სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ

სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017448
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
43
26/02/2021
ვებგვერდი, 01/03/2021
040170310.22.033.017448
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/03/2021 - 05/04/2021)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №43

2021 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 25 ივნისის №6487- IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი




სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, ელექტრონულად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესს.

2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე ვრცელდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“.

3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის რეგისტრაცია, ელექტრონულად იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელოს წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ხოლო მოთამაშის პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია – ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

4. ოპერატორი ვალდებულია, თამაშობაში მონაწილეობის მისაღებად საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს მხოლოდ ამ წესის (ელექტრონულად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის შემთხვევაში) და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის (პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის შემთხვევაში) შესაბამისად იდენტიფიცირებულ და ვერიფიცირებულ პირებთან.

5. ამ წესისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას, ხოლო ლატარიის ორგანიზატორის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იდენტიფიკაცია − პირის ამ წესით (ელექტრონულად იდენტიფიკაციის შემთხვევაში) და ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით (პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციის შემთხვევაში) განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვება, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა;

ბ) ვერიფიკაცია − ამ წესით (ელექტრონულად ვერიფიკაციის შემთხვევაში) და ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით (პირისპირ (არაელექტრონულად) ვერიფიკაციის შემთხვევაში) განსაზღვრული ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმების საშუალებას იძლევა;

გ) ოპერატორი – „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის და შესაბამისი ნებართვის საფუძველზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობი;

დ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით;

ე) სათამაშო ანგარიში – სათამაშო პლატფორმაზე შექმნილი ანგარიში, რომელიც გამოიყენება მოთამაშის მიერ სათამაშო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად და სადაც ხდება თანხების განთავსება, ფსონების დადება და თანხების გამოტანა მოთამაშის მიერ;

ვ) სანქციადაკისრებულ პირთა სია – „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციადაკისრებულ პირთა სია.

მუხლი 3. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის საფუძვლები

1. ოპერატორი ვალდებულია მოთამაშის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განახორციელოს ყველა შემდეგ შემთხვევაში:

ა) მოთამაშის რეგისტრაცია;

ბ) რისკზე დაფუძნებული მიდგომა.

2. ოპერატორი უფლებამოსილია მოთამაშის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია განახორციელოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის/შუამავლის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ოპერატორმა მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებლივ უნდა მოიპოვოს ამ წესით განსაზღვრული მოთამაშის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

3. ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მესამე პირისგან/შუამავლისგან კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტების ასლების, მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიღება.

4. ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობა დააკმაყოფილოს:

ა) მესამე პირთან/შუამავალთან გაფორმებული ხელშეკრულებით;

ბ) მესამე პირის/შუამავლის მიერ წერილობით ნაკისრი ვალდებულებით; ან

გ) ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფარგლებში განსაზღვრული დოკუმენტების გაცვლის წესებით.

5. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ოპერატორს ეკისრება.

მუხლი 4. ვებგვერდზე მოთამაშის რეგისტრაცია

1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოთამაშის ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად მოთამაშის მიერ ელექტრონულად, ასევე ოპერატორის მიერ მოთამაშის უშუალოდ პირისპირ კონტაქტის საფუძველზე.

2. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოთამაშის სახელი და გვარი;

ბ) მოთამაშის დაბადების თარიღი;

გ) მოთამაშის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;

ე) მოთამაშის აქტიური ტელეფონის ნომერი;

ვ) მოთამაშის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი;

ზ) მოთამაშის ელექტრონული ფოსტის მისამართი;

თ) მოთამაშის პაროლი;

ი) თანხმობის ღილაკი, რომ მოთამაშე ეთანხმება წესებს/პირობებს, სრულწლოვანია და არ მისცემს მისი სათამაშო ანგარიშით სარგებლობის უფლებას სხვა პირ(ებ)ს.

3. ოპერატორი უფლებამოსილია, რეგისტრაციისას მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მითითება, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მოთამაშის პიროვნების დასადგენად ან/და მასთან საკომუნიკაციოდ.

4. ოპერატორი ვალდებულია, რეგისტრაციის დასრულების და სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული ტელეფონის ნომრის გადამოწმების მიზნით, სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნოს მოკლე ვადიანი ერთჯერადი კოდი.

5. ოპერატორი მოთამაშის რეგისტრაციას ასრულებს მას შემდეგ, რაც მოთამაშე რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ვებგვერდზე შესაბამის ველში შეიყვანს სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიღებულ ერთჯერად კოდს.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილება ვერიფიცირებული მოთამაშის მიერ დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნული ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისიწინებული ინფორმაციის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით მოთამაშის ხელახალი ვერიფიკაციის გზით.

მუხლი 5. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი

1. იდენტიფიკაციის პროცედურის გასავლელად, ოპერატორი იყენებს მოთამაშის მიერ ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ პირად საიდენტიფიკაციო მონაცემებს/ინფორმაციას.

2. ოპერატორი ვალდებულია, საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთამაშედ რეგისტრაციისა და რისკზე დაფუძნებული მიდგომისას, გადაამოწმოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ამ მიზნით, ოპერატორი უფლებამოსილია სააგენტოდან მიიღოს მოთამაშის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა, ფოტოსურათი და რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი.

3. ვერიფიკაციის განსახორციელებლად მოთამაშემ ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოთამაშის ფოტოსურათს.

4. ოპერატორი ვალდებულია მოთამაშის ვერიფიკაცია განახორციელოს ქვემოთ მოცემული რომელიმე წესის შესაბამისად:

ა) ვებგვერდზე მოთამაშის ვერიფიკაციის მიზნით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს მოთამაშის ფოტოსურათი, გადაღებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტთან ერთად, სადაც გარკვევით იკითხება დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ჩანს ფოტოსურათი და მოთამაშის სახე;

ბ) ვიდეო ზარის მეშვეობით. ვიდეო ზარის მეშვეობით მიღებული გამოსახულება პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს;

გ) მოთამაშესთან უშუალო კონტაქტის გზით, რა დროსაც ოპერატორი პირისპირ მოახდენს მის ვერიფიკაციას;

დ) მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით. ლატარიის ორგანიზატორის შემთხვევაში, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით;

ე) ტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომელიც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს გადაღებულ ფოტოსურათსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოსურათზე ან/და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობის დასადგენად.

შენიშვნა: დაუშვებელია მოთამაშის რეგისტრაციისას ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით მოთამაშის ვერიფიკაცია.

5. ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დარწმუნდეს, რომ სარეგისტრაციო მონაცემები შეესაბამება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ფოტოსურათზე მითითებულ პიროვნებას, „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ვიდეო ზარის განმახორციელებელ პირს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში უშუალოდ ადგილზე მისულ პირს, და აღნიშნული პირი არ იძებნება სანქციადაკისრებულ პირთა სიაში.

6. მოთამაშის მიერ რეგისტრაციისას არასრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ოპერატორი უფლებამოსილია, მოთამაშეს მისცეს ინფორმაციის/დოკუმენტების დამატებით წარდგენის შესაძლებლობა.

7. ამ წესის შესაბამისად ოპერატორის მიერ მოთამაშის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით.

მუხლი 6. ოპერატორის ვალდებულებები

ოპერატორი ვალდებულია:

ა) არ დაუშვას მოთამაშე სათამაშოდ და არ მიიღოს თანხა ან/და ფსონები ამ წესის (ელექტრონულად იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემთხვევაში) და ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის (პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემთხვევაში) შესაბამისად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გარეშე;

ბ) გამოიყენოს მოთამაშეთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის პროგრამული (ელექტრონული) უზრუნველყოფა;

გ) სრულფასოვანი შემოწმების მიზნით, მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით, უზრუნველყოს სანებართვო პირობების შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის წვდომა მოთამაშეთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის შიდა სისტემაზე;

დ) არ დაუშვას ერთი და იგივე პირისათვის ორი ან მეტი სათამაშო ანგარიშის გახსნა;

ე) შეინახოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოებს;

ვ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიმუშაოს საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის პროპორციული რისკზე დაფუძნებული მიდგომა;

ზ) განახორციელოს მოთამაშის ვერიფიკაცია მისი რეგისტრაციისას და რისკზე დაფუძნებული მიდგომით;

თ) მოთამაშის ვერიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტები/ინფორმაცია შეინახოს იმგვარად, ინფორმაციის შესაბამის მატარებელზე, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოთამაშის რეგისტრაციის თარიღისთვის მისი ვერიფიცირების დასაბუთება;

ი) ვებგვერდზე ამ წესის შესაბამისად ვერიფიცირებული მოთამაშისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მინიჭებული უნიკალური კოდი.

მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

ამ წესის ძალაში შესვლის მომენტისთვის მოქმედი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელების და ლატარიის ორგანიზატორის მიერ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაში მონაწილეობისთვის 2021 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებული მოთამაშის იდენტიფიკაციისთვის/ვერიფიკაციისთვის მოქმედებს შემდეგი წესი:

ა) თუ 2021 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი აქვს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესის შესაბამისად, ასეთი მოთამაშე 2022 წლის 1 იანვრამდე ჩაითვალოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად;

ბ) თუ 2021 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი არ აქვს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესის შესაბამისად, 2021 წლის 1 აპრილამდე ასეთი მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ვერიფიცირების შემთხვევაში, ასეთი მოთამაშე 2022 წლის 1 იანვრამდე ჩაითვალოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად;

გ) 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ, მოთამაშე ჩაითვლება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად იმ მომენტიდან, როდესაც ის აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დროის მიუხედავად:

გ.ა) გავლილი აქვს ვერიფიკაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესის შესაბამისად;

გ.ბ) გააქტიურებული აქვს ტელეფონის ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდით;

გ.გ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები გადამოწმებულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.