აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 06/06/1978
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ხმა, 27, 06/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
06/06/1978
აფხაზეთის ხმა, 27, 06/07/2001
000000000.00(0).000.000000
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (08/12/2000 - 25/11/2004)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

2000 წლის 8 დეკემბერი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

 

1. მიღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია (ძირითადი კანონი) აფხაზეთის ასსრ 1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებითა და ახალი რედაქციით.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუცია ცვლილებებით ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  თ. ნადარეიშვილი

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

1978 წლის 6 ივნისის

კონსტიტუცია

(ძირითადი კანონი)

2000 წლის 8 დეკემბრის ცვლილებებით

 

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, თვლის რა აფხაზეთის ტერიტორიასა და მის ხალხს სრულიად საქართველოს ტერიტორიისა და ხალხის განუყოფელ ნაწილად, აფხაზეთის ასსრ ძირითადი კანონის 93-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუცია მოიყვანა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და უწოდა მას „აფხაზეთის კონსტიტუცია“ (ძირითადი კანონი).

აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე და აფხაზეთის ახალი კონსტიტუციის მიღებამდე აფხაზეთის წინამდებარე კონსტიტუცია იმოქმედებს როგორც აფხაზეთის ძირითადი კანონი.

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ერთეული, რომლის პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელწოდებაა „აფხაზეთი“, რომლის სინონიმია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“.

    მუხლი 2

აფხაზეთში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და აფხაზეთის კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

მუხლი 3

1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.

2. აფხაზეთის კონსტიტუცია შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთის ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებს.

მუხლი 4

ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიის ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

მუხლი 5

1. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.

2. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

მუხლი 6. (ამოღებულია)

მუხლი 7

აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლოები დადგენილია კანონით.

თავი მეორე

(ამოღებულია)

თავი მესამე

(ამოღებულია)

თავი მეოთხე

მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი

მუხლი 28

1. აფხაზეთის მცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებენ დაბადებით და ნატურალიზაციით.

2. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება:

ა) აფხაზეთში ამჟამად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში 1993 წლის 30 სექტემბრამდე არანაკლებ 5 წლისა, თუ ამ თარიღიდან 6 თვეში წერილობით არ განუცხადებია უარი საქართველოს მოქალაქეობაზე;

ბ) აფხაზეთში დაბადებული, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამდენად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პუნქტის მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

გ) აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც 1992 წლის აგვისტომდე არანაკლებ 5 წლისა ცხოვრობდა აფხაზეთში, მომხდარი ტრაგედიის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულის შვილი, რომელიც არ მიეკუთვნება 28 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირთა კატეგორიას.

3. აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.

4. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით.

მუხლი 29

1.  საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეებს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა.

2. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.

3. საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.

4. აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 30

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

მუხლი 31

სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

მუხლი 32

ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

მუხლი 33

1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის მეთოდების გამოყენება.

მუხლი 34

1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.

2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.

5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

6. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა  9 თვეს.

7. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

მუხლი 35

1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

მუხლი 36

1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

მუხლი 37

1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.

მუხლი 38

1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.

2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებით საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.

3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებას.

მუხლი 39

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.

3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.

4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 40

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

მუხლი 41

1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.

2. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური პარტიის, სხვა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნასა და საქმიანობაში.

3. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

4. დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა.

5. პირი, რომელიც ჩაირიცხა სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.

6. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით.

მუხლი 42

1. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.

მუხლი 43

1. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

მუხლი 44

1. შრომა თავისუფალია.

2. აფხაზეთის ხელისუფლება ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

3. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.

მუხლი 45

აფხაზეთის ხელისუფლება ზრუნავს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რაიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს.

მუხლი 46

აფხაზეთის ხელისუფლება ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით.

მუხლი 47

გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს.

მუხლი 48

1. აფხაზეთის ხელისუფლება ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას.

2. აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. აფხაზეთის ხელისუფლება კულტურულ მემკვიდრეობას იცავს კანონით.

მუხლი 49

1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

2. აფხაზეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან.

3. დაწყებითი განათლება სავალდებულოა. აფხაზეთის ხელისუფლება თავის ხარჯზე უზრუნველყოფს საბაზო განათლებას. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება.

4. აფხაზეთის ხელისუფლება მხარს უჭერს საგანმანათლებლო, დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 50

1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. აფხაზეთის ხელისუფლება ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

მუხლი 51

1. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

2. აფხაზეთის ხელისუფლება აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.

3. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით აფხაზეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას.

4. ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 52

1. აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

მუხლი 53

აფხაზეთის კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.

მუხლი 54

1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მუხლი 55

1. აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთან არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანინით დადგენილ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროებისა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად.

მუხლი 56

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

3. დაცვის უფლება გარანტირებულია.

4. არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.

5. არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

6. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.

7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.

8. არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.

9. ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.

მუხლი 57

1. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს აფხაზეთის სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.

2. აფხაზეთის სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს. აფხაზეთის სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

3. აფხაზეთის სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით.

მუხლი 58

1. აფხაზეთში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.

მუხლი 59

კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზეც.

თავი მეხუთე

(ამოღებულია)

თავი მეექვსე

აფხაზეთი, როგორც საქართველოს შემადგენილი ნაწილი

მუხლი 64

აფხაზეთი დამოუკიდებელად წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს.

მუხლი 65

აფხაზეთის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს მისი თანხმობის გარეშე.

მუხლი 66

საქართველოსა და აფხაზეთის ერთობლივი და აფხაზეთის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ცალკე განისაზღვრება.

მუხლი 67

1. საქართველოს გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში აფხაზეთი მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი უმაღლესი ორგანოების მეშვეობით.

2. აფხაზეთი თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს კომპლექსურ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ხელს უწყობს ამ ტერიტორიაზე საქართველოს უფლებამოსილების აღსრულებას, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებათა შესრულებას.

3. აფხაზეთი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს და კოორინაციას უწევს მის ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე იურიდიული პირებისა და მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) საქმიანობას.

მუხლი 68

1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად სამშობლოს დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას განეკუთვნება და მთელი ხალხის საქმეა.

2. აფხაზეთი მონაწილეობს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში.

3. საქართელოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა , იურიდიულ პირთა, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა მოვალეობას განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

მუხლი 69. (ამოღებულია)

მუხლი 70

1. აფხაზეთის სახელმწიფო ენებია ქართული და აფხაზური.

2. აფხაზეთის ხელისუფლება ზრუნავს ქართული და აფხაზური ენების ყოველმხრივი განვითარებისათვის.

მუხლი 71

აფხაზეთის ტერიტორიაზე სავალდებულოა საქართველოს კანონების შესრულება.

თავი მეშვიდე

აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა

მუხლი 72

აფხაზეთი განსაზღვრავს რაიონულ დაყოფას და წყვეტს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 73

აფხაზეთის შემადგენლობაშია: გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, სოხუმის რაიონები და ქალაქები: სოხუმი, გაგრა, ტყვარჩელი.

თავი მერვე

(ამოღებულია)

თავი მეცხრე

(ამოღებულია)

თავი მეათე

(ამოღებულია)

თავი მეთერთმეტე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

მუხლი 93

1. აფხაზეთის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია წყვეტდეს ყველა საკითხს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კონსტიტუციით აფხაზეთის გამგებლობას განეკუთვნება.

3. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამგებლობას განეკუთვნება: აფხაზეთის კონსტიტუციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა, აფხაზეთის კანონის მიღება, აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშების დამტკიცება, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების შექმნა და გაუქმება, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების არჩევა (დანიშვნა) და თანამდებობიდან განთავისუფლება.

მუხლი 94. (ამოღებულია)

მუხლი 95

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის სამ მოადგილეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მუშაობას.

მუხლი 96

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებს იწვევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის სულ ცოტა მესამედის ან აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მოთხოვნით.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესია შედგება მისი სხდომებისაგან, აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუდმივი და სხვა კომისიების სხდომებისაგან.

მუხლი 97

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუდმივ კომისიებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და არანაკლებ 10 000 აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს.

მუხლი 98

1. კანონის პროექტებსა და სხვა საკითხებს განიხილავენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტი ან შესაბამისი საკითხი შეიძლება წინასწარი ან დამატებითი განხილვისათვის გადაეცეს ერთ ან რამდენიმე მუდმივ კომისიას.

2. აფხაზეთის კანონი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილება და სხვა აქტები მიღებულად ჩაითვლება, თუ მათ მხარს დაუჭრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

3. აფხაზეთის კანონპროექტები და სახელმწიფოებრივი ცხოვრების დიდმნიშვნელოვანი საკითხები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ან მისი პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოტანილ იქნას საერთო სახალხო განხილივისათვის.

მუხლი 99

აფხაზეთის კანონები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებები და სხვა აქტები ქვეყნდება ქართულ და აფხაზურ ენებზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით.

მუხლი 100

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს, მინისტრებსა და იმ ორგანოების ხელმძღვანელებს, რომლებსაც ქმნის აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს აფხაზეთის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე და მათგან მიიღოს პასუხი.

მუხლი 101

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის, ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, ხოლო სესიებს შორის პერიოდში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, ხოლო სესიებს შორის პერიოდში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. თუ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, ხოლო სესიებს შორის პერიოდში  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი არ მისცემს თანხმობას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაკავებული ან დაპატიმრებული დეპუტატი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

მუხლი 102

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედ ორგანოს წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელიც მთელ თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მის წინაშე და ამ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში.

მუხლი 103

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამი მოადგილე და უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები.

მუხლი 104

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი:

ა) იწვევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებს;

ბ) კოორდინაციას უწევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების საქმიანობას;

გ) კონტროლს უწევს აფხაზეთის კონსტიტუციის დაცვას;

დ) აწესებს და ანიჭებს აფხაზეთის საპატიო წოდებებს; აჯილდოებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

ე) შედის სარჩელით ან წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აფხაზეთის კონსტიტუციასთან აფხაზეთის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის და საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე.

ვ) ახორციელებს აფხაზეთის კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 105

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში, მორიგ სესიაზე დასამტკიცებლად შემდგომი წარდგენის პირობით:

ა) აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წინადადებით ქმნის და აუქმებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილ სამინისტროებს, სახელმწიფო დეპარტამენტებს და სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებს.

ბ)აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შემადგენლობაში შემავალ ცალკეულ პირებს.

მუხლი 106

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იღებს დადგენილებებს.

მუხლი 107 . (ამოღებულია)

მუხლი 108

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავის წევრთაგან ირჩევს მუდმივ კომისიებს. მუდმივი კომისიები წინასწარ განიხილავენ მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, აგრეთვე ხელს უწყობენ აფხაზეთის კონსტიტუციის, აფხაზეთის კანონების, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის სხვა გადაწყვეტილებების განხორციელებას. კონტროლს უწევენ სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, საჭიროებისამებრ ქმნის თავის საგამოძიებო, სარევიზიო და სხვა კომისიებს.

3. კომისიების მოთხოვნის, მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე აუცილებელი საბუთების წარდგენა სავალდებულოა.

მუხლი 109

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო კონტროლს უწევს მის წინაშე ანგარიშვალდებულ ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას.

მუხლი 110

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს საქმიანობის წესს განსაზღვრავს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტი და აფხაზეთის კანონები, რომლებიც ამ კონსტიტუციის საფუძველზე მიიღება.

თავი მეთორმეტე

აფხაზეთის მინისტრთა საბჭო

მუხლი 111

აფხაზეთის მინისტრთა საბჭო აფხაზეთის მთავრობა – აფხაზეთის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა.

მუხლი 112

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ქმნის აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთის მინისტრების, სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეებისა და უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილი სახელმწიფო მმართელობის სხვა ორგანოების ხელმძღვანელების შემადგენლობით.

მუხლი 113

1. აფხაზეთის მინისტრთა საბჭო პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე, ხოლო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე.

2. აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავისი მუშაობის შესახებ ყოველწლიურად აბარებს ანგარიშს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს.

მუხლი 114

აფხაზეთის მინისტრთა საბჭო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ყველა ის საკითხი, რომელიც აფხაზეთის გამგებლობაშია და აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად არ შედის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომპეტენციაში.

თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის მინისტრთა საბჭო:

ა) უზრუნველყოფს აფხაზეთის მეურნეობისა და სოციალურ-კულტურული სფეროს განვითარებას, შეიმუშავებს და ახორციელებს ხალხის კეთილდღეობის, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებებს; ხელს უწყობს სახელმწიფო აღრიცხვისა და სტატისტიკის ერთიანი სისტემის ორგანიზაციის ღონისძიებათა განხორციელებას, ორგანიზაციას უწევს აფხაზეთისა და ადგილობრივი დაქვემდებარების ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მართვას;

ბ) შეიმუშავებს და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად შეაქვს აფხაზეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული ინდიკატორი გეგმები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, იღებს ზომებს აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შესასრულებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს აფხაზეთის დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას; აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს გეგმებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს;

გ) ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების, საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად;

დ) იღებს ზომებს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებით და საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო უშიშროებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნვესაყოფად;

ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსთან სამეურნეო და სოციალუ-კულტურული მშენებლობის საქმეთა სამმართველოებს, ინსპექციებსა და სხვა უწყებებს;

ვ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 115 . (ამოღებულია)

მუხლი 116

აფხაზეთის მინისტრთა საბჭო გამოსცემს დადგენილებებს და განკარგულებებს საქართველოს და აფხაზეთის საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. იგი ორგანიზაციას უწევს და ამოწმებს მის მიერ გამოცემული დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებას.

მუხლი 117

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს უფლება აქვს გააუქმოს აფხაზეთის სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების აქტები.

მუხლი 118

1. აფხაზეთის მინისტრთა საბჭო წარმართავს აფხაზეთის სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მუშაობას.

2. აფხაზეთის სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოები ხელმძღვანელობენ მათთვის მინდობილ მმართველობის დარგებს ან ახორციელებენ დარგთა შორის მართვას და ექვემდებარებიან როგორც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს, ისე საქართველოს შესაბამის სამინისტროებს და აღმასრულებელი ხელისფლების სხვა ორგანოებს. აფხაზეთის სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოები პასუხს აგებენ მათთვის მინდობილი მმართველობის სფეროების მდგომარეობისათვის. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს საქართველოსა და აფხაზეთის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

მუხლი 119

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის კომპეტენციას, მათი საქმიანობის წესს, მინისტრთა საბჭოს ურთიერთობას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან აგრთვე აფხაზეთის სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების ნუსხას აფხაზეთის კონსტიტუციის საფუძველზე განსაზღვრავს კანონი.

თავი მეცამეტე

(ამოღებულია)

თავი მეთოთხმეტე

(ამოღებულია)

თავი მეთხუთმეტე

აფხაზეთის სასამართლო ხელისუფლება

მუხლი 142

1. სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით.

2. სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის.

3. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

მუხლი 143

1. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. მათი სისტემა და სამართალწარმოების წესი დადგენილია საქართველოს კანონით.

2. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარ პირობებში და მხოლოდ საერთო სასამართლოს სისტემაში.

3. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

მუხლი 144

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

2. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. არავის არა აქვს უფლება მოთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

4. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

5. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

მუხლი 145

1. სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.

2. სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ან აფხაზურ ენაზე. პირს, რომელმაც სამართალწარმოების ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.

3. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

მუხლი 146

1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება.

2. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით.

3. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

4. აფხაზეთის საერთო სასამართლოების უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით.

მუხლი 147

1. მოსამართლე ხელშეუხებელია, დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

მუხლი 148

აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა და დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას აფხაზეთის რაიონის (ქალაქის) სასამართლოებში, სააპელაციო წესით და პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს.

მუხლი 149

1. აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო შედგება თავმჯდომარის, პირველი მოადგილის, მოადგილისა და მოსამართლეებისაგან.

2. აფხაზეთის უმაღლეს სასამართლოში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან: აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, აგრეთვე კოლეგიათა და პალატების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

მუხლი 150

1. აფხაზეთის პროკურატურა საქართველოს პროკურატურის შემადგენელი ნაწილია. აფხაზეთის პროკურორს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს გენერალური პროკურორი.

2. აფხაზეთის პროკურორის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

 

თავი მეთექვსმეტე

 

სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი

მუხლი 151

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს აფხაზეთის კანონს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ.

2. აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის საკანონმდებლო აქტებით.

მუხლი 152

1. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

2. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს არაუგვიანეს 2 თვისა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს მხოლოდ იმ პირობით შეუძლია მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს დამატებითი ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.

4. საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.

5. თუ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მინისტრთა საბჭოს მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტი, ის უბრუნდება მინისტრთა საბჭოს შენიშვნებით. მინისტრთა საბჭო ორი კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს. თუ უმაღლესმა საბჭომ მეორე წარდგენის შემდეგაც არ მიიღო ბიუჯეტის პროექტი, მინისტრთა საბჭო ჩაითვლება გადამდგარად.

6. თუ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოახერხა ბიუჯეტის მიღება, აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.

მუხლი 153

1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონის შესაბამისად შემოიღოს ადგილობრივი გადასახადები.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ადგილობრივი გადასახადების შემოღების წესი განისაზღვრება აფხაზეთის კანონით.

3. ადგილობრივი გადასახადის შემოღება და ადგილობრივი გადასახადისგან გათავისუფლება ხორციელდება აფხაზეთის კანონით.

მუხლი 154

1. აფხაზეთის სახელმწიფო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს აფხაზეთის კონტროლის პალატა.

2. აფხაზეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

3. აფხაზეთის კონტროლის პალატა პასუხისმგებელია საქართველოს კონტროლის პალატისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

4. აფხაზეთის კონტროლის პალატის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი, დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება საქართველოს კანონით.

თავი მეჩვიდმეტე

აფხაზეთის კონსტიტუციის მოქმედება და მისი შეცვლის წესი

მუხლი 155

აფხაზეთის კანონი და სახელმწიფო ორგანოების სხვა ნორმატიული აქტები გამოიცემა აფხაზეთის კონსტიტუციის საფუძველზე და მის შესაბამისად.

მუხლი 156

აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილება შეტანილად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი.

8. 21/11/2019 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 33 - ს - ვებგვერდი, 27/11/2019 7. 03/05/2019 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 18 - ს - ვებგვერდი, 06/05/2019 6. 20/08/2013 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 174-ს - ვებგვერდი, 05/09/2013 5. 11/05/2006 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 11, 11/05/2006 4. 28/02/2006 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 5, 28/02/2006 3. 31/01/2006 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 31/01/2006 2. 25/11/2004 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 4, 30/11/2004 1. 08/12/2000 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ხმა, 27(18568), 06/07/2001