სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.027.016866
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
366
22/12/2018
ვებგვერდი, 24/12/2018
010340020.22.027.016866
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2018 - 10/01/2019)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №366

2018 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

პატიმრობის კოდექსის 71 მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხ­ლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანება;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №57 ბრძანება;

გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №39 ბრძანება.

3. ამ დებულების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარება დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

 

4. ეს ბრძანება, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

5. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 15 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი



სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტატუსი, ატრიბუტიკა და იურიდიული მისამართი

1. სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც მინ­დო­ბილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, ამ დებულებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური წარმოად­გენს სახელმწიფოს.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27.

მუხლი 2. სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ატრიბუტიკა

1. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

2. სამსახურის მიერ სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.

3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამსახურის ბლანკებსა და სამსახურის ადმინისტრაციულ შენობათა შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებათა ბლანკებსა და შენობების შესასვლე­ლე­ბის აბრებზე.

4. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამსახურის ემბლემა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის ბლანკებსა და სამსახურის ადმინისტრაციულ შენობათა შესასვლელების აბრებზე, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებათა ბლანკებსა და შენობების შესასვლე­ლე­ბის აბრებზე, სამსახურის სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობებსა და სავიზიტო ბარათებზე, სამსახურებრივ ფორმებზე, სამსახურის ბეჭდვით გამოცემებსა და ბეჭდებზე, საკანცელარიო ნივთებზე, სუვენირებსა და სხვა საგნებზე.

მუხლი 3. სამსახურის ფინანსები და ქონება

1. სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

3. სამსახურს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

4. სამსახურის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები.

მუხლი 4. სამსახურის ანგარიშვალდებულება

1. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

2. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად/ბათილად ცნოს სამსახურის ხელმძღვანელის აქტები და მოქმედებები მიზანშეუწონლობის მოტივით, ან თუ ისინი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

3. მინისტრი უფლებამოსილია სამსახურის ხელმძღვანელის აქტები ძალადაკარგულად ცნოს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.

4. სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მინისტრისა და სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა ინფორმირება სამსახურის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

5. სამსახური ვალდებულია სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/თანამდებობის პირებს მიაწოდოს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

თავი II

სამსახურის მმართველობის სფერო, ამოცანები და უფლებამოსილება

მუხლი 5. სამსახურის მმართველობის სფერო და ამოცანები

სამსახურის მმართველობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება, პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა; ამ მიზნით სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

მუხლი 6. სამსახურის უფლებამოსილება

სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;

ბ) პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვა;

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

ე) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია;

ვ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ზ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემთა დამუშავება და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;

თ) პენიტენციურ დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;

ი) პენიტენციური დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლი;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

ლ) პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

მუხლი 7. გენერალური დირექტორი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. გენერალური დირექტორი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზედამხედველობს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა საქმიანობას;

ე) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს;

ვ) მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს;

ზვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის შესაბამის მოსამსახურეებსა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

ი) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას;

კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმიისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებსა და ინსტრუქციებს;

მ) მინისტრს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;

ნ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებების დებულებებს, აგრეთვე პატიმრობის კოდექსით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოსაცემი ნორმატიული აქტების პროექტებს;

ო) წყვეტს სამართლებრივ დავას სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;

პ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის ხარჯთაღრიცხვას;

ჟ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საქმისწარმოების წესს;

რ) წელიწადში არანაკლებ ორჯერ, ასევე, მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;

ს) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) კანონით დადგენილი წესით, სამსახურებრივად ზედამხედველობს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამსახურის თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;

უ) კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს;

ფ) ძალადაკარგულად/ბათილად ცნობს სამსახურის თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს მთავრობის, მინისტრისა და სხვა ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის სამართლებრივ აქტებს;

ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჩერებს სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას; გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;

ღ) მინისტრთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებასა და მისი გაგრძელების, აგრეთვე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამოუკიდებლად შემოღებული განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ;

ყ) მინისტრის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალურ ღონისძიებათა (ინტერვენციების) რაზმების ჩართვის შესახებ;

შ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სამსახურის გენერალურ დირექტორს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეზე/მოადგილეზე ან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელზე.

მუხლი 8. გენერალური დირექტორის მოადგილეები

1. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ბრძანებით, თუ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მინისტრი.

3. გენერალური დირექტორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთ­ხვევაში, ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამო­სილებებს ახორციელებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

4. გენერალური დირექტორის მოადგილე შესაძლებელია იმავდროულად იყოს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი.

მუხლი 9. სამსახურის თანამდებობის პირები

1. სამსახურის თანამდებობის პირები არიან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება გენერალურ დირექტორს ან კურატორ გენერალური დირექტორის მოადგილეს.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) გენერალურ დირექტორსა და კურატორ გენერალური დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი IV

სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით.

2. სამსახურის სპეციალური დანაყოფი აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს (მათ სტრუქტურულ ერთეულებსა და ყველა მოსამსახურეს), ასევე, პენიტენციური დეპარტამენტის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების გატარების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.

3. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფი აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა მთავარი დანიშნულება სპეციალური დანაყოფის გამართული ფუნქციონირებაა. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვასა და სისტემურ მონიტორინგს, მოსამსახურეთა, მათ შორის სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა, მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებისა და სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს.

4. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფებს მიეკუთვნება სამსახურის შემდეგი სტრუქტრული ქვედანაყოფები:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

გ) სამედიცინო დეპარტამენტი;

დ) ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი.

5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით და სტრუქტურული ქვე­დანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა კომპე­ტენ­ცია განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.

მუხლი 11. პენიტენციური დაწესებულება

1. პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში.

2. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 12. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები და მათი სტრუქტურული ერთეულები

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვა;

გ) სამსახურის საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

დ) სამსახურის საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურის საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

გ) საქმისწარმოების სამმართველო;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო.

3. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის ფუნქციონირებისა და მისი ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;

დ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და კომპეტენციის ფარგლებში განკარგვა.

4. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;

ბ) შესყიდვების სამმართველო;

გ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;

დ) ქონების მართვის სამმართველო;

ე) მომარაგების სამმართველო;

ვ) ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველო.

5. სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, და ამ მიზნით, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების შესაბამისად, მათი დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი; 

გ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე ზრუნვა.

6. სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველო;

ბ) სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო.

7. ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანაა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განმხილველი სამსახურის ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა.

8. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურისა და სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობისა და მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა.

9. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) საზოგადოებრივი მისაღებისა და სატელეფონო მომსახურების სამმართველო.

10. მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება;

ბ) სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება;

გ) სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა და მათზე რეაგირება;

დ) სამსახურის სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის ფარგლებში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა, მათზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამსახურის გამგებლობის სფეროში სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავებისა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა.

11. მონიტორინგის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო;

ბ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის სამმართველო;

გ) მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველო;

დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) სტატისტიკის სამმართველო.

12. პენიტენციური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვისა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების უშუალო შესრულება;

გ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა, და ამ მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მესამე პირებთან აქტიური თანამშრომლობა.

13. პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) უსაფრთხოების მთავარი სამმართველო;

ბ) გარე დაცვის მთავარი სამმართველო;

გ) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველო;

დ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მთავარი სამმართველო;

14. პენიტენციური დაწესებულებები ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში და ისინი იქმნება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

თავი V

სამსახურის საბჭოები და კომისია

მუხლი 13. სამსახურის საბჭოები და კომისია

1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის მიზნით, სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. სამსახურთან იქმნება სამსახურის ადგილობრივი საბჭო – სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთაგან კანდიდატების შერჩევისა და ადგილობრივი საბჭოებისათვის წარდგენის, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან კანდიდატის შერჩევისა და სამინიტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარდგენის მიზნით. საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. სამსახურთან არსებობს სამსახურის ფსიქიატრიული კომისია, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

 


10. 18/03/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 989 - ვებგვერდი, 18/03/2024 9. 25/01/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 980 - ვებგვერდი, 26/01/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 30/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 732 - ვებგვერდი, 01/07/2021 7. 06/10/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 638 - ვებგვერდი, 06/10/2020 6. 30/09/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 634 - ვებგვერდი, 30/09/2020 5. 26/08/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 601 - ვებგვერდი, 26/08/2020 4. 22/11/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 460 - ვებგვერდი, 22/11/2019 3. 12/03/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 389 - ვებგვერდი, 12/03/2019 2. 14/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 380 - ვებგვერდი, 14/02/2019 1. 10/01/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 372 - ვებგვერდი, 11/01/2019