საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.021475
455
16/09/2019
ვებგვერდი, 19/09/2019
240090000.10.003.021475
საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №455

2019 წლის 16 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს საბაჟო კოდექსის 109-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია“ დანართებთან ერთად.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილება.

 

მუხლი 3
2019 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ნებართვები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს 2019 წლის 1 სექტემბრამდე, ვალდებულია, დააკმაყოფილოს საქართველოს საბაჟო კოდექსისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვეში.

 

მუხლი 4
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ინსტრუქცია

 

 საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 


1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.

2. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვებს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

მუხლი 2

ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნებართვა – ამ მუხლის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება საბაჟო საწყობს ან ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;

ბ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა;

გ) სანებართვო პირობები – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას;

დ) საბაჟო საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ნაკვეთისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და შემოსაზღვრული იმდაგვარად, რომ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ამ ტერიტორიაზე შეტანა/ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად მოწყობილი ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელის და გასასვლელის საშუალებით. საყარი ან/და თხევადი საქონლის  შემთხვევაში, საბაჟო საწყობის ტერიტორიას განეკუთვნება აგრეთვე შესაბამისი სათავსი და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემები/ინფრასტრუქტურა;

ე) საბაჟო საწყობის საქმიანობა – საბაჟო საწყობში:

ე.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობის პროცედურაში;

ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვა;

ე.გ) იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი;

ე.დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვა;

ე.ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანხმობით:

ე.ე.ა) საქართველოს საქონლის 3 თვემდე ვადით შენახვა;

ე.ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურაში ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული უცხოური საქონლის შენახვა ამ საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისას;

ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა – უცხოური საქონლის (იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების გარეშე) და საქართველოს საქონლის საცალო წესით გაყიდვა ნებართვით განსაზღვრული ობიექტის გამოყენებით:

ვ.ა) აეროპორტში, ნავსადგურში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე განთავსებულ ობიექტში ან/და საერთაშორისო რეისის განმახორციელებელ საჰაერო ხომალდში (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) − ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;

ვ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტის გარდა სხვა ადგილზე განთავსებულ ობიექტში − უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) − პირადი სარგებლობისათვის;

ზ) ობიექტი – სანებართვო პირობების შესაბამისად:

ზ.ა) აეროპორტში, ნავსადგურში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებული, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული ობიექტი, რომელიც შედგება სავაჭრო დარბაზ(ებ)ისაგან, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ისა ან/და ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში – სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობისაგან, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა;

ზ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტის გარდა, სხვა ადგილზე განთავსებული სავაჭრო დარბაზ(ებ)ი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ი და ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში – სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული;

ზ.გ) აეროპორტში, ნავსადგურში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებული, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული დარბაზ(ებ)ი, რომელშიც ხდება ნებისმიერი მასალისაგან ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების რეალიზაცია;

ზ.დ) აეროპორტში, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული თავისუფალი  ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ი, საიდანაც ხორციელდება მგზავრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის მიწოდება საჰაერო ხომალდ(ებ)ის ბორტზე;

თ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი –  საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება;

ი) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესანახად ან/და შენახული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების განსახორციელებლად;

კ) შენობა-ნაგებობა – საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო ან/და საწარმოო ოპერაციებისათვის განკუთვნილი, ერთიანი და იზოლირებული შენობა-ნაგებობა, ან მისი ნაწილი (დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე შესასვლელის მქონე სართული ან შენობა-ნაგებობის ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;

ლ) პირი – საქართველოს საწარმო, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება ან ინდივიდუალური მეწარმე;

მ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ნ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი.

თავი II

ნებართვის გაცემა, ცვლილების შეტანა ნებართვაში

მუხლი 3

1. ამ ინსტრუქციის №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობისათვის ერთი საბაჟო საწყობისათვის ან ერთი თავისუფალი  ვაჭრობის პუნქტისათვის.

2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის – განუსაზღვრელი ვადით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის – ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შესაბამისად – 5 ან 5-ზე მეტი წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 50 წლისა.

3. ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს.

4. შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი  ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით თავისუფალი  ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება − შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

5. აკრძალულია ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას, სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას.

6. საბაჟო საწყობის საქმიანობის  ნებართვის გაუქმებისა და ამ ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ახალი ნებართვის სხვა პირზე გაცემის, ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ცვლილების და ამ ტერიტორიის ნაწილზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ახალი ნებართვის სხვა პირზე გაცემის შესახებ შესაბამისი მომართვისას, ნებართვის გაუქმება და ახალი ნებართვის გაცემა ან/და ნებართვაში ცვლილება ხორციელდება ერთდროულად. ამასთან, ახალი ნებართვა ან/და ნებართვაში ცვლილება ძალაში შედის ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების, ან აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელების მომდევნო კალენდარულ დღეს.

მუხლი 4

1. ნებართვის მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლი გადაეცემა ნებართვის მფლობელს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში − აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

3. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების დანართი არის:

ა) საბაჟო საწყობის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

4. სანებართვო მოწმობა გაიცემა ელექტრონული ფორმით.

5. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 5

1. ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომლის წარდგენა, წარმოებაში მიღება და განხილვა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ნებართვის მაძიებლის განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) შესაბამისი საქმიანობისათვის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საბაჟო საწყობისათვის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება (საბაჟო საწყობის შემთხვევაში – ნებართვის მისაღებად განცხადების შეტანიდან არანაკლებ 12 თვის ვადით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში – არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევისა).

3. საბაჟო საწყობის საქმიანობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა;

ბ) „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული გარანტია;

გ) წერილობითი ინფორმაცია საბაჟო საწყობის, მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ;

დ) საყარი ან/და თხევადი საქონლის შენახვის შემთხვევაში – შესაბამისი სათავსის ან/და ასაშენებელი სათავსის და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების/ინფრასტრუქტურის, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა;

ე) მონაცემები დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების ადგილის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ადგილი განთავსებულია ნებართვით გათვალისწინებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, აკმაყოფილებს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციფიკის გათვალისწინებით დათვალიერების პირობებს, გადახურულია და არ გამოიყენება საქონლის შესანახად. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობში შეინახება მხოლოდ სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები, ასევე საყარი, თხევადი ან/და დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში შესანახი საქონელი.

4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა, რომლებითაც დასტურდება, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი მდებარეობს ან განთავსდება საბაჟო კონტროლის ზონაში (გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისა (2021 წლის 1 იანვრამდე) ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევისა);

ბ) წერილობითი ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში (სავაჭრო დარბაზების გარდა, ობიექტის სხვა მონაკვეთებზე) დაშვებულ ფიზიკურ პირთა (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მომუშავე პერსონალის) შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომელთა მიერაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) უკანა გვერდზე დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში;

გ) წერილობითი ინფორმაცია ობიექტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირზე რეალიზაციის პროცესი, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ისა და 2021 წლის 1 იანვრამდე ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – ობიექტის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ წერილობითი ინფორმაცია, რომლითაც დაფიქსირდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);

დ) ამ ინსტრუქციის  მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ობიექტის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.), რომელიც ანიჭებს ნებართვის მაძიებელს უფლებას, გაყიდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტში ექსკლუზიურად.

5. შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით ნებართვის მისაღებად, განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, აღნიშნული პირობით ნებართვის მიღებამდე შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე ჩარიცხოს შემოსავლების სამსახურსა და ნებართვის მაძიებელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

6. შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების არსებობისას, შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამისი შენობა-ნაგებობის აუშენებლობის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელს/მფლობელს უბრუნდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გადახდილი თანხა.

7. შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ფუნქციონირების პირობით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის შემდეგ, თუ საქართველოს კანონმდებლობით აიკრძალება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა ან გაუქმდება შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტი, ნებართვის მფლობელს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გადახდილი თანხა უბრუნდება სანებართვო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის პერიოდის პროპორციულად.

8. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული გარანტია.

9. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელს ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის შემდეგ, ხოლო აღნიშნული გარანტიის წარდგენის გარეშე საქმიანობის დაწყება ითვლება სანებართვო პირობების დარღვევად.

მუხლი 6

1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, პირთან გააფორმოს ხელშეკრულება:

ა) შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის შემდეგ ამ შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განსახორციელებლად (წინარე ხელშეკრულება);

ბ) შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განსახორციელებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამავე პუნქტში აღნიშნულ პირზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს დოკუმენტური ინფორმაცია ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების ნებართვის გამცემის მიერ დადასტურების შემდეგ.

მუხლი 7

1. საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ან/და შენობა-ნაგებობის ფართობი, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს:

ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა, რომელშიც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა;

ბ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას − ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება (საბაჟო საწყობის შემთხვევაში − ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების შეტანიდან არანაკლებ 12 თვის ვადით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში − არანაკლებ  ნებართვის მოქმედების ვადით დადებული იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ ან განცხადებითა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის სანებართვო პირობებთან შეუსაბამობის ან არასაკმარისი ინფორმაციის თაობაზე  და იმავე ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

4. საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აგრეთვე აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

5. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შეცვლილი ტერიტორიის ფარგლებში საქმიანობა განახორციელოს ნებართვაში შესაბამისი ცვლილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების რეგისტრაციის მომდევნო კალენდარული დღიდან.

6. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელი საწარმოს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ ან „დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი“ გრაფაში მიეთითება, ნებართვის მფლობელი საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სრული საფირმო სახელწოდება.

თავი III

საბაჟო საწყობი

მუხლი 8

საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის განხორციელება დაიწყოს არაუგვიანეს ნებართვის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში და დაწყებული საქმიანობა არ შეაჩეროს უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში;

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

დ) მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები;

ე) გადატვირთვის ოპერაციების განხორციელებამდე შეამოწმოს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა და მათი რეკვიზიტები თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, ხოლო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის (მათ შორის, მოხსნა/მოცილების) ან/და მათი რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან შეუსაბამობის ფაქტის დაფიქსირებისთანავე, შესაბამისი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საბაჟო ორგანოს, ამასთან არ განახორციელოს გადატვირთვის ოპერაციები და  იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად;

ვ) საბაჟო საწყობში საქონლის (შესაბამის სათავსში განთავსებული საყარი და თხევადი საქონლის გარდა) შენახვა უზრუნველყოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიცირება საქონლის მფლობელის ან/და სასაქონლო პარტიის შესაბამისად;

ზ) დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა, სურსათის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ან სხვა სპეციფიკური საქონლის შენახვის შემთხვევაში – უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებულ ადგილზე შენახვა და შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა;

თ) საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას;

ი) საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უსასყიდლოდ გამოუყოს საბაჟო კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები;

კ) საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობის შემთხვევაში, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს: საბაჟო საწყობის შესასვლელში ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი და საბაჟო კონტროლის ზონაში შემავალი და გამავალი – ნავთობპროდუქტების გამტარი მილსადენ(ებ)ის დამცავი (ჩამკეტი და გამშვები) მოწყობილობები;

ლ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი იმგავარად ჰქონდეს აღჭურვილი გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, რომ აღნიშნული ადგილები უწყვეტად ფიქსირდებოდეს (იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში). ამასთან, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობისაგან (მათ შორის, საყარი ან/და თხევადი საქონლის  შესანახი სათავსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა) შემდგარ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გადატვირთვის ოპერაციების რეალურად განხორციელების ადგილიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიამდე არსებული ტერიტორიაც ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლით; 

მ) ამ მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით;   

ნ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ჰქონდეს გარანტიით;

ო) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი (იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ნებართვის გამცემს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს აღნიშნული ხელშეკრულება (რომლის მოქმედების ვადაც უნდა უზრუნველყოფდეს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის სარგებლობის ექსკლუზიურ უფლებას ნებართვის მოქმედების პერიოდში) და მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ნებართვის გამცემს;

პ) საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში განახორციელოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით, დადგენილი წესის შესაბამისად;

ჟ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შენახვის შემთხვევაში, გამოყოს სპეციალური სათავსი, რომელშიც დაცულია შესაბამისი კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო ასეთი სათავსის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მხოლოდ იმ საქონლის შენახვა, რომელზეც დასრულებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ფიტოსანიტარიული/ვეტერინარული კონტროლის პროცედურები;

რ) გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

ს) სახიფათო საქონლის ან ისეთი საქონლის შენახვის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია დააზიანოს/გააფუჭოს სხვა საქონელი ან რომელიც სხვა მიზეზის გამო მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს, უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილი სათავსის არსებობა;

ტ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავების შემთხვევაში, გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი;

უ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ;

ფ) აწარმოოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების აღრიცხვა ამ ინსტრუქციის №5 დანართის შესაბამისად და წელიწადში ორჯერ, შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ან ელექტრონულ მატარებლებზე ჩაწერილი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს შემდეგი პერიოდულობით:

ფ.ა) ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 იანვრისა;

ფ.ბ) ყოველი წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს არაუგვიანეს 20 ივლისისა;

ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

მუხლი 9

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის პორტის გავლით შემოტანილი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავება (გახსნა/გადატვირთვა) და ამ ავტომობილების დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საბაჟო საწყობში, რომელმაც, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილი პირობების დაცვასთან ერთად, უნდა უზრუნველყოს:

ა) მომსახურების მაღალი სტანდარტი:

ა.ა) კეთილმოწყობილი მოსაცდელი დარბაზი, ინტერნეტთან წვდომით (WiFi), სველი წერტილებით (მ.შ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის), მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლით;

ა.ბ) 24-საათიანი საბანკო მომსახურებისათვის პირობების შექმნა (რამდენიმე ბანკი, ბანკომატები, ელექტრონული ჩარიცხვის აპარატები);

ა.გ) 24-საათიანი საინფორმაციო ცენტრი (სატელეფონო მომსახურებით), კონტეინერების გახსნის შესახებ საინფორმაციო ვებგვერდი (კონტეინერების დამუშავების განრიგის შესახებ ინფორმაციისათვის);

ა.დ) სასურველია საწყობიდან არაუმეტეს 50 მ-ში კვების ობიექტ(ებ)ის არსებობა;

ბ) უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები:

ბ.ა) კონტეინერების დამუშავებისას უსაფრთხოების (როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე ავტომობილების უსაფრთხოება) ნორმების დაცვა;

ბ.ბ) კონტეინერების დამუშავებისათვის გამოყოფილი ტერიტორიის დაცვა გარეშე პირების მოხვედრისაგან;

ბ.გ) ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანა უნდა მოხდეს საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (ავტომობილის მიღება-ჩაბარების ადგილი);

გ) სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა:

გ.ა) ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავებისათვის ერთმანეთისაგან იზოლირებული:

გ.ა.ა) გახსნა-დამუშავების მოედანი – ბეტონის საფარით, განათებით, აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით (დამტვირთველი, კონტეინერის ამწეები და ა.შ.) კონტეინერების უსაფრთხოდ და სწრაფად დაცლისათვის, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, რომლითაც უწყვეტად (დღე-ღამის განმავლობაში) უნდა ფიქსირდებოდეს კონტეინერების დაცლის დეტალური გამოსახულება, საბურავების ჰაერის მიმწოდებელი და აკუმულატორის დამმუხტველი ხელსაწყოებით, მოსაცდელი ოთახით;

გ.ა.ბ) ავტოსადგომი – ბეტონის საფარით, მონიშნული (დახაზული) და დანომრილი დგომის ადგილებით, აღჭურვილი მოედნის ნებისმიერი წერტილის მუდმივი ვიდეოკონტროლით;

გ.ა.გ) დათვალიერების ადგილი – რამდენიმე ათეულ ავტომობილზე გათვლით, გადახურვით, განათებით, აღჭურვილი გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, საქონლის დასათვალიერებელი მაგიდებით, სასწორებით (500 კგ-იანი და 2 ტ-იანი), საოფისე ოთახით ინტერნეტთან წვდომით, სველი წერტილით;

გ.ა.დ) ავტომობილის მიღება-ჩაბარების ადგილი – იზოლირებული (შემოღობილი) ყველა სხვა ზემოთ აღნიშნული მოედნისაგან, ბეტონის საფარით, აღჭურვილი საბურავების ჰაერის მიმწოდებელი და აკუმულატორის დამმუხტველი ხელსაწყოებით, რამდენიმე დამტვირთველით დაზიანებული ავტომობილის გადასაადგილებლად;

გ.ბ) იზოლირებული, კეთილმოწყობილი სასაწყობე ინფრასტრუქტურა – კონტეინერში ავტომობილთან ერთად განთავსებული საქონლის დასაწყობებისათვის, აღჭურვილი შესაბამისი სათავსებით/სტელაჟებით და ვიდეოკონტროლის სისტემით;

გ.გ) კეთილმოწყობილი საოფისე ფართები – საბაჟო ორგანოს თანამშრომლებისათვის (მათ შორის, მოსასვენებელი ოთახები ცვლიანი გრაფიკით მომუშავე პირებისათვის);

დ) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებთან თანხვედრით, ყველა საჭირო ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში ასახვისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების თაობაზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი წერილობითი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავებისა (გახსნა/გადატვირთვა) და ავტომობილების დათვალიერების განხორციელების მიზანშეწონილობის ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

თავი IV

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი

მუხლი 10

1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესატან უცხოურ საქონელზე საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების ადგილია საბაჟო გამშვები პუნქტი, ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის გავლითაც გადაადგილდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესატანი უცხოური საქონელი, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობი, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის დასაწყობება.

2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური საქონელი საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობით ან TIR წიგნაკით.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების გარეშე გადაადგილდება იმავე საბაჟო გამშვებ პუნქტში განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულებით, ერთდროულად ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გაცემა და კონტროლიდან მოხსნა.

5. საქონლის ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან მეორე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილას გადატანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში არსებული საქართველოს საქონლის (აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის გარდა) უკან დაბრუნება – სასაქონლო ზედნადებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

6. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით ფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირ(ებ)ზე რეალიზაციის პროცესი, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ის შესასვლელსა და გასასვლელში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და შესაძლებლობის შემთხვევაში იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

7. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით.

8. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტში ნებისმიერი მასალისაგან ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) ან გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების შეტანისას, ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა.

მუხლი 11

1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ი უნდა მდებარეობდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ (საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ ინსტრუქციის მე-2  მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის გარდა) და მისი განლაგება უნდა გამორიცხავდეს მასში იმ ფიზიკური პირების მოხვედრას, რომლებსაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სათანადო პროცედურები არ გაუვლიათ.

2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებულ საქონელს შენახვისა და გაყიდვისათვის მოსამზადებლად შეიძლება ჩაუტარდეს ის ოპერაციები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის მიმართ.

3. დაუშვებელია თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზების, დამხმარე სათავსებისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის გამოყენება იმ საქონლის შესანახად და სარეალიზაციოდ, რომელიც არ გაცხადებულა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესატანად.

4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, აწარმოოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, დადგენილი ფორმით (დანართი №3 და დანართი №4) და უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება შემოსავლების სამსახურისათვის:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებულ საქონელზე − საქონლის მოთავსებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 18 საათისა;

ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზებულ საქონელზე − საქონლის რეალიზაციისთანავე ავტომატურ რეჟიმში, ხოლო ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო აღნიშნული ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, ელექტრონული სხვა ფორმით – საქონლის რეალიზებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 18 საათისა.

5. ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან სხვა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე გადატანილი, აგრეთვე უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ მონაცემები ასევე აღირიცხება მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, დადგენილი ფორმით (დანართი №4) და წარედგინება შემოსავლების სამსახურს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.   

6. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირება) ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება, იგი უნდა აიტვირთოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე Excel ფორმატის ფაილით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს აღნიშნულისა და ხარვეზის აღმოფხვრის ვადის შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.

7. „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №3) ან „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზებული, სხვა ადგილზე გადატანილი ან უკან დაბრუნებული საქონლის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №4) ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შენიშვნის გრაფაში უნდა მიეთითოს ცვლილების განხორციელების მიზეზი.

8. ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში.

მუხლი 12

1.  თავისუფალი ვაჭრობის  პუნქტში საქონლის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, ხორციელდება შემდეგი დოკუმენტების წარდგენისას:

ა) პირადობის დამადასტურებელი ქვემოთ მითითებული დოკუმენტი, რომელშიც დასმულია თარიღის შტამპი აღნიშვნით – „გასვლა“:

ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტი; ან

ა.ბ) მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი; ან

ა.გ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი; ან

ა.დ) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი; ან

ა.ე) უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი; ან

ა.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამგზავრო დოკუმენტი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;

გ) აეროპორტში განთავსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის გაყიდვისას – დამატებით, საერთაშორისო რეისზე ჩასხდომის ბარათი ან საავიაციო პერსონალის მოწმობა (სერტიფიკატი) ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობა ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის  პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან.

3. გაყიდული საქონელი უნდა მოთავსდეს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელის შესაბამის შეფუთვაში, რომელსაც ქართულ და ინგლისურ ენებზე ექნება წარწერა „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ნაყიდი საქონელი, საბაჟო ტერიტორიიდან გაუტანლობის შემთხვევაში, დაიბეგრება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 13

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრთა (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით საქონლის რეალიზაცია ხორციელდება:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათის წარდგენისას; ან

ბ) უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მიმართვის წერილის წარდგენისას. აღნიშნული მიმართვის წერილით უნდა დასტურდებოდეს, რომ კონკრეტული პირის მიერ შესაბამისი საქონლის შეძენა ხორციელდება ამ წარმომადგენლობის სამსახურებრივი სარგებლობისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან.

მუხლი 14

1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის გაყიდვისას იმ პირებზე, რომელთაც არ ჰქონდათ მისი შეძენის უფლება, აგრეთვე საქონლის დანაკლისის შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი, რომლებიც სავალდებულო იქნებოდა შესაბამისი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას, აგრეთვე შეასრულოს სხვა საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონელი საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად აღმოჩნდება მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებული, დაკარგული ან გაფუჭებული იმდენად, რომ შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება.

2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის სასაქონლო სახის დაკარგვისას (გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევისა), როცა საქონლის მახასიათებლები შეცვლილია იმდენად, რომ შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანისას საქონლისათვის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად განსაზღვრული სასაქონლო კოდით, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი, რომლებიც სავალდებულო იქნებოდა პირვანდელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას. 

თავი V

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, პასუხისმგებლობა და ნებართვის გაუქმება

მუხლი 15

1. საბაჟო საწყობის საქმიანობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური, შესაბამისი საბაჟო ორგანოს მეშვეობით.

2. საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმებით.

3. საბაჟო ორგანოს მიერ შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომელიც წარედგინება ნებართვის მფლობელს.

მუხლი 16

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმებამდე, შესაბამისი საფუძვლის (მათ შორის, ნებართვის მფლობელის მომართვა) არსებობისას:

ა) საბაჟო საწყობში საქონლის არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს:

ა.ა) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს საბაჟო საწყობის საქმიანობის  ნებართვის გაუქმების განზრახვის თაობაზე და საქონლის დამსაწყობებელთან სამართლებრივი ურთიერთობების დასრულებისთვის, აგრეთვე საქონლის უპატრონოდ ცნობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს;

ა.ბ) იდენტიფიცირებულ დამსაწყობებელს ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახვის თაობაზე და საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანის ან შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენების ან რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების შესახებ;

ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება;

გ) საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანისას, დამსაწყობებელს უფლება აქვს, საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს.  

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმებისა და ამ ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ახალი ნებართვის სხვა პირზე გაცემის, ან საბაჟო საწყობის ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ცვლილების და ამ ტერიტორიის ნაწილზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ახალი ნებართვის სხვა პირზე გაცემის მიზნით შესაბამისი მომართვისას გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.

3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, საქონელი, რომელიც იმყოფება სავაჭრო დარბაზებსა და დამხმარე სათავსებში, ნებართვის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაიტანოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობში; 

ბ) საბაჟო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელს უცხოური საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობიდან სხვა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან საბაჟო საწყობში გადატანის ან შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენების ან რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების შესახებ და განუსაზღვრავს აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს).  

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საბაჟო ორგანო ამოწმებს ამავე ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, რომლის შესაბამისადაც მიიღება ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილება.

5. ამ მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ახორციელებს საქონლის განკარგვას.

მუხლი 17

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ნებართვის მფლობელს სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-10 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით ვიდეოჩაწერის შეწყვეტის შესახებ საბაჟო ორგანოსათვის დაგვიანებით შეტყობინების გამო, თუ აღნიშნული შეტყობინება საბაჟო ორგანოსათვის გაგზავნილია ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში.

 

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.