საზღვაო დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ

საზღვაო დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016177
51
27/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
310020000.55.067.016177
საზღვაო დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №51

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

საზღვაო დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტისა და 31-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო დისციპლინური წესდება“.
მუხლი 2
ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბრის №51 ბრძანება „საზღვაო დისციპლინური წესდების“ დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი



საზღვაო დისციპლინური წესდება

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „საზღვაო დისციპლინური წესდება“ (შემდეგში – წესდება) განსაზღვრავს გემზე დასაქმებული ეკიპაჟის წევრების დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის პირობებსა და წახალისების წესს.

2. წინამდებარე წესდება ვრცელდება საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურებზე.

3. წინამდებარე წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ (MLC) საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. საზღვაო დისციპლინის არსი და მიზანი

1. საზღვაო დისციპლინა გულისხმობს გემის ეკიპაჟის წევრების მიერ წინამდებარე წესდებითა და მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას.

2. გემზე დისციპლინა ეფუძნება მეზღვაურთა მიერ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულებას, პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებასა და მუდმივ მზადყოფნას სამსახურებრივი ინტერესების დასაცავად.

მუხლი 3. სამსახურებრივი მოვალეობა

1. ეკიპაჟის ყოველი წევრი ვალდებულია დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები შეასრულოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. 

2. ეკიპაჟის წევრს უნდა მიეწოდოს სწორი და კონკრეტული ინფორმაცია იმაზე, თუ ვის ექვემდებარება თანამდებობრივად და რა მოვალეობების შესრულება ეკისრება მას.

3. ეკიპაჟის წევრი ვალდებულია შეასრულოს გემის კაპიტნის ბრძანება მისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. დისციპლინა მიიღწევა:

ა) მეზღვაურის ზნეობრივი და ურთიერთპატივისცემის თვისებების გამომუშავებით;

ბ) კაპიტნის ბრძანებებისადმი შეგნებული დამორჩილებით და მისი მითითებების კეთილსინდისიერი შესრულებით;

გ) წინამდებარე წესდებითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვით;

დ) სამსახურებრივი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გონივრული და სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე განხორციელებით.

მუხლი 4. გემის კაპიტნის ვალდებულებები

1. გემის კაპიტანი ზედამხედველობს მეზღვაურთა მიერ სამუშაოს შესრულების მდგომარეობას და უზრუნველყოფს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაწყვეტას.

2. გემის კაპიტანი ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინა გემზე და სათანადო რეაგირება მოახდინოს დისციპლინის დარღვევის თითოეულ ფაქტზე, მიიღოს სათანადო ზომები მეზღვაურთა არამართლზომიერი ქმედების აღსაკვეთად და დარღვევის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 5. დისციპლინური გადაცდომის სახეები

დისციპლინური გადაცდომა იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) მსუბუქი გადაცდომა;

ბ) მძიმე გადაცდომა.

მუხლი 6. მსუბუქი დისციპლინური გადაცდომა

მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა:

ა) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, თუ ის არ იწვევს მძიმე შედეგს;

ბ) სამუშაო ადგილზე დაგვიანება;

გ) სამუშაოს შეწყვეტა დადგენილ დროზე ადრე;

დ) სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე;

ე) გემის უნებართვოდ დატოვება;

ვ) აგრესიული ქმედება, თუ ის არ იწვევს მძიმე შედეგს.

მუხლი 7. მძიმე დისციპლინური გადაცდომა

მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა:

ა) ეკიპაჟის წევრზე ან/და მგზავრზე თავდასხმა;

ბ) გემის ან/და გემზე არსებული ქონების განზრახ დაზიანება;

გ) ქურდობა;

დ) ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა/გამოყენება;

ე) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება განზრახ და არაერთგზის;

ვ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება, შენახვა და გავრცელება;

ზ) ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საზღვაო ინციდენტი ან საფრთხე შეუქმნას გემის უსაფრთხო ნაოსნობას;

თ) სამუშაოს შესრულება არაფხიზელ მდგომარეობაში;

ი) თამბაქოს მოხმარება, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;

კ) ეკიპაჟის სხვა წევრების დაშინება, იძულება ან სხვა სახით ფსიქოლოგიური ძალადობა;

ლ) გემზე გარეშე პირთა მიწვევა ან გემზე ყოფნის ნებართვის გაცემა წინასწარ, კაპიტანთან შეთანხმების გარეშე;

მ) მეზღვაურის კომპეტენცია/კვალიფიკაციის შეუსაბამობა დაწესებულ საერთაშორისო მოთხოვნებთან;

ნ) ნებისმიერი საქონლის უკანანო გადატანა/გადაზიდვა.

მუხლი 8. დისციპლინური სახდელის სახეები 

1. გადაცდომისთვის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, მეზღვაურს შეეფარდება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა წინამდებარე წესდებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

3. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მძიმე გადაცდომისთვის.  

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 3 თვე. 

5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მეზღვაურს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

6. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მეზღვაურის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმა.

მუხლი 9. დისციპლინური წარმოების დაწყება

დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მეზღვაურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

მუხლი 10. დისციპლინური სახდელის განსაზღვრის პრინციპები

1. დისციპლინური სახდელის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან;

ბ) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;

გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე;

დ) გამოყენებულ იქნა თუ არა ბოლო 3 თვის განმავლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი;

ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა;

ზ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური სახდელის განსაზღვრაზე.

2. დისციპლინური სახდელის მოქმედების განმავლობაში მეზღვაურის მიერ ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას შესაძლოა დაეკისროს ბოლოს შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელი.

მუხლი 11. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

1. სავარაუდო დისციპლინური გადაცდომების განხილვასა და დისციპლინური სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილია გემის კაპიტანი.

2. გემის კაპიტანმა დისციპლინური წარმოებისას უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

3. საქმის გარემოებიდან გამომდინარე, გემის კაპიტანი უფლებამოსილია:

ა) შეაგროვოს ცნობები;

ბ) დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი;

გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეს;

დ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს სხვა ზომებს.

4. გემის კაპიტანი სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის გამოკვლევის დროს, მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად, ადგენს დასკვნას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის არსებობის ან არარსებობის შესახებ.

5. დასკვნაში უნდა აღინიშნოს:

ა) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა;

ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი;

გ) სავარაუდო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული სხვა ინფორმაცია;

დ) მეზღვაურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული სახდელის სახე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. დისციპლინური სახდელი დაკისრებულად ითვლება გემის კაპიტნის მიერ წერილობით ბრძანებაზე ხელის მოწერის დღიდან, რომელიც უნდა აღინიშნოს გემის ჟურნალში.

7. გემის კაპიტნის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის არსებობის ან არარსებობის შესახებ გამოტანილ უნდა იქნას 10 დღის ვადაში, რომელიც აითვლება სავარაუდო  დისციპლინური გადაცდომის ფაქტის გამოვლენიდან.

8. კაპიტანი უფლებამოსილია ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გააგრძელოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

9. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა გაეცნოს დისციპლინურ სახდელშეფარდებულ პირს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

10. დისციპლინური გადაცდომის და შესაბამისი სახდელის დაკისრების ხანდაზმულობის ვადად განისაზღვროს 3 თვე.

11. დისციპლინური წარმოება უნდა დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან.

12. დაუშვებელია დისციპლინური სახდელი მეზღვაურს გამოეცხადოს სხვა პირების თანდასწრებით.

მუხლი 12. მეზღვაურის უფლებები  

1. სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს უფლება აქვს:

ა) დისციპლინური გადაცდომის შეფარდების საკითხთან დაკავშირებით მიმართოს სხვა პიროვნებას, რომელსაც შეუძლია მისცეს მეზღვაურს რჩევა-დარიგება ან გამოვიდეს მისი სახელით;

ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა;

გ) წარადგინოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება;

დ) წარადგინოს მტკიცებულება;

ე) გემთმფლობელთან გაასაჩივროს დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება.

2. მეზღვაური უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკაშირებით საჩივარი ასევე წარადგინოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

მუხლი 13. წახალისების ღონისძიებანი

კაპიტანი,  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია, მეზღვაურის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმა:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა.