ენერგოეფექტურობის შესახებ

ენერგოეფექტურობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5898-სს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280020.05.001.019857
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5898-სს
21/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
300280020.05.001.019857
ენერგოეფექტურობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/05/2020 - 09/02/2023)

 

საქართველოს კანონი

 

 

ენერგოეფექტურობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია:

ა) ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა;

ბ) ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით დადგენილი მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად;

გ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცედურის ჩამოყალიბება;

დ) ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიღების პროცედურის ჩამოყალიბება;

ე) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ჩამოყალიბება ენერგიის დაზოგვის უზრუნველსაყოფად;

ვ) ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის, მისი კოორდინაციის, კონტროლის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელება.

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედების სფერო მოიცავს:

ა) ჰორიზონტალურ (სექტორთაშორის) პოლიტიკას, რომელიც გავლენას ახდენს საჯარო და კერძო სექტორებზე და დაკავშირებულია ენერგომომსახურებასთან და მის მონიტორინგთან, გაზომვასა და დადასტურებასთან;

ბ) კონკრეტულ სექტორებს: კერძო შენობების, მათ შორის, კომერციული დანიშნულების შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების, გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებს.

2. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო და კერძო დაწესებულებების, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, ენერგომომსახურების მიმწოდებლების, მრეწველობისა და ეკონომიკის სხვა სექტორების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობის ზომებს ენერგიის ეფექტური მოხმარების, ენერგოდაზოგვის ხელშეწყობისა და ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების პროცესში.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არსებითი განახლება − დანადგარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება აღემატება ახალი, მსგავსი დანადგარის მოწყობისთვის საჭირო საინვესტიციო თანხის 50%-ს;

ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემა − ელექტრონული სისტემა, რომელსაც შეუძლია ენერგიის მოხმარების გაზომვა, მრიცხველით აღრიცხულ სტანდარტულ ინფორმაციაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება და მონაცემების ელექტრონული კომუნიკაციით გაცვლა;

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი;

დ) გაზომვისა და დადასტურების პლატფორმა (შემდგომ − პლატფორმა) − ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ენერგოდანაზოგის სხვადასხვა პარამეტრის, მათ შორის, ენერგიის მოხმარების, დადასტურებისთვის;

ე) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი;

ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც მიიღება განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ოკეანის ენერგია, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნაგავსაყრელებზე ორგანული მასალის დაშლით მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდ ნაგებობებში წარმოქმნილი გაზი და ბიოგაზი;

ზ) გარემოსდაცვითი მართვის სისტემა − საწარმოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთმოქმედი ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავს ეკოლოგიურ ამოცანებს და ამ ამოცანების შესრულების სტრატეგიას;

თ) ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნა − ენერგიის რაოდენობა, რომელიც არ აღემატება გათბობისა და გაგრილებისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობას და რომლის დაკმაყოფილება, კოგენერაციის გარდა, შესაძლებელია სხვაგვარად, საბაზრო პირობებში გენერირებული ენერგიით;

ი) ენერგეტიკული გაერთიანება − საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, მის წევრ ქვეყნებს დაეხმაროს ევროკავშირთან ინტეგრირებული პანევროპული (ევროპული ღირებულებების მქონე) ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებაში;

კ) ენერგია − ყველა სახის ენერგია, მათ შორის, საწვავის, თბური, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, ელექტროენერგია ან ნებისმიერი სხვა ფორმის ენერგია;

ლ) ენერგიის გამანაწილებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ჩათვლით), რომელიც პასუხისმგებელია ენერგიის ტრანსპორტირებისთვის ან განაწილების სადგურებში ტრანსპორტირებისთვის მისი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით;

მ) ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი − პირველადი ენერგიის მოხმარების ან ენერგიის საბოლოო მოხმარების შემცირების მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრულია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით ან ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმით;

ნ) ენერგიის მიმწოდებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ენერგიას საბოლოო მომხმარებელს აწვდის;

ო) ენერგიის საბოლოო მოხმარება − ენერგია, რომელიც მიეწოდება მრეწველობის, ტრანსპორტის, შინამეურნეობების, მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს. ენერგიის საბოლოო მოხმარებაში არ შედის ენერგეტიკული სექტორისთვის და ენერგიის გარდასაქმნელად მიწოდებული ენერგია;

პ) ენერგოაუდიტი − სისტემური პროცედურა, რომლის მიზანია შენობის ენერგოეფექტურობის, სამრეწველო ან კომერციული პროცესის ან/და დანადგარის, საჯარო ან კერძო მომსახურების ობიექტის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური პოტენციალის გამოვლენა და გაანგარიშება და შედეგების შესახებ ანგარიშგება;

ჟ) ენერგოდანაზოგი − დაზოგილი ენერგიის რაოდენობა, რომელიც გამოითვლება ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე გარემო პირობების ნორმალიზების პირობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელებამდე და ამის შემდეგ მოხმარებული ენერგიის გაზომილ ან/და გაანგარიშებულ რაოდენობებს შორის სხვაობის სახით;

რ) ენერგოდანაზოგის ფინანსური ღირებულება − მიღწეული და დადასტურებული ენერგოდანაზოგის ფიზიკური მაჩვენებლების (გამოხატულია კვტ.სთ-ით ან ჯოულით) ფულადი ღირებულება, რომელიც შეთანხმებულია ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით;

ს) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვა − საჯარო დაწესებულების მიერ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტის, მომსახურებისა და შენობის შესყიდვა, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით;

ტ) ენერგოეფექტურობა − შესრულებული სამუშაოს, მომსახურების, პროდუქტის ან/და ენერგიის მოხმარებულ ენერგიასთან თანაფარდობა;

უ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები − ღონისძიებები, რომლებითაც მიიღწევა იგივე შედეგი უფრო მცირე მოცულობის ენერგიის მოხმარებით ან უკეთესი შედეგი იმავე მოცულობის ენერგიის მოხმარებით;

ფ) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება − ენერგოეფექტურობის გაზრდა ტექნოლოგიური, ქცევითი ან/და ეკონომიკური ცვლილებების შედეგად;

ქ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა − საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, განსაზღვრავს ენერგიის დაზოგვის ღონისძიებებს და ითვალისწინებს ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგიის დაზოგვის მიზნით ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებას;

ღ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა − მექანიზმი, რომელიც მასში ჩართულ მხარეებს ავალდებულებს ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას ან/და შესყიდვას დადასტურებული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებით;

ყ) ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებები − ენერგომომსახურების ბაზრის მონაწილეების მიერ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და ენერგომომსახურების მიწოდებისა და შესყიდვის ხელშეწყობისა და სტიმულირების მიზნით ჩამოყალიბებული და ამოქმედებული მარეგულირებელი, ფინანსური, ფისკალური, ნებაყოფლობითი ან საინფორმაციო უზრუნველყოფის ინსტრუმენტები;

შ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

ჩ) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება – ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების მიმღებსა და მიმწოდებელს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის გადამოწმება და მონიტორინგი ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მიმდინარეობს და რომლის შედეგად სამუშაოში, მომსახურებაში ან საქონელში განხორციელებული ინვესტიციის ამოგება ხდება ხელშეკრულებით შეთანხმებულ დონემდე გაუმჯობესების შესაბამისად ან/და ენერგეტიკული მახასიათებლების სხვა შეთანხმებული კრიტერიუმების, მათ შორის, ფინანსური დანაზოგების, დაკმაყოფილების მიხედვით;

ც) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ინვესტორი − მხარე, რომელიც იღებს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების რისკებისა და სარგებლის უმეტესობას;

ძ) ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირი − ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც ასევე ჰყავს ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი;

წ) ენერგომენეჯმენტის სისტემა − მენეჯმენტის გეგმის ურთიერთდაკავშირებული ან ურთიერთმოქმედი ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებელს და ამ მაჩვენებლის მიღწევის სტრატეგიას;

ჭ) ენერგომომსახურება − ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა მომსახურებით, მათ შორის, ექსპლუატაციით, საექსპლუატაციო მომსახურებითა და პროცესის მართვით ან/და ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების კომბინაციით, მიღებული მატერიალური სარგებელი, რომელიც ნორმალურ პირობებში განაპირობებს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ან პირველადი ენერგიის დაზოგვის გადამოწმებად ან გაზომვად შედეგს;

ხ) ენერგომომსახურების მიმღები − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია ენერგომომსახურების მიმღები საშუალება ან ნაგებობა;

ჯ) ენერგომომსახურების მიმწოდებელი − საბოლოო მომხმარებლისთვის ან ენერგომომსახურების მიმღების საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ობიექტისთვის ენერგომომსახურების ან ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი სხვა ღონისძიებების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ჰ) ენერგომომსახურების მიწოდება − ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე საბოლოო მომხმარებლის დანადგარზე ან შენობაში/ნაგებობაში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელება, რისთვისაც ენერგომომსახურების მიმწოდებელი იღებს ანაზღაურებას საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ინვესტიციის განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგისთვის;

1) ეფექტური ცენტრალური გათბობა და გაგრილება − ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემები, რომლებიც მოიხმარს სულ მცირე 50% განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას ან 50% ნარჩენ (რეკუპირებულ) თბურ ენერგიას ან 75% კოგენერაციით მიღებულ სითბოს ან/და 50% ზემოაღნიშნული ენერგიისა და სითბოს კომბინაციას;

2) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

3) ინდივიდუალური ღონისძიება − ღონისძიება, რომელიც განხორციელებულია ენერგოეფექტურობის პოლიტიკის შესაბამისად და იწვევს ენერგოეფექტურობის გაზომვად და დადასტურებად ან/და შეფასებად გაუმჯობესებას;

4) ინვესტიცია არამატერიალურ აქტივებში − საკონსულტაციო მომსახურებაში, სარგებლობაში, მართვაში, შესყიდვაში ან/და სხვა საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც ენერგომომსახურების მიმღებისთვის მისი შენობების/ნაგებობების და საშუალებების ექსპლუატაციის პირობების ცვლილებით ან ენერგომენეჯმენტის გაუმჯობესებით განაპირობებს დადასტურებად ენერგოდანაზოგებს ან/და ენერგიასთან დაკავშირებულ ფინანსურ დანაზოგებს;

5) ინვესტიცია განუცალკევებელ მატერიალურ აქტივებში − ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ინვესტიცია შემდეგ აქტივებში: შენობის გარსი, შენობის საექსპლუატაციო მომსახურებისთვის საჭირო აქტივები, მათ შორის, ისეთი აქტივი, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლის კონკრეტული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და რომელიც საბოლოო მომხმარებლის შენობასთან/ნაგებობასთან ისეა დაკავშირებული, რომ იგი ვერ განცალკევდება ან მისი განცალკევება გამოიწვევს არსებით დანახარჯს ან შეამცირებს ამ აქტივის ღირებულებას;

6) ინვესტიცია განცალკევებად მატერიალურ აქტივებში − ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მის საკუთრებაში არსებულ, მის მიერ შენარჩუნებულ და გამოყენებად აქტივებში, რომლებიც გამოიყენება ენერგიაზე საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;

7) კოგენერაცია − თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის ან მექანიკური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი;

8) კომისია − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

9) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

10) მონაწილე მხარე − საწარმო ან საჯარო დაწესებულება, რომელმაც ნებაყოფლობითი შეთანხმებით აიღო კონკრეტული მიზნების მიღწევის ვალდებულება ან რომელიც შედის ამ კანონის ან მის საფუძველზე მიღებული დოკუმენტის რეგულირების სფეროში;

11) ნებაყოფლობითი შეთანხმება − ადმინისტრაციულ ორგანოსა და ერთ ან რამდენიმე კერძო პირს (საწარმოს) შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, ზენორმატიული გარემოსდაცვითი ამოცანების შესრულება ან გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება;

12) პასუხისმგებელი პირი − ადმინისტრაციული ორგანო, ენერგომომსახურების ბაზრის მონაწილე, ენერგომომსახურების მიმწოდებელი, ენერგოაუდიტორი, პირველი კატეგორიის საწარმო, სხვა მონაწილე მხარე;

13) პირველადი ენერგიის მოხმარება − ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ენერგიის ჯამური შიდა მოხმარება (ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების ჩათვლით), გარდა ენერგიის არაენერგეტიკული მიზნით მოხმარებისა;

14) პირველი კატეგორიის საწარმო – საწარმო, რომლის მაჩვენებლები წლიური საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი 3 კრიტერიუმიდან სულ მცირე 2-ს აკმაყოფილებს:

14.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება;

14.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;

14.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება;

15) საბოლოო მომხმარებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს;

16) საერთო სასარგებლო ფართობი − შენობის ან შენობის ნაწილის ფართობი, სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად გამოიყენება;

17) უფლებამოსილი პირი/მხარე − იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის ან სახელმწიფო უწყების მიერ ენერგოეფექტურობის დაფინანსების სქემის შემუშავების, მართვისა და ოპერირების უფლებამოსილებითაა აღჭურვილი;

18) ყოველწლიური ანგარიში − ყოველწლიურად მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ასახავს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებაში მიღწეულ პროგრესს;

19) შენობის ენერგოეფექტურობა − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

20) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის რამდენიმე შენობისთვის ან სხვა ობიექტისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან ცივი სითხის საშუალებით, შიდა სივრცის ან/და ტექნოლოგიური პროცესის გათბობის ან გაგრილების მიზნით.

 

თავი II. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და მისი ღონისძიებები

  მუხლი 4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

1. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრას და იმ ბარიერების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების ეფექტურობას და ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით (შემდგომ − ეესგ) განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.

2. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელება მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებასა და ინიციატივას, მათ შორის:

ა) პროექტების იდენტიფიცირებას, ტექნიკური დახმარებებისა და გრანტების განაწილების სქემების განსაზღვრას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შენობების ენერგოეფექტურობის მარეგულირებული ნორმების მიღებას, მათ შორის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცებას, მშენებლობის სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებას;

გ) საზოგადოების საქმიანი წრეების ცოდნის გაღრმავებას, ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემისთვის წესების დადგენას და ენერგოაუდიტორებისა და ენერგომომსახურების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლებას;

დ) ენერგოეფექტურობის შესახებ საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში არსებული მეწარმე სუბიექტებისა და ადმინისტრაციული ორგანოების, ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლებას;

ე) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ვ) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს ქსელებში ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებას და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდას კომბინირებული ციკლის სადგურებზე გადასვლით;

ზ) ენერგიის საბოლოო მოხმარების მოწყობილობების, მათ შორის, განათების, ავტომანქანების, ტუმბოების, ძრავებისა და საწარმოების საქვაბეების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას;

თ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური წახალისებისა და საგადასახადო შეღავათების განხორციელების მექანიზმების შემოღების ინიციირებას;

ი) ზედამხედველობისა და ანგარიშგების მიზნით მრეწველობის, მშენებლობისა და სხვა შესაბამის სექტორებში კვალიფიკაციის, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების სქემების დანერგვას.

3. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს საზოგადოების მიერ მისაღებ სარგებელს შემდეგი მიზნების მისაღწევად:

ა) განახორციელოს ენერგიის რეალური ღირებულების ამსახველი ფასების განმსაზღვრელი ღონისძიება ისე, რომ არ შემცირდეს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების მოტივაცია;

ბ) დაამტკიცოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ წარდგენილი ეესგ;

გ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებაში სამაგალითო როლი შეასრულოს;

დ) ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებით ხელი შეუწყოს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებას;

ე) გააძლიეროს საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობა;

ვ) აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები.

4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტრო ვალდებულია:

ა) ენერგოეფექტურობის პოლიტიკა განახორციელოს ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან კოორდინაციით;

ბ)  შეიმუშაოს  ამ  კანონით  განსაზღვრული  შესაბამისი  სამართლებრივი ბაზა და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას;

გ) შეიმუშაოს ეესგ, რომელიც განსაზღვრავს ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს, და იგი დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;

დ) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და ხელი  შეუწყოს მათ განხორციელებას;

ე) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას;

ვ) განახორციელოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა და წარმართოს მათთან ურთიერთობა, მათ შორის, წარუდგინოს ანგარიშები;

ზ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების წახალისების მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები, რათა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ზ.ა) დამოუკიდებლად ან/და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის ფარგლებში შეიმუშაონ ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ენერგიის დაზოგვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების კონკრეტულ მიზნებსა და ქმედებებს;

ზ.ბ) ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმაში ასახონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და ენერგოაუდიტი, როგორც ამ გეგმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი;

ზ.გ) შესაბამის შემთხვევებში გამოიყენონ ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებები განახლების დაფინანსებისთვის და გრძელვადიან პერიოდში ენერგოეფექტურობის შენარჩუნების ან გაუმჯობესების გეგმების განხორციელებისთვის;

ზ.დ) ტექნიკური შესაბამისობის, მდგრადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ხარჯეფექტურობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, შეისყიდონ მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტი, მომსახურება და შენობა.

5. ამ კანონის მიზნებისთვის სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას:

ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას;

ბ) პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს, ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად;

გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემასა და პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს ერთობლივად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ყოველ 3 წელიწადში ყოველწლიური ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენას საბოლოო მომხმარებლისთვის წინა 3 წელიწადში მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე. ეს სამიზნე მაჩვენებლები ყოველი მომდევნო წლისთვის დგინდება ეესგ-ით ან სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ეესგ-ის დამტკიცების მომდევნო წელს − ეესგ-ის დამტკიცებამდე წინა 3 წელიწადში საბოლოო მომხმარებლისთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,5%-ის ოდენობით;

ბ) ეესგ-ის დამტკიცებიდან მეორე წელს − ეესგ-ის დამტკიცებამდე წინა 3 წელიწადში საბოლოო მომხმარებლისთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,5%-ის ოდენობით;

გ) ეესგ-ის დამტკიცებიდან მესამე წელს − ეესგ-ის დამტკიცებამდე წინა 3 წელიწადში საბოლოო მომხმარებლისთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,7%-ის ოდენობით.

7. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა, შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო სახსრების ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება განსაზღვრავდეს ენერგიის გამანაწილებლისა და ენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას, ამ სქემის შესაბამისად უზრუნველყონ ენერგოდანაზოგების მიღწევა:

ა) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების შემცირების პროგრამებით;

ბ) საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგიის მოხმარების შემცირების პროგრამებით.

8. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში მიღწეული ენერგოდანაზოგების რაოდენობა და შესაბამისი გრაფიკი განისაზღვრება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები არ ავალდებულებს ენერგიის მიმწოდებელსა და ენერგიის გამანაწილებელს გაყიდული ენერგიის აბსოლუტური რაოდენობის შემცირებას. ენერგიის მიმწოდებელმა და ენერგიის გამანაწილებელმა ენერგოდანაზოგებს შეიძლება მიაღწიონ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საკუთარი საბოლოო მომხმარებლის ან ენერგომომსახურების ბაზრის სხვა მონაწილეების, მათ შორის, სხვა ენერგიის მიმწოდებლის საბოლოო მომხმარებლის, წახალისებით.

9. ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები და ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ენერგოდანაზოგების რაოდენობებს. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების მიზანია ეესგ-ით გათვალისწინებული კონკრეტული ტექნიკური/საინვესტიციო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ:

ა) მრეწველობაში ენერგოაუდიტების განხორციელებასთან ერთად სავალდებულო ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სასწავლო − სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვა;

გ) საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობის სტანდარტების, ნორმებისა და ენერგოეტიკეტირების სქემების დანერგვა.

10. სამინისტრო ვალდებულია ეესგ-ის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (შემდგომ − სამდივნო) წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ანგარიში პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგოდანაზოგების მოთხოვნილი რაოდენობების მიღწევისა და იმავე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ.

მუხლი 5. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები

1. სამინისტრო პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განსაზღვრისას ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები უზრუნველყოფს ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას;

ბ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის სამიზნე რაოდენობა განისაზღვრება გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად, ენერგოდანაზოგების მიღწევისა და ამ ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მხარეებთან თანამშრომლობით;

გ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის რაოდენობა არის ენერგიის საბოლოო მოხმარების ან პირველადი ენერგიის მოხმარების დანაზოგი, რომელიც მიიღწევა ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გარდაქმნის კოეფიციენტის გამოყენებით;

დ) ენერგოდანაზოგი გამოითვლება ამ კანონის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მეთოდებისა და პრინციპების მეშვეობით;

ე) განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი მხარის, მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებები;

ვ) ენერგოდანაზოგის მიღწევისთვის პასუხისმგებელი მონაწილე მხარე ვალდებულია წარადგინოს და საჯარო გახადოს მიღწეული ენერგოდანაზოგის შესახებ წლიური ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგიის დაზოგვის შესახებ წლიური მონაცემების თაობაზე არასაკმარისი ინფორმაციის არსებობის გამო ეს მიზანშეწონილი არ არის;

ზ) განხორციელდება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგი, შესაბამისი არადამაკმაყოფილებელი პროგრესის შემთხვევაში − აგრეთვე სათანადო ღონისძიებები;

თ) დაინერგება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შედეგების კონტროლის სისტემა.

2. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგიის დაზოგვის ტენდენციის ამსახველი მონაცემები ყოველწლიურად ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოდანაზოგის ორმაგად დათვლის პრევენციას, როდესაც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები ან ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული არ არის, ერთმანეთს ემთხვევა.

3. სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მტკიცდება ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენის წესი.

მუხლი 6. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა

1. სამინისტრო ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვას;

ბ) ენერგოეფექტური მოწყობილობებისა და ენერგომომსახურების ხარისხის კონტროლს;

გ) ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების წესების დადგენას და ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას;

დ) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებას;

ე) ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებლის დადასტურებას;

ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის შემუშავებასა და დამტკიცებას;

ზ) ამ კანონის მე-20 მუხლის მიზნებისთვის შესაბამისი რეესტრის შექმნას, განახლებასა და მონიტორინგს;

თ) მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელებას;

ი) საპილოტე (სადემონსტრაციო) პროექტების განხორციელებასა და წახალისებას/ხელშეწყობას;

კ) სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას;

ლ) ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობას.

3. სამინისტრო:

ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს:

ა.ა) ეესგ-ის განხორციელებას;

ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს;

ა.გ) ენერგოაუდიტორებისა და ამ კანონით დადგენილი წესით შედგენილ ექსპერტთა სიაში შეყვანილი ექსპერტების საქმიანობას;

ა.დ) პირველი კატეგორიის საწარმოების მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ენერგოაუდიტის განხორციელების უზრუნველყოფას;

ა.ე) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და ფორმალური და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს;

ა.ვ) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის დაკისრების შესახებ;

გ) ადგენს ენერგომომხმარებელი პროდუქტის ენერგოეტიკეტირების წესის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) ამოწმებს ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებელს მისი დადასტურების მიზნით;

ე) სისტემატურად უწევს მონიტორინგს პლატფორმაზე განთავსებულ ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს მათი გაზომვისა და დადასტურების მიზნით;

ვ) ყოველწლიურად აანალიზებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარებას;

ზ) ადმინისტრაციული ორგანოებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ან/და მომხმარებელთა ჯგუფისთვის შეიმუშავებს მითითებებსა და რეკომენდაციებს ენერგოდანაზოგებისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ;

თ) წარადგენს ანგარიშებს ამ კანონის მიზნების შესაბამისად;

ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

კ) ხელს უწყობს:

კ.ა) ეესგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას;

კ.გ) სამდივნოსთვის წარდგენის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას;

ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

მუხლი 7. სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განხორციელება

სამინისტრო საერთაშორისო და რეგიონალურ დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციითა და თანხების მობილიზაციით პოპულარიზაციას უწევს, ხელს უწყობს და ახორციელებს შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში შემდეგ პროგრამებს, ღონისძიებებსა და საქმიანობებს:

ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვა;

ბ) შენობების, მრეწველობის, ტრანსპორტის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის წახალისება;

გ) ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამები;

დ) მრეწველობაში ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამები;

ე) სატრანსპორტო საშუალებების ეკომართვის საინფორმაციო კამპანიების წარმოება;

ვ) ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების, მათ შორის, ენერგოეფექტური ღუმლებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების დანერგვის, პროგრამები.

მუხლი 8. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი

1. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი, როგორც პირველადი ენერგიის მოხმარების, ისე ენერგიის საბოლოო მოხმარების დანაზოგის რაოდენობა, განისაზღვრება ეესგ-ით 3 წელიწადში ერთხელ მომდევნო 3 წლისთვის. გრძელვადიანი მიზნებისთვის შესაძლებელია განისაზღვროს დამატებითი ინდიკატური (საორიენტაციო) სამიზნე მაჩვენებელი.

2. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში ენერგიის საპროგნოზო მოხმარება;

ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

გ) ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური დარჩენილი პოტენციალი;

დ) მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი;

ე) ენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ცვლილებები;

ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოხმარება, ატომური ენერგიის მოხმარება (არსებობის შემთხვევაში), ნახშირორჟანგის ჩაჭერისა და დასაწყობების ინფრასტრუქტურის მშენებლობა (არსებობის შემთხვევაში);

ზ) წინა პერიოდში განხორციელებული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შედეგები.

3. სამინისტრო ყოველი წლის 1 მარტამდე ამზადებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესის შესაბამისად სამდივნოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე.

მუხლი 9. ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა (ეესგ)

1. ეესგ განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებებს და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს.

2. ეესგ უნდა მოიცავდეს:

ა) ქვეყნის მიერ ენერგიის მოხმარების შეფასებას და მის წარდგენას;

ბ) გრძელვადიან მიზნებს (ენერგოდანაზოგების ეროვნული ჩარჩოს ჩათვლით), ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს და შესაბამის ინდიკატორებს;

გ) ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს;

დ) ეესგ-ის დადგენილ ვადაში განხორციელებისთვის პასუხისმგებელ ორგანოებს;

ე) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს, ენერგეტიკული და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად;

ვ) არსებული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების გეგმას;

ზ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების რაოდენობის გაზრდის გეგმას;

თ) იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობის საერთო ფართობის 1%-ის განახლებას შენობისთვის ან შენობის ნაწილისთვის განსაზღვრული მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მიღწევის მიზნით;

ი) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგების გამოთვლას ენერგოდანაზოგების მონიტორინგის, გაზომვისა და დადასტურების წესების შესაბამისად;

კ) გარდაქმნის კოეფიციენტს ენერგიის დაზოგვისა და ენერგიის მოხმარების დაგეგმვისა და ანგარიშგების მიზნებისთვის;

ლ) ეესგ-ის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსებს და დაფინანსების სავარაუდო წყაროებს, მათ შორის, სახელმწიფო მხარდაჭერას/ბიუჯეტის მიერ გამოყოფილ სახსრებს, კერძო ინვესტიციას, დონორთა მიერ გამოყოფილ სახსრებს ან სხვა წყაროს.

3. სამინისტროს მიერ შემუშავებული ეესგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას ყოველ 3 წელიწადში.

4. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ეესგ-ს სამინისტრო წარუდგენს სამდივნოს. მისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს წინა წლისთვის განსაზღვრული მიზნების მიღწევის ანალიზს.

მუხლი 10. ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა

1. სამინისტრო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.

2. ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს):

ა) წინა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შედეგების ანალიზს;

ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს;

გ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს, ენერგეტიკული და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად;

დ) სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის საშუალებებს და ანგარიშგების გეგმას;

ე) ღონისძიებების დაფინანსების წყაროებს.

მუხლი 11. პლატფორმა (გაზომვისა და დადასტურების სისტემა)

1. ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგები უნდა განთავსდეს პლატფორმაზე.

2. პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია/მონაცემები:

ა) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისა და ამ ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ.

3. პლატფორმაზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების ვალდებულება ეკისრება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის მოხმარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებებისა და გარემოებების, მათ შორის, ეესგ-ით გათვალისწინებული ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების განხორციელების, თაობაზე;

ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ათავსებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს;

გ) ენერგომომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს ინვესტიციების განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებს და შესაბამის მტკიცებულებებს;

დ) სუბსიდიის მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს მომავალი წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მონაცემებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ნოემბრისა და წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს არაუგვიანეს მომავალი წლის თებერვლისა.

4. პლატფორმის ფორმატი განისაზღვრება და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების წესი მტკიცდება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. იგი უნდა მოიცავდეს:

ა) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას;

ბ) ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებული პირების/მხარეების მიერ პლატფორმაზე განსათავსებელი მონაცემების ფორმას;

დ) ინფორმაციას ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, მათი მიზნების და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტური მეთოდების შესახებ;

ე) ენერგოდანაზოგების დადასტურებისა და ენერგოდანაზოგებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის პროცედურებს.

 

თავი III. ჰორიზონტალური (სექტორთაშორისი) პოლიტიკის ღონისძიებები

მუხლი 12. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები

1. ადმინისტრაციული ორგანოები უზრუნველყოფენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების დანერგვას.

2. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ხელს უწყობენ ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობას  შემდეგი საშუალებებით:

ა) საქართველოს მთავრობა ეესგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში;

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესი ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც  ენერგომომსახურების მიმღების) სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის.

3. ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ვალდებულია:

ა) მუდმივად იზრუნოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშემშლელი პირობების შემცირებასა და აღმოფხვრაზე. თუ ენერგიის მიმწოდებელი ან ენერგიის გამანაწილებელი აფერხებს ენერგომომსახურებაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, სამინისტრო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის შეწყვეტა და დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამინისტროს მიერვე დამტკიცებული ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში;

გ) უზრუნველყოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება;

დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა;

ე) სახელმწიფო და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესები.

მუხლი 13. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება

1. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება, როგორც ენერგიის დაზოგვის საშუალება, გამოიყენება ენერგიის დაზოგვის სფეროში მაღალი ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მიერ ინვესტიციის განხორციელებით. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ენერგიის დაზოგვა არის ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომომსახურების მიმღებისთვის მიწოდებული ენერგომომსახურება ენერგომომსახურების მიმღებისთვის დამატებითი საფასურის დაკისრების გარეშე. ენერგომომსახურების მიმღების მიერ ინვესტიციის ამოღება ხდება იმ დანაზოგიდან, რომელიც წარმოიქმნება ენერგიის მოხმარების შემცირების შესაბამისად შემცირებული მოხმარებული ენერგიის საფასურით. ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ინვესტიციის შედეგად წარმოქმნილი განცალკევებადი აქტივები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებამდე ენერგომომსახურების მიმწოდებლის საკუთრებაში რჩება.

2. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრება:

ა) განსახორციელებელი ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ან ამ ღონისძიებების შედეგების მკაფიო და გამჭვირვალე ჩამონათვალი;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით მისაღები გარანტირებული ენერგოდანაზოგები და მათი მიღწევის ფინანსური ღირებულება;

გ) ენერგოდანაზოგის გამოთვლისა და დადასტურების შესახებ დებულებები, პერიოდები, რომელთა განმავლობაშიც ხორციელდება მისი დადასტურება წინა პერიოდებისთვის, ენერგოდანაზოგის დადასტურების მეთოდოლოგია, ხელშეკრულების მხარეთა მიერ წარსადგენი მტკიცებულებები, ხარისხის კონტროლი და ინვესტორის მიერ წარსადგენი გარანტიები;

დ) ენერგიის მოხმარების ნორმალიზაციისა და ენერგოდანაზოგების ფინანსური ღირებულების კორექტირების შესახებ დებულებები;

ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობა და განხორციელების ეტაპები, გაფრთხილების ვადები და პირობები;

ვ) ხელშეკრულების მხარეების ვალდებულებათა მკაფიო და გამჭვირვალე ჩამონათვალი და მათი შესრულების სავარაუდო რისკები;

ზ) დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის ხელშეკრულების მხარეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წესი.

3. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს ენერგომომსახურების მიმწოდებლის ინვესტიციებს განუცალკევებელ მატერიალურ აქტივებში, განცალკევებად მატერიალურ აქტივებსა და არამატერიალურ აქტივებში.

4. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ენერგომომსახურების მიმწოდებლის ბრალეულობით შეწყვეტისას ენერგომომსახურების მიმწოდებელი ვერ მიიღებს ანაზღაურებას შენობის გაზრდილი ფასის გამო.

5. ამ კანონის შესაბამისად, ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ერთობლივად საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ხელშეკრულების თანხა არ აღემატება გარანტირებული ენერგოდანაზოგების ფინანსურ ღირებულებას. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დამდებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრ ბინათმესაკუთრეს შეუძლია სადავო გახადოს ხელშეკრულება ამ მუხლის პირობების შესაბამისად.

7. ენერგოდანაზოგები გამოითვლება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, თუ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით უფრო დეტალური მეთოდოლოგია არ არის განსაზღვრული.

8. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

მუხლი 14. სატრენინგო პროგრამები

1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით, ეესგ-ის შესაბამისად ამტკიცებს სატრენინგო პროგრამებს:

ა) ენერგომომსახურების მიმწოდებლებისთვის;

ბ) მრეწველობის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელთათვის;

გ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელთათვის;

დ) ენერგომენეჯერებისა და შენობის მიერ ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების მემონტაჟეებისთვის.

2. სატრენინგო პროგრამით მომზადებულ ექსპერტთა სიას ადგენს სამინისტრო და მას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

მუხლი 15. სახელმწიფო შესყიდვა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის პრინციპების, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით.

 

თავი IV. შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

მუხლი 16. შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და მისი ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიან სტრატეგიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს:

ა) არსებული შენობების მიმოხილვას;

ბ) შენობების განახლების ხარჯეფექტურობას, მათი ტიპისა და განლაგების კლიმატური ზონის გათვალისწინებით;

გ) შენობების ფართომასშტაბიანი ხარჯეფექტური განახლებისთვის, მათ შორის, ეტაპობრივი ძირეული განახლებისთვის, საჭირო პოლიტიკასა და ღონისძიებებს;

დ) გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საჭირო სახელმძღვანელო მითითებებს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, მშენებლობის სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის;

ე) ინფორმაციას მოსალოდნელი ენერგოდანაზოგების შესახებ;

ვ) მოსალოდნელ ენერგოდანაზოგებს, ენერგოდანაზოგების თაობაზე ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების მეთოდებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა დამტკიცდეს ეესგ-ის დამტკიცების შემდეგ და უნდა წარედგინოს სამდივნოს ეესგ-სთან ერთად.

მუხლი 17. ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

1. საქართველოს მთავრობა:

ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობის საერთო სასარგებლო ფართობის 1%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მიღწევის მიზნით;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობაში და სხვა ობიექტზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას.

2. შენობის საერთო სასარგებლო ფართობის 1%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა გამოიწვევს მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას;

ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების სარგებლობაში ან ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც გამოიყენება ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, გარდა საცხოვრებელი შენობისა ან შეიარაღებული ძალების საოფისე შენობისა;

გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ.

მუხლი 18. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება

შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების, სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაციისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების საკითხები რეგულირდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

თავი V. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში

მუხლი 19. ენერგოაუდიტის განხორციელება და ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვა მრეწველობაში

1. ენერგოაუდიტი არის დამოუკიდებელი ღონისძიება ან/და ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საწარმოს სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (რომლის ძირითადი მიმართულებაა ენერგია) ფარგლებში და რომლის მიზანია ენერგიის მოხმარების შემცირების შესაძლებლობის იდენტიფიცირება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება.

2. პირველი კატეგორიის საწარმომ ყოველ 4 წელიწადში უნდა განახორციელოს სრული ენერგოაუდიტი ერთ-ერთი შემდეგი მიდგომის მეშვეობით, შესაბამისი პირობის არსებობისას:

ა) თუ საწარმო შედგება ენერგიის საბოლოო მოხმარების სხვადასხვა, დიდი ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით;

ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე ობიექტის ენერგოაუდიტის  მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის არსებობისას − იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით ერთობლივად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული:

ა) ენერგოაუდიტი უნდა ეფუძნებოდეს განახლებულ, გაზომვად და მოძიებად მონაცემებს ენერგიის მოხმარების შესახებ, ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში − აგრეთვე დატვირთვის შესახებ;

ბ) ენერგოაუდიტი უნდა ასახავდეს შენობის ან შენობების ჯგუფის, საწარმოო დანადგარებისა და ტრანსპორტის მიერ ენერგიის მოხმარების დეტალურ ინფორმაციას (პროფილებს);

გ) ენერგოაუდიტის რეკომენდაცია შესაძლებლობის შემთხვევაში, მარტივი უკუგების პერიოდის მითითების ნაცვლად, უნდა მოიცავდეს სასიცოცხლო ციკლის ღირებულების ანალიზს, რათა შესაძლებელი იყოს გრძელვადიანი დანაზოგის, გრძელვადიანი ინვესტიციის ნარჩენი ღირებულებისა და საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შესაძლებელია დადასტურდეს საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განხორციელების ან ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ დამოუკიდებელი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის სამინისტროსთვის წარდგენით.

5. პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლი წარუდგინოს სამინისტროს და განხორციელებული ენერგოაუდიტის შესახებ მონაცემები შეინახოს სულ მცირე 10 წლის ვადით.

6. პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და ფორმალური და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ ანგარიში. ამ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებიც.

7. ეესგ ითვალისწინებს წამახალისებელი პროგრამების დანერგვას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგოაუდიტებისა და ენერგოაუდიტების შედეგად განსახორციელებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

8. სამინისტრო შეიმუშავებს პროგრამებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვის სარგებლიანობისა და სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

9. საწარმო, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია სამინისტროს პლატფორმის მეშვეობით ან წინასწარ შეთანხმებული სხვა მეთოდით ყოველწლიურად, სამინისტროს მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ანგარიში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ. აღნიშნული წესით განისაზღვრება აგრეთვე ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშების სამინისტროსთვის წარდგენის ვადები და პირობები.

10. სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ენერგოაუდიტის ჩატარების წესს.

მუხლი 20. ენერგოაუდიტორები მრეწველობაში

1. პირველი კატეგორიის საწარმო ან საწარმო, რომელიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ან/და ენერგოაუდიტის განხორციელებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია ენერგოაუდიტი განახორციელოს აკრედიტებული ან/და სერტიფიცირებული პირის მეშვეობით.

2.  ენერგოაუდიტორთა  აკრედიტაციას  ახორციელებს  საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, რომელსაც უფლება აქვს, დაინტერესებულ პირებს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისთვის. აკრედიტაციის ცენტრს ასევე უფლება აქვს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე აღიაროს ენერგოაუდიტორთა სერტიფიკატები.

3. ენერგოაუდიტორთა აკრედიტაცია და სერტიფიცირება მოქმედებს 4 წლის ვადით.

4. სამინისტრო აწარმოებს რეესტრს, რომელიც მოიცავს:

ა) შესაბამისი აკრედიტაციის/სერტიფიკატის მქონე ენერგოაუდიტორების ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე;

ბ) განხორციელებული ენერგოაუდიტების შესახებ ანგარიშებს. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს საწარმოს დასახელებას, ენერგოაუდიტორის ვინაობას და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩამონათვალს;

გ) პირველი კატეგორიის საწარმოების ჩამონათვალს, რომლებიც ვალდებული არიან განახორციელონ ენერგოაუდიტები.

5. ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

მუხლი 21. ენერგოეფექტურობის წამახალისებელი დამატებითი ღონისძიებები მრეწველობაში

1. მრეწველობაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საწარმოსთან ხელშეკრულება ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე. ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ენერგომომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

2. სამინისტრო აფასებს ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების დადებამდე საწარმოს მიერ შემოთავაზებულ სამიზნე მაჩვენებლებს. საჭიროების შემთხვევაში, თუ სამინისტრო შემოთავაზებულ სამიზნე მაჩვენებლებს  დამაკმაყოფილებლად არ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, დააწესოს  სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც საწარმოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას განაპირობებს.

3. ნებაყოფლობითი შეთანხმების მხარე − საწარმო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს საქართველოს მთავრობის, მათ შორის, სამინისტროს, დახმარება ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ინდივიდუალური ღონისძიების განხორციელების მიზნით.

4. სამინისტრო უფლებამოსილია შეიმუშაოს ნებაყოფლობითი შეთანხმების მომზადების საფუძვლები და ზოგადი დებულებები.

 

თავი VI. ენერგოეფექტურობა ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

მუხლი 22. კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

1. ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების სფეროებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების სამართლებრივი მოთხოვნები და უზრუნველყოს მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება, რომელიც წაახალისებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გადამცემი სისტემის ოპერატორებსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს, განახორციელონ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას და ექსპლუატაციისას.

2. კომისია უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გადამცემი სისტემის ოპერატორებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა განახორციელონ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და ექსპლუატაციისას სისტემის ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება. ამ ოპერატორმა კომისიას უნდა წარუდგინოს აღნიშნული შეფასება, როგორც შესაბამისი ქსელის განვითარების სამოქმედო გეგმის ნაწილი. სისტემების ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება უნდა მოიცავდეს:

ა) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებას;

ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემ/ტრანსპორტირების და გამანაწილებელ ქსელებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირების შესაძლებლობის შეფასებას.

3. კომისია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში:

ა) ენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ხელს უწყობს საცალო და საბითუმო ბაზარზე ენერგიით ვაჭრობის დროს ენერგოეფექტურობის კრიტერიუმების გათვალისწინებას;

ბ) უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ტარიფები ასახავდეს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის გონივრულ და მიზანშეწონილ ინვესტიციას/დანახარჯებს, აგრეთვე ამ ღონისძიებების ფინანსურ შედეგებს, მათ შორის, ელექტროენერგიის ქსელის ან უფრო ოპტიმალური ექსპლუატაციით განხორციელებული ინვესტიციებიდან ან/და მოთხოვნაზე რეაგირების ღონისძიებებიდან და განაწილებული წარმოებიდან მიღებულ ფინანსურ დანაზოგებს კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად;

გ) უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა მაღალეფექტურ კოგენერაციულ სადგურებს მიანიჭონ უპირატესობა და უზრუნველყონ ელექტროენერგიის ქსელთან გარანტირებული წვდომა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ოპერირების შესაძლებლობის ფარგლებში.

4. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, ჰიდროელექტროსადგური ვალდებულია ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ყოველ 15 წელიწადში მოამზადოს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალის გამოსავლენად. ჰიდროელექტროსადგური განახორციელებს ჰიდროელექტროსადგურის ეფექტურობის პოტენციური გაუმჯობესების განხორციელებადობის/ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევას.

მუხლი 23. გათბობისა და გაგრილების სისტემების ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა

1. ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ამოქმედების შემთხვევაში სამინისტრო ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ქსელის ოპერატორებთან თანამშრომლობით:

ა) განახორციელებს თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალურ შეფასებას;

ბ) გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განახორციელებს ხარჯეფექტურობის ანალიზს, როგორც გათბობისა და გაგრილებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური და უპირატესი შესაძლებლობის განსაზღვრისთვის განსახორციელებელი დეტალური შეფასების ნაწილს.

2. ხარჯეფექტურობის ანალიზი გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იგეგმება ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის ახალი კოგენერაციული, ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის მწარმოებელი დანადგარის დამონტაჟება და საჭიროა ამ დანადგარის, როგორც მაღალეფექტური კოგენერაციული დანადგარის, ხარჯეფექტურობის შეფასება;

ბ) ხდება ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის არსებული კოგენერაციული დანადგარის არსებითი განახლება და საჭიროა ამ დანადგარის მაღალეფექტურ კოგენერაციულ დანადგარად გადაკეთების ხარჯეფექტურობის შეფასება;

გ) იგეგმება 20 მგვტ-ზე მეტი შემავალი ნომინალური თბური სიმძლავრის სამრეწველო მოწყობილობის დამონტაჟება ან არსებითი განახლება, რომლის გამოსაყენებელი ტემპერატურის მქონე ნარჩენი სითბოს ათვისების ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნის შეფასებისთვის საჭიროა კოგენერაციის ან ამ მოწყობილობის ინდივიდუალური გათბობის სისტემასთან ან/და ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებთან მიერთების ხარჯეფექტურობის შეფასება;

დ) იგეგმება ინდივიდუალური გათბობისა და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემების დამონტაჟება ან ხდება არსებულ გათბობის სისტემებში ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის ახალი კოგენერაციული, ენერგიის მწარმოებელი დანადგარის დამონტაჟება ან არსებული დანადგარის არსებითი განახლება და საჭიროა ახლოს არსებული სამრეწველო დანადგარებიდან ნარჩენებით წარმოებული სითბოს გამოყენების ხარჯეფექტურობის შეფასება.

3. თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის ან/და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების იმგვარი პოტენციალის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის სარგებელი ხარჯს აღემატება, სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს:

ა) ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ინფრასტრუქტურის განვითარებას ან/და თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის განვითარებას;

ბ) ნარჩენი სითბოსგან და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების ენერგიის გამოყენებას.

4. ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელების სახელმძღვანელო დებულებები განისაზღვრება გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესით, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.

მუხლი 24. მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

1. საბოლოო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და გადასახადის დარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველების დამონტაჟებისთვის, ოპერირებისა და მათი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან საბოლოო მომხმარებლებს დაუმონტაჟონ ინდივიდუალური მრიცხველები, რომლებიც ენერგიის მოხმარებას რეალურ დროში აღრიცხავს.

2. ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეესგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ:

ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ;

ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება;

გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა;

ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები მიწოდებული უნდა იქნეს ადვილად გასაგები ფორმით;

ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და  ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება.

3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საბოლოო მომხმარებელთან ანგარიშსწორების განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ ისტორიული მონაცემების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს:

ა) ჯამური მონაცემები. ეს მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზაში ამ მონაცემების შეტანის ინტერვალებს. ჯამური მონაცემები დგება მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზის სულ მცირე ბოლო 3 წლის მონაცემებით ან ენერგიის მიწოდების დაწყებიდან, თუ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ისტორია 3 წელზე ხანმოკლეა;

ბ) დეტალური მონაცემები რეალური დროის მიხედვით, ნებისმიერი დღისთვის, კვირისთვის, თვისა და წლისთვის − აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემთხვევაში. ეს მონაცემები საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ინტერნეტის ან მრიცხველის (ინდიკაციის ერთეულის) მეშვეობით, სულ მცირე ბოლო 24 თვისთვის ან აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვიდან, თუ ეს პერიოდი 24 თვეზე მცირეა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის წარდგენილი ენერგიის ქვითარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში):

ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ, მისი ფასისა და ღირებულების მითითებით;

ბ) ინფორმაციას წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებული ენერგიის შესახებ, მისი ფასის მითითებით;

გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ;

დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრის შესახებ.

მუხლი 25. ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

1. ენერგიის მცირე მომხმარებლების, მათ შორის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მიერ ენერგიის ეფექტური მოხმარების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით სამინისტრო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით იღებს შესაბამის ზომებს ან/და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მოსაზრებებს:

ა) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:

ა.ა) დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის თაობაზე;

ა.ბ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე;

ა.გ) არაანაზღაურებადი ტექნიკური და ფინანსური დახმარების თაობაზე;

ბ) ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით − ცნობიერების ამაღლების თაობაზე;

გ) საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების დანერგვის თაობაზე;

დ) სამუშაო ადგილებზე ენერგიის მოხმარებაში ქცევითი ცვლილების წახალისების თაობაზე;

ე) საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, ენერგიის მომხმარებელი ორგანიზაციების, მიერ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების წახალისების თაობაზე.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის ხელმისაწვდომი მექანიზმების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

3. კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს ან ენერგიის მიმწოდებლებს მოსთხოვოს, ჩაერთონ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების გავრცელებისა და ქცევითი ცვლილების ხელშემწყობ ღონისძიებებში, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდოს ენერგიის მოხმარების ეფექტურობა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ან ენერგიის მიმწოდებლები, თავის მხრივ, ვალდებული არიან შეასრულონ კომისიის მოთხოვნა/მითითებები.

 

თავი VII. პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის

მუხლი 26. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (სახდელები)

1. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემაში ჩართული პირის მიერ წლიური ენერგიის საბოლოო მოხმარების დაზოგვის ინდივიდუალური სამიზნე მაჩვენებლების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.

2. ადმინისტრაციული ორგანოს, ენერგიის გამანაწილებლის, ენერგომომსახურების მიმწოდებლის ან სუბსიდიის მიმწოდებლის მიერ პლატფორმაზე ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის/მონაცემების განუთავსებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 1000 ლარიდან 5000 ლარამდე.

3. ენერგიის მიმწოდებლის ან ენერგიის გამანაწილებლის მიერ ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.

4. საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განუხორციელებლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის განუხორციელებლობა ან/და სამინისტროსთვის განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლის წარუდგენლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 90 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.

5. ენერგოაუდიტის ანგარიშის შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.

7. სამინისტროს მიერ განსაზღვრული ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.

მუხლი 27. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმს ადგენს სამინისტრო.

2. დამრღვევმა ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

3. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმის თანხის 0,01%-ის ოდენობით. ჯარიმისა და საურავის საურავის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად.

4. ამ კანონით (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა პირს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორების ვალდებულებისგან. დარღვევის 6 თვის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება ჯარიმის თანხის სამმაგი ოდენობით.

 

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 28. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა

1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან:

ა) 12 თვის ვადაში:

ა.ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ან ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემისა და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცებას;

ა.ბ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესის დამტკიცებას;

ა.გ) გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრას და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების წესის დამტკიცებას;

ა.დ) ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას;

ა.ე) ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცებას;

ა.ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის დამტკიცებას;

ა.ზ) ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუშის დამტკიცებას;

ა.თ) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესების დამტკიცებას;

ა.ი) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას;

ბ) 16 თვის ვადაში:

ბ.ა) ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცებას;

ბ.ბ) გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის დამტკიცებას.

2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან:

ა) 12 თვის ვადაში − სამინისტროს წარდგინებით:

ა.ა) სატრენინგო პროგრამების დამტკიცებას;

ა.ბ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (ეესგ) დამტკიცებას;

ა.გ) ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და  აკრედიტაციის წესების დამტკიცებას;

ბ) 24 თვის ვადაში − სამინისტროს წარდგინებით − ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესის დამტიცებას;

გ) 24 თვის ვადაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარდგინებით:

გ.ა) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებას;

გ.ბ) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების დამტკიცებას.

3. ეესგ-ის დამტკიცებიდან 12 თვის ვადაში:

ა) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცებას;

ბ) სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენის წესის დამტკიცებას.

4. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში სამინისტრო, კომისია და შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობას.

მუხლი 29. კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების ვადები

1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები უნდა ადგენდეს სულ მცირე 2 შუალედურ პერიოდს 2030 წლის 31 დეკემბრამდე და უნდა უზრუნველყოფდეს იმავე პუნქტით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.

2. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები 2023 წლის 1 იანვრამდე ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ იმ შენობაზე, რომლის საერთო სასარგებლო ფართობი 500 მ2-ს აღემატება. 2023 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მოთხოვნები გავრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ  იმ შენობაზე, რომლის საერთო ფართობი 250 მ2-ს აღემატება.

მუხლი 30. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებისა, მე-11 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებისა, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-13 მუხლის პირველი−მე-7 პუნქტებისა, მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, მე-19 მუხლის პირველი−მე-9 პუნქტებისა, მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა, 22-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 23-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებისა, 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 26-ე და 27-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5−მე-7 პუნქტები, მე-11 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები, მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 23-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები და 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.

3. ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი−მე-7 პუნქტები, მე-19 მუხლის პირველი−მე-9 პუნქტები, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი და 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 26-ე და 27-ე მუხლები ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 მაისი 2020 წ.

N5898-სს