დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1185 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.027.017667 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010340020.22.027.016866) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის მხარდამჭერი აპარატი; ბ) გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი; გ) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტი; დ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი; ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ვ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ზ) სამედიცინო დეპარტამენტი; თ) ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ი) მონიტორინგის დეპარტამენტი.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.“. 2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები 1. პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის მხარდამჭერი აპარატის ამოცანებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვაში გენერალური დირექტორის მხარდაჭერა და ამ მიზნით: ა.ა) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვისა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; ა.ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების უშუალო შესრულება; ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა; ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაცია და ანალიზი, აგრეთვე, უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობა; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება, აგრეთვე მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა. 2. გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებათა გარე უსაფრთხოებისა და გარე პერიმეტრის, მათ შორის, გარე აკრძალული ზოლის, დაცვა; ბ) სამსახურის სისტემის ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა) შემოწმება; დ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტებისა და საკვები პროდუქტების მოხვედრის აღკვეთა და პრევენცია. 3. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, აგრეთვე ამ ამოცანათა შესრულებისას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა; ბ) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა და მეთვალყურეობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვა; გ) სამსახურის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; დ) სამსახურის საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ვ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა და კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია; ზ) პოლიტიკის დოკუმენტებზე (კონცეფცია, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა) მუშაობა, მათ შორის, სიტუაციის ანალიზის მომზადება, თემატური პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება, ასევე თემატურ-დარგობრივი კვლევების მომზადება; თ) კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, მონაცემთა და სტატისტიკის ანალიზი; ი) კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კ) სამსახურის გამგებლობის სფეროში სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავებისა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა; ლ) სამსახურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; მ) სამსახურის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; ნ) სამსახურისა და სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობისა და მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა. 5. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის ფუნქციონირებისა და მისი ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა; გ) სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა; დ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და კომპეტენციის ფარგლებში განკარგვა. 6. სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, და ამ მიზნით, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების შესაბამისად, მათი დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი; გ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე ზრუნვა. 7. მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და კანონმდებლობის დარღვევებზე რეაგირება; ბ) სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი და ამ უფლებათა დარღვევებზე რეაგირება; გ) სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა და მათზე რეაგირება; დ) სამსახურის სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის ფარგლებში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა, მათზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ე) სამსახურის სისტემაში სამსახურის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; სამსახურის სისტემაში არსებული ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; შიდა აუდიტორული საქმიანობისა და სამსახურის სისტემის მდგომარეობის შესახებ გენერალური დირექტორის პერიოდული ინფორმირება. 8. ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანაა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განმხილველი სამსახურის ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა. 9. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა და ამ მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, დანაშაულთა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, აგრეთვე სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა; ბ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
1. შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი პენიტენციური დეპარტამენტის:
ა) დირექტორის უფლებამოსილებები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ნაწილში განახორციელოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ან მის მიერ უფლებამოსილმა ამავე სამსახურის თანამდებობის პირმა (პირებმა), ხოლო ადმინისტრაციული უფლებამოსილებების ნაწილში განახორციელონ ამ მუხლის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა; ბ) უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ფუნქციები განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის მხარდამჭერმა აპარატმა; გ) გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ფუნქციები, გარდა ამავე მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს ფუნქციებისა, განახორციელოს გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა, ხოლო ამავე მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს ფუნქციები – სამსახურის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა; დ) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ფუნქციები განახორციელოს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტმა. 2. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს ამავე სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 7 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები