„ტექნიკური რეგლამენტის „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ“

  • Word
„ტექნიკური რეგლამენტის „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 15/09/2009
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 18/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.541
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
123
15/09/2009
სსმ, 114, 18/09/2009
300.160.070.47.052.013.541
„ტექნიკური რეგლამენტის „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ“
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/09/2009 - 28/04/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.541

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

უფროსის ბრძანება №123

2009 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1517  მუხლის და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ტექნიკური რეგლამენტი „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესი“, თანდართულ დანართთან ერთად.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“, „საზღვაო დისციპლინარული წესდების“, „ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის შესახებ დებულების“, „სალოცმანო სამსახურის შესახებ დებულების“, „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულების“ და „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის №51 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე ქვეპუნქტით დამტკიცებული „საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის შესახებ დებულება“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბოკუჩავა

 

ტექნიკური რეგლამენტი „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესი“

თავი I

საერთო დებულებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ტექნიკური რეგლამენტი „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესი“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს საზღვაო ინციდენტების სახეობებს, კატეგორიებს, საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის (შემდგომში – საზღვაო ინციდენტის გამოკვლევა) პროცედურებს, გემის კაპიტნისა და გემთმფლობელის ვალდებულებებს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის დროს, საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ვადებს და სხვა.

2. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის მიზანია მისი თანმდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზების და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება ამგვარი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება:

ა) „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში“ რეგისტრირებულ გემზე, განურჩევლად საზღვაო ინციდენტის ადგილისა;

ბ) უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, განურჩევლად მისი ტევადობისა და მთავარი ძალური დანადგარის სიმძლავრისა, რომელსაც საზღვაო ინციდენტი შეემთხვა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში;

გ) უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელსაც საზღვაო ინციდენტი შეემთხვა საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ, თუ მარცხგანცდილი გემის კაპიტანი, ან/და გემთმფლობელი, ან/და გემის დროშის სახელმწიფოს საზღვაო ხელისუფლება შუამდგომლობს იმის თაობაზე, რომ საზღვაო ინციდენტი გამოკვლეულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მიერ და ეს უკანასკნელი განახორციელებს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევას;

დ) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში მცურავ დოკზე, სახელოსნოზე, პლათფორმაზე, სადგურსა და დებარკადერზე, რომელსაც საზღვაო ინციდენტი შეემთხვა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანის დროს.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) მცურავ საშუალებაზე, რომლის გადაადგილება ხორციელდება ადამიანის კუნთის ძალის მეშვეობით;

ბ) მშენებარე გემზე;

გ) ბარჟაზე;

დ) სკუტერზე.

5. საზღვაო ინცინდენტთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებას და საზღვაო ინციდენტის შიდა გამოკვლევას (შემგომში – შიდა გამოკვლევა) აწარმოებს მარცხგანცდილი გემის კაპიტანი/გემთმფლობელი, ხოლო საზღვაო ინციდენტის გამოკვლევას – ადმინისტრაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი (ერთპიროვნულად) ან ადმინისტრაციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) შექმნილი კომისია (შემდგომში – გამომკვლევი).

6. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევა არ ცვლის მასთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის გამოძიებას, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას.

7. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციის ის თანამშრომელი, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი არ არის მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში.

    მუხლი 2. საზღვაო ინციდენტების სახეობები

1. საზღვაო ინციდენტის სახეობებია:

ა) სერიოზული საზღვაო ინციდენტი;

ბ) ძალიან სერიოზული საზღვაო ინციდენტი;

გ) საზღვაო შემთხვევა.

2. საზღვაო ინციდენტი, რომელიც გამოწვეულია ორი ან მეტი გემის შეჯახებით, გამოიკვლევა როგორც ერთი საზღვაო ინციდენტი, ხოლო მისი სახეობა და კატეგორია განისაზღვრება ცალ-ცალკე თითოეული გემისათვის. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის შედეგი ფორმდება ერთიანი გამოკვლევის ანგარიშის სახით.

3. საზღვაო ინციდენტების კატეგორიათა ცხრილი მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართში.

    მუხლი 3. ტერმინებისა და ცნებების განმარტება

ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სერიოზული საზღვაო ინციდენტი – გემის ექსპლუატაციის შედეგად ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამოწვეული საზღვაო ინციდენტის სახეობა, რომელსაც მოჰყვა ხანძარი, გემის აფეთქება, მეჩეჩზე დაჯდომა, შეჯახება, შტორმით, ყინულით დაზიანება, გემის კორპუსის გაბზარვა ან მისი სავარაუდო დაზიანება, რამაც გამოიწვია ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი შედეგი:

ა.ა) გემის კონსტრუქციული დაზიანება (ნახვრეტი გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილში; მთავარი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა; გემზე არსებული საცხოვრებელი სადგომების მნიშვნელოვანი დაზიანება და ა.შ.);

ა.ბ) გარემოს დაბინძურება;

ა.გ) გემის მიერ მართვის უნარის დაკარგვა ან სხვა ისეთი დაზიანება, რომელიც მოითხოვს ბუქსირზიდვას ან დახმარებას ნაპირიდან;

ა.დ) ადამიანის სიკვდილი, სხეულის სერიოზული დაზიანება ან გემიდან გაუჩინარება;

ა.ე) გემის მიტოვება ზღვაში ან ნაპირზე.

ბ) ძალიან სერიოზული საზღვაო ინციდენტი – გემის ექსპლუატაციის შედეგად ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამოწვეული საზღვაო ინციდენტის სახეობა, რომელსაც მოჰყვა გემის დაღუპვა, ჩაძირვა, უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ადამიანთა მსხვერპლი, ადა-მიანთა გაუჩინარება, ან/და გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურება;

გ) საზღვაო შემთხვევა – გემის ექსპლუატაციის შედეგად ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამოწვეული საზღვაო ინციდენტის სახეობა, რომლის შედეგად საფრთხე ექმნება გემს ან/და ადამიან(ებ)ს, იქმნება გემის/მისი კონსტრუქციის მნიშვნელოვანი დაზიანების ან/და გერემოს დაბინძურების საშიშროება, აგრეთვე გემის შეხება საბურღ პლატფორმასთან და/ან დამაგრებულ ან საბუქსირე ობიექტთან, ან გემის მეჩეჩზე დაჯდომა, თუ ამ უკანასკნელს არ მოჰყვა ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული შედეგი;

დ) სხეულის სერიოზული დაზიანება – საზღვაო ინციდენტის დროს ადამიანისთვის მიყენებული სხეულის დაზიანება, რომლის მიყენებიდან 7 დღის განმავლო-ბაში პირი 72 საათზე მეტი დროით შრომისუუნარო გახდა;

ე) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ხელმძღვანელი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც გამოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ხელმძღვანელობს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევას;

ვ) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევით არსებითად დაინტერესებული სახელმწიფო – სახელმწიფო:

ვ.ა) რომლის დროშის ქვეშ დაცურავს მარცხგანცდილი გემი;

ვ.ბ) რომლის ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა საზღვაო წყლებში მოხდა საზღვაო ინციდენტი;

ვ.გ) რომელსაც საზღვაო ინციდენტმა ან მისმა შედეგებმა მიაყენა სერიოზული ზიანი ან შეუქმნა გარემოსათვის ასეთი ზიანის წარმოქმნის საფრთხე;

ვ.დ) რომლის მოქალაქე დაიღუპა ან მიიღო სხეულის სერიოზული დაზიანება საზღვაო ინციდენტის შედეგად;

ვ.ე) რომელიც ფლობს გამოკვლევისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას;

ვ.ვ)    რომლის იურისდიქცია ვრცელდება საზღვაო ინციდენტის რაიონში და აღნიშნული აღიარებულია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

ვ.ზ) რომელიც სხვა მიზეზით განაცხადებს თავის დაინტერესებას გამოკვლევაში მონაწილეობის მიღებაში და გამოკვლევის განმახორციელებელი ხელმძღვანელი სახელმწიფო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ დაინტერესებას;

ზ) სერიოზული ზიანი – ზიანი, რომლის ხარისხს (დონეს), როგორც სერიოზული ზიანისა, განსაზღვრავს ის სახელმწიფო, რომელსაც მიადგა ზიანი;

თ) გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურება – გარემოს დაბინძურება, რომლის დაბინძურების ხარისხს (დონეს), როგორც მნიშვნელოვანი დაბინძურებისა, განსაზღვრავს ის სახელმწიფო, რომელსაც მიადგა ზიანი (საქართველოსთან მიმართებაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო);

ი) დებარკადერი – გემის დგომისათვის საგანგებოდ აღჭურვილი მცურავი საშუალება;

კ) ტექნიკური აქტი საზღვაო ინციდენტის შესახებ – დოკუმენტი, რომელშიდაც გემის კაპიტნის მიერ დეტალურად აღიწერება გემის/მისი მექანიზმების ტექნიკური მდგომარეობა საზღვაო ინციდენტის შემდეგ.

    მუხლი 4. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის სახელმწიფო

1. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში მომხდარ საზღვაო ინციდენტს იკვლევს გამომკლევი. ამასთან, თუ საზღვაო ინციდენტი შეემთხვა უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემს, მაშინ აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თხოვნით, ადმინისტრაციას შეუძლია გადასცეს მას საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაცია ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამომკვლევ სახელმწიფოს აღმოუჩინოს დახმარება გამოკვლევის წარმოებაში.

2. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველო წარმოადგენს გამოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს, მაშინ ადმინისტრაცია ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში, გამომკვლევ სახელმწიფოს აცნობოს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ადმინისტრაცია ჩაერთოს გამოკვლევის პროცესში და საზღვაო ინციდენტის ადგილზე გააგზავნის/ადგილზე დანიშნავს თუ არა თავის წარმომადგენელს, აგრეთვე, მიაწოდოს მას მის ხელთ არსებული ინფორმაცია გემის და გემის ეკიპაჟის წევრების თაობაზე.

3. თუ აღნიშნული საზღვაო ინციდენტი გამოწვეულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი გემების შეჯახებით, მაშინ საზღვაო ინციდენტის გამოკვლევას ხელმძღვანელობს შეჯახებაში მონაწილე გემის ერთ-ერთი სახელმწიფოს უფლებემოსილი ორგანო, მათი შეთანხმებით.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, გამოკვლევაში, მისივე მოთხოვნით, ჩართულ უნდა იქნეს გამოკვლევით არსებითად დაინტერესებული სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო.

5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვაო ინციდენტის გამოკვლევას ხელმძღვანელობს გამომკვლევი, მაშინ იგი უზრუნველყოფს:

ა) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის საერთო სტრატეგიის შემუშავებას;

ბ) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევით დაინტერესებულ სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და სხვა უფლებამოსილ პირებს შორის მოქმედებების კოორდინირებას;

გ) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას;

დ) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის მსვლელო-ბისას მოპოვებული მასალების შენახვას და დაცულობას;

ე) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ანგარიშის მომზადებას.

თავი II

საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის პროცედურები

    მუხლი 5. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის პროცედურები

საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის პროცედურები მოიცავს:

ა) ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს;

ბ) საჭირო კვლევ(ებ)ის ჩატარებას;

გ) საზღვაო ინციდენტის მიზეზ(ებ)ის დადგენას;

დ) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ანგარიშის შედგენას;

ე) ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავებას და საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის შედეგების გარჩევას.

    მუხლი 6. გემის კაპიტნის ვალდებულებები საზღვაო ინციდენტის დროს

1. მარცხგანცდილი გემის კაპიტანი, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) აცნობოს მომხდარის შესახებ გემთმფლობელს, გემის მზღვეველს და ადმინისტრაციას, აგრეთვე საქართველოს შესაბამის საკონსულოს, თუ საზღვაო ინციდენტის შედეგები შეეხო ან შეიძლება შეეხოს სხვა ქვეყნის ინტერესებს;

ბ) უზრუნველყოს გემისა და მისი მექანიზმების ფრაგმენტების, მართვის პულტების, ინფორმაციის შემცველების, საბორტო თვითმწერების, ტვირთის, ბარგის, ფოსტისა და სხვა საგნების ხელშეუხებლობა;

გ) უზრუნველყოს გემისა და საზღვაო ინციდენტის ადგილის დაცვა;

დ) მოიძიოს საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული მასალები;

ე) ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტებები საზღვაო ინციდენტის მონაწილე პირებსა და თვითმხილველებს;

ვ) შეადგინოს „ტექნიკური აქტი საზღვაო ინციდენტის შესახებ“ და საზღვაო ინციდენტის ტექნიკური ნახაზი;

ზ) შეადგინოს გემის კაპიტნის „პატაკი“ საზღვაო ინციდენტის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 1997 წლის 27 ნოემბრის A.849 რეზოლუციის – „საზღვაო ავარიებისა და ინციდენტების მოკვლევის კოდექსი“ (1999 წლის 25 ნოემბრის A.884 რეზოლუციით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) – დანართის შესაბამისად.

2. გამომკვლევის მოთხოვნით, გემის კაპიტანი მას დამატებით წარუდგენს:

ა) გემის საბორტო თვითმწერების ლენტებს, მათი გაშიფვრის მასალებს, საზღვაო რუკას გაყვანილი გეზით, მანევრირების სქემას, რადიოლოკაციურ პლანშეტებს, სამანევრო მახასიათებლების ცხრილებს, რადიოლოკატორების ჩრდილოვანი სექტორების გრაფიკებს, დაზიანებათა სქემებსა და ნახაზებს;

ბ) მყვინთავის მიერ ჩატარებული დათვალიერების, დოკში ჩატარებული დათვალიერების ან/და სურვეერული დათვალიერების ოქმებს;

გ) გემის დაზიანებათა ფოტოსურათებსა და საზღვაო ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას;

დ) მარცხგანცდილი გემის ზედამხედველი საკლასიფიკაციო საზოგადოების აქტებს;

ე) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევისათვის საჭირო სხვა დოკუმენტურ მასალასა და ინფორმაციას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება გემთმფლობელს, ხოლო ორი ეგზემპლარი წარედგინება გამომკვლევს.

4. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით გემის კაპიტანს არ შეუძლია ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება, მაშინ მათ ახორციელებს გემის კაპიტნის თანაშემწე ან თანამდებობრივად უფრო მაღლა მდგომი ეკიპაჟის სხვა წევრი.

    მუხლი 7. გემთმფლობელის ვალდებულებები შიდა გამოკვლევის წარმოებისას

1. მარცხგანცდილი გემის გემთმფლობელი ახორციელებს შიდა გამოკვლევას, რისთვისაც:

ა) მომხდარ საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებით ამზადებს გემთმფლობელის „პატაკს“;

ბ) უზრუნველყოფს გემის საბორტო თვითმწერების ლენტების, რადიოლოკატორების ინდიკატორებიდან გადაღებული ფოტოსურათების, გემ(ებ)ის მოძრაობის გრაფიკების, რადიოკავშირისა და რადიოტექნიკური საშუალებების სამუშაო დროის აღრიცხვის ჟურნალების, ეკიპაჟის წევრების მეზღვაურის წიგნაკების და დიპლომების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების, გემის, ძრავ(ებ)ის, აგრეგატების ფორმულარებისა და მათი ხარვეზების უწყისების, ტექნიკური მომსახურების განწესების, გემის ნაოსნობისათვის მოსამზადებლად ან ზღვაში გასვლის წინ გაუმართაობის აღმოსაფხვრელად გამოყენებული ხელსაწყო-იარაღების და საკონტროლო აპარატურის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების, აგრეთვე ნაოსნობის რაიონში მეტეოროლოგიური პირობების ამსახველი საბუთების ამოღებასა და დალუქვას;

გ) წარუდგენს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს გამომკ-ვლევს.

2. გემთმფლობელი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები ამგვარი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით და ასახოს იგი გემთმფლობელის „პატაკში“.

    მუხლი 8. გამომკვლევის მოქმედებები საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის წარმოებისას

1. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის წარმოებისას, გამომკვლევი:

ა) ადგენს მარცხგანცდილი გემისა და მისი ეკიპაჟის წევრების მონაცემებს, ეცნობა საზღვაო ინციდენტის ადგილს, აფასებს გემის კაპიტნისა და გემთმფლობელის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებების ხარისხს, და, საჭიროების შემთხვევაში, ღებულობს დამატებით ზომებს;

ბ) ამოწმებს საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მდგომარეობას, საზღვაო ინციდენტის ადგილის, გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტებისა და გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეუხებლობას და დაცვას, აგრეთვე გემის საბორტო თვითმწერების ამოღებასა და დაცვას;

გ) ადგენს საზღვაო ინციდენტის ადგილის დათვალიერების აქტს, სადაც აისახება გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტების მდებარეობა, გემის ძირითადი ნაწილების მიმართ გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მდებარეობა და საერთო მდგომარეობა;

დ) ფოტო ან ვიდეო გადაღების საშუალებით აფიქსირებს გემის ხელსაწყოების მონაცემებს, გადამრთველების, ამომრთველების, სამართი ბერკეტების მდებარეობას, ამასთან, შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოფს გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტების დაუშლელობასა და დაუზიანებლობას;

ე) უზრუნველყოფს გემის ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის საექიმო შემოწმებას (მათ შორის, სიმთვრალის დასადგენად), იღებს ეკიპაჟის ყველა წევრის წერილობით ახსნა-განმარტებებს;

ვ) დოკუმენტურად (ფოტო ან ვიდეოგადაღება, სქემის შედგენა) აღნუსხავს იმ საგნებს/ნიშნებს, რომლებიც გარემოს ზემოქმედებით შეიძლება განადგურდეს (ყინულის ფენა, ჭვარტლი გემის ზედაპირზე, გემის მოძრაობის დამახასიათებელი კვალი და ა.შ.);

ზ) ადგენს საზღვაო ინციდენტის ადგილის წინასწარ ესკიზს;

თ) შესაბამისი სამსახურებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას საზღვაო ინციდენტის სავარაუდო მომენტისათვის არსებული ამინდის შესახებ;

ი) საჭიროებისას აღნუსხავს საზღვაო ინციდენტის რაიონში მომუშავე სხვა გემ(ებ)ის სახელწოდებას და იღებს აუცილებელ ზომებს საბორტო თვითმწერების ინფორმაციის შესანახად.

2. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევაში დაშვებული პირი უფლებამოსილია აწარმოოს გამოკვლევასთან დაკავშირებული მოქმედებები უშუალოდ საზღვაო ინციდენტის ადგილზე მხოლოდ გამომკვლევის თანხმობით.

3. მარცხგანცდილი გემის ნაოსნობასთან დაკავშირებული საბორტო თვითმწერები, გემის საბუთები და ტექნიკური დოკუმენტაცია ინახება ადმინისტრაციაში და გაიცემა/გამოიყენება გამომკვლევის თანხმობით.

4. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის შედეგად გამომკვლევმა უნდა დაადგინოს:

ა) საზღვაო ინციდენტის დროს არსებული პირობები და გარემოებები;

ბ) საზღვაო ინციდენტის სახეობა, კატეგორია, საზღვაო ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და შედეგები;

გ) საზღვაო ინციდენტის მონაწილე თანამდებობის პირების ქმედებათა მართლზომიერება;

დ) თანამდებობის პირები, რომელთა ქმედებამ გამოიწვია საზღვაო ინციდენტი ან ხელი შეუწყო მის გამოწვევას.

    მუხლი 9. გამომკვლევისა და საზღვაო ინციდენტის გამოკვლევაში დაშვებული პირის ძირითადი უფლებამოსილებები გამოკვლევის წარმოებისას

1. გამომკვლევს და მის მიერ საზღვაო ინციდენტის გამოკვლევაში დაშვებულ პირს, შესაბამისი უფლებამოსილების არსებობისას და სათანადო საბუთის წარდგენისას, ამ ტექნიკური რეგლამენტით თავი III-ით განსაზღვრულის გარდა, უფლება აქვს:

ა) მივიდეს იმ ადგილზე, სადაც მოხდა საზღვაო ინციდენტი ან განთავსებულია გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტები და განახორციელოს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევისათვის აუცილებელი მოქმედებები;

ბ) დაათვალიეროს და შეამოწმოს მარცხგანცდილი გემი, მისი შემადგენელი ნაწილები, აგრეთვე გემზე არსებული ან საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული სხვა საგნები, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვაო ინციდენტის გამოკვლევისათვის;

გ) დაკითხოს საზღვაო ინციდენტის თვითმხილველები, აგრეთვე ის პირები, რომელთაც საზღვაო ინციდენტთან აქვთ ან შეიძლება ჰქონდეთ რაიმე კავშირი (ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება აქვს მხოლოდ გამომკვლევს);

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საზღვაო ინციდენტის შედეგად დაღუპულთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის ასლები, აგრეთვე მოითხოვოს გვამების გაკვეთა ან ნებისმიერი სხვა გამოკვლევის ჩატარება;

ე) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გემთმფლობელის ხარჯით, საზღვაო ინციდენტის გამოკვლევაში ჩართოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ან სპეციალიზებული დაწესებულებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოქმედებები ისე უნდა იქნეს განხორციელებული, რომ ხელი არ შეეშალოს სატრანსპორტო პროცესს და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შენარჩუნებულ იქნეს საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული ყველა საგანი, საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ამოცანების შესაბამისად.

3. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევაში დაშვებულ პირს, გამომკვლევის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს:

ა) საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებასა და გაანალიზებაში;

ბ) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის მიზნით განხორციელებულ გამოცდებში;

გ) დასკვნების, მიზეზებისა და რეკომენდაციების ჩამოსაყალიბებლად გამართულ სხდომებში (თუ გამოკვლევას აწარმოებს კომისია).

    მუხლი 10. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ხელშეწყობა

1. მარცხგანცდილი გემის გემთმფლობელი ვალდებულია ითანამშრომლოს გამომკვლევთან, აგრეთვე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალისტებთან/სპეციალიზებული დაწესებულებების წარმომადგენლებთან, გაუწიოს მას დახმარება და შეუქმნას შესაბამისი სამუშაო/დასვენების პირობები.

2. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის დოკუმენტების შენახვას, გამრავლებასა და დაგზავნას ახორციელებს ადმინისტრაცია.

3. სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გემთმფლობელი, საკლასიფიკაციო საზოგადოება, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან გაუწიონ გამომკვლევს ყოველგვარი დახმარება, დაუყოვნებლივ მიაწოდონ გამომკვლევს მათ ხელთ არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მისი მოთხოვნით ჩაატარონ საზღვაო ინციდენტის გამოკვლევასთან დაკავშირებული სამუშაოები, აგრეთვე გამოუყონ გამომკვლევს მათ განკარგულებაში არსებული საშუალებები და მიიღონ ზომები საზღვაო ინციდენტის ადგილის დასაცავად.

    მუხლი 11. შიდა გამოკვლევის და საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ვადები

1. შიდა გამოკვლევის და საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ვადები არ უნდა აღემატებოდეს:

ა) შიდა გამოკვლევისა – საზღვაო ინციდენტის მომენტიდან 30 დღეს;

ბ) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევისა – ადმინისტრაციის მიერ საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის ან/და დოკუმენტების მიღებიდან 60 დღეს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამომკვლევის დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რაც გამოწვეულია სრულფასოვანი გამოკვლევისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დამატებითი შესწავლის აუცილებლობით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს ადმინისტრაციის მიერ არა უმეტეს ერთი თვით.

თავი III

საზღვაო ინციდენტის გამომკვლევი

    მუხლი 12. გამომკვლევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

გამომკვლევად/გამომკვლევი კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება უმაღლესი საზღვაო განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს გემზე უფროსი სამეთაურო შემადგენლობის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი სტაჟი და საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

    მუხლი 13. გამომკვლევი კომისიის თავმჯდომარის/გამომკვლევის ძირითადი ვალდებულებები და უფლებები

1. გამომკვლევი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.    

2. კომისიის თავმჯდომარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ობიექტურად და სრულფასოვნად ჩატარება;

ბ) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევაში მონაწილე ყველა პირის შეთანხმებული მოქმედება;

გ) კომისიის მუშაობის საქმისწარმოების ორგანი-ზება და მაღალი ხარისხი;

დ) საზღვაო ინციდენტის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება, შენახვა და დაცვა;

ე) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ანგარიშის მომზადება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) საზღვაო ინციდენტის ადგილის დაცვა და საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული საგნების შენახვა;

ზ) საზღვაო ინციდენტის ადგილზე მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე ინსტრუქტაჟის ჩატარება;

თ) კომისიის სამუშაო გეგმის შემუშავება და დამტკიცება;

ი) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ძირითადი მეთოდური, საორგანიზაციო და პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად კომისიის სხდომების სისტემატური ჩატარება;

კ) გამოკვლეული მასალების განზოგადება და ანალიზი;

ლ) საზღვაო ინციდენტის მიზეზების დასადგენად აუცილებელი გამოკვლევებისა და ტესტირების ჩატარებაზე დროული გადაწყვეტილების მიღება;

მ) საზღვაო ინციდენტის გარემოებების, მიზეზებისა და რეკომენდაციების განხილვა.

3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ყველა საორგანიზაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ საკითხზე;

ბ) მისცეს შესაბამისი მითითებები საზღვაო ინციდენტის გამოკვლევასთან დაკავშირებით კომისიის წევრებს, მოწვეულ სპეციალისტებსა და გემთმფლო-ბელის თანამდებობის პირებს;

გ) კომისიის მუშაობაში ჩააბას საჭირო სპეციალისტები და გამოიყენოს მათი ტექნიკური საშუალებები;

დ) კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ლაბორატორიულ გამოცდებზე გააგზავნოს მასალები, ცალკეული ნაწილები, აგრეგატები, გემის აგებულების ელემენტები და შესაბამისი საბუთები, აგრეთვე გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტები;

ე) გემთმფლობელისა და საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ჩასატარებლად აუცილებელი მასალები და საბუთები;

4. თუ გამოკვლევას აწარმოებს ერთი პირი, მაშინ მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად კომისიის თავმჯდომარისათვის დაკისრებული ვალდებულებები და მინიჭებული უფლებები, საზღვაო ინციდენტის ერთპიროვნულად გამოკვლევის თავისებურებების გათვალისწინებით.

    მუხლი 14. კომისიის წევრების ძირითადი ვალდებულებები და უფლებები

1. კომისიის წევრი ანგარიშვალდებულია კომისიის თავმჯდომარის წინაშე და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია შეასრულოს კომისიის თავმჯდომარის მითითებები საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის საკითხებზე.

2. კომისიის წევრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევა წარმართოს სრულად და ობიექტურად, თავისი მოქმედებები შეათანხმოს კომისიის თავმჯდომარესთან;

ბ) შეარჩიოს საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული საგნები ტესტირებაზე გასაგზავნად, მონაწილეობა მიიღოს ტესტირების ჩატარებაში;

გ) გაეცნოს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის მასალებს;

დ) მონაწილეობა მიიღოს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის საბუთების შედგენაში, ხელი მოაწეროს კომისიის საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ანგარიშს;

ე) კომისიას შესთავაზოს წინადადებები საზღვაო ინციდენტის გამოკვლევაში სპეციალისტების მოწვევაზე, გემის კვანძების, ნაწილების გამოსაცდელად გაგზავნაზე, გამოცდის მიზნის მითითებით, აგრეთვე – საზღვაო ინციდენტის გამოკვლევასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ვ) კომისიის სხდომების ოქმში ასახოს თავისი აზრი, ხელი მოაწეროს ოქმს, საჭიროებისას, მოითხოვოს მასში ჩამოყალიბებული აზრის დაზუსტება;

ზ) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ანგარიშის შინაარსთან და დასკვნებთან უთანხმოების შემთხვევაში, დაურთოს მას თავისი განსხვავებული მოსაზრება.

    მუხლი 15. მოწვეული სპეციალისტის ძირითადი ვალდებულებები და უფლებები

1. მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია გაუწიოს გამომკვლევს კვალიფიციური დახმარება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პროცესში წამოჭრილი საკითხების გამოკვლევში, აგრეთვე შეასრულოს კომისიის მითითებები საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის საკითხებზე.

2. მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული საგნების, მასალებისა და საბუთების სრული და ობიექტური გამოკვლევა;

ბ) გასცეს დასაბუთებული წერილობითი დასკვნა კომისიის მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე და შესაბამისად გააფორმოს იგი;

გ) დასკვნის გასაცემად, კომისიის თავმჯდომარის თანხმობით, გაეცნოს საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებულ საგნებს, მასალებსა და საბუთებს;

დ) კომისიას შესთავაზოს გემის კვანძების, ნაწილებისა და საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული სხვა საგნების გამოკვლევასთან დაკავშირებული წინადადებები, გამოკვლევის მიზნის მითითებით.

თავი IV

საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ანგარიში

    მუხლი 16. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ანგარიში

1. საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის შედეგად გამომკვლევი ამზადებს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ანგარიშს (შემდგომში – გამოკვლევის ანგარიში).

2. გამოკვლევის ანგარიშში აისახება საზღვაო ინციდენტის:

ა) სახეობა და კატეგორია;

ბ) დრო და ადგილი;

გ) თანმხლები გარემოებები;

დ) გამომწვევი მიზეზები;

ე) პრევენციული ზომები.

3. გამოკვლევის ანგარიში სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს:

ა) გემის, გემთმფლობელისა და მისი ზედამხედველი საკლასიფიკაციო საზოგადოების მონაცემებს;

ბ) საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებით მოძიებული მასალების აღწერას;

გ) საზღვაო ინციდენტის გამომწვევი მიზეზ(ებ)ის დეტალურ აღწერასა და მათ ანალიზს, როგორც მექანიკური, ასევე ადამიანის ფაქტორების გათვალისწინებით;

დ) რეკომენდაციებს ამგვარი საზღვაო ინციდენტის თავიდან აცილების შესახებ.

4. გამომკვლევმა უნდა უზრუნველყოს ყველა სახის ჩანაწერის და თვითმხილველთა განცხადებების დაცვა გამოქვეყნებისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. გამოკვლევის ანგარიშს ხელს აწერენ გამომკვლევი/კომისიის თავმჯდომარე და წევრები. თუ გამოკვლევის ანგარიშის რომელიმე საკითხის რედაქციაზე კომისიის წევრებს შორის წამოიჭრება უთანხმოება, მაშინ იგი ჩამოყალიბდება თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული რედაქციით.

6. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება გამოკვლევის ანგარიშის შინაარს, ვალდებულია მოაწეროს მას ხელი და დაურთოს თავისი დასაბუთებული განსხვავებული მოსაზრება, უთანხმოების კონკრეტული მიზეზ(ებ)ის მითითებით, აგრეთვე შესთავაზოს კომისიას გამოკვლევის ანგარიშის თავისი რედაქცია. განსხვავებული მოსაზრება წარმოადგენს გამოკვლევის ანგარიშის განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 17. გამოკვლევის ანგარიშის დაგზავნა

 1. გამოკვლევის ანგარიში სავალდებულოდ ეგზავნება:

ა) საზღვაო ინციდენტის გამოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს;

ბ) გემთმფლობელს;

გ) გემის ზედამხედველ საკლასიფიკაციო საზოგადოებას;

დ) გამოძიების ჩამტარებელ საგამოძიებო ორგანოებს (მათი მოთხოვნით);

ე) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, თუ საზღვაო ინციდენტი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საზღვაო ინციდენტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გამოკვლევის ანგარიში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას შეიძლება გაეგზავნოს სხვა შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულმა შეიძლება ხელი შეუწყოს საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით ეფექტური პრევენციული მეთოდების დანერგვას.

    მუხლი 18. საზღვაო ინციდენტების აღრიცხვა და საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის მასალების შენახვა

1. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან საქართველოს შიდა საზღვაო წლებში უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარი თითოეული საზღვაო ინციდენტი ექვემდებარება სავალდებულო აღრიცხვას ადმინისტრაციის მიერ წარმოებულ საზღვაო ინციდენტების უწყებრივ რეესტრში.

2. საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული მასალები და საზღვაო ინციდენტის გამოკვლევის ანგარიშის ერთი ეგზემპლარი ინახება ადმინისტრაციაში 10 წლის განმავლობაში.

დანართი

საზღვაო ინციდენტების კატეგორიათა ცხრილი

 

N

კატეგორია

კატეგორიის ინგლისური შესატყვისი

კატეგორიის აღწერა

1

გემის ჩაძირვა

 

Foundered (FD)

 

გემის ჩაძირვა, გემში წყლის დენის, მისი ორად გაპობის ან სხვა მიზეზის გამო.

 

2

გემის მეჩეჩზე დაჯდომა

 

Wreeked/Standart (WS)

გემის მეჩეჩზე დაჯდომა, წყალქვეშა წინააღმდეგობასთან ან ფსკერთან გემის შეხება.

 

3

შეხება

Contact (CT)

გემის შეხება საბურღ პლატფორმასთან და/ან დამაგრებულ ან საბუქსირე ობიექტთან, გარდა სხვა გემთან ან ზღვის ფსკერთან შეხებისა.

 

4

შეჯახება

 

Collision (CN)

გემის შეჯახება სხვა გემთან იმის მიუხედავად, ეს უკანასკნელი მოძრაობს, დგას (მ.შ. ღუზაზე) თუ მიბმულია.

 

5

ხანძარი ან აფეთქება*:

Fire or explosiont (FX):

გემზე ხანძრის გაჩენა ან აფეთქება:

5.1

 ტვირთისა, სათავსოში;

Cargo;

ტვირთისა, გემბანზე, სატვირთო სათავსოში ან სავენტილაციო სატვირთო სისტემაში;

5.2

სამანქანე სათავსოში;

MCHY;

 

სამანქანე სათავსოში;

5.3

სატუმბო განყოფილებაში;

 

PMP;

 

სატუმბო განყოფილებაში;

 

5.4

სხვა.

Other.

დანაშენში, სანავიგაციო ჯიხურში, საკუჭნაოში და სხვა, გარდა ამ პუნქტის “5.1 – 5.3” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა.

 

6

გემის უგზო-უკვლოდ დაკარგვა

 

MIssing (MS)

გემი გამოცხადებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

7

კორპუსის ან მექანიზმების დაზიანება

Hull (HD) Machinery damage (MD)

 

გემის კორპუსის დაზიანება ან მისი მექანიზმების გაჩერების შედეგად გემის დაკარგვა ან დაზიანება.

8

კატეგორიადაუდგენელი

Unclassified (Other)

 

საზღვაო ინციდენტი, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ზემოაღნიშნულ კატეგორიას და მისთვის სხვა კატეგორიის მიკუთვნება შეუძლებელია საზღვაო ინციდენტის შესახებ საკმარისი ინფორმაციის უქონლობის გამო.

 

შენიშვნა* : თუ ხანძარი/აფეთქება გამოიწვია გემების შეჯახებამ, მეჩეჩზე დაჯდომამ ან სხვა მიზეზმა, შესაბამისად, აღნიშნულ საზღვაო ინციდენტს მიეკუთვნება კატეგორია „შეჯახება”, „გემის მეჩეჩზე დაჯდომა” და ა.შ.