კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე

კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 26/10/2020
დოკუმენტის ტიპი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 04/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016016
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
26/10/2020
ვებგვერდი, 26/10/2020
240140000.41.046.016016
კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/10/2020 - 05/09/2022)

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №39

2020 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის

წესიდამტკიცების თაობაზე


„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის და 111 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი“.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-4 ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.

 


კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე



კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის

წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) შესაბამისად.

2. ამ წესის  მიზანია:

ა) საქართველოს  კონკურენციის ეროვნული სააგენტოსათვის (შემდგომში  „სააგენტო“) წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის ზღვრული ოდენობის, შეტყობინებისა და განხილვის პროცედურების განსაზღვრა;

ბ) შესაბამის სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონცენტრაციის ცვლილების შეფასება, ეკონომიკურ აგენტთა ისეთი კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე;

გ)   შეტყობინების წარდგენის ფორმის განსაზღვრა;

დ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

3. ამ წესით დგინდება:

ა) სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას (შემდგომში „შეტყობინება“) დაქვემდებარებული კონცენტრაციის კრიტერიუმები;

ბ) შეტყობინების წარდგენის წესი და განხილვის პროცედურები.


მუხლი 2. კონცენტრაციის მხარის/დაინტერესებული მხარის უფლებები და ვალდებულებები
1. კონცენტრაციის მხარეს უფლება აქვს:

ა) ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი შეტყობინების განხილვის პროცესში;

ბ) სააგენტოს წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები შეტყობინების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე;

გ) გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;

დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაგრძელება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს მის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა;

ვ) სააგენტოს შესთავაზოს ოპერაციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით.

2. საქმის პროცესის მონაწილე დაინტერესებული მხარე სარგებლობს მხარისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული ყველა უფლებით, გარდა „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებისა.

3. კონცენტრაციის მხარე ვალდებულია:

ა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაიხადოს შეტყობინების განხილვის საფასური;

ბ) სააგენტოს მიაწოდოს მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;

გ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გამოცხადდეს ახსნა-განმარტებაზე.


მუხლი 3. შეტყობინების ვალდებულებას დაქვემდებარებული კონცენტრაციები და შეტყობინების შედეგები
1. სააგენტოსათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის  წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

2. იმ პირის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის არსებული წლიური ბრუნვა.

3. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილება კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.


მუხლი 4.  წლიური ბრუნვის გამოთვლა
1. ერთობლივი წლიური ბრუნვა გულისხმობს შეტყობინების წინა ფინანსური წლის განმავლობაში კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამურ წლიურ ბრუნვას.

2. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი წლიური ბრუნვის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი ბრუნვა, შესაბამისი ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების საფუძველზე.

3.  კონცენტრაციის მონაწილეთა წლიური ბრუნვის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ერთეულების ჯამური წლიური ბრუნვა:

ა)  კონცენტრაციაში მონაწილე პირი;

ბ) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოები;

გ) საწარმოები, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილე პირთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ.

4. უცხოური კომპანიის მონაწილეობით განხორციელებული კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამური წლიური ბრუნვის გამოთვლისას გაითვალისწინება ამ კომპანიის  მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული წლიური ბრუნვა.


მუხლი 5. შეტყობინების წარმდგენი პირი
შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება:

ა) შეძენის, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით კონტროლის მოპოვების შემთხვევაში   შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს;

ბ) შერწყმის/გაერთიანების შემთხვევაში   ოპერაციის ყველა მონაწილეს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით;

გ) ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში   ოპერაციის ყველა მონაწილეს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით.


მუხლი 6. შეტყობინების ვადა
1. კონცენტრაციის მონაწილეებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე (მათ შორის, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე).

2. თუ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით, უწყვეტი სამი კალენდარული წლის განმავლობაში,  კონტროლის მომპოვებელ პირს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა იმ ტრანზაქციის უშუალო განხორციელებამდე, რომლითაც ხდება კონტროლის მოპოვება.

 


მუხლი 7. შეტყობინების წარდგენის წესი და დასაშვებობის პროცედურა
1. პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სრულყოფილად შევსებული დანართი №1-ის შესაბამისი შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების და მათი მახასიათებლების შესახებ, ასევე, ინფორმაციას დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ, კონცენტრაციის დეტალურ აღწერას, დამატებით შენიშვნებს და ა.შ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარის და მათი მაკონტროლებელი პირ(ებ)ის მფლობელობაში არსებული საწარმოების შესახებ;

ბ) კონცენტრაციის მონაწილე თითოეული მხარის მიერ უკანასკნელი ფინანსური წლის განმავლობაში წარმოებული, შეძენილი და რეალიზებული ძირითადი საქონლის/მომსახურების მოცულობა ასორტიმენტის მიხედვით;

გ) უკანასკნელი ფინანსური წლის მონაცემები კონცენტრაციის მონაწილე თითოეული მხარის ძირითადი მომწოდებლებისა და  შემსყიდველების/მომხმარებლების შესახებ.

3. შეტყობინება სააგენტოში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. სააგენტო შეტყობინების მიღებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და დანართი №1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

5. თუ წარდგენილი შეტყობინება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სააგენტო შეტყობინების წარმდგენს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

6. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს სააგენტო.

7. თუ შეტყობინების წარმდგენი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შეტყობინების განუხილველად დატოვების შესახებ.

8. შეტყობინების განხილვის ვადის ათვლა იწყება სააგენტოში სრულყოფილი შეტყობინების წარმოდგენის მომენტიდან.

9. სრულყოფილი შეტყობინების შემოსვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს, დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა თუ არა კანონის რეგულირების სფეროში და მისი კომპეტენციის ფარგლებში, რის თაობაზეც აცნობებს შეტყობინების წარმომდგენ პირ(ებ)ს.

10. თუ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების სფეროში და სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას განხილვას იწყებს შეტყობინების განხილვის საფასურის  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის მეორე სამუშაო დღიდან.

11. სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვის საფასური შეადგენს 5000 ლარს, იმის მიუხედავად, თუ რამდენი მხარე ჰყავს კონცენტრაციას და შეტყობინებას წარმოადგენს ერთი პირი თუ რამდენიმე.

12. შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შეტყობინება განხილვას არ ექვემდებარება.

13. თუ სააგენტოს წარედგინა შეტყობინება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროში კონცენტრაციის თაობაზე, იგი ამ შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს, გარდა კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

14. თუ ცალსახად არ დგინდება შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო, ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული ვადა იზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეტყობინების განხილვის ვადის ათვლა იწყება შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოდ სააგენტოს განსაზღვრის შემდგომ.

16. თუ შეტყობინების განხილვის საფასური გადახდის შემდგომ დადგინდა, რომ შეტყობინება არ ექვემდებარება სააგენტოს მიერ შესწავლას, გადახდილი საფასური უბრუნდება შესაბამის პირს.

 


მუხლი 8. შეტყობინების განხილვის პროცედურა
1. თუ შეტყობინება შეესაბამება ამ წესის მე-7 მუხლის მოთხოვნებს, სააგენტო ვალდებულია, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

2. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს დაგეგმილი კონცენტრაციის მხარეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება.

3. კონცენტრაციის მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება, ხოლო ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ხსენებული ვადის დინების განახლების საფუძველია.

4. სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე წარმოადგინონ მოსაზრებები სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. გამოქვეყნებული ინფორმაცია, კონცენტრაციაში მონაწილე პირთა კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნის და იმ ეკონომიკური დარგების/ბაზრების თაობაზე, რასაც  ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.

5. სააგენტო უფლებამოსილია, შეტყობინების განხილვის პროცესში გაეცნოს დაინტერესებული პირების, კონცენტრაციის მხარეების კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისა და დარგის ექსპერტების პოზიციებს დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით.

6. მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდგომ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;

ბ) შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან ან საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია განიხილოს შეტყობინება ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში.

8. ამ მუხლის პირველი ან/და მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება.

9. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

10. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე, მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ.

11. თუ კონცენტრაცია იწვევს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას,  ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან მომსახურების ბაზარზე,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონცენტრაციის მხარე დაასაბუთებს საწინააღმდეგოს.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციის მხარე სააგენტოს დაუსაბუთებს, რომ დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნის ან გაძლიერების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და მოჰყვება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

13. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო ვალდებულია შეტყობინების წარმომდგენ პირს მისცეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

14. ამ მუხლის  მე-13 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეტყობინების წარმომდგენი პირის მიერ პოზიციის ზეპირად დაფიქსირების შემთხვევაში, დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი და სააგენტოში შეტყობინების წარმომდგენი პირი.

15. სააგენტო მარეგისტრირებელ ორგანოს უგზავნის იმ ბრძანების ასლს, რომლის შესაბამისადაც მტკიცდება სააგენტოს გადაწყვეტილება კონცენტრაციის თაობაზე, მისი მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში.


მუხლი 9. თანამშრობლობის ფორმები
1. კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტო ვალდებულია, მიმართოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.

2. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;

ბ) შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს სააგენტოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;

გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კონცენტრაციის მხარეების მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების თაობაზე;

3. სააგენტოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან ან კონცენტრაციის მხარეების მიერ განსახორციელებელ სტრუქტურულ ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

4. გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო შებოჭილი არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს პოზიციით, თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.


მუხლი 10. სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის უფლება
1. სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს როგორც კონცენტრაციის მხარისგან, ასევე სხვა ეკონომიკური აგენტის/დაინტერესებული მხარისგან, თუ ეს საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი  გარემოებების დადგენას.

2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით  განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვადა.


მუხლი 11. ინფორმაციის მიწოდება
1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი სააგენტოს იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. თუ ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

3. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება.

4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 12. ინფორმაციის მიუწოდებლობა
1. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:

ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;

ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;

გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება.

2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.


მუხლი 13. ინფორმაციის მიუწოდებლობის შედეგები
1. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას  სამი ათასი ლარის ოდენობით. ხოლო ფიზიკური პირის  დაჯარიმებას – ათასი ლარის ოდენობით.

2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში,  იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით. ხოლო, ფიზიკურ პირს – სამი ათასი ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

4. ინფორმაციის  მიუწოდებლობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სააგენტოს უფლება აქვს, კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2173 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.


მუხლი 14. სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები
1. თუ კანონის 11 1 მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე ეტაპზე,  სააგენტოს გაუჩნდა გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან და შედეგად, მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, ამის შესახებ  წერილობით აცნობებს კონცენტრაციის მხარეებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კონცენტრაციის მხარეებს ეცნობებათ ყველა ის გარემოება, რაც აჩენს ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვის გონივრულ ეჭვს. მხარეს ასევე განემარტება მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, მათ შორის კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ან/და ქცევით ხასიათის ღონისძიების სახით ოპერაციის ცვლილების შეთავაზების უფლების შესახებ. ამასთან, მხარეს განესაზღვრება ვადა მოსაზრების და დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია, მხარეს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს 15 სამუშაო დღით გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, რაც კანონის 11 1 მუხლის მე-6 და მე-9  პუნქტებით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.

4. კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მხარის/მხარეების მიერ სააგენტოსათვის შესაძლოა შეთავაზებულ იქნეს ოპერაციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით:

ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს მხარის/მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომლის განხორციელების შედეგად, იცვლება ბაზრის სტრუქტურა და ამ ბაზარზე შესაბამისი ეკონომიკური აგენტის მდგომარეობა. სტრუქტურული ხასიათის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს საქმიანობის/ბიზნესის ან აქტივების/წილის გაყიდვის გზით, ასევე, სხვა იმგვარი საშუალებით, რომელიც გავლენას ახდენს ბაზრის სტრუქტურაზე;

ბ) ქცევითი ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს მხარის/მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მის/მათ მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელებას ან კონკრეტული ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის შენარჩუნების მიზნით.

5. სააგენტო მხარის/მხარეების მიერ წარმოდგენილი სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების განხილვისას სხვა საკითხებთან ერთად აანალიზებს, თუ რამდენად არის შეთავაზებული ღონისძიებები პროპორციული და საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კონცენტრაციის განხორციელების შედეგად საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე  ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა. გარდა ამისა, სააგენტო აანალიზებს, თუ რამდენად განხორციელებადია შემოთავაზებული ღონისძიებები.

6. სააგენტო უფლებამოსილია, სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მხარის/მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით,  ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს კონცენტრაციის მხარეები.  

7. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, კონცენტრაციის მხარეებს მისცეს დამატებითი ვადა შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების დასაკორექტირებლად.

8. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ  მოდიფიკაციის შედეგად, კონცენტრაცია არსებითად არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

9. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ  მხარის/მხარეების მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ. სააგენტოს გადაწყვეტილებაში, სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე მიეთითება მიზეზები, თუ რატომ მიიჩნია სააგენტომ შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები მიუღებლად.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მხარის/მხარეების მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიების თაობაზე, შესაბამისი ვადის მითითებით.

11. სააგენტო უფლებამოსილია, კონცენტრაციის მხარის/მხარეების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ ერთხელ, გონივრული ვადით, გააგრძელოს შესაბამისი ღონისძიების განსახორციელებლად დაწესებული ვადა.

12. თუ კონცენტრაცია უკვე განხორციელდა და კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ არის შესრულებული სააგენტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ღონისძიებები, სააგენტო კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს აკისრებს/აკისრებთ ჯარიმას კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევას უთანაბრდება სიტუაცია, როდესაც ღონისძიებები ნაწილობრივ არის განხორციელებული ან სააგენტო ჩათვლის, რომ მხარის/მხარეების მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ არის სრულ თანხვედრაში მის გადაწყვეტილებასთან.

13. ჯარიმის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა მისი ფიზიკური პირისთვის ან სხვა პირისთვის დაკისრების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.

15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლად ითვლება სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წელი. ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი. 

16. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო, ჯარიმის დაკისრების პარალელურად, მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვს კონცენტრაციის გაუქმებას, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით. აღნიშნულის მისაღწევად, პირს შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა სახის ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის, კონკრეტული ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ. ასევე, პირს განესაზღვრება ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის.

17. სააგენტო უფლებამოსილია, კონცეტრაციის მხარეებს მოსთხოვოს ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების თაობაზე, გარკვეული პერიოდულობით.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა, არასრული ან არასწორი სახით მიწოდება გამოიწვევს შესაბამისი პირის  დაჯარიმებას კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად.


მუხლი 15. კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების დაუშვებლობა და მისი შედეგები
1. თუ კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების ქვეშ, კონცენტრაციის მხარეებს ეკრძალებათ მისი განხორციელება, სააგენტოსათვის შეტყობინების გარეშე, სააგენტოს მიერ დასკვნის გაცემამდე ან/და სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში.

2. იმ პირების კონცენტრაციის რეგისტრაციისათვის, რომელთაც ეკისრებათ სააგენტოსათვის შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია სააგენტოს დასკვნა მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე. სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

3. სააგენტოს უფლებამოსილია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ან/და ნებისმიერი წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, განიხილოს განხორციელებული კონცენტრაციის საკითხი, განსაზღვროს, ექვემდებარებოდა თუ არა კონცენტრაცია სააგენტოსათვის შეტყობინებას და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

4. სააგენტოსათვის კონცენტრაციის შეტყობინების წარუდგენლობის, სააგენტოს უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების ან/და შეტყობინების განხილვის ვადის ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ დასკვნის გაცემამდე კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5 პროცენტს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლად ითვლება სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წელი. ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი.  

6. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსათვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. ჯარიმის დაკისრების პარალელურად, შეტყობინების წარმოდგენის ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სააგენტო და იგი არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების პარალელურად, სააგენტო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვოს კონცენტრაციის გაუქმებას, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, თუ:

ა) არსებობს სააგენტოს გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის თაობაზე;

ბ) სააგენტომ განიხილა კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაცია და იგი  დაუშვებლად მიიჩნია.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 16. სააგენტოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნება
1. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში.

2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების დროს დაცული უნდა იყოს სახელმწიფო, კომერციული, საბანკო, პროფესიული ან საგადასახადო საიდუმლოება.

დანართი №1

 

შეტყობინება კონცენტრაციის თაობაზე

 

1. ზოგადი მონაცემები

მონაწილე სუბიექტები

ა) ეკონომიკური აგენტის სახელწოდება/პირის სახელი, გვარი;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) საქმიანობის სფერო;

ე) საკონტაქტო პირი და მისი საკონტაქტო მონაცემები (ელ.ფოსტა, ტელეფონი).

1.

2.

3.

4.

5.

 

2. ზოგადი ინფორმაცია კონცენტრაციის შესახებ

 

კონცენტრაციის  ფორმა

 

 

კონცენტრაციის მიზანი

 

 

3. მონაწილე სუბიექტთა მახასიათებლები

ა) კონცენტრაციის მონაწილე მხარეების წილის მფლობელები;

 

ბ) მონაწილე მხარეების  ურთიერთდამოკიდებული კონომიკური აგენტები;

 

გ) „ა“ და „ბ“  პუნქტებში აღნიშნული მონაცემების ამსახველი სქემა/დიაგრამა  დანართის სახით (მიუთითეთ დანართის ნომერი);

 

დ) მიუთითეთ თქვენ მიერ აღნიშნული ეკონომიკური აგენტებიდან რომლები საქმიანობენ გაცხადებული კონცენტრაციის შესაბამის ბაზარზე;

 

 ე) მიუთითეთ დანართის სახით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თქვენს მიერ შეძენილი წილები „დ“ პუნქტში მითითებულ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისაგან;

 

ვ)  მიუთითეთ შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის განმავლობაში კონცენტრაციის თითოეული მხარის ბრუნვის მოცულობა:

ვ.1“ ქვეყნის შიდა ბაზარზე

„ვ.2.“ საერთაშორისო ბაზარზე (შიდა ბაზრის ჩათლით)

შენიშვნა: თუ პირის სამეწარმეო  საქმიანობა მიმდინარე წელს დაწყებულია, მაშინ მიეთითება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის არსებული წლიური ბრუნვა.

 

1.    

2

3

4

5

 

4. კონცენტრაციის დეტალური აღწერა

 

მიუთითეთ:

  • დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისი ბაზარი (შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული და დროითი ჩარჩო);
  • მეთოდი, რომლითაც იხელმძღვანელეთ შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას;
  •  რა მიზნით ხორციელდება აღნიშნული კონცენტრაცია და რას გეგმავს კონცენტრაციის შემდეგ შესაბამისი სუბიექტი (მისი უახლოესი 24 თვის ეკონომიკური და ბიზნეს გეგმები);
  •  რა შედეგებს მოიტანს კონცენტრაცია ბაზარზე;
  • კონცენტრაციის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენების შესახებ ინფორმაცია
  • გაქვთ თუ არა რაიმე სახის იურიდიული და ეკონომიკური კვლევა, რომელიც შეიძლება იძლეოდეს კვალიფიციურ პასუხს ზემოაღნიშნულ შეკითხვებზე (კვლევის შემთხვევაში დაურთეთ იგი შეტყობინებას დანართის სახით);
  • მინიმუმ სამი საკითხი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტაზე და რაზეც უნდა  იქნეს თქვენი აზრით სააგენტოს მიერ ყურადღება გამახვილებული.

 

5. დამატებითი შენიშვნები

(მიუთითეთ ზემოთ აღნიშნული მონაცემების გარდა, თქვენს ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია ან შენიშვნა, რომელიც, თქვენი აზრით, შეიძლება მნიშვნელოვანი  იყოს გადაწყვეტილების მიღებისას)

 

♦  ვადასტურებთ, რომ შეტყობინებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩვენთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.

           

         კონცენტრაციის მონაწილე პირების წარმომადგენლების ხელმოწერა:

1. ---------------- 

2.  ---------------- 

3. ---------------- 

4. ---------------- 

5. ---------------- 

 

შეტყობინების შემომტანი პირის ხელმოწერა:

 

თარიღი: