დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025944 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №102
2022 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
1. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. 50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის 24 იანვრიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი ბუსტერ დოზით აიცრება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 100 (ასი) ლარის მიმღები.“.
2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი, 11 და 12 პუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო) განკარგულების პირველი, 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული პირების პირველადად აცრის ან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით ბუსტერ დოზით აცრის შემდეგ უზრუნველყოფს ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში განთავსებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სოციალური მომსახურების სააგენტო) კალენდარული თვის განმავლობაში ორჯერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით;
ბ) სოციალური მომსახურების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია, უზრუნველყოს განკარგულების პირველი, 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა ბენეფიციარისათვის სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა (სოციალური მომსახურების სააგენტო და სს „ლიბერთი ბანკი“) შეთანხმების შესაბამისად. სოციალური მომსახურების სააგენტო არ ახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის გადადარებას ან სხვაგვარ დამუშავებას.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები