COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1960
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025934
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1960
08/11/2021
ვებგვერდი, 09/11/2021
000000000.00.003.025934
COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/11/2021 - 30/12/2021)

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1960

2021 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით:

1. 60 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 (ორასი) ლარის, მიმღები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო) განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების პირველადად აცრის შემდეგ უზრუნველყოფს ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში განთავსებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სოციალური მომსახურების სააგენტო) კალენდარული თვის განმავლობაში ორჯერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით;

ბ) სოციალური მომსახურების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია, უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა ბენეფიციარისათვის სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა (სოციალური მომსახურების სააგენტო და სს „ლიბერთი ბანკი“) შეთანხმების შესაბამისად. სოციალური მომსახურების სააგენტო არ ახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის გადადარებას ან სხვაგვარ დამუშავებას.

3. სოციალური დახმარების გადარიცხვამდე ან გადარიცხვის შემდგომ, სოციალური დახმარების მიმღები პირის მოქალაქეობის დაკარგვის ან გარდაცვალების შეთხვევაში, კუთვნილი სოციალური დახმარება ექვემდებარება გადარიცხვას/გაცემას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების (პროგრამული კოდი: 27 02 06 06) ფარგლებში. იმ ბენეფიციარების დაფინანსება, რომელთა სოციალური დახმარების გაცემა ვერ მოხერხდება 2021 წლის განმავლობაში, განხორციელდება 2022 წლის ასიგნებების ფარგლებში.

5. განკარგულებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი) არ ექვემდებარება ყადაღასა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის ამ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.

პრემიერ-მინისტრი                                                               ირაკლი ღარიბაშვილი