საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9021
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 11/04/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016672
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9021
11/04/2022
ვებგვერდი, 19/04/2022
000000000.00.00.016672
საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/04/2022 - 03/11/2022)

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №9021

2022 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის    და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11  ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2  მუხლის მე-5  ნაწილისა და 52-ე მუხლის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით, 167-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები“, დანართი №1-ის სახით;

ბ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები“, დანართი №2-ის სახით.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტებზე წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, დავების დეპარტამენტი იღებს საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას და მომსახურების დეპარტამენტს უგზავნის დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავების დეპარტამენტის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას.

4. საბაჟო დეპარტამენტის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სანქციისაგან პირის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.

 

სამსახურის უფროსი                                                                                      ლევან კაკავა

 





დანართი №1

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით, 167-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები

1. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელისა და ნახევრადმისაბმელის (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალება) დეკლარირების ვადის დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება, თუ დეკლარირების ვადა დარღვეულია არაუმეტეს 60 კალენდარული დღით და სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია, შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) გაფორმების ორგანოში ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისას, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთების“ მე-13 გრაფით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურის (შემდგომში – მომსახურების საფასური) გადახდისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას საბაჟო სანქციის ოდენობის გრაფაში მიუთითოს ნულოვანი თანხა;

ბ) სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადების, აგრეთვე  ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევისა და მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციის, წარმოდგენის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება პირის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია  განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ: გამოცხადების/დეკლარირების ვადა დარღვეულია არაუმეტეს 60 კალენდარული დღით, სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია და სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება, ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცევის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ ინფორმაციის მითითებით. ამ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება.

3. ექსპორტში/რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადების ვადის დარღვევისა და უკანონო განკარგვისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გავალისწინებული სანქციებისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება წარმოდგენილია სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში ამ პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია და პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამოცხადების ვადის დარღვევის შემდეგ დატოვებული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორია. ამ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება, ამასთან:

ა) როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადა დარღვეულია არაუმეტეს 60 კალენდარული დღით, სამართალდამრღვევი პირი თავისუფლდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან;

ბ) როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადა დარღვეულია 60 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, სამართალდამრღვევი პირი თავისუფლდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციისაგან.

4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის (რაც გამოწვეულია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის არასწორად გამოყენებით) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ:

ა) სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია;

ბ) საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილი საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალის, სათანადოდ დამოწმებული ასლის ან რეტროსპექტიულად გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში განხორციელებულია შესაბამისი ცვლილება (შემცირებულია იმპორტის გადასახდელის თანხა);

გ) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება.

ამ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება.

5. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის უკანონო განკარგვისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციისგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ უკანონოდ განკარგული საქონლის საბაჟო ღირებულება არ აღემატება 25 000 ლარს და სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე, 168-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია. ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას საბაჟო სანქციის ოდენობის გრაფაში მიუთითოს ნულოვანი თანხა.

შენიშვნა:

ა) თუ უკანონოდ განკარგული საქონლის წინასწარი დეკლარირებისას წარდგენილი იყო შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი, აღნიშნული სერტიფიკატი შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს იმპორტის გადასახდელის დარიცხვის მიზნით საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შერჩეულია „ყვითელი დერეფანი“ შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენების კეთილსინდისიერების კრიტერიუმით ან „წითელი დერეფანი“;

ბ) თუ უკანონოდ განკარგული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 25 000 ლარს და დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შერჩეული არ ყოფილა „ყვითელი დერეფანი“ შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენების კეთილსინდისიერების კრიტერიუმით ან „წითელი დერეფანი“, იმპორტის გადასახდელისა და შესაფარდებელი ჯარიმის თანხის კორექტირება (შემცირება) შესაძლებელია განხორციელდეს უკანონოდ განკარგული საქონლის წინასწარი დეკლარირებისას წარდგენილი შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის გათვალისწინებით.

6. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჯარიმის თანხის კორექტირება ხორციელდება გადაწყვეტილების მიღებიდან, 5 სამუშაო დღის ვადაში და ეცნობება გადასახადის გადამხდელს.

 


 

დანართი №2

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 274-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული თარიღისთვის ან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის ნაწილში/აღიარებული მოსაკრებლის  ნაწილში;

ბ)  პირს, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იგივე ქმედება ჩადენილი არ ჰქონია.

2. ამავე ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული  ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ იმავე საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების შემდგომი დაზუსტებისას, როდესაც შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ აღემატება პირველადი დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ა) დღგ-ის  გადამხდელად   სავალდებულო   რეგისტრაციის   გარეშე   საქმიანობა გამოვლენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე;

ბ) გადასახადის გადამხდელს  საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან  ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების  თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში;

გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის  თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის   გადამხდელად   სავალდებულო   რეგისტრაციის   გარეშე   საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია;

დ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში პირმა დააფიქსირა ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.    

4. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცი(ებ)ის ან/და მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებისას (რომელთა მიხედვით მოხდა შეფარდებული სანქციის გამოანგარიშება) როდესაც დაზუსტებული მონაცემებით დამატებით დარიცხული თანხა (რომელთა მიხედვით უნდა მოხდეს სანქციის გამოანგარიშება)  არ აღემატება  პირველადი მონაცემებით დარიცხული თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული მონაცემებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება.

5. ამ დანართის მიზნებისათვის საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარმოდგენის თვე ითვლება სრულ კალენდარულ თვედ.


7. 04/02/2026 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 2243 - ვებგვერდი, 10/02/2026 6. 21/05/2024 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 11602 - ვებგვერდი, 22/05/2024 5. 01/02/2024 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 1751 - ვებგვერდი, 05/02/2024 4. 09/08/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 19617 - ვებგვერდი, 11/08/2023 3. 23/06/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 14559 - ვებგვერდი, 09/08/2023 2. 14/06/2023 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 13469 - ვებგვერდი, 22/06/2023 1. 03/11/2022 - შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი - 27777 - ვებგვერდი, 10/11/2022