„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 31/07/2024
დოკუმენტის ტიპი სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016043
2
31/07/2024
ვებგვერდი, 01/08/2024
240140000.41.046.016043
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება  №2

2024 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2020, 240140000.41.046.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 11:

მუხლი 11. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის აქ გამოყენებულ  ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ჰორიზონტალური კონცენტრაცია – ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა (კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა) კონცენტრაცია;

ბ) არაჰორიზონტალური კონცენტრაცია – სხვადასხვა შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაცია, რომელიც შეიძლება იყოს ვერტიკალური ან კონგლომერატული;

გ) კონგლომერატული კონცენტრაცია – ისეთი ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია, რომლებიც არც ვერტიკალურ და არც ჰორიზონტალურ  დამოკიდებულებაში არ არიან ერთმანეთთან;

დ) ვერტიკალური კონცენტრაცია – ისეთი ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია, რომლებიც მოქმედებენ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81, 82 და 83 მუხლები:

„მუხლი 81.  კონცენტრაციის თავსებადობის შეფასება კონკურენტულ გარემოსთან

1. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. 

2. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, დაუშვებელია.

3. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს.

4. იმის დასადგენად, კონცენტრაცია ზღუდავს თუ არა ეფექტიან კონკურენციას, სააგენტო აფასებს ბაზრის შედეგიანობას, როგორც საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის შედეგს, შემდეგი სახის ინდიკატორების საფუძველზე:

ა) ბაზრის სტრუქტურა;

ბ) ფასების სიმცირე;

გ) მოგების სიდიდე;

დ) მიღებული პროდუქციის ხარისხი;

ე) წარმოებისა და გაყიდვის ხარჯების შემცირება;

ვ) ტექნიკური პროგრესი;

ზ) სხვა ინდიკატორები, რომელთა გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის სააგენტო.“.

„მუხლი 82. ჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები

1. თუ კონცენტრაციის შედეგად საქართველოს ან მის  ნაწილში ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი  არ აღემატება 25%-ს, ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.

2.  თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ  ეკონომიკურ  აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი არ აღემატება 1250-ს,  ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.

3. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ  ეკონომიკურ  აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი 1250-დან 2250-მდეა და მისი ცვლილება არ აღემატება 250-ს ან ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი მეტია 2250-ზე და მისი ცვლილება ნაკლებია 150-ზე, მაშინ ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

ა) კონცენტრაციაში მონაწილეობს პოტენციური კონკურენტი ან ბაზრის მცირე წილის მქონე ეკონომიკური აგენტი, რომელიც კონცენტრაციამდე ცოტა ხნით ადრე შემოვიდა ბაზარზე;

ბ) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა ინოვაციური პოტენციალი კონცენტრაციის მომენტისათვის მოცემული ბაზრის სტრუქტურაში ასახული არ არის;

გ) სახეზეა ბაზრის მონაწილე სუბიექტებს  შორის ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ერთმანეთის წილების ფლობას და  ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;

დ) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი მინიმუმ 50%-ია;

ე) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

ვ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;

ზ) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.“.

„მუხლი 83. არაჰორიზონტალური კონცენტრაციის  შეფასების კრიტერიუმები

თუ არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შედეგად შექმნილი ეკონომიკური აგენტი შერწყმისთვის გაცხადებულ თითოეულ შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის შედეგად არ მოიპოვებს 30%-ზე მეტ საბაზრო წილს ან/და თითოეულ ასეთ ბაზარზე ჰერფინდალ – ჰირშმანის ინდექსი ნაკლებია 2250-ზე,  ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

ა) საბაზრო ძალის ან ინოვაციური პოტენციალის გამო მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა წილის მნიშვნელოვანი ზრდა;

ბ) ბაზრის მონაწილეთა შორის არსებობს მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ ერთმანეთის წილების ფლობას, ასევე ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;

გ) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების  ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

დ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური  შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;

ე) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე