს ბუქსირზიდვას ან დახმარებას ნაპირიდან.

3. „ნაკლებად სერიოზული საზღვაო ინციდენტი” (ნსსი) – გემებთან დაკავშირებული სახიფათო საზღვაო ინციდენტი, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს „სერიოზულ საზღვაო ინციდენტად” და რომელიც მოიცავს გემის ექსპლუატაციით გამოწვეულ ან ამ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მოვლენას, რომლის შედეგად გემი ან ხალხი ვარდება საფრთხეში ან დასაშვებია მისი დაზიანება ან გარემოს დაბინძურება.

4. საზღვაო ინციდენტების კატეგორიები მოცემულია ამ დებულების დანართში.

    მუხლი 4. საზღვაო ინციდენტების გამოკვლევა

1. საზღვაო ინციდენტების გამოკვლევა არის პროცესი, რომელიც ხორციელდება ან ღიად ან კონფიდენციალურად უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; იგი მოიცავს საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს და დასკვნების გამოტანას (მათ შორის, განსაზღვრავს გარემოებებს, ადგენს მიზეზებს და თანმხლებ ფაქტორებს), შეიმუშავებს რეკომენდაციებს ნაოსნობის უსაფრთხოების დარგში.

2. საზღვაო ინციდენტების გამოკვლევა არანაირად არ ცვლის და არ ეხება სისხლის სამართლის გამოძიებას, სამოქალაქო პროცესს ან ადმინისტრაციულ მოკვლევას.

3. ძირითად ორგანოს, რომელიც აწარმოებს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევას, წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.

4. საზღვაო ინციდენტის შესახებ პირველადი მასალების შეგროვებას აწარმოებს გემის კაპიტანი.

    მუხლი 5. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის პროცედურა

1. გემის კაპიტანი, რომელსაც შეემთხვა საზღვაო ინციდენტი, ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს გემთმფლობელს, დამზღვევს და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას;

ბ) შეუდგეს საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაციის, მამტკიცებელი საბუთების შეგროვებას;

გ) აიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება შემთხვევის მონაწილე პირებისაგან და მოწმეებისაგან;

დ) მოამზადოს დაწვრილებითი პატაკი საზღვაო ინციდენტის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მე-20 ასამბლეის A 849 (20) (27. 11. 1997) რეზოლუციით მიღებული „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის კოდექსის“ დანართის შესაბამისად;

ე) წარადგინოს თვითმწერების ლენტები, მათი გაშიფრული მასალა, რუქები, გაყვანილი გეზით, მანევრირების სქემით, რადიოსალოკაციო პლანშეტები, მანევრულ დახასიათებათა ცხრილი, რადიოლოკატორის ჩრდილოვანი სექტორების გრაფიკი, დაზიანებათა სქემები და ნახაზები, მყინთავის მიერ ჩატარებული დათვალიერების, დოკში ჩატარებული დათვალიერების ან სურვეერული ინსპექტირების ოქმები, ფოტოსურათები ან შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, საკლასიფიკაციო საზოგადოების აქტები და სხვა აუცილებელი დოკუმენტები;

ვ) იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აცნობოს საქართველოს საკონსულოს ამ ქვეყანაში.

2. ყველა დოკუმენტი მზადდება ხუთ ეგზემპლარად, მათ შორის, ორი ეგზემპლარი ეგზავნება საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას.

3. გემთმფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტების მიღებიდან ათი დღის განმავლობაში ჩაატაროს შიდა გამოკვლევა და მიიღოს ზომები, რათა შემდგომში არ განმეორდეს ანალოგიური საზღვაო ინციდენტი. ამ გამოკვლევის აქტი დამატებით მიეწოდება საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას.

4. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოიკვლიოს საზღვაო ინციდენტი გემთმფლობელისაგან დამოუკიდებლად ერთი თვის ვადაში.

5. დროის ათვლა ხდება საზღვაო ტრნსპორტის ადმინისტრაციაში პირველი შეტყობინების მიღების დღიდან.

6. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია აგზავნის თავიანთ წარმომადგენლებს ინციდენტის ადგილას, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია.

    მუხლი 6. ანგარიში საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის შესახებ

ანგარიში საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) საზღვაო ინციდენტის გარშემო შეგროვებული ინფორმაციის მოკლე რეზიუმეს ადამიანის გარდაცვალების, ტრავმების და გარემოს დაბინძურების ყველა ფაქტორის ჩვენებით;

ბ) მონაცემებს გემის შესახებ, გემთმფლობელის, მენეჯერის და საკლასიფიკაციო საზოგადოების შესახებ;

გ) უბედური შემთხვევის მონაწილე ყველა გემის განზომილებათა და მანქანის დეტალებს, ეკიპაჟის აღწერილობასთან, მუშაობის წესთან და სხვა ფაქტებთან ერთად, რომელიც ეხება ამ საქმეს;

დ) საზღვაო ინციდენტის გარემოებათა დეტალურ აღწერას;

ე) ანალიზსა და კომენტარს, რომელიც ანგარიშში ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, ან შუალედურ შედეგებს, რომლებიც ადგენს ინციდენტის გამომწვევ ფაქტორებს;

ვ) ნაწილს ან ნაწილებს, რომელშიც მოყვანილი იქნება საზღვაო ინციდენტის ანალიზი და კომენტარი როგორც მექანიკური, ასევე ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის უბედურ შემთხვევათა შესახებ მონაცემთა ბაზის შესაბამისად;

ზ) რეკომენდაციები ამგვარი საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილების შესახებ.

    მუხლი 7. საზღვაო ინციდენტების აღრიცხვა

1. საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული დოკუმენტები საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში და გემთმფლობელთან უნდა ინახებოდეს ათი წლის განმავლობაში.

2. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია აწარმოებს საქართველოს დროშით მცურავ გემებთან და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა წყლებში დაკავშირებულ ყველა ინციდენტის აღრიცხვას.

 

 

 

 

 

 

 

საზღვაო ინციდენტების შესახებ დებულების დანართი

 

საზღვაო ინციდენტების კატეგორია

 

 

1. ჩაძირული გემი

Foundered (FD)

გემის ჩაძირვა მძიმე მატეოროლიგური პირობებში, გემში წყლის დენის, გემის ორად გაპობისა და სხვა სიტუაციებში, გარდა 12-8 კატეგორიით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მეჩეთზე შედომა

Wreeked/Standart (WS)

გემით მეჩეთზე შეჯდომა გარკვეული დროის განმავლობაში, წყალქვეშა წინააღმდეგობასთან ან ფსკერთან შეხება.

3. შეხება

Contact (CT)

გემის კონტაქტი, გარდა კონტაქტისა სხვა გემთან ან ზღვის ფსკერთან. ამ კატეგორიას მიეკუთვნება საბურღ პლატფორმასთან, ასევე დამაგრებულ ან საბუქსირე ობიექტთან კონტაქტი.

4. შეჯახება

Collision (CN)

შეჯახება სხვა გემთან იმის მიუხედავად, მოძრაობს თუ დგას ის გემი, მიბმულია თუ დგას ღუზაზე.

5. ხანძარი და აფეთქება

Fire&explosiont (FX)

საზღვაო ინციდენტი _ ხანძარი ან/და აფეთქება.

იმ შემთხვევაში, როცა მისი პირველადი გამომწვევი მიზეზია გემების შეჯახება, მეჩეთზე შეჯდომა და სხვა, ეს ინციდენტი მიეკუთვნება კატეგორიას `შეჯახება~ ან მეჩეთზე შეჯდომა~.

) ტვირთი და სათავსო

(Cargo)

საზღვაო ინციდენტი გემბანზე, სატვირთო სათავსოში ან სავენტილაციო სატვირთო სისტემებში.

) სამანქანე სათავსოში

(MCHY)

ხანძარი და აფეთქება საანქანე სათავსში .

) სატუმბ ავი განყოფილება

(PMP)

ხანძარი სატუმბო განყოფილებაში

) სხვა

(Other)

ხანძარი დანაშენში, სანავიაგაციო ჯიხურში, საკუჭნაოებში და .. ასევე ინფორმაციის ნაკლებობის შემთხვევა და როცა ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის.

6. დაკარგვა დაკავშირებული საზღვაო ხიფათთან

MIssing (MS)

დროის საკმაოდ ხანგრძლივი, დასაბუთებული პერიოდის განმავლობაში გემიდან არ არსებობს არავითAრი ინფორმაცია, რის გამოც მისი ბედი გაურკვევლია და სადაზღვევო კოოპერაცია `ლოიდი~ თვლის მას `დაკარგულად~, მიაკუთვნებს დაკარგულთა კატეგორიას სხვა ანალოგიურ შემთხვევებთან ერთად საიმედო წყაროების მონაცემემბზე დაყრდნობით. გაუჩინარებული გემები ითვლებ ზღვაში დაკარგულად.

7. კორპუსისა და მექანიზმების დაზიანება

Hull (HD) Machinery damage (MD)

კორპუსის დაზიანება და მექანიზმების გაჩერების შედეგად დაკარგული ან დაზიანებული გემი.

8. არაკვალიფიცირებული

Usclassified (Other)

სერიოზული საზღვაო ინციდენტები, რომლებიც არ ეკუთვნ ის, არც ერთ კატეგორიას 1-დან 7-ის ჩათვლით და შეუძლებელია კვალიფიცირება ინფორმაციის არასაკმარისობის გამო.

 

დებულება ნავსადგურების, გემებისა და საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის შესახებ

    მუხლი 1. საერთო დებულებები

არსებული დებულების მიზანს წარმოადგენს საზღვაო ნავსადგურებისა და საზღვაო ტრანსპორტის ობიექტების, მათ შორის, საზღვაო გემების დაცვის სისტემის შექმნა, რომელსაც საფუძვლად უდევს თანამშრომლობა სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და საზღვაო ნაოსნობის წარმომადგენლებს შორის, საერთაშორისო გადაზიდვებისათვის გამოყენებული გემებისა და სანაოსნო საშუალებების დაცვასთან დაკავშირებული საფრთხის გამოსავლენად და ზომების მისაღებად ამგვარ შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 2. ნავსადგურებისა და საზღვაო გემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები

საქართველოს ნავსადგურებში 1995 წლის სარეჟიმო დებულებით დამტკიცებული დაცვის რეჟიმი იცვლება არსებული დებულებით, რომელიც გემებისა და სანავსადგურო საშუალებათა დაცვის საერთაშორისო კოდექსისა და ზღვაში ადამიანის სიცოცხლის დაცვის 1974 წლის კონვენციაში 2002 წელს შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაშია მოყვანილი.

    მუხლი 3. ნავსადგურებისა და საზღვაო გემების დაცვის ამოცანები

ამ დებულების ძირითადი ამოცანა: საზღვაო გემებზე, სანავსადგურო საშუალებებსა და საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტებზე ადამიანების არასანქცირებული შესვლების, გემებზე თუ სანავსადგურო საშუალებებზე აკრძალული იარაღის, აალებადი მოწყობილიობებისა თუ ფეთქებადი ნივთიერებების ატანის, ტვირთის დატაცების თავიდან აცილება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სათანადო დაცვისათვის ხელის შეწყობა.

    მუხლი 4. დანიშნული ორგანო

დანიშნული ორგანო ნიშნავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელისუფლების მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტზე და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ზღვაში ადამიანის სიცოცხლის დაცვის 1974 წლის კონვენციაში 2002 წელს შეტანილი ცვლილებებისა და გემების და სანავსადგურო საშუალებათა დაცვის საერთაშორისო კოდექსის დებულებათა განხორციელების უზრუნველყოფაზე.

    მუხლი 5. დაცვის დონეები

უსაფრთხოების აუცილებელ ღონისძიებათა დადგენის მიზნით წესდება:

ა) დაცვის პირველი დონე – დაცვის ყოველდღიური, ჩვეულებრივი რეჟიმი არსებულ დებულებასთან შესაბამისად, რომლის დროსაც წესდება კონტროლი ნავსადგურსა და საზღვაო გემებზე ადამიანისა და ტვირთის გაშვებაზე. ამგვარი რეჟიმის დროს საშვს ადამიანებისათვის გასცემს საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია, კონტროლს კი აწარმოებენ სახელმწიფო უშიშროებისა და სასაზღვრო დაცვის ორგანოები. გემს ენიშნება ვახტაზე მდგომი პირი ნავსასდგურების დაცვის სამსახურიდან;

ბ) დაცვის მეორე დონე – დაცვასთან დაკავშირებით მაღალი საფრთხის მქონე შემთხვევასთან დაკავშირებული დაცვის რეჟიმი. ამგვარი დონის დროს, დროის გარკვეულ პერიოდზე მიიღება სანავსადგურო საშუალებებისა და საზღვაო გემების დაცვის დამატებითი სპეციალური ზომები. მკაცრდება ნავსადგურსა და საზღვაო გემებზე დაშვების კონტროლი. ასეთ რეჟიმს ადგენს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია საზღვაო ნავსადგურების ადმინისტრაციასთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით;

გ) დაცვის მესამე დონე – დაცვის რეჟიმი ნიშნავს დონეს, რომლის დროსაც დაცვასთან დაკავშირებული შემთხვევები, აშკარაა და გარდაუვალი, აგრეთვე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისას, ამგვარი დონის დროს იზღუდება შესვლა ნავსადგურებსა თუ განსაზღვრულ ტერმინალებზე, ძლიერდება ნავსადგურებისა და გემების დაცვა, შემოიღება დამატებითი დაცვა და პატრულირება სასაზღვრო ჯარებით, გემთან დგება სასზღვრო ჯარების გუშაგი.

    მუხლი 6. ნავსადგურის დაცვის გეგმა

1. ყოველ ნავსადგურსა თუ ცალკეულ ტერმინალს უნდა ჰქონდეს დაცვის გეგმა, შემუშავებული ღონისძიებათა მიღების უზრუნველყოფის მიზნით ნავსადგურების, სანავსადგურო საშუალებებისა თუ ტერმინალის, გემების, ტვირთის, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების, გემის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული საშიშროების შემთხვევების დასაცავად ნავსადგურისა თუ ტერმინალის ფარგლებში.

2. გეგმაში უნდა შედიოდეს კონკრეტული ღონისძიებები დაცვის სამი დონიდან თითოეულისათვის.

3. ნავსადგურებისა და ტერმინალების დაცვის გეგმას შეიმუშავებენ ნავსადგურებისა და ტერმინალების სამსახურის ხელმძღვანელები. გეგმა შეთანხმებულ უნდა იქნეს სახელმწიფო უშიშროებისა და სასაზღვრო ჯარების ორგანოებთან და აღიარებული მოწონებული საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ.

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა ნავსადურების, ტერმინალებისა და საზღვაო გემების დაცვაზე

1. საზღვაო ნავსადგურების ადმინისტრაციას პასუხისმგებლობა ეკისრება ნავსადგურებისა და ტერმინალების, საზღვაო გემების დაცვის ორგანიზებაზე ნავსადგურებში, ნავსადგურებისა და ტერმინალების დაცვის სამსახურების ძალების საშუალებით.

2. ნავსადგურების, ტერმინალებისა და საზღვაო გემების დაცვის ფუნქციათა კერძო კომპანიებისათვის გადაცემა დაუშვებელია.

3. ობიექტებისა და ნავსადგურების ადმინისტრაცია აუცილებელ ნაგებობებს აღჭურავს დაცვის, სასაზღვრო ჯარებისა და საბაჟოს თანამშრომელთა განსათავსებლად.

    მუხლი 8. ნავსადგურისა და ტერმინალის დაცვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი

ყოველ ნავსადგურსა თუ ტერმინალს უნდა ჰყავდეს დაცვის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხს აგებს დაცვის ორგანიზებაზე, დაცვის გეგმის შემუშავებაზე, განხორციელებაზე, კორექტირებაზე და შესრულებაზე. იგი დაცვის შესაბამისი დონის განსახორციელებლად, ტვირთის შენახვის უზრუნველსაყოფად მჭიდრო ურთიერთკავშირს ამყარებს სასაზღვრო ჯარებთან, სახელწიფო უშიშროების ორგანოებთან, საბაჟოებთან და საქართველოს თაცდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალების უფროს სამხედრო-საზღვაო მეთაურებთან.

    მუხლი 9. გამშვები სისტემა

გამშვებ სისტემაში შედის:

ა) დაცვის ობიექტზე პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების გაშვების წესი;

ბ) ტვირთის, მატერიალური ფასეულობებისა, გემების ეკიპაჟის წევრთა პირადი ნივთების შემოტანა-გატანის და აგრეთვე მათი კონტროლის წესი;

გ) გამშვები რეჟიმის გასაძლიერებელი ღონისძიებები;

დ) კონტროლი საშვების მოქმედების ვადაზე, ზომათა მიღება გამოვლენილ ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად.

ე) დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ შემსვლელ პირთა დაკავებისა და გამოვლენის წესი.

ვ) საკონტროლო გასავლელები ხალხის, სახმელეთო ტრანსპორტის ყველა სახეობის გასაშვებად, ტვირთისა და სხვა მატერიალური ფასეულობების შემოსატან-გასატანად.

    მუხლი 10. დაცვის აღჭურვილობა

1. დასაცავ ტერიტორიაზე უცხო პირების შეუღწევლობისა და დატაცებისაგან ტვირთის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის დაცული ტერიტორია პერიმეტრის მიმართულებით აღჭურვილი უნდა იყოს გალავნითა და დაცვის სხვა შესაბამისი საიჟინრო-ტექნიკური საშუალებებით.

2. საკონტროლო გასასვლელები აღჭურვილი უნდა იქნან შესაბამისად , მათი განლაგების ადგილები შეთანხმებულ უნდა იქნეს სასაზღვრო ჯარებთან და საბაჟოებთან.

3. კონტეინერულ ტერმინალებსა და ძვირფასი გენერალური ტვირთის, სატრანსპორტო ტექნიკის შემნახველ ღია მოედნებს შესაძლებელია შემორტყმული ჰქონდეს გალავანი, რომელიც გამორიცხავს უცხო პირთა დაუბრკოლებელ შეღწევას.

4. დაცვითი სიგნალიზაციისა და ტელევიზიის მიმღებ მოწყობილობას აყენებენ ან დაცვის სამსახურის საყარაულო ნაგებობაში ან სადღეღამისო მორიგეობის დაცვის უახლოეს საგუშაგოზე.

5. საამშენებლო ნორმების მოთხოვნათა შესაბამისი ელექტროგანათება უნდა ჰქონდეთ დაცულ ტერიტორიას, დამცავი გალავნის პერიმეტრს, ნავმისადგომის მისადგომ ზოლს, გადასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოებისა და სასაწყობო ადგილებს, გასასვლელებს.

6. სასაწყობო ნაგებობები აღჭურვილ უნდა იქნეს სახანძრო დაცვის სიგნალიზაციით, საამშენებლო ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.

7. საგუშაგო ნაგებობები, გამშვები პუნქტები და საგუშაგოები აღჭურვილ უნდა იქნეს დამოუკიდებელი სატელეფონო ან რადიოკავშირებით.

8. კადრების, სატვირთო და კომერციული სამსახურები, სამგზავრო მისადგომები უნდა მდებარეობდეს დაცული ტერიტორიის გარეთ.

9. სამოძრაო მარშრუტები აღჭურვილ უნდა იქნეს მაჩვენებლებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

    მუხლი 11. სამსახურებრივი მოვალეობების შემსრულებელ პირთა დაშვება დაცვის ობიექტებზე

1. პირადი სამსახურებრივი მოწმობებით, ნავსადგურში, ტერმინალზე და ნავსადგურში მდგარ გემებზე, მიუხედავად გემის ეროვნული კუთვნილებისა, გასვლის უფლებით სარგებლობენ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, ნაოსნობის უსაფრთხოების სამმართველოსა და სამართლებრივი სამმართველოს თანამშრომლები,სახელმწიფო საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელები, საქართველოს თაცდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლები ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლები.

2. მუდმივი საშვებით – საქართველოს სახელმწიფო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის პასუხისმგებელი თანამშრომლები, გემის აგენტები, ექსპედიტორები და კომპანიის სიურვეიერები.

3. ტვირთმიმღებები, ტვირთგამგზავნები და მათი წარმომადგენლები პორტის ტერიტორიაზე დაიშვებიან დროებითი საშვებით, რომლებიც გაიცემიან პორტის ან ტერმინალის დაცვის სამსახურის მიერ, საექსპედიტორო კომპანიის წერილის საფუძველზე.

4. ნავსადგურში მდგარი გემების ეკიპაჟის წევრები დაიშვებიან მეზღვაურის პასპორტით ან მეზღვაურის წიგნაკით. ნავსადგურის საკონტროლო გასასვლელზე უნდა არსებობდეს ეკიპაჟის განრიგი, რომელსაც ხელს აწერს გემის კაპიტანი და ასვია სასაზღვრო კონტროლის შესაბამისი შტამპი.

5. ეკიპაჟის წევრთა ოჯახები დაიშვებიან პიროვნების დამადასტურებელი საბუთებითა და საშვის ბიუროში წარდგენილი სიებით, რომლებსაც ხელს აწერს გემის კაპიტანი და რომელიც დამოწმებულია გემის ბეჭდითა და სასაზღვრო კონტროლის შესაბამისი შტამპით.

6. ნავსადგურის ადმინისტრაციის კომერციული, სატვირთო, მექანიზატორული სამსახურების თანამშრომლების დაშვება წარმოებს საშვებით, რომლებზეც წარმოდგენილია საშვის ბიუროს შტამპი: „ღამის”, „დღის” ან „სადღეღამისო”.

7. ცვლიდან თავისუფალი თანამშრომლები ნავსადგურების, ტერმინალების ტერიტორიებზე და გემებზე არ დაიშვებიან.

8. პირადი სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის ობიექტებზე, ავტომობილების ნომრების ყოველწლიურად წარმოდგენილი სიების მიხედვით, დაიშვებიან მხოლოდ არსებული მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში ჩამოთვლილ პირთა კატეგორიები და საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა.

    მუხლი 12. ტვირთის შემოტანის და გატანის წესი

1. გემებზე დასატვირთი ან გემებიდან გადმოტვირთული ტვირთის გატანა-შემოტანა, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ჩათვლით,შესაბამისი საბუთებით წარმოებს, რომლებზეც უნდა ესვას საბაჟოს შტამპის ტვიფრი „დატვირთვა ნებადართულია” ან „გაშვება ნებადართულია”. ამგვარი შტამპის დასმის ვალდებულება ეკისრება ტვირთის მფლობელს, ტვირთმიმღებს, მის აგენტს ან გემის აგენტს.

2. მგზავრის ბარგი და ხელბარგის გაშვება გასასვლელიდან წარმოებს, უშუალოდ გემებზე ან საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ საკონტროლო დარბაზებში.

3. ნავსადგურის ტერიტორიაზე მოძრავი სარკინიგზო შემადგენლობის შემოყვანა-გაყვანის წესი დგინდება ნავსადგურის ან ტერმინალის დაცვის გეგმით, კონკრეტული სამუშაო პირობებიდან გამომდინარე.

4. ყველა საავტომობილო ტრანსპორტი შემოსავლისა და გასვლისას დაცვის კონტროლს ექვემდებარება უცხო პირთა თუ მატერიალურ ფასეულობათა უკანონოდ შემოტანა-გატანის აღკვეთის მიზნით.

    მუხლი 13. საშვების სახეობები

1. დაცვის ობიექტის ტერიტორიაზე შესვლისა და გამოსვლის, ტვირთის თუ მატერიალური ფასეულობების ობიექტებიდან გატანა-შემოტანისათვის დადგენილია:

ა) მუდმივი საშვები, ერთი წლის ვადით;

დროებითი საშვები, რომლებიც განსაზღვრული ვადით გაიცემა, როგორც წესი, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისა თუ ამასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულებისათვის საჭირო დროით, ნავსადგურსა თუ გემზე სხვადასხვა სამუშაოებისა თუ მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დროით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არა უმეტეს ერთი თვის ვადით;

გ) დადგენილი ფორმის ერთჯერადი საშვები, რომლებიც, როგორც წესი, გაიცემა ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისა თუ ამასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულებისათვის საჭირო დროით, ნავსადგურსა თუ გემზე სხვადასხვა სამუშაოებისა თუ მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დროით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არა უმეტეს სამი დღის ვადით.

2. გამშვები ბიუროს ბლანკებითა და სააღრიცხვო ჟურნალებით უზრუნველყოფა დაცვის ობიექტის დაცვის ხარჯზე წარმოებს. ნავსადგურის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სასაზღვრო ჯარების გამშვები საკონტროლო პუნქტების მომარაგებას მოქმედი საშვების ყველა სახის ნიმუშებით.

    მუხლი 14. პირების დაკავების გაფორმების წესი

1. იმ პირთა დაკავების, რომლებმაც უკანონოდ შეაღწიეს დაცვის ობიექტზე, აგრეთვე რომლებსაც ვადაგასული, სხვისი ან ყალბი საბუთები აღმოაჩნდათ (ან საშვები), ორ ეგზემპლარად დგება ოქმი, რომელთაგან ერთ-ერთი დაკავებულთან ერთად სასაზღვრო ჯარებს გადაეცემა.

2. დაცვის სამსახური ცალკე აწარმოებს მოქალაქეთა დაკავებისა თუ მატერიალურ ფასეულობათა დატაცების შემთხვევათა აღრიცხვას.

    მუხლი 15. საშვების აღრიცხვა

1. საშვებთან დაკავშირებულ აღრიცხვასა და ანგარიშს აწარმოებს დაცვის სამსახური. სააღრიცხვო წიგნების ფორმასა და მათი წარმოების წესს საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია ადგენს.

2. გამშვებ პუნქტზე ჩამორთმეული საშვები საშვების ბიუროს ბარდება.

3. საშვების ბლანკები, მათი აღრიცხვის მასალები მკაცრი ანგარიშის საბუთებს წარმოადგენს და ბეჭდებთან და შტამპებთან ერთად სეიფში უნდა ინახებოდეს.