ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 08/01/2019
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016148
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
08/01/2019
ვებგვერდი, 10/01/2019
310010010.54.066.016148
ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2019 - 27/11/2019)

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №4

2019 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესი

„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი პირველი დანართის, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2
ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირებამდე, ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირება განხორციელდეს „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანების შესაბამისად. 
მუხლი 3
„ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანების შესაბამისად გაცემული ავიასპეციალისტების სამედიცინო სერტიფიკატები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 4
ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირების შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანება „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“.   
მუხლი 5
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და 25-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ 25-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.    

3. ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე



ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის მიზანი და რეგულირების  სფერო
1. „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ავიასპეციალისტთა უსაფრთხო და ეფექტური საქმიანობის განხორციელება და ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმების დადგენის, ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების გზით.

2. წესის მოქმედება ვრცელდება:  

ა) პილოტზე, პილოტ-კურსანტზე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე, მეთვალყურე-შეგირდზე, ბორტინჟინერზე, აერნაოსანზე, ბორტრადისტზე, ბორტგამყოლზე;

ბ) ავიასამედიცინო ცენტრზე;

გ) ავიასამედიცინო ექსპერტზე.  

3. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

4. ამ წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავიასამედიცინო ექსპერტი – უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს,  დამატებით გავლილი აქვს საავიაციო მედიცინის მომზადებისა და შემდგომი სწავლების კურსი, სერტიფიცირებულია სააგენტოს მიერ და ახორციელებს სამედიცინო შემოწმებას ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის მიზნით;   

ბ) ავიასამედიცინო შემფასებელი – ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ექიმი-ინსპექტორი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი სამედიცინო საკითხების განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში.

გ) ავიასამედიცინო ცენტრი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, უფლებამოსილია უზრუნველყოს ავიასპეციალისტის სამედიცინო შემოწმება და გასცეს შესაბამისი სამედიცინო სერტიფიკატი;

დ) ავიასპეციალისტი – სააგენტოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;

ე) ავიასპეციალისტის მოწმობა – სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი მოთხოვნების   საფუძველზე გაცემული საბუთი, რომლითაც მის მფლობელს ენიჭება საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის/მომსახურების/ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლება;

ვ) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის განმეორებით გაცემა – ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა სააგენტოს მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მიერ სამედიცინო სერტიფიკატი გაიცა ამ წესის მოთხოვნების დარღვევით;

ზ) გადამისამართება – ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მიერ  განმცხადებლის/ავიასპეციალისტის და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაგზავნა სააგენტოში ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სერტიფიკატის განახლების მიზნით, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში;

თ) გამოკვლევა – განმცხადებლის/ავიასპეციალისტის საეჭვო პათოლოგიური მდგომარეობის შემოწმება კვლევების საშუალებით, დაავადების არსებობის ან არარსებობის  დადასტურების მიზნით;

ი) ექიმი სპეციალისტი/ექიმი – ექიმი, რომელიც  არ წარმოადგენს ავიასამედიცინო ექსპერტს, მაგრამ ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს და სააგენტოსთან ან/და ავიასამედიცინო ცენტრთან ხელშეკრულების საფუძველზე, მონაწილეობს  ავიასპეციალისტების ვარგისობის შეფასებაში;

კ) ვარგისობის შეფასება (აკრედიტებული სამედიცინო დასკვნა) – ერთი ან რამდენიმე ექიმი სპეციალისტის  მიერ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, ობიექტური, არადისკრიმინაციული კრიტერიუმის საფუძველზე მიღებული ან საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ექსპერტებთან კონსულტაციის გზით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, აგრეთვე, მოიცავს ავიასპეციალისტის საქმიანობასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო რისკის შეფასებას;

ლ) სამედიცინო დასკვნა – პიროვნების სამედიცინო ისტორიაზე ან/და გამოკვლევების შედეგებზე, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებზე დაყრდნობით, სისხლის ანალიზით, ელექტროკარდიოგრამით, წნევის გაზომვით, რენტგენოლოგიური კვლევით და ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა კვლევის საფუძველზე მიღებული დასკვნა პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ;

მ) სამედიცინო შემოწმება (კვლევა) – განმცხადებლის დათვალიერება, პალპაცია, პერკუსია, აუსკულტაცია ან გამოკვლევა დაავადების დიაგნოზის დადგენის მიზნით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობები.    


მუხლი 3. ინფორმაციის კონფიდენციალობა
ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის პროცესში, გამოკვლევაში, სამედიცინო შემოწმებაში და ვარგისობის შეფასებაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.   

თავი II
სააგენტოს ფუნქციები

მუხლი 4. სააგენტოს უფლებამოსილება
სააგენტო:

ა) ახორციელებს ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირებას, გასცემს ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატს, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატსა და მის დანართს ან უარს აცხადებს ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატისა და მისი დანართის გაცემაზე;  

ბ) ახორციელებს ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, მისი მოქმედების ვადის განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატის გამოცვლას,  სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას;

გ) ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის გაცემამდე, ამოწმებს ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მის მიერ სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას;

ე) შეიმუშავებს და ახორციელებს ზედამხედველობის პროგრამას ავიასამედიცინო ცენტრის სპეციფიკის, საქმიანობის კომპლექსურობისა და სერტიფიცირების ან/და საზედამხედველო საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით; 

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ავიასპეციალისტების სამედიცინო სერტიფიკატებზე მუდმივ ზედამხედველობას;

ზ) ახორციელებს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას;

თ) ითანხმებს ავიასამედიცინო ცენტრში განხორციელებულ ცვლილებებს;

ი) გასცემს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატს, აგრძელებს სერტიფიკატის მოქმედების ვადას, განაახლებს სერტიფიკატს ან თანხმობას აძლევს ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემაზე, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, სერტიფიკატის განახლებაზე, ამ წესით დადგენილი გადამისამართების შემთხვევაში;

კ) ახორციელებს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის განმეორებით გაცემას, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში;

ლ) აწარმოებს მონაცემთა ბაზას (რეესტრს);

მ) ინახავს ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირებასთან, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საბუთებს 7 (შვიდი) წლის განმავლობაში;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 


მუხლი 5. ავიასამედიცინო შემფასებელი 
1. სააგენტო ვალდებულია, დანიშნოს ავიასამედიცინო შემფასებელი ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად.

2. ავიასამედიცინო შემფასებლად ინიშნება უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს და მინიჭებული აქვს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კვალიფიკაცია.

3. ავიასამედიცინო შემფასებელი:

ა) ახორცილებს ზედამხედველობას ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტების საქმიანობაზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციას უწევს ავიასამედიცინო ცენტრს და ავიასამედიცინო ექსპერტებს;

გ) ამოწმებს სააგენტოში შემოსულ სამედიცინო ჩანაწერებსა და ინფორმაციას;

დ) ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) უზრუნველყოფს ავიასამედიცინო ცენტრისთვის და ავიასამედიცინო ექსპერტებისათვის საავიაციო მედიცინის ბაზისური, შემდგომი და განმეორებითი სწავლების კურსების ჩატარებას;

ვ) ახორციელებს სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ავიასამედიცინო შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.


მუხლი 6. მონაცემთა ბაზა
1. სააგენტო აწარმოებს მონაცემთა ბაზას (რეესტრს), რომელშიც შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირებისა და მათზე მუდმივი ზედამხედველობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;  

ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ცენტრ(ებ)ის/ავიასამედიცინო ექსპერტ(ებ)ის ნუსხა;

გ) გადამისამართების, ასევე ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის განმეორებით გაცემის შემთხვევაში, ავიასპეციალისტ(ებ)ის სამედიცინო სერტიფიცირებისა და მათზე მუდმივი ზედამხედველობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.   

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საჯაროა.


მუხლი 7. გამონაკლისის დაშვების პროცესი 
1. სააგენტო უფლებამოსილია სხვა ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან ერთად შეიმუშაოს სამედიცინო შეფასების პროტოკოლი, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიის, მედიკამენტის ან პროცედურის იდენტიფიცირებისას, ისეთი პირი შეაფასოს ვარგისად, რომელიც  არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სამედიცინო შეფასების პროტოკოლის საფუძველზე, ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია, სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ გასცეს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი.

3. სამედიცინო შეფასების პროტოკოლი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) რისკის შეფასებას;

ბ) სახელმძღვანელო მასალების განხილვასა და შეფასებას იმის დასასაბუთებლად, რომ პროტოკოლის საფუძველზე ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა საფრთხეს არ შეუქმნის ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას;

გ) ავიასპეციალისტების შერჩევის დეტალურ კრიტერიუმებს;

დ) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატში მითითებულ შეზღუდვებს;

ე) სააგენტოს  მიერ განსახორციელებელი მონიტორინგის პროცედურებს;

ვ) სამედიცინო შეფასების პროტოკოლის მოქმედების ვადას.

4. სამედიცინო შეფასების პროტოკოლის საფუძველზე გაცემული სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელი პილოტი უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა მხოლოდ პროტოკოლში მონაწილე წევრ-ქვეყნებში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე.

შენიშვნა: ამ მუხლით დადგენილი დებულებები ვრცელდება მხოლოდ პილოტებზე.


თავი III
ავიასამედიცინო ცენტრი 

მუხლი 8. განცხადება ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის მისაღებად
1. ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის მისაღებად განმცხადებელი სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებულ ფორმას.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) განმცხადებლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით;

ბ) სამედიცინო საქმიანობის სფეროში შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ლიცენზია ან/და ნებართვა) (დედანი და ასლი);

გ) დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ უზრუნველყოფს განმცხადებელი ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, კერძოდ:

გ.ა) უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-18 მუხლის მოთხოვნებს;

გ.ბ) სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ექსპერტების, სამედიცინო პერსონალისა და დამხმარე სპეციალისტ-კონსულტანტების ჩამონათვალი;

გ.გ) პერსონალის სწავლების ჩანაწერები;

გ.დ) სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

დ) პროცედურა, რომელიც აღწერს, თუ როგორ მართავს და ატყობინებს ავიასამედიცინო ცენტრი სააგენტოს იმ ცვლილებებს, რომელიც არ საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას;

ე) დეტალური ინფორმაცია კონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოკვლევებისა და სამედიცინო შემოწმებების ჩატარებას;

ვ)  შესაბამისობის მონიტორინგის სისტემის სახელმძღვანელოს სპეციალური კითხვარი, შევსებული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;

ზ) სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, დამხმარე კლინიკური ბაზების ჩათვლით;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით.


მუხლი 9. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება
1. სააგენტო 3 დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა დადგენილი წესით განცხადება და ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. თუ განცხადება წარმოდგენილია წესის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევით, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტის წარმოსადგენად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენენ სააგენტოს სათანადო სტრუქტურული ერთეულები. შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მათი გამოსწორების სათანადო წერილობითი  დოკუმენტი ან ინფორმაცია.

3. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი საბუთები ან ინფორმაცია არასრულად/არაზუსტად ასახავს წარმოდგენილი საბუთების და მათი შინაარსის შესაბამისობას ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი საბუთი ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

4. განცხადებისა და თანდართული საბუთების შეფასებაზე ფორმდება დასკვნა.

5. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის ადგილზე ფაქტობრივ შემოწმებას.

6. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზეც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

7. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.


მუხლი 10. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება
1. სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას.

2. ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებისა და შეფასების მასალები აისახება დასკვნაში, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო ატყობინებს განმცხადებელს უარყოფითი დასკვნის კონკრეტულ მიზეზებს და სთავაზობს იმ დამატებითი ღონისძიებების გატარებას, რომელიც აუცილებელია ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და დადებითი დასკვნის მისაღებად. თუ განმცხადებელი, ვერ უზრუნველყოფს ნაკლოვანებების აღმოფხვრას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.


მუხლი 11. სერტიფიკატის გაცემა ან სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა  
1. სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს. 

2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, განმცხადებელს მიეცემა სერტიფიკატი. 

3. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, სააგენტო აცნობებს განმცხადებელს უარის თქმის კონკრეტულ მიზეზებს. 

4. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.

5. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის №2 დანართით.     


მუხლი 12. სერტიფიკატში ცვლილების შეტანა
1. სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის სააგენტოსათვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად, ახალი სერტიფიკატის გაცემას მასში შესაბამისი ცვლილებ(ებ)ის შეტანით.

2. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, ავიასამედიცინო ცენტრი ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული განცხადება სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შესატანად. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი  და დაერთოს ამ მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.

3. სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის საფუძველია:

ა) ავიასამედიცინო ცენტრის სახელწოდების  და/ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა;

ბ) იმ პირობ(ებ)ის შეცვლა, რომლის შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძველი.

4. წარმოდგენილი განცხადების განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთ) თვეს.  

5. სააგენტო ახალ სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

6. ძველი სერტიფიკატი 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს.


მუხლი 13. სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა 
1. ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:

ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ სერტიფიკატის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს ავიასამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის კვალიფიკაციის შენარჩუნებას;

გ) ზედამხედველობისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ ავიასამედიცინო ცენტრი ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების სათანადო დონეზე შესრულებას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.  

2. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეზღუდვ(ებ)ის დაწესების შესახებ.

3. თუ შეზღუდვის დაწესების საფუძველს წარმოადგენს ამ წესით დადგენილი ნაკლოვანებ(ებ)ის გამოვლენა, სააგენტო პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ნაკლოვანების  აღმოსაფხვრელად.

4. შეზღუდვის მოხსნის თაობაზე პირი სააგენტოში წარმოადგენს წერილობით განცხადებას, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შეზღუდვის მიზეზ(ებ)ის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვების გაუქმების თაობაზე, თუ დარწმუნდება ნაკლოვანებების აღმოფხვრაში.

5. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ავიასამედიცინო ცენტრის მიერ შეზღუდვის მიზეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტოს, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში შეაქვს შესაბამისი ცვლილებები სერტიფიკატში.


მუხლი 14. ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, სერტიფიკატის  გაუქმება
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფიკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;

გ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი;

დ) ავიასამედიცინო ცენტრის მიერ, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი გაცემულია ამ წესის მოთხოვნების დარღვევით;

ე) სერტიფიკატის მფლობელის მიერ სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენისას;

ვ) სერტიფიკატის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო ჩანაწერების კონფიდენციალურობას;

ზ) სერტიფიკატის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად საჭირო სამედიცინო და სტატისტიკური მონაცემებით.

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ავიასამედიცინო ცენტრს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე და მისი გამოსწორების ვადა.

3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვისა.

4. ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში ატარებს საინსპექციო შემოწმებას. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანებების სრულად გამოსწორებაში.

5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

6. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნისას;

გ) სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენისას;

დ) სააგენტოში ყალბი საბუთების წარდგენისას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.

7. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავიასამედიცინო ცენტრს უფლება არა აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.


მუხლი 15. ავიასამედიცინო ცენტრის უფლებები და ვალდებულებები
1. ავიასამედიცინო ცენტრი ახორციელებს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირებას და შესაბამისად, ავიასპეციალისტის პირველი, მე-2 და მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის, აგრეთვე ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას და სერტიფიკატის განახლებას, გარდა ამ წესით დადგენილი გადამისამართებისა.  

2. ავიასამედიცინო ცენტრის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატში განსაზღვრულ უფლებამოსილებას და საქმიანობის სფეროს.

3. ავიასამედიცინო ცენტრი ვალდებულია:

ა) დანერგოს და უზრუნველყოს ავიასამედიცინო ცენტრის უსაფრთხოების მართვის ეფექტური სისტემა და სააგენტოს მოთხოვნით, განახორციელოს ავიასამედიცინო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მართვის სისტემის ღონისძიებები;

ბ) აწარმოოს ავიასამედიცინო ცენტრში დასაქმებული ავიასამედიცინო ექსპერტ(ებ)ის ნუსხა, მათი კვალიფიკაციის, სწავლებისა და კომპეტენციის ამსახველი ჩანაწერები და, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს სააგენტოს; 

გ) აწარმოოს მონაცემთა ბაზა, სადაც შეიტანება საქმიანობის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის კონფიდენციალობა, მონაცემების შენახვა და ამ მიზნით, შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურა;

ე) სამედიცინო შემოწმებისა და ვარგისობის შეფასებისას, უზრუნველყოს განმცხადებლის/ავიასპეციალისტის ინფორმირება მის სამედიცინო ისტორიაში არასრული, არაზუსტი ან არასწორი მონაცემების შეტანის შედეგებზე;

ვ) შეიმუშაოს და სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ცვლილების მართვის პროცედურა. სააგენტოსთან შეთანხმებას  საჭიროებს, აგრეთვე, ცვლილების მართვის პროცედურაში შეტანილი ცვლილებები.

ზ) აცნობოს სააგენტოს:

ზ.ა) განმცხადებლის/ავიასპეციალისტის მიერ მის სამედიცინო ისტორიაში არასრული, არაზუსტი ან არასწორი მონაცემების შეტანის შესახებ;

ზ.ბ) განმცხადებლის/ავიასპეციალისტის მიერ სამედიცინო სერტიფიცირების განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, სერტიფიცირების პროცესის ნებისმიერ საფეხურზე.

თ)  სამედიცინო შემოწმებისა და ვარგისობის შეფასების დასრულების შემდეგ:

თ.ა) აცნობოს განმცხადებელს/ავიასპეციალისტს ვარგისად/არავარგისად შეფასების, სააგენტოში გადამისამართების ან სხვა ავიასამედიცინო ცენტრში/ავიასამედიცინო ექსპერტთან გადაგზავნის თაობაზე, საჭიროებისამებრ;

თ.ბ) აცნობოს განმცხადებელს/ავიასპეციალისტს ამ წესით გათვალისწინებული შეზღუდვ(ებ)ის დაწესების შესახებ, რომლითაც შესაძლებელია შეიზღუდოს საფრენოსნო წვრთნები ან ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები;

თ.გ) არავარგისად შეფასების შემთხვევაში, აცნობოს განმცხადებელს/ავიასპეციალისტს განმეორებითი გამოკვლევის უფლების შესახებ;

თ.დ) აცნობოს განმცხადებელს/ავიასპეციალისტს მისი პასუხისმგებლობის თაობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად.

ი) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირებისა და/ან ზედამხედველობის ფუნქციის შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს სამედიცინო ჩანაწერები, ანგარიშები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

კ) განახორციელოს გადამისამართება, როდესაც ვერ იღებს გადაწყვეტილებას ან საჭიროა სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის შესწორება.

ლ)  შეიმუშაოს:  

ლ.ა) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების პროცედურა;

ლ.ბ) კონფიდენციალობის უზრუნველყოფის პროცედურა.

ლ.გ) სხვა პროცედურები, რაც საჭიროა ამ წესით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

4. ავიასამედიცინო ცენტრი და/ან ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის მაძიებელი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ჩანაწერების, მონაცემების, პროცედურების და ნებისმიერი სხვა მასალების შემოწმებისათვის, რომელიც საჭიროა მის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად.

5. ავიასამედიცინო ცენტრს:

ა) უნდა ჰქონდეს შენობა და სხვა საშუალებები დაგეგმილი ამოცანების შესრულებისა და საკუთარი საქმიანობის წარმართვისათვის, აღჭურვილი იყოს სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოკვლევების განსახორციელებლად საჭირო ადეკვატური სამედიცინო ტექნიკური მოწყობილობებით.

ბ) ჰყავდეს ავიასამედიცინო ექსპერტების და სხვა პერსონალის საკმარისი რაოდენობა დაგეგმილი ამოცანების და საქმიანობის განსახორციელებლად.

6. ავიასამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი უნდა იყოს ავიასამედიცინო ექსპერტი.


მუხლი 16. ავიასამედიცინო ცენტრის უსაფრთხოების მართვის სისტემა
1. ავიასამედიცინო ცენტრის უსაფრთხოების მართვის სისტემა (შემდგომ – მართვის სისტემა)  უნდა შეესაბამებოდეს მის ორგანიზაციულ სტრუქტურას,  გაწეული  მომსახურების   კომპლექსურობას და  შედგებოდეს  შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები;

ბ) უსაფრთხოების რისკების მართვა;  

გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.

2. ავიასამედიცინო ცენტრი განსაზღვრავს  უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც უნდა:

ა)  ასახავდეს ორგანიზაციის მიდგომას უსაფთხოების მართვის სისტემის მიმართ;

ბ) მოიცავდეს მკაფიო ჩანაწერს უსაფრთხოების მართვის სისტემის პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის თაობაზე;

გ)  ითვალისწინებდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინების სისტემის არსებობას. 

დ) მიუთითებდეს მოქმედებებზე, რომლებიც მიუღებელია ავიასამედიცინო ცენტრის საქმიანობასთან მიმართებაში და მოიცავდეს გარემოებებს, რომლის დროსაც არ იქნება გამოყენებული დისციპლინური სანქციები;

ე) გავრცელდეს ავიასამედიცინო ცენტრში გასაცნობად;

ვ) ექვემდებარებოდეს პერიოდულ გადახედვას ავიასამედიცინო ცენტრის საქმიანობასთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით.

3. ავიასამედიცინო ცენტრმა უნდა შეიმუშაოს და აწარმოოს უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაცია, რომელიც  უნდა აღწერდეს:

ა) უსაფრთხოების პოლიტიკას და მიზნებს;

ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნებს;

გ) უსაფრთხოების მართვის სისტემის პროცესებს და პროცედურებს;

დ) ანგარიშვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს და უფლებამოსილებებს უსაფრთხოების მართვის სისტემის პროცესებსა და პროცედურებთან მიმართებაში;

ე) უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩანაწერებს.

4. უსაფრთხოების ანგარიშვალდებულებების იერარქიის დადგენის მიზნით, ავიასამედიცინო ცენტრი ვალდებულია:

ა) განსაზღვროს უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული უმაღლესი ხელმძღვანელი პირი;

ბ) მკაფიოდ გაიმიჯნოს პერსონალის ანგარიშვალდებულებები მთელი ავიასაწარმოს მასშტაბით უსაფრთხოების  სფეროში,  მათ შორის,  ხელმძღვანელი  პირების  ანგარიშვალდებულება  უსაფრთხოებაზე;

გ) ასახოს დოკუმენტ(ებ)ში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, ანგარიშვალდებულებები და უფლებამოსილებები  ავიასამედიცინო ცენტრის პერსონალისათვის;  

დ) განსაზღვროს ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც აქვთ რისკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

5. ავიასამედიცინო ცენტრმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს:

ა) მის საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესი, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ინფორმაციის შეგროვების  რეაქტიულ, პროაქტიულ და პროგნოზირების მეთოდების ერთობლიობას;

ბ) ცვლილებების მართვის უზრუნველყოფის მიზნით, იმ ცვლილებების იდენტიფიცირების პროცესი, რომლებიც გავლენას მოახდენს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებზე და ასევე, ამ ცვლილებებით გამოწვეული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის პროცესი;

გ) სასწავლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მომზადებას და კომპეტენციის ამაღლებას მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად.

6. უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და შემცირების უზრუნველსაყოფად, ავიასამედიცინო ცენტრმა უნდა განახორციელოს:

ა) იდენტიფიცირებულ საფრთხეებთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების ანალიზის, შეფასებისა და კონტროლის პროცესი: 

ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, მართვის სისტემის პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და შეფასება;

გ) ორგანიზაციის მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა. შესაბამისობაზე ზედამხედველობაში უნდა შედიოდეს პასუხისმგებელი ხელმძღვანელის წინაშე ნაკლოვანებების შესახებ ანგარიშგების სისტემა, რაც საჭიროა გამოსასწორებელი ქმედებების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.


მუხლი 17. ცვლილებები ავიასამედიცინო ცენტრში
1. ავიასამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი ცვლილება (ცვლილებები), რომელიც გავლენას ახდენს ავიასამედიცინო ცენტრის მართვის სისტემის ნებისმიერ ელემენტზე, საჭიროებს სააგენტოსთან  შეთანხმებას. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების გარდა, სხვა სახის ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ავიასამედიცინო ცენტრი სააგენტოს აწვდის ინფორმაციას.

3. ცვლილების განხორციელებამდე, ავიასამედიცინო ცენტრმა სააგენტოს წერილობით უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელების თაობაზე და წარუდგინოს ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი.

4. ცვლილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოს წერილობითი თანხმობის შემდეგ.  

5. ცვლილების შეთანხმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სააგენტოში ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით.

6. გადაწყვეტილება ცვლილების შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება განცხადების წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

7. სააგენტოს გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება ავიასამედიცინო ცენტრს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში.


მუხლი 18. სახელშეკრულებო საქმიანობა
1. ავიასამედიცინო ცენტრი უფლებამოსილია, ხელშეკრულების საფუძველზე, ავიასამედიცინო სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების უფლებამოსილება გადასცეს  სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სხვა ავიასამედიცინო ცენტრს ან სამედიცინო დაწესებულებას.

2. კონტრაქტორი ვალდებულია:

ა) სამუშაოები შეასრულოს ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის პირობების შესაბამისად;

ბ) დაუშვას სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი კვლევების ჩატარების პროცესში.

3. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კონტრაქტორ ორგანიზაციაში შემოწმების მიზნით შესვლას უზრუნველყოფს ავიასამედიცინო ცენტრი.

4. კონტრაქტორ ორგანიზაციაში, ნაკლოვანებ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში, ხარვეზი უნდა დაუდგინდეს ავიასამედიცინო ცენტრს.  


თავი IV
ავიასამედიცინო ექსპერტი 

მუხლი 19. განცხადება ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მისაღებად
1. ავიასპეციალისტის მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის და ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების უფლებამოსილების მქონე ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მისაღებად, განმცხადებელი სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №3 დანართით  გათვალისწინებულ ფორმას.

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);

გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;

დ) საავიაციო მედიცინის ბაზისური სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი;

ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ავიასპეციალისტის პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების უფლებამოსილების მქონე ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მაძიებელმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა, სააგენტოში დამატებით  უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:  

ა) ავიასამედიცინო ექსპერტის მოქმედი სერტიფიკატი;

ბ) განცხადების შეტანამდე ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, არანაკლებ 30 შესაბამისი  გამოკვლევის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი;

გ) საავიაციო მედიცინის შემდგომი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი;

დ) ავიასამედიცინო ცენტრში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სააგენტოს ზედამხედველობით,  პრაქტიკული სწავლების გავლის დამადასტურებელი საბუთი.

4. ავიასპეციალისტის მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების უფლებამოსილების მქონე ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მაძიებელმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა, სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს საავიაციო მედიცინის შემდგომი სწავლების კურსის, აგრეთვე, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის და საჰაერო მოძრაობის სპეციფიკური გარემოს სამედიცინო შეფასების კონკრეტული მოდულების გავლის დამადასტურებელი საბუთი.

5. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების უფლებამოსილების მქონე ავიასამედიცინო ექსპერტს უნდა გააჩნდეს გამოკვლევების/ კვლევების და ვარგისობის შეფასებების ჩასატარებლად საჭირო  საშუალებები, პროცედურები, დოკუმენტაცია, ფუნქციური აღჭურვილობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობები. 

6. თუ განმცხადებელი აწარმოებს პრაქტიკულ საქმიანობას სხვადასხვა იურიდიულ მისამართზე, სააგენტოს წარედგინება ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ყველა მისამართის შესახებ.


მუხლი 20. ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის გაცემა
1. სააგენტოში ავიასამედიცინო ექსპერტის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა,  შეფასება და შესაბამისი სერტიფიკატის და მისი დანართის გაცემა ან სერტიფიკატის და მისი დანართის გაცემაზე უარის თქმა ხორციელდება ამ წესის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი წესით.

2. ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის ვადაა 3 (სამი) წელი.  

3. ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის და მისი დანართის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის №4 დანართით.


მუხლი 21. ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება 
1. ავიასამედიცინო ექსპერტი სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სააგენტოში წარადგენს განცხადებას ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებული ფორმით.

2. განმცხადებელმა, განცხადებას, ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საბუთების გარდა, დამატებით უნდა დაურთოს შემდეგი საბუთები:

ა) საავიაციო მედიცინაში ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში განმეორებითი სწავლების გავლის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) წლის განმავლობაში, პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის/მაძიებლის და ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის/მაძიებლის არანაკლებ 10 გამოკვლევის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის/მაძიებლის არანაკლებ 2 გამოკვლევის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი.

3. განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, შეტანილ უნდა იქნეს სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 (ერთი) თვით ადრე.

4. სერტიფიკატს, მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ნომერი არ ეცვლება.

5. სერტიფიკატი ძალადაკარგულად ითვლება მოქმედების ვადის გასვლისთანავე, თუ სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოში არ წარადგინა განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.


მუხლი 22. ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა
1. ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:

ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ პირობებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეზღუდვ(ებ)ის დაწესების შესახებ. თუ შეზღუდვის დაწესების საფუძველს წარმოადგენს ამ წესით დადგენილი ნაკლოვანებ(ებ)ის გამოვლენა, სააგენტო პირს განუსაზღვრავს  გონივრულ ვადას ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად.

3. შეზღუდვის მოხსნის თაობაზე პირი სააგენტოში წარმოადგენს წერილობით განცხადებას, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შეზღუდვის მიზეზ(ებ)ის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვ(ებ)ის გაუქმების თაობაზე, თუ დარწმუნდება ნაკლოვანებ(ებ)ის აღმოფხვრაში.

4. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ შეზღუდვის მიზეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტოს  შეაქვს შესაბამისი ცვლილებები სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში 3 (სამი) დღის ვადაში.


მუხლი 23. ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, სერტიფიკატის  გაუქმება
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფიკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;

გ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი;

დ) სერტიფიკატის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო ჩანაწერების შენახვას;

ე) სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოში წარადგინა არასწორი ინფორმაცია;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.  

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ავიასამედიცინო ექსპერტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე და მისი გამოსწორების ვადა.

3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვისა.

4. ნაკლოვანებ(ებ)ის აღმოფხვრის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ატარებს ავიასამედიცინო ექსპერტის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანებ(ებ)ის სრულად გამოსწორებაში.

5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

6. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაუქმების თაობაზე, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნისას;

გ) სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენისას;

დ) სააგენტოში ყალბი საბუთების წარდგენისას;

ე) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებისას;

ვ) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაციის განზრახ წარმოუდგენლობისას;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.

7. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება არა აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.


მუხლი 24. სერტიფიკატში ცვლილების შეტანა
1. სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის დანართის სააგენტოსათვის უკან დაბრუნებას და ახალი სერტიფიკატის დანართის გაცემას.

2. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებული განცხადება სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შესატანად. განცხადებაში  უნდა აღინიშნოს  სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი  და   დაერთოს ამ მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.

3. წარმოდგენილი განცხადების განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთ) თვეს.

4. სააგენტო სერტიფიკატის ახალ დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში.

5. სერტიფიკატის ძველი დანართი 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს.


მუხლი 25. ავიასამედიცინო ექსპერტის უფლებები და ვალდებულებები
1. ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, როგორც ავიასამედიცინო ცენტრში, ისე დამოუკიდებლად, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

2. ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია:

ა) გასცეს ავიასპეციალისტის მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატი და ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატი;  

ბ) გააგრძელოს ავიასპეციალისტის პირველი, მეორე და მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატისა და ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა და განაახლოს სერტიფიკატი.

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, ჩაატაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმებები.

3. ავიასამედიცინო ექსპერტის უფლებამოსილებები მოცემულია ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატში.

4. ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია:

ა) გაიაროს სასწავლო კურსი საავიაციო მედიცინაში, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში ან იმ დაწესებულებაში, რომელიც სერტიფიცირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს წევრი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ და აღიარებულია   სააგენტოს მიერ.  

ბ) მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია, თუ:

ბ.ა) ავიასამედიცინო ექსპერტის მიმართ მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება სამედიცინო სფეროს მარეგულირებელი ორგანოს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) მხრიდან; 

ბ.ბ) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ პირობებს;

ბ.გ) შეიცვალა მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი ან იურიდიული მისამართი.

5. სააგენტოსთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა შეიძლება გახდეს სამედიცინო სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების საფუძველი. 


თავი V
ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი 

მუხლი 26. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის კატეგორიები
1. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელზე და ავიასპეციალისტის მოწმობის მიღების კანდიდატზე,  სპეციალობის მიხედვით.

2. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;

ბ) მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;

გ) მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;

დ) ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატი.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა:

ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტზე;

ბ) კომერციულ პილოტზე;

გ) მრავალწევრიანი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის პილოტზე;

დ) აერნაოსანზე.

4. მეორე კლასის  სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა:

ა) მოყვარულ პილოტზე;

ბ) პლანერის პილოტზე;

გ) თავისუფალი აეროსტატის პილოტზე; 

დ) ბორტრადისტზე;

ე) ბორტინჟინერზე.

5. მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეზე და მეთვალყურე-შეგირდზე.

6. ბორტგამყოლზე გაიცემა ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატი.

7. პილოტ კურსანტს არა აქვს დამოუკიდებლად ფრენის უფლება ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გარეშე, რომელსაც ის იღებს არჩეული სპეციალობის კლასის მიხედვით.

8. ავიასპეციალისტს შეიძლება მიეცეს ამ წესის საფუძველზე გაცემული მხოლოდ ერთი სამედიცინო სერტიფიკატი, თითოეულ კლასზე. 

9. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სერტიფიკატის მფლობელის სახელსა და გვარს;

ბ) დაბადების თარიღს;

გ) მოქალაქეობას;

დ) სამედიცინო სერტიფიკატის კლასს;

ე) სერტიფიკატის ნომერს;

ვ) სერტიფიკატის მფლობელის ხელმოწერას;

ზ) შეზღუდვებს;

თ) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;

ი) სამედიცინო  შემოწმების თარიღს;

კ) ბოლო კარდიოგრამის თარიღს;

ლ) ბოლო აუდიოგრამის თარიღს;

მ) გამცემის ხელმოწერას;

ნ) გამცემის ბეჭედს.

10. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

11. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის №6 დანართით. 


მუხლი 27. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემაზე, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და სერტიფიკატის განახლებაზე უფლებამოსილი პირები
1. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემაზე, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და სერტიფიკატის განახლებაზე უფლებამოსილი პირები არიან ავიასამედიცინო ცენტრი, ავიასამედიცინო ექსპერტი და სააგენტო, ამ წესით დადგენილი გადამისამართების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის განმეორებით გაცემის შემთხვევაში.

2. ავიასამედიცინო ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) ავიასპეციალისტის პირველი, მეორე და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება;

ბ) ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება;

3. ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) ავიასპეციალისტის მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება;

ბ) ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება;

გ) ავიასპეციალისტის პირველი და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება.

4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) ავიასპეციალისტის პირველი, მეორე და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება ამ წესით დადგენილი გადამისამართების შემთხვევაში,

ბ) ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება ამ წესით დადგენილი გადამისამართების შემთხვევაში;

გ) ავიასპეციალისტის პირველი, მეორე და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის და ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის განმეორებით გაცემა. 


მუხლი 28. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების განაცხადი
1. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად, განმცხადებელმა ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს უნდა წარუდგინოს ამ წესის №5 დანართით დადგენილი ფორმის განცხადება.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სრული სამედიცინო ისტორია, საჭიროების შემთხვევაში, ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მოთხოვნის შესაბამისად, ექიმის მიერ წარმოებული გამოკვლევების შედეგები;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.


მუხლი 29. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, განახლება
1. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა, მისი მოქმედების ვადა გაგრძელდება ან განახლდება მხოლოდ აუცილებელი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ვარგისად ცნობილ ავიასპეციალისტზე.

2. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია გასცეს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი, გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა, განაახლოს სერტიფიკატი იმ შემთხვევევაში, თუ ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მიღების, მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლებისათვის საჭირო გამოკვლევების/კვლევების შედეგების საფუძველზე, განმცხადებელი აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

3. ავიასამედიცინო ცენტრს, ავიასამედიცინო ექსპერტს ან სააგენტოს  (გადამისამართების/განმეორებით გაცემის შემთხვევაში), სამედიცინო სერტიფიკატის გაცემამდე, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებამდე ან სერტიფიკატის განახლებამდე, შეუძლია, სამედიცინო ჩვენების საფუძველზე, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.    

4. განმცხადებელი ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მიღების, მისი მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების მიზნით, ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს მიმართავს ამ წესის №5 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.  


მუხლი 30. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა 
1. ავიასპეციალისტის პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის, კომერციული პილოტის და მრავალწევრიანი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის პილოტის სერტიფიკატისთვის არის 12 თვე - 60 წლის ასაკის მიღწევამდე.

2. ავიასპეციალისტის პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელ პილოტს, რომელსაც შეუსრულდა 60 წელი, სერტიფიკატის მოქმედების ვადა უმცირდება 6 თვემდე.

3. ავიასპეციალისტის პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელ პილოტს, რომელსაც შეუსრულდა 40 წელი და ასრულებს კომერციულ ფრენებს ერთპილოტიანი საჰაერო ხომალდით, სერტიფიკატის მოქმედების ვადა უმცირდება 6 თვემდე.

4. ავიასპეციალისტის პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა აერონაოსანისთვის არის 12 თვე.

5. ავიასპეციალისტის მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა მოყვარული პილოტის, პლანერის პილოტის და თავისუფალი აეროსტატის პილოტის სერტიფიკატისთვის არის:

ა) 60 თვე, სანამ პილოტი მიაღწევს 40 წლის ასაკს. 40 წლის ასაკის მიღწევამდე გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი ითვლება ძალადაკარგულად მისი მფლობელის მიერ 42 წლის ასაკის  მიღწევისთანავე;

ბ) 24 თვე - 40-დან 50 წლის ასაკამდე.  50 წლის ასაკის მიღწევამდე გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი ითვლება ძალადაკარგულად მისი მფლობელის მიერ 51 წლის მიღწევისთანავე;

გ) 12 თვე - 50 წლის ასაკს ზემოთ.

6. ავიასპეციალისტის მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ბორტინჟინრის სერტიფიკატისთვის არის 12 თვე.

7. ავიასპეციალისტის მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ბორტრადისტის სერტიფიკატისთვის არის  12 თვე.

8. ავიასპეციალისტის მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა - 24 თვე.

9. საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს, რომელსაც შეუსრულდა 40 წელი, სერტიფიკატის მოქმედების ვადა უმცირდება 12 თვემდე.

10. 40 წლის ასაკის მიღწევამდე გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი ითვლება ძალადაკარგულად საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის მიერ 41 წლის ასაკის  მიღწევისთანავე;

11. ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 წელი.

12. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა, მასთან დაკავშირებული კვლევების/გამოკვლევების  ჩათვლით: 

ა)  განისაზღვრება გამოკვლევის/კვლევის ჩატარების დროს განმცხადებლის ასაკით; და

ბ) სერტიფიკატის გაცემისა და განახლების შემთხვევაში, გამოითვლება ყველა სამედიცინო გამოკვლევის/კვლევის დასრულების თარიღიდან, ხოლო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან.

13. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის საჭირო გამოკვლევები, შეიძლება ჩატარდეს, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 45 დღის ვადაში.

14. თუ სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ განმცხადებელს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო სერტიფიკატის განახლებისათვის საჭირო გამოკვლევები. 

15. თუ მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლიდან გასულია 2 წელზე ნაკლები, ავიასპეციალისტს უნდა ჩაუტარდეს სერტიფიკატის განახლებისათვის საჭირო გამოკვლევები.

16. თუ პირველი, მე-2 და მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლიდან გასულია 2 წელზე მეტი, ავიასპეციალისტს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო სერტიფიკატის განახლებისათვის საჭირო გამოკვლევები.

17. თუ პირველი, მე-2 და მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლიდან გასულია 5 წელზე მეტი, სამედიცინო სერტიფიკატის განახლებისათვის გამოიყენება მოთხოვნები, რაც დადგენილია სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისთვის, ხოლო ვარგისად შეფასებისათვის - მოთხოვნები, რაც დადგენილია სამედიცინო სერტიფიკატის ვადის გაგრძელებისათვის.  


მუხლი 31. ავიასპეციალისტის სამედიცინო  სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება. სერტიფიკატის  გაუქმება
1. სააგენტო  იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე, თუ ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექპერტის მიერ გაცემული იყო სამედიცინო სერტიფიკატი, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისი კლასის სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მოთხოვნებს.

2. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

3. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება ერთი კვირის ვადაში წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს.

4. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისა და შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ.

5. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;

ბ) ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექპერტის მიერ გაცემული იყო სამედიცინო სერტიფიკატი, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისი კლასის სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მოთხოვნებს;

გ) სერტიფიკატის მფლობელმა სერტიფიკატი მოიპოვა ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით

6. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, მის მფლობელს 7 (შვიდი) დღის ვადაში წერილობით ეცნობება სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

7. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაუქმებისას სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადასცეს სერტიფიკატი სააგენტოს.

8. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებისას სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადასცეს სერტიფიკატი სააგენტოს.  


მუხლი 32. ავიასპეციალისტის ვალდებულებები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას
1. ავიასპეციალისტს არა აქვს უფლება გამოიყენოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებები და საფრენოსნო ოსტატობა:

ა) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებაზე;

ბ) ნებისმიერი, როგორც ექიმის რეცეპტით, ისე მის გარეშე დანიშნული მედიკამენტის ერთჯერადი/მრავალჯერადი გამოყენებისას, თუ აღნიშნული მედიკამენტი უარყოფით გავლენას ახდენს მის მიერ ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებაზე; 

გ) ქირურგიული ჩარევის ან სხვა სახის მკურნალობის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე. 

2. სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს, თუ:

ა) ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ან სხვა ინვაზიური პროცედურა;

ბ) იწყებს რომელიმე მედიკამენტის რეგულარულ გამოყენებას;

გ) გადაიტანა ტრავმა, რამაც გამოიწვია მის მიერ ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებების შესრულების უუნარობა;

დ) დაავადდა სერიოზული დაავადებით, რომელიც იწვევს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებების შესრულების უუნარობას;

ე) არის ორსულად;                                                                        

ვ) გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში;

ზ) პირველად  დასჭირდა მაკორექტირებელი ლინზები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ავიასამედიცინო ცენტრმა/ავიასამედიცინო ექსპერტმა უნდა შეაფასოს სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა მას სერტიფიკატით მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.


თავი VI
პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები

მუხლი 33. ზოგადი მოთხოვნები
განმცხადებელს/ავიასპეციალისტს არ უნდა აღენიშნებოდეს:

ა) თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები;

ბ) აქტიური, ლატენტური (ფარული), მწვავე ან ქრონიკული დაავადებები ან უუნარობა;

გ) ოპერაციის შემდგომი გართულებები, ჭრილობები ან დაზიანებები; 

დ) თერაპიული, დიაგნოსტიკური ან პრევენციულად მიღებული მედიკამენტებით გამოწვეული უკუჩვენება ან გვერდითი ეფექტები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციონალური უუნარობის ისეთი ხარისხი, რაც ხელს შეუშლის ავიასპეციალისტს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში.


მუხლი 34. სამედიცინო სერტიფიკატით მინიჭებული უფლება-მოვალეობის შეზღუდვა 
1. თუ განმცხადებელი სრულად ვერ აკმაყოფილებს ავიასპეციალისტის პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნებს, მაგრამ მისი მდგომარეობა საფრთხეს არ უქმნის ფრენის უსაფრთხოებას, ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია:

ა) განმცხადებელი გადაამისამართოს სააგენტოში;

ბ) თუ განმცხადებელი არ ექვემდებარება სააგენტოში გადამისამართებას, შეაფასოს, რამდენად შეძლებს  თავისი მოვალეობების უსაფრთხოდ შესრულებას, შეზღუდვ(ებ)ის დაწესების პირობებში და გასცეს სამედიცინო სერტიფიკატი შესაბამისი შეზღუდვ(ებ)ით;

გ) მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის შემთხვევაში, შეაფასოს რამდენად შეუძლია განმცხადებელს თავისი მოვალეობების უსაფრთხოდ შესრულება შეზღუდვ(ებ)ის დაწესების პირობებში და გასცეს სამედიცინო სერტიფიკატი შეზღუდვ(ებ)ით, სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია გააგრძელოს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ან განაახლოს სერტიფიკატი გადამისამართების გარეშე, იმავე შეზღუდვებით. 

3. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია, შეზღუდვ(ებ)ის დაწესებისას გაითვალისწინოს განმცხადებლის გამოცდილება, საქმიანობის განხორციელების უნარი და შესაძლებლობა.

4. სერტიფიკატის მფლობელისთვის დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა აღინიშნება ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატში.

5. პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის შეზღუდვები მოცემულია ამ წესის №7 დანართში.  


მუხლი 35. გულსისხლძარღვთა სისტემა   
1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას აღენიშნება:

ა) გულმკერდის ან მუცლის აორტის სუპრარენალური ანევრიზმა, ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ;

ბ) გულის  სარქველის რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქციური ანომალია;

გ) გულის ან ფილტვის ტრანსპლანტაცია.

2. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება:

ა) პერიფერიული არტერიული დაავადება, ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ;

ბ) მუცლის აორტის  ანევრიზმა, ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ;

გ) ფუნქციონალური  უმნიშვნელო კარდიალური, სარქვლოვანი ანომალიები;

დ) კარდიალური სარქვლის ქირურგიული მკურნალობა;

ე) პერიკარდიუმის, მიოკარდიუმის ან ენდოკარდიუმის ანომალიები;

ვ) გულის თანდაყოლილი ანომალიები ქირურგიულ მკურნალობამდე ან მის შემდეგ;

ზ) შექცევადი ვაზოვაგალური სინკოპე;

თ) არტერიული ან ვენური ტრომბოზები;

ი) ფილტვის ემბოლია;

კ) კარდიოვასკულარული მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს სისტემურ ანტიკოაგულაციურ თერაპიას.

3. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა, რომელსაც დასმული აქვს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული რომელიმე დაავადების დიაგნოზი, ვალდებულია გაიაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა.   

4. სტანდარტული 12 განხრიანი ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) კეთდება და შესაბამისი ანგარიში ივსება სამედიცინო ჩვენების დროს და შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას და შემდგომ - ყოველი 5 წლის განმავლობაში, 30 წლის ასაკის მიღწევამდე;

ბ) ყოველ 2 წელიწადში ერთხელ - 40 წლის ასაკის მიღწევამდე;

გ) ყოველწლიურად, 50 წლის ასაკის მიღწევამდე და შემდეგ, სერტიფიკატის მოქმედების ვადის  გაგრძელების ან სერტიფიკატის განახლებისას;

დ) მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელისთვის, 40 წლის შემდეგ პირველი გამოკვლევისას და 50 წლის შემდეგ - ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

5. სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს გულსისხლძარღვთა სისტემის გაფართოებული გამოკვლევა.

6. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელს გულსისხლძარღვთა სისტემის გაფართოებული გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას,  სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების ან სერტიფიკატის განახლებისას 65 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო 4 წელიწადში ერთხელ.

7. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელს, სისხლის შრატში ლიპიდების განსაზღვრა, ქოლესტერინის ჩათვლით, უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას და პირველი გამოკვლევისას 40 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.


მუხლი 36. სისხლის წნევა
1. ყოველი გამოკვლევისას უნდა გაიზომოს სისხლის წნევა და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.

2. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას აღენიშნება:

ა) სიმპტომური ჰიპოტენზია;

ბ) სისხლის წნევა აღემატება სისტოლური 160 მმ/ჰგ ან დიასტოლური 95 მმ/ჰგ-ს, მკურნალობით ან მკურნალობის გარეშე.

3. სისხლის წნევის დარეგულირების მიზნით, მედიკამენტ(ებ)ის მიღების შემდეგ, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა დროებით უნდა შეჩერდეს, რათა გამოირიცხოს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები.


მუხლი 37. კორონარული არტერიების დაავადება
1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება საეჭვო კარდიალური იშემია ან ასიმპტომატური მცირე კორონარული არტერიის დაავადება, რომელიც არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, ვარგისად შეფასებამდე უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და გაიაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა, მიოკარდიული იშემიის გამოსარიცხად.  

2. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, ვარგისად შეფასებამდე ვალდებულია გაიაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა. 

3. განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება მიოკარდიალური იშემია, სიმპტომატური კორონარული არტერიების დაავადებები ან მედიკამენტებით კონტროლირებადი კორონარული არტერიული დაავადებების სიმპტომები, შეფასდება არავარგისად.

4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება მიოკარდიალური იშემია, მიოკარდიული ინფარქტი ან რევასკულარიზაცია კორონარული არტერიული დაავადებები, უნდა შეფასდეს არავარგისად.

5. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა, რომელსაც აღენიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის ან კორონალური არტერიული დაავადების სიმპტომები, ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, ვალდებულია გაიაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა, ხოლო გამცხადებელი, პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას და სერტიფიკატის განახლებისას, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.


მუხლი 38. რითმის/გამტარებლობის დარღვევა
1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, თუ მას აღენიშნება კარდიალური გამტარებლობის ან რითმის მნიშვნელოვანი დარღვევები:

ა) სუპრავენტრიკულარული რითმის დარღვევა, რომელიც მოიცავს ნახტომისებრ (წყვეტილ) ან დადგენილი სინოატრიულ დისფუნქციას, ატრიალურ ფიბრილაციას და/ან აღგზნებადობას (გულის ფრიალს) და ასიმპტომატურ სინუსურ პაუზებს;

ბ) ჰისის კონის სრული მარცხენა განშტოების ბლოკირება;

გ) მობიცის II ტიპის ატრიოვენტრიკულარული ბლოკი;

დ) ფართო ან/და ვიწრო კომპლექსური ტაქიკარდია;

ე) ნაადრევი ვენტრიკულარული აღგზნება;

ვ) ასიმპტომატიკური QT გახანგრძლივება;

ზ) ბრუგადას მოდელი ელექტროკარდიოგრამაზე.

2. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დარღვევა, უნდა შემოწმდეს კარდიოლოგის მიერ მის ვარგისად შეფასებამდე, სააგენტოსთან შეთანხმებით.

3. განმცხადებელი უნდა შეფასდეს ვარგისად, თუ მას აღენიშნება:   

ა) ჰისის კონის არასრული ბლოკი;

ბ) ჰისის კონის მარჯვენა ტოტის სრული ბლოკი;

გ) მაცხენა ღერძის სტაბილური  დევიაცია (გადახრა);

დ) ასიმპტომატური სინუსური ბრადიკარდია;

ე) ასიმპტოპმატური სინუსური ტაქიკარდია;

ვ) ასიმპტომატური იზოლირებული ერთგვაროვანი სუპრა-ვენტრიკულარული ან ვენტრიკულარული ექტოპიური კომპლექსები;

ზ) პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკი;

თ) მობიტცის ტიპის I კატეგორიის ატრიოვენტრიკულარული ბლოკი.

4. განმცხადებელმა, სამედიცინო ისტორიით - ამპუტაციური თერაპია ან პეისმეკერული იმპლანტაცია, ვარგისად შეფასებამდე, უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი კარდიოვასკულარული გამოკვლევა. 

5. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის ვარგისად შეფასებას ახორციელებს სააგენტო, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის ვარგისად შეფასება ხორციელდება სააგენტოსთან  შეთანხმებით.

6. განმცხადებელი შეფასდება არავარგისად, თუ მას აღენიშნება:

ა) სიმპომატური სინოატრიული დაავადება;

ბ) სრული ატრიოვენტრიკულარული ბლოკი;

გ) სიმპტომატიკური QT  გახანგრძლივება (პროლონგირება);

დ) ავტომატური იმპლანტირებული დეფიბრილაციის სისტემა;

ე) ვენტრიკულარული ანტიტაქიკარდიული გულის ელექტროსტიმულატორი.


მუხლი 39. რესპირატორული (სასუნთქი) სისტემა
1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელს უნდა ჩაუტარდეს ფილტვის ფუნქციის ტესტები პირველი გამოკვლევისას და სამედიცინო ჩვენების მიხედვით.

2. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, ვალდებულია გაიაროს ფილტვის ფუნქციის ტესტები, სამედიცინო ჩვენების მიხედვით.

3. განმცხადებელმა, ვარგისად შეფასებამდე, უნდა გაიაროს რესპირატორული შემოწმება დამაკმაყოფილებელი შედეგებით, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზში აღენიშნება: 

ა) ასთმა, რომელიც მოითხოვს მკურნალობას;

ბ) რესპირატორული სისტემის მწვავე ანთებით დაავადებები;

გ) აქტიური სარკოიდოზი;

დ) პნევმოთორაქსი;

ე) მთვლემარე აპნოეს სინდრომი;

ვ) დიდი მასშტაბის თორაკალური ქირურგია;

ზ) პნევმონექტომია.  

4. განმცხადებელმა, ვარგისად შეფასებამდე, უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი კარდიოლოგიური შემოწმება, თუ აღენიშნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე დაავადება.

5. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, გადამისამართდება სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, შეფასდება ვარგისად სააგენტოსთან შეთანხმებით.

6. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ტოტალური პნევმონექტომია, უნდა შეფასდეს არავარგისად.


მუხლი 40. საჭმლის მომნელებელი სისტემა
1. განმცხადებელი, დიგესტიური ტრაქტის ან მისი მიმდებარე ორგანოების რომელიმე ნაწილის დაავადების რაიმე გართულებით, ქირურგიული ჩარევით, ნებისმიერი ობსტრუქციით, სტრიქტურით, ან კომპრესიით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უუნარობა ფრენის დროს, უნდა შეფასდეს არავარგისად.

2. განმცხადებელს არ უნდა ჰქონდეს თიაქარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

3. განმცხადებელი, უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას აღენიშნება გასტრო-ინტესტინარული სისტემის შემდეგი მოშლილობა:

ა) განმეორებადი დისპეპსიური აშლილობა, რაც საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას;

ბ) პანკრეატიტი;

გ) სიმპტომატური ნაღვლ-კენჭოვანი  დააავადება;

დ) დიაგნოსტირებული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთება, რაც მოცემულია სამედიცინო ისტორიაში;

ე) კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ან მის ახლომდებარე ორგანოებზე ქირურგიული ოპერაციები, იმ ოპერაციების ჩათვლით, რომელიც გულისხმობს მათ სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთას ან რომელიმე ამ ორგანოს გადახრას.

4. ვარგისად შეფასება შესაძლებელია მხოლოდ წარმატებული მკურნალობის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სრული გამოჯანმრთელების შემთხვევაში.   

5. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, გადამისამართდება სააგენტოში.

6. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი ვარგისად შეფასდება პანკრეატიტის დროს, სააგენტოსთან შეთანხმებით.


მუხლი 41. მეტაბოლური და ენდოკრინული სისტემები
1. განმცხადებელი მეტაბოლური, კვებითი ან ენდოკრინული დისფუნქციით სტაბილური მდგომარეობის პირობებში, შესაძლებელია შეფასდეს ვარგისად, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

2. შაქრიანი დიაბეტის მქონე განმცხადებელი, რომლებიც საჭიროებს ინსულინს, უნდა შეფასდეს არავარგისად, ხოლო შაქრიანი დიაბეტის მქონე განმცხადებელი, რომელიც არ საჭიროებს ინსულინს, შეიძლება შეფასდეს არავარგისად, სანამ არ დადასტურდება, რომ სისხლში შაქრის შემცველობა კონტროლირებადია.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც სისხლში შაქრის კონტროლისათვის ესაჭიროება არა ინსულინი, არამედ რაიმე სხვა პრეპარატი, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც სისხლში შაქრის კონტროლისათვის ესაჭიროება არა ინსულინი, არამედ რაიმე სხვა პრეპარატი, უნდა შეფასდეს ვარგისად სააგენტოსთან შეთანხმებით.


მუხლი 42. ჰემატოლოგია
1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას, საჭიროა ჰემოგლობინის კონტროლი. დამაკმაყოფილებელი ჰემოგლობინის დონის შემთხვევაში, განმცხადებელი შეიძლება ჩაითვალოს ვარგისად ისეთი ჰემატოლოგიური მდგომარეობით, როგორიცაა:

ა) კოაგულაცია, ჰემორაგია ან თრომბული მოშლილობა;

ბ) ქრონიკული ლეიკემია;

2. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, გადამისამართდება სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, უნდა შეფასდეს ვარგისად სააგენტოსთან შეთანხმებით.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა, უნდა მიმართოს სააგენტოს, თუ მას აღენიშნება:

ა) პათოლოგიური ჰემოგლობინი, მათ შორის და არა მხოლოდ: ანემია, პოლიციტემია ან ჰემოგლობინოპათია;

ბ) მნიშვნელოვანი ლიმფური გაგანიერება (გაფართოება);

გ) სპლენომეგალია.


მუხლი 43. შარდსასქესო სისტემა
1. შარდის ანალიზი უნდა ჩატარდეს ყველა გამოკვლევის დროს. შარდი არ უნდა შეიცავდეს ანომალურ ელემენტებს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან პათოლოგიად.

2. განმცხადებელს, რომელსაც აღენიშნება დაავადება/გართულება თირკმლის ან საშარდე გზების ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი უუნარობა, კერძოდ,  ნებისმიერი ობსტრუქცია სტრიქტურის ან კომპრესიის შედეგად, უნდა შეფასდეს არავარგისად.

3. განმცხადებელი  შარდსასქესო მოშლილობებით, როგორიცაა, თირკმელების დაავადება, კენჭ(ებ)ი ან სამედიცინო ისტორიაში თირკმლის კოლოკა, შეიძლება შეფასდეს ვარგისად, თუ არსებობს დამაკმაყოფილებელი უროგენიტალური გამოკვლევა.

4. განმცხადებელი მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევით საშარდე ორგანოებზე, მათი სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის ან მათი გადახრის შემთხვევაში, უნდა შეფასდეს არავარგისად და გაიაროს განმეორებითი გამოკვლევა სრული გამოჯანმრთელების შემდეგ.

5. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის განმეორებით გამოკვლევას ახორციელებს  სააგენტო.


მუხლი 44. ინფექციური დაავადებები
1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს რაიმე სახის ინფექციური დაავადება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

2. ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) მქონე განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს ვარგისად დამაკმაყოფილებელი გამოკვლევის შემდეგ.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის ვარგისად შეფასებას ახორციელებს სააგენტო. 


მუხლი 45. მეან-გინეკოლოგია
1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს რაიმე სახის ფუნქციონალური ან სტრუქტურული მეან-გინეკოლოგიური დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

2. განმცხადებელი, რომელსაც ჩაუტარდა მნიშვნელოვანი გინეკოლოგიური ოპერაცია, უნდა შეფასდეს არავარგისად სრულ გამოჯანმრთელებამდე.

3. ორსულობის შემთხვევაში, თუ ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ჩათვლის,  რომ სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა უნდა შეიზღუდოს ორსულობის 26-ე კვირამდე, რის შემდეგაც, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა დროებით უნდა შეჩერდეს. სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაგრძელდება ორსულობის დასრულებიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე.

 4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები ორსულობის 26-ე კვირამდე OML შეზღუდვით. OML შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს/გაუქმდეს ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მიერ.


მუხლი 46. საყრდენ-მამოძრავებელი და კუნთოვანი სისტემა
1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს ძვლების, სახსრების, კუნთების ან მყესების თანდაყოლილი/შეძენილი ანომალია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

2. განმცხადებლის საყრდენ-მამოძრავებელი და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი.

3. განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ჯდომის შესაბამისი სიმაღლე, მკლავისა და ფეხის სიგრძე და კუნთების სიძლიერე.

4. განმცხადებლის ვარგისად შეფასება უნდა განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებით.


მუხლი 47. ფსიქიატრია
1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით დადგენილი რაიმე სახის ფსიქიატრიული დაავადება, უუნარობა ან მოშლილობა (მწვავე ან ქრონიკული, თანდაყოლილი ან შეძენილი), რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

2. განმცხადებელი მენტალური ან ქცევითი მოშლილობით, რაც გამოწვეულია ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენებით, უნდა შეფასდეს არავარგისად გამოჯანმრთელებამდე და დამოკიდებულებისგან გათავისუფლებასა და დამაკმაყოფილებელ ფსიქიატრიულ შეფასებამდე.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა შეფასდეს ვარგისად სააგენტოსთან შეთანხმებით.

4. განმცხადებელმა, ვარგისად შეფასებამდე, უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული შეფასება, თუ მას აღენიშნება:

ა) ხასიათის მოშლილობა;

ბ) ნევროტიკული მოშლილობა;

გ) პიროვნული მოშლილობა;

დ) მენტალური ან ქცევითი მოშლილობა. 

5. განმცხადებელი, რომლის სამედიცინო ისტორიაში აღნიშნულია ერთი ან განმეორებითი განზრახ თვითდაზიანების ფაქტი, შეფასდება არავარგისად. ვარგისად შეფასებამდე, მან უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული გამოკვლევა. 

6.  პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.  

7. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, ვარგისად შეფასდება სააგენტოსთან შეთანხმებით.

8. სამედიცინო ისტორიაში აღნიშნული ან დიაგნოზით დადგენილი შიზოფრენიის, შიზოტიპური ან დელუზიური აშლილობის მქონე განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად.


მუხლი 48. ფსიქოლოგია
1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს რაიმე სახის ფსიქოლოგიური ნაკლი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

2. ფსიქოლოგიური შემოწმება, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ან დამხმარე ელემენტი, შეიძლება საჭირო გახდეს ფსიქიატრიული ან ნევროლოგიური გამოკვლევის დროს.


მუხლი 49. ნევროლოგია
1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით დადგენილი რაიმე სახის ნევროლოგიური დაავადება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

2. განმცხადებელი, უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება:

ა) ეპილეფსია;

ბ) გაურკვეველი მიზეზით, ცნობიერების პერიოდული მოშლილობა.

3. განმცხადებელმა, ვარგისად შეფასებამდე, უნდა გაიაროს განმეორებითი გამოკვლევა, თუ სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით აღენიშნება:

ა) ეპილეფსია, რომელიც არ განმეორებულა  5 წლის განმავლობაში;

ბ) ეპილეფსია, განმეორების და მკურნალობის გარეშე 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში;

გ) ეპილფსია, EEG ფორმის ანომალიებით და ფოკუსური ნელი ტალღებით;

დ) ნერვული სისტემის პროგრესირებადი ან არაპროგრესირებადი  დაავადებები;

ე) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების მოშლილობის ერთჯერადი შემთხვევა;

ვ) თავის ტრამვის შემდეგ ცნობიერების დაკარგვა;

ზ) ტვინის გამჭოლი დაზიანება;

თ) ზურგის ან პერიფერიული ნერვული დაზიანება.

4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი ვარგისად შეფასდება სააგენტოსთან შეთანხმებით.


მუხლი 50. მხედველობის სისტემა
1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად, პერიოდულად უნდა ჩატარდეს თვალის სრული გამოკვლევა, თვალის რეფრაქციისა და თვალის ფუნქციონალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სერტიფიკატის განახლებისათვის უნდა ჩატარდეს თვალის გეგმური გამოკვლევა.

2. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და განახლებისათვის უნდა ჩატარდეს თვალის გეგმირი შემოწმება, ხოლო თვალის სრული შემოწმება უნდა ჩატარდეს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით გამოვლენილი აუცილებლობის შემთხვევაში.

3. შორსმხედველობის სიმახვილე კორექციით, ან მის გარეშე, უნდა იყოს:

ა) პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის შემთხვევაში, თითოეულ თვალში დამოუკიდებლად 6/9 (0,7) ან უკეთესი, ხოლო ორივე თვალით მხედველობის სიმახვილე - 6/6 (1,0) ან უკეთესი;

ბ) მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის შემთხვევაში, თითოეულ თვალში დამოუკიდებლად 6/12 (0,5) ან უკეთესი, ხოლო ორივე თვალით მხედველობის სიმახვილე - 6/9 (0,7) ან უკეთესი.

4. განმცხადებელი ერთ თვალში არასტანდარტული მხედველობით, შესაძლებელია შეფასდეს ვარგისად, დამაკმაყოფილებელი ოფთალმოლოგიური შემოწმების შემდეგ, სააგენტოსთან შეთანხმებით.

5. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, ერთ თვალში არასტანდარტული მხედველობით, უნდა შეფასდეს არავარგისად.

6. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, ერთ თვალში შეძენილი არასტანდარტული მხედველობის მქონე განმცხადებელი გადამისამართდება სააგენტოში. მისი ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა უარყოფით გავლენას არ მოახდენს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

7. განმცხადებელს უნდა შეეძლოს №5 ცხრილის ან მისი შესატყვისის 30-50 სმ-ით და №14 ცხრილის ან მისი შესატყვისის 100 სმ-ით დაშორებული მანძილიდან წაკითხვა, კორექციის საშუალებების გამოყენებით.

შენიშვნა: №5 და №14 ცხრილები - ოფთალმოლოგიაში მიღებული სტანდარტული ცხრილები მხედველობის სიმახვილის შესაფასებლად.

8. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელს უნდა ჰქონდეს ნორმალური მხედველობის ველი და ნორმალური ბინოკულარული მხედველობა.

9. დამაკმაყოფილებელი ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, განმცხადებელი, რომელსაც ჩაუტარდა თვალის ქირურგიული მკურნალობა, შეიძლება შეფასდეს ვარგისად.

10. ოფთალმოლოგიური გამოკვლევის დამაკმაყოფილებელი ჩვენების შემთხვევაში, კერატოკონუსის (რქოვანი გარსის სტაფილომა) დიაგნოზის მქონე განმცხადებელი, შეიძლება შეფასდეს ვარგისად.

11. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი გადამისამართდება სააგენტოში.

12. განმცხადებელი ასტიგმატიზმით ან ანიზომეტროპიით, ოფთალმოლოგიური გამოკვლევების დადებითი ჩვენებების შემთხვევაში, შეიძლება შეფასდეს ვარგისად.

13. დიპლოპიის მქონე განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად.

14. თუ დამაკმაყოფილებელი  მხედველობა მიიღწევა მხოლოდ კორექციის საშუალებით, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელმა უნდა გამოიყენოს სათვალეები ან კონტაქტური ლინზები -შორსმხედველობის შემთხვევაში და ახლო მხედველობის სათვალეები - ახლომხედველობის შემთხვევაში.

15. სათადარიგო სათვალეები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დროულად გამოსაყენებლად.

16. კონტაქტური ლინზები უნდა იყოს, მონოფოკალური, დაუფერავი და ადვილად შესაგუებელი.

17. დიდი რეფრაქციული გადახრის მქონე განმცხადებელმა, უნდა გამოიყენოს კონტაქტური ლინზები ან მაღალინდექსიანი მხედველობის ლინზები.

18. ვიზუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დასაშვებია ერთი სათვალის გამოყენება.

19. დაუშვებელია ორთოკერატოლოგიური სათვალის გამოყენება.


მუხლი 51. ფერთა აღქმა
1. განმცხადებელმა უნდა გამოავლინოს მასზე დაკისრებული ფუნქციების უსაფრთხოდ განსახორციელებლად აუცილებელი ფერთა აღქმის უნარი.  

2. სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა გაიაროს სადიაგნოსტიკო ტესტი ფერთა სწორად აღქმის უნარის შესამოწმებლად (იშიჰარას ტესტი). თუ განმცხადებელი ვერ გაივლის იშიჰარას ტესტს, უნდა გაიაროს ფერთა აღქმის შემდგომი ტესტირება იმის დასადგენად, გააჩნია თუ არა მას საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერთა აღქმის უნარი.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელს უნდა ჰქონდეს ფერთა ნორმალური აღქმის უნარი ან საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერების აღქმის უნარი.

4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.

5. თუ მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ფერთა აღქმის მოთხოვნებს, მისი უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს მხოლოდ დღის ფრენებით.

შენიშვნა 1. საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერების აღქმის უნარი არის განმცხადებლის უნარი, გაარჩიოს საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერები, და სწორად მოახდინოს საავიაციო ფერადი განათების  იდენტიფიცირება;

შენიშვნა 2. იმ შემთხვევაში, თუ მოყვარული პილოტი ახორციელებს ფრენებს ღამით, მას უნდა გააჩნდეს საჰაერო ნავიგაციაში გამოყენებული ფერების აღქმის უნარი.


მუხლი 52. ოტორინოლარინგოლოგია
1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს ყურების, ცხვირის, სინუსების, ყელის, პირის ღრუს, კბილების,  ხახის  რაიმე ფუნქციური სახის ანომალია, თანდაყოლილი ან შეძენილი, მწვავე ან ქრონიკული, ტრავმის, ან ქირურგიული ჩარევის შემდგომი გართულებებით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

2. სმენის ტესტირება უნდა განხორციელდეს ყველა გამოკვლევის დროს.

3.  პირველი და მე-2 კლასის სამედიცინო  სერტიფიკატის გაცემისას, ავიასპეციალისტის მოწმობაში სახელსაწყო ოსტატობის დამატებისას, სმენის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს წმინდა ტონალური აუდიომეტრით, ხოლო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების ან სერტიფიკატის განახლებისას - 40 წლის ასაკამდე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო 40 წლის ასაკის ზემოთ - ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

4. წმინდა ტონალური აუდიომეტრით ტესტირებისას, სერტიფიკატის გაცემისას, განმცხადებლის სმენის დაქვეითება არ უნდა აღემატებოდეს 35 დეციბელს 500, 1000 ან 2000 ჰერცის სიხშირეზე, ან 50 დეციბელს 3000 ჰერც სიხშირეზე, თითოეულ ყურში. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების ან სერტიფიკატის განახლებისას, სმენის დიდი დანაკლისის დროს, განმცხადებელმა უნდა გამოავლინოს ფუნქციონალური სმენის დამაკმაყოფილებელი უნარი.

5. ჰიპოაკუზიის მქონე განმცხადებელმა უნდა გამოავლინოს ფუნქციონალური სმენის დამაკმაყოფილებელი უნარი.

6. განმცხადებელმა უნდა გაიაროს ყელ-ყურ-ცხვირის სრულყოფილი გამოკვლევა  პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემამდე და პერიოდულად, თუ სამედიცინო ჩვენებით არსებობს ამის აუცილებლობა. 

7. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა გაიაროს დამატებითი სამედიცინო  შემოწმება, იმ მიზნით, რომ დადგინდეს, რა გავლენას ახდენს არსებული მდგომარეობა ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, თუ მას აღენიშნება:

ა) შიდა ან შუა ყურის მიმდინარე, მწვავე ან ქრონიკული პათოლოგიური პროცესები;

ბ) დაფის აპკის განუკურნებელი პერფორაცია ან დისფუნქცია;

გ) ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა;

დ) ცხვირის სავალი გზების მნიშვნელოვანი შევიწროება;

ე) სინუსების ფუნქციების დარღვევა;

ვ) პირის ღრუს ან ზედა სასუნთქი გზების მნიშვნელოვნად განვითარებული მანკი, ან მნიშვნელოვანი მწვავე ან ქრონიკული ინფექცია;

ზ) მეტყველების ან ხმის მნიშვნელოვანი დარღვევა.

8. ვესტიბულარული ფუნქციის მოშლილობის მქონე პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი  უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო ვესტიბულარული ფუნქციის მოშლილობის მქონე მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის ვარგისობის შეფასება უნდა განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მოყვარული პილოტი ახორციელებს სახელსაწყო ფრენას, მან უნდა გაიაროს სუფთა ტონების აუდიომეტრია იმ პერიოდულობითა და სტანდარტით, რომელიც მოეთხოვება პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელს.  


მუხლი 53. დერმატოლოგია
განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს რაიმე სახის დერმატოლოგიური პრობლემა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

მუხლი 54. ონკოლოგია
1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს პირველადი ან მეორადი ავთვისებიანი სიმსივნე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

2. ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის შემდეგ, ვარგისად ცნობამდე, განმცხადებელმა უნდა გაიაროს ონკოლოგიური შემოწმება.

3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის ვარგისობის შეფასება უნდა განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებით.

4. განმცხადებელი, რომელსაც სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით აღენიშნება ინტრაცერებრალური ავთვისებიანი სიმსივნე, უნდა შეფასდეს არავარგისად. 


თავი VII
მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები

მუხლი 55. ზოგადი მოთხოვნები 
განმცხადებელს/ავიასპეციალისტს არ უნდა აღენიშნებოდეს  ისეთი პათოლოგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციონალური უუნარობის ისეთი ხარისხი, რომელიც ხელს შეუშლის ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას:

ა) თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები;

ბ) აქტიური, ლატენტური (ფარული), მწვავე ან ქრონიკული დაავადებები ან უუნარობა;

გ) ოპერაციის შემდგომი გართულებები, ჭრილობები ან დაზიანებები; 

დ) თერაპიული, დიაგნოსტიკური ან პრევენციულად მიღებული მედიკამენტებით გამოწვეული უკუჩვენება ან გვერდითი ეფექტები.


მუხლი 56. სამედიცინო სერტიფიკატით მინიჭებული უფლება-მოვალეობის შეზღუდვა  
1. თუ განმცხადებელი სრულად ვერ აკმაყოფილებს ავიასპეციალისტის მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნებს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეს არ უქმნის ფრენის უსაფრთხოებას, ავიასამედიცინო ცენტრმა/ავიასამედიცინო ექსპერტმა:

ა) განმცხადებელი უნდა გადაამისამართოს სააგენტოში; 

ბ) თუ განმცხადებელი არ ექვემდებარება სააგენტოში გადამისამართებას, შეაფასოს, რამდენად შეძლებს  თავისი მოვალეობების უსაფრთხოდ შესრულებას, შეზღუდვ(ებ)ის დაწესების პირობებში და გასცეს სამედიცინო სერტიფიკატი შესაბამისი შეზღუდვ(ებ)ით;

2. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია გააგრძელოს სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ან განაახლოს სერტიფიკატი გადამისამართების გარეშე, სააგენტოსთან შეთანხმებით. 

3. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია შეზღუდვ(ებ)ის დაწესებისას გაითვალისწინოს განმცხადებლის გამოცდილება, საქმიანობის განხორციელების უნარი და შესაძლებლობა.

4. სერტიფიკატის მფლობელისთვის დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა აღინიშნება სამედიცინო სერტიფიკატში.

5. შეზღუდვები, რომელიც შეიძლება დაუწესდეს მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელებს, მოცემულია ამ წესის №8 დანართში.


მუხლი 57. გულსისხლძარღვთა სისტემა
1. მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას აღენიშნება:

ა)  გულმკერდის ან  მუცლის აორტის  სუპრარენალური  ანევრიზმა ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ;  

ბ) გულის  სარქვლების  რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქციური ან სიმპტომური  ანომალია.

გ) გულის ან ფილტვის ტრანსპლანტაცია.

2. მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, გადამისამართდება სააგენტოში, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზში აღენიშნება:

ა)  პერიფერიული არტერიული დაავადება, ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ;

ბ) გულმკერდის  ან  ან სუპრარენალური აორტის  ანევრიზმა, ქირურგიულ ჩარევის შემდეგ;

გ) მუცლის აორტის ინფრარენალური  ანევრიზმა,   ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ;

დ)  ფუნქციონალური,  კარდიალური სარქვლოვანი მცირე ანომალიები;

ე)  კარდიალური სარქვლის ქირურგიული მკურნალობა;

ვ) პერიკარდიუმის, მიოკარდიუმის ან ენდოკარდიუმის ანომალიები;

ზ)  გულის თანდაყოლილი ანომალიები ქირურგიულ მკურნალობამდე ან მის შემდეგ;

თ) შექცევადი ვაზოვაგალური სინკოპე;

ი) არტერიული ან ვენური ტრომბოზები;

კ) ფილტვის   ემბოლია.

ლ) კარდიოვასკულარული მდგომარეობა,  რომელიც საჭიროებს სისტემურ ანტიკოაგულაციურ თერაპიულ მკურნალობას.

3. სტანდარტული 12 განხრიანი ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) კეთდება და შესაბამისი ანგარიში ივსება სამედიცინო ჩვენების დროს და შემდეგ შემთხვევებში:

ა) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, 30 წლის ასაკის მიღწევამდე;

ბ) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლებისას;

გ) სამედიცინო ჩვენების მიხედვით;

4.  გულსისხლძარღვთა სისტემის გაფართოებული შემოწმება უნდა განხორციელდეს:

ა) 65 წლის შემდეგ, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის პირველადი გაგრძელების და განახლებისას და შემდეგ, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ;

ბ) სამედიცინო ჩვენების მიხედვით;

5. სავალდებულოა სისხლის შრატში ლიპიდების განსაზღვრა, ქოლესტერინის ჩათვლით, სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას და 40 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, პირველადი გამოკვლევისას და სამედიცინო ჩვენების მიხედვით.


მუხლი 58.  სისხლის წნევა
1. ყოველი სამედიცინო შემოწმებისას უნდა გაიზომოს სისხლის წნევა.

2. მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას აღენიშნება სიმპტომატური ჰიპოტენზია ან სისხლის წნევა აღემატება 160 მმჰგ სისტოლურს ან 95მმჰგ დიასტოლურს, მკურნალობით ან მკურნალობის გარეშე.

3. სისხლის წნევის კონტროლის მიზნით, მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყების შემდეგ, შეიძლება სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერება, რათა გამოირიცხოს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები.


მუხლი 59. კორონარული არტერიების დაავადება
1. განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას აღენიშნება:

ა) სიმპტომატური კორონარული არტერიების დავადება; 

ბ) სიმპტომებით მიმდინარე კორონარული არტერიების დავადება, რომლის კონტროლი ხორციელდება მედიკამენტ(ებ)ით. 

2. მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე, ჩაუტარდეს კარდიოლოგიური გამოკვლევა კარდიალური იშემიის გამოსარიცხად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოსალოდნელი კარდიალური იშემიით;

ბ) ასიმპტომატური მცირე კორონარული არტერიის დაავადებით, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებს.

3. განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად  შეფასებამდე ჩაუტარდეს კარდიოლოგიური გამოკვლევა, თუ მას აღენიშნება:

ა) მიოკარდიუმის  იშემია;

ბ) მიოკარდიუმის  ინფარქტი;

გ) რევასკულარიზებული ან სტენტირებული  კორონარული არტერიების დაავადებები.


მუხლი 60. რითმის/გამტარებლობის დარღვევა
1. მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, თუ მას აღენიშნება ან პერიოდულად უვლინდება კარდიალური გამტარებლობის/რითმის მნიშვნელოვანი დარღვევები: 

ა) სუპრავენტრიკულარული რითმის დარღვევა, რომელიც მოიცავს ნახტომისებრ (წყვეტილ) ან დადგენილ სინოატრიული დისფუნქციას, ატრიალური ფიბრილაციას და/ან აღგზნებადობას (გულის ფრიალი) და ასიმპტომატურ სინუსურ პაუზებს;

ბ)  ჰისის კონის მარცხენა განშტოების სრული ბლოკი;

გ) მობიტცის II ტიპის ატრიოვენტრიკულარული ბლოკი;

დ) ფართო ან/და ვიწრო კომპლექსური ტაქიკარდია;

ე)  ნაადრევი ვენტრიკულარული აღგზნება;

ვ) ასიმპტომატიკური QT გაგრძელება (პროლონგირება, გახანგრძლივება).

ზ) ბრუგადას მოდელი ელექტროკარდიოგრამაზე.

2. სერტიფიკატის მაძიებელი, დამაკმაყოფილებელი კარდიოლოგიური გამოკვლევის შემთხვევაში, შეიძლება შეფასდეს ვარგისად, მიუხედავად შემდეგი პათოლოგიების არსებობისა: 

ა) ჰისის კონის არასრული ბლოკი:

ბ) ჰისის კონის მარჯვენა ტოტის სრული ბლოკი;

გ)  მაცხენა ღერძის სტაბილური  დევიაციია;

დ) ასიმპტომატური სინუსური ბრადიკარდია;

ე) ასიმპტოპმატური სინუსური ტაქიკარდია;

ვ) ასიმპტომატური იზოლირებული ერთგვარი სუპრა-ვენტრიკულარული ან ვენტრიკულარული ექტოპიური კომპლექსები;

ზ) პირველი ხარისხის ანტრიოვენტრიკულარული ბლოკი;

თ) მობიტცის ტიპის I კატეგორიის ანტრიოვენტრიკულარული ბლოკი.

3. განმცხადებლებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე ჩაუტარდეს კარდიოლოგიური გამოკვლევა დამაკმაყოფილებელი შედეგით, თუ სამედიცინო ისტორიაში აღენიშნება: 

ა) ამპუტაციური თერაპია;

ბ) პეისმეკერული იმპლანტაცია.

4.  განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად:

ა) სიმპომატური სინოატრიული დაავადებით;

ბ) სრული ატრიოვენტრიკულარული ბლოკით;

გ) სიმპტომატიკური QT გახანგრძლივებით (პროლონგირებით);

დ) ავტომატური იმპლანტირებული დეფიბრილაციის სისტემით;

ე) ვენტრიკულარული ანტიტაქიკარდიული გულის ელექტროსტიმულატორით.


მუხლი 61. რესპირატორული (სასუნთქი) სისტემა
1. განმცხადებელი პულმონარული ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესებით, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში. ვარგისად შეფასება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფილტვის ფუნქცია გაუმჯობესდება და დამაკმაყოფილებელი გახდება.

2. განმცხადებელი ვალდებულია, გაიაროს ფილტვის ფუნქციური ტესტები პირველადი სამედიცინო შემოწმებისას და სამედიცინო ჩვენების მიხედვით.

3. განმცხადებელმა ასთმის დიაგნოზით ან სამედიცინო ისტორიაში ასთმური შეტევის შემთხვევით, უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი რესპირატორული გამოკვლევა. ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადების მიმდინარეობა ასიმპტომატურია და მკურნალობა გავლენას არ ახდენს ფრენის უსაფრთხოებაზე.

4. განმცხადებელი  უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე, ჩაუტარდეს რესპირატორული სისტემის გამოკვლევა დამაკმაყოფილებელი შედეგით, თუ სამედიცინო ისტორიაში  ან   დიაგნოზით აღენიშნება:

ა) რესპირატორული სისტემის მწვავე ანთებით დაავადებები;

ბ) აქტიური სარკოიდოზი;

გ) პნევმოთორაქსი;

დ)  მთვლემარე აპნოეს სინდრომი;

ე) დიდი თორაკალური ქირურგია;

ვ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

ზ) ფილტვის ტრანსპლანტაცია.


მუხლი 62. საჭმლის მომნელებელი სისტემა
1. განმცხადებელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან მისი მიმდებარე ორგანოს რომელიმე  ნაწილის დაავადების რაიმე გართულებით ან ქირურგიული ჩარევით, ნებისმიერი ობსტრუქციით, სტრიქტურით, ან კომპრესიით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უუნარობა ფრენის დროს, უნდა შეფასდეს არავარგისად.

2. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს თიაქარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებაზე.

3. განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს ვარგისად, ქირურგიული ჩარევის შემდეგ წარმატებული მკურნალობის ან სრული გამოჯანმრთელების შემთხვევაში, გასტროინტესტინალური გამოკვლევის დამაკმაყოფილებლად გავლის შემდეგ, გასტროინტესტინარული სისტემის შემდეგი მოშლილობით:

ა) განმეორებადი დისპეპსიური აშლილობა, რომელიც საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას;

ბ) პანკრეატიტი;

გ) სიმპტომატიკით მიმდინარე  ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება;

დ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  დიაგნოსტირებული, ქრონიკული ანთება;

ე) კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ან მის ახლომდებარე ორგანოებზე ქირურგიული ოპერაციები, იმ ოპერაციების ჩათვლით, რომელიც გულისხმობს მათ სრულ ან ნაწილობრივ ამოკვეთას ან ამ ორგანოს (ორგანოების) გადახრას.  


მუხლი 63. მეტაბოლური და ენდოკრინული სისტემები
1. განმცხადებელი მეტაბოლური, კვებითი ან ენდოკრინული დისფუნქციით, შეიძლება შეფასდეს ვარგისად სტაბილური მდგომარეობის პირობებში.

2. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული განმცხადებელი, რომელიც საჭიროებს ინსულინს, უნდა შეფასდეს არავარგისად, ხოლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებული განმცხადებელი, რომელიც არ საჭიროებს ინსულინს, მაგრამ საჭიროებს სხვა მედიკამენტებს, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში. ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ სისხლში შაქრის მაჩვენებლის სტაბილიზაციის და მისი კონტროლის შესაძლებლობის შემთხვევაში. 


მუხლი 64. ჰემატოლოგია
1. სისხლის გამოკვლევის აუცილებლობას განსაზღვრავს ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი განმცხადებლის სამედიცინო ისტორიისა და მიმდინარე გამოკვლევების გათვალისწინებით.

2. განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, შემდეგი ჰემატოლოგიური მდგომარეობით:

ა)  კოაგულაციური, ჰემორაგიული  ან თრომბული მოშლილობა;

ბ)  ქრონიკული ლეიკემია;

გ) ანომალიური ჰემოგლობინი, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ არის ლიმიტირებული) ანემიას, ერიტროციტოზს ან ჰემოგლობინოპათიას;

დ) ლიმფური კვანძების მნიშვნელოვანი გადიდება;

ე) ელენთის გადიდება.

3. განმცხადებლის ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი სამედიცინო შემოწმების შემთხვევაში.

4. მწვავე ლეიკემიით დაავადებული განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად.


მუხლი 65. შარდსასქესო სისტემა
1. შარდის ანალიზი სამედიცინო შემოწმების ნაწილია. შარდი არ უნდა შეიცავდეს ისეთ პათოლოგიურ ელემენტებს, რომლებიც მიუთითებს მნიშვნელოვანი პათოლოგიური პროცესის არსებობას.

2. განმცხადებელი შარდსასქესო სისტემის ან მისი დანამატების  დაავადების რაიმე გართულებით ან ქირურგიული ჩარევით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უუნარობა, კერძოდ ობსტრუქცია, სტრიქტურა, კომპრესია, უნდა შეფასდეს არავარგისად.

3. განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს ვარგისად თირკმლის/უროლოგიური გამოკვლევის დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში, მიუხედავად შარდსასქესო სისტემის შემდეგი მოშლილობისა:

ა) თირკმელ(ებ)ის დაავადება;

ბ) კენჭ(ებ)ის არსებობა შარდსასქესო სისტემაში.

4. განმცხადებელი, რომელსაც ჩაუტარდა შარდსასქესო სისტემის ან მისი დანამატების დიდი მასშტაბის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მოიცავს ამ ორგანოების ნაწილობრივ ან სრულ ამოკვეთას ან მათ გადახრას, სრული გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და მისი ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი გამოკვლევის შემთხვევაში.   


მუხლი 66. ინფექციური დაავადებები
1. ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) მქონე განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში. თუ განმცხადებლის თერაპიული მკურნალობა საფრთხეს არ უქმნის ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას, შეიძლება მისი ვარგისად შეფასება. 

2. განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება მწვავე სიფილისი, მწვავე ტუბერკულიოზი, ინფექციური ჰეპატიტი და ტროპიკული დაავადებები ან მათი სიმპტომები, გადამისამართდება სააგენტოში. მისი ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ სრული გამოჯანმრთელების შემთხვევაში, თუ თერაპიული მკურნალობა საფრთხეს არ უქმნის ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას.


მუხლი 67. ორსულობა  და გინეკოლოგია
1. განმცხადებელი, რომელსაც ჩაუტარდა რთული გინეკოლოგიური ოპერაცია, უნდა შეფასდეს არავარგისად სრულ გამოჯანმრთელებამდე.

2. ორსულობის შემთხვევაში, თუ ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი   გადაწყვეტს, რომ ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას შეუძლია შეამციროს სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა, ორსულობის 34-ე კვირამდე. სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაგრძელდება ორსულობის დასრულებიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე, თუ ავიასპეციალისტი ჩაიტარებს  სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის საჭირო  კვლევებს.


მუხლი 68. საყრდენ-მამოძრავებელი და კუნთოვანი სისტემა
განმცხადებელი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სტატიკური, პროგრესირებადი ან რევმატოლოგიური მდგომარეობით, რომელიც გავლენას ახდენს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული  უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებაზე, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში. ვარგისად შეფასება უნდა განხორციელდეს ექიმი სპეციალისტის კონსულტაციის და დამაკმაყოფილებელი  გამოკვლევის შემდეგ.

მუხლი 69. ფსიქიატრია
1. ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული გონებრივი ან ქცევითი აშლილობის მქონე განმცხადებელი, მასზე დამოკიდებულების არსებობის მიუხედავად, უნდა შეფასდეს არავარგისად. ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ გამოჯანმრთელების, დამოკიდებულებისგან გათავისუფლების, წარმატებული მკურნალობის და დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული გამოკვლევის შემდეგ. ასეთი ფსიქიატრიული მდგომარეობის მქონე განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.

2. განმცხადებელმა ისეთი ფსიქიკური მდგომარეობით, როგორიცაა, ხასიათის, ნევროტიკული, პიროვნული, მენტალური ან ქცევის მოშლილობა, ვარგისად შეფასებამდე უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული გამოკვლევა. ასეთი ფსიქიატრიული მდგომარეობის მქონე განმცხადებელი ვარგისობის შესაფასებლად უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.

3. განმცხადებელი, რომლის სამედიცინო ისტორიაში აღნიშნულია ერთი ან განმეორებითი  თვითდაზიანების ფაქტი, განიხილება არავარგისად. განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული   გამოკვლევა.

4. განმცხადებელი შიზოფრენიის, შიზოტიპური/დელუციური აშლილობის ან მანიის სამედიცინო ისტორიაში არსებული ან დადგენილი დიაგნოზით, უნდა შეფასდეს არავარგისად.


მუხლი 70. ფსიქოლოგია
1. განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება სტრესული მდგომარეობით განპირობებული სიმპტომები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებაზე, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში. ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ ფსიქოლოგიური და/ან ფსიქიატრიული გამოკვლევის და ზემოაღნიშნული სიმპტომების არარსებობის შემდეგ.

2. ფსიქოლოგიური გამოკვლევა შეიძლება გახდეს სპეციალიზებული ფსიქიატრიული ან ნევროლოგიური გამოკვლევის ნაწილი ან მისი დამატება.


მუხლი 71. ნევროლოგია
1. განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება:

ა) ეპილეფსია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა;

ბ) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების პერიოდული მოშლილობა;

გ) ცერებრალური დისფუნქციის მაღალი წინასწარგანწყობის რისკი.

2. განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე გაიაროს დამატებითი გამოკვლევა, თუ  სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით აღენიშნება შემდეგი დაავადებები:

ა) ეპილეფსია, რომელიც არ განმეორებულა 5 წლის განმავლობაში;

ბ) ეპილეფსია, განმეორების და მკურნალობის გარეშე 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში;

გ) ეპილეფსია, EEG ფორმის, ანომალიებით და ფოკუსური ნელი ტალღებით;

დ) ნერვული სისტემის პროგრესირებადი ან არაპროგრესირებადი  დაავადებები;

ე) გაურკვეველი მიზეზით ცნობიერების მოშლილობის ერთჯერადი შემთხვევა;

ვ) თავის  ტვინის  ტრამვა;

ზ) ზურგის ტვინის ნერვების   ან პერიფერიული ნერვულ დაზიანებას;

თ) ნერვული სისტემის მოშლილობა, რომელიც განპირობებულია ვასკულარული დეფიციტით,  ჰემორაგიული და იშემიური მოვლენებით.


მუხლი 72. მხედველობის სისტემა
1. თვალის სრული გამოკვლევა ტარდება პერიოდულად, თვალის რეფრაქციისა და თვალის ფუნქციონალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

2. თვალის გეგმური შემოწმება წარმოადგენს სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლებისათვის აუცილებელი გამოკვლევების შემადგენელ ნაწილს.

3. განმცხადებელმა უნდა გაიაროს ტონომეტრია ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის პირველადი გაგრძელებისას 40 წლის შემდეგ, სამედიცინო ჩვენებით და ოჯახური სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით.

4. განმცხადებელმა უნდა მიმართოს ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს ოფთალმოლოგიური კვლევის ანგარიშით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) ფუნქციის შესრულებისას აღინიშნა მნიშვნელოვანი ცვლილებები;

ბ) დისტანციური ვიზუალური სტანდარტის მიღწევა შეიძლება მხოლოდ კორექტული ლინზების მეშვეობით.

5. განმცხადებელი  მაღალი რეფრაქციული გადახრით, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.

6. შორსმხედველობის სიმახვილე კორექციით ან მის გარეშე, უნდა იყოს თითოეულ თვალში დამოუკიდებლად - 6/9 (0,7) ან უკეთესი, ხოლო ორივე თვალით მხედველობის სიმახვილე - 6/6(1,0) ან უკეთესი.

7. პირველადი გამოკვლევისას განმცხადებელი, მონოკულარული ან ფუნქციონალური მონოკულარული მხედველობით, რომელიც ასევე მოიცავს თვალის მამოძრავებელი კუნთების ბალანსის პრობლემას, უნდა შეფასდეს არავარგისად.

8. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას და განახლებისას,  განმცხადებელი შეიძლება შეფასდეს ვარგისად, თუ ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შედეგები დამამაყოფილებელია.

9. საწყისი კვლევისას განმცხადებელი, რომელსაც აქვს შეძენილი სუბსტანდარტული მხედველობა ერთ თვალში, უნდა შეფასდეს არავარგისად. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და განახლებისას, განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და  შეიძლება შეფასდეს ვარგისად, თუ ოფთალმოლოგიური  გამოკვლევის შედეგები დამამაყოფილებელია.

10. განმცხადებელს უნდა შეეძლოს №5 ცხრილის ან მისი შესატყვისის 30-50 სმ-ით და №14 ცხრილის ან მისი შესატყვისის 60-100 სმ-ით დაშორებული მანძილიდან  წაკითხვა, კორექციის გამოყენებით.

11. განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ნორმალური მხედველობის ველი და ნორმალური ბინოკალარული მხედველობა.

12. განმცხადებელი, რომელსაც ჩაუტარდა თვალის ქირურგიული მკურნალობა, უნდა შეფასდეს  არავარგისად, მხედველობის ფუნქციის  სრულ აღდგენამდე. განმცხადებელი  უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და შეიძლება შეფასდეს ვარგისად, თუ ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შედეგები დამამაყოფილებელია.

 13. კერატოკონუსის (რქოვანი გარსის სტაფილომა) დიაგნოზის მქონე განმცხადებელი,  უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და შეიძლება შეფასდეს ვარგისად, თუ ოფთალმოლოგიური  გამოკვლევის შედეგები  დამამაყოფილებელია.

 14. დიპლოპიის მქონე განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად.

15. თუ დამაკმაყოფილებელი  მხედველობა მიიღწევა მხოლოდ კორექციის გამოყენებით, სათვალეები და კონტაქტური ლინზები უნდა უზრუნველყოფდეს ოპტიმალურ მხედველობით ფუნქციას, იყოს ადვილად შესაგუებელი და მოსახერხებელი საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ვიზუალური მიზნებისათვის.

16. ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, ნებისმიერ დისტანციაზე მხედველობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გამოყენებული უნდა იქნეს  არაუმეტეს ერთი წყვილი სათვალე. საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათადარიგო სათვალე.  

17. კონტაქტური ლინზები უნდა იყოს მონოფოკალური და დაუფერავი და არა ორტოკერატოლოგიური.  არ შეიძლება მონოვიზუალური კონტაქტური ლინზების გამოყენება.

18.  დიდი რეფრაციული ცდომილების მქონე განმცხადებელმა უნდა გამოიყენოს კონტაქტური ლინზები ან მაღალინდექსიანი მხედველობის ლინზები.


მუხლი 73. ფერთა აღქმა
განმცხადებელმა უნდა გამოავლინოს ტრიქრომატული ფერთა აღქმის ნორმალური უნარი.

მუხლი 74. ოტორინოლარინგოლოგია
1. სმენის  ტესტირება  ტარდება ყოველი გამოკვლევის დროს. განმცხადებელს სწორად უნდა ესმოდეს ჩურჩულის ტესტი, თითოეულ ყურში 2 მეტრის დისტანციაზე, მისკენ ზურგით მიბრუნებული ავიასამედიცინო ექსპერტისაგან.

2. პირველადი შემოწმებისას, სმენის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს წმინდა ტონალური აუდიომეტრით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლებისას - 40 წლამდე, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ და შემდგომ - ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

3. წმინდა ტონალური აუდიომეტრია:

ა) სერტიფიკატის მაძიებლის სმენის დაქვეითება არ უნდა აღემატებოდეს 35 დეციბელს 500, 1000 ან 2000 ჰერცის სიხშირეზე, ან 50 დეციბელს 3000 ჰერც სიხშირეზე, თითოეულ ყურში.

ბ) განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სმენის კრიტერიუმებს, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე, გაიაროს სპეციალური შემოწმება. სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას, განმცხადებელმა უნდა გაიაროს ჩურჩულის დისკრიმინაციული ტესტი, ხოლო სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და განახლებისას - სმენის ფუნქციონალური ტესტი ფუნქციონალურ გარემოში.

4. პირველადი გამოკვლევისას სმენის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საჭიროა სმენის დამხმარე საშუალებები, რაც იწვევს განმცხადებლის არავარგისად შეფასებას.

5. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და განახლებისას ვარგისად შეფასება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სმენის  დამხმარე საშუალებების გამოყენება ან შესაბამისი პროთეზი აუმჯობესებს სმენას მოთხოვნილ სტანდარტამდე, სრულყოფილი ფუნქციონალური ტესტირებისას  საწარმო გარემოში.

6. თუ ნორმალური სმენის სტანდარტის მისაღწევად საჭიროა სმენის პროთეზის გამოყენება, აღჭურვილობის და აქსესუარების სათადარიგო კომპლექტი (როგორიცაა, მაგალითად ბატარეა), ხელმისაწვდომი უნდა იყოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების დროს.

7. განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს  სააგენტოში  და უნდა ჩაუტარდეს შემდგომი ოტორინოლარინგოლოგიური გამოკვლევა იმის დასადგენად, რომ არსებული მდგომარეობა გავლენას არ ახდენს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, თუ მას აღენიშნება:

ა)  შიდა ან შუა ყურის მიმდინარე, მწვავე ან ქრონიკული პათოლოგიური პროცესები;

ბ)  დაფის აპკის განუკურნებელი პერფორაცია ან დისფუნქცია;

გ)  ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა;

დ) პირის ღრუს ან ზედა სასუნთქი გზების მნიშვნელოვანი მალფორმაცია  ან  ქრონიკული ინფექცია;    

ე) მეტყველების მნიშვნელოვანი დარღვევა.


მუხლი 75. დერმატოლოგია
განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს რაიმე სახის დადგენილი დერმატოლოგიური პრობლემა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას.

მუხლი 76. ონკოლოგია
1. პირველადი ან მეორადი ავთვისებიანი სიმსივნის დადგენის შემდეგ განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და ვარგისად შეფასებამდე, გაიაროს დამაკმაყოფილებელი ონკოლოგიური შემოწმება.

2. განმცხადებელი, რომელსაც სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით აღენიშნება ინტრაცერებრალური ავთვისებიანი სიმსივნე, უნდა შეფასდეს ვარგისად.

 


თავი VIII
ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები

მუხლი 77. ზოგადი მოთხოვნები
ბორტგამყოლს არ უნდა აღენიშნებოდეს:

ა) თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიები;

ბ) აქტიური, ლატენტური, მწვავე ან ქრონიკული დაავადებები ან უუნარობა;

გ) ჭრილობა, დაზიანება ან ოპერაციის შემდგომი გართულებები;

დ) რაიმე მედიკამენტ(ებ)ის ან არამედიკამენტოზური თერაპიის, დიაგნოსტიკური ან პრევენციური მკურნალობის ეფექტი ან გვერდითი ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ფუნქციონალური მდგომარების გაუარესება, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს მოვალეობების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.


მუხლი 78. ვარგისობის შეფასება
1. ბორტგამყოლმა უნდა გაიაროს ვარგისობის შეფასება იმის დასადგენად, ხომ არ აღენიშნება რაიმე სახის ფიზიკური ან მენტალური დაავადება, რასაც შეიძლება მოჰყვეს შრომის უნარის დაქვეითება ან მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების უუნარობა.

2. ბორტგამყოლმა უნდა გაიაროს გამოკვლევა, საჰაერო ხომალდზე პირველად დაშვებისას და  პერიოდულად, არაუმეტეს 24 თვიანი ინტერვალით. 

3. ბორტგამყოლის ვარგისად შეფასებას ახორციელებს ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი.


მუხლი 79. საავიაციო სამედიცინო შემოწმების მოცულობა
1. პირველადი გამოკვლევა მოიცავს განმცხადებლის სამედიცინო ისტორიის შეფასებას და შემდეგ გამოკვლევებს:

ა) კარდიოვასკულარული სისტემა;

ბ) რესპირატორული სისტემა;

გ) საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა;

დ) ოტორინოლარინგოლოგიური კვლევა;

ე) მხედველობის სისტემა;

ვ) ფერების აღქმა.

2. ყოველი მომდევნო გამოკვლევა უნდა მოიცავდეს ბორტგამყოლის სამედიცინო ისტორიის შეფასებას და სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებელ გამოკვლევებს.

3. საეჭვო შემთხვევაში ან სამედიცინო ჩვენების დროს, ბორტგამყოლის გამოკვლევა უნდა მოიცავდეს ნებისმიერ დამატებით გამოკვლევას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი.


მუხლი 80. ბორტგამყოლის სამედიცინო შემოწმების ანგარიში
1. ვარგისად შეფასების შემდეგ ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ამზადებს და ბორტგამყოლს გადასცემს სამედიცინო შემოწმების ანგარიშს.

2. სამედიცინო შემოწმების ანგარიშის და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ასლები  ეგზავნება ბორტგამყოლის დამსაქმებელს.

3. ბორტგამყოლის სამედიცინო შემოწმების ანგარიშში ასახული უნდა იყოს ვარგისობის შეფასების თარიღი, ინფორმაცია განმცხადებლის ვარგისობის შესახებ, მომდევნო  ვარგისობის შეფასების თარიღი და საჭიროების შემთხვევაში, რომელიმე შეზღუდვა (შეზღუდვები).

4. ბორტგამყოლის სამედიცინო შემოწმების ანგარიშში არსებული ყველა სხვა ინფორმაცია დაცულია ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპით, ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.


მუხლი 81. შეზღუდვები 
1. თუ ბორტგამყოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სრულად არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ავიასამედიცინო ექსპერტმა/ავიასამედიცინო ცენტრმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეძლებს  განმცხადებელი თავისი მოვალეობების უსაფრთხოდ შესრულებას შეზღუდვ(ებ)ის დაწესების პირობებში და გასცეს სამედიცინო სერტიფიკატი შესაბამისი შეზღუდვ(ებ)ით.

2. ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის შეზღუდვ(ებ)ი მოცემულია ამ წესის №9 დანართში.  

3. ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელისთვის დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა აღინიშნება სამედიცინო სერტიფიკატში.

4. შეზღუდვის გაუქმება შეიძლება მხოლოდ ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მიერ.



7. 20/12/2023 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 272 - ვებგვერდი, 26/12/2023 6. 29/12/2022 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 301 - ვებგვერდი, 30/12/2022 5. 21/07/2022 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 159 - ვებგვერდი, 25/07/2022 4. 24/02/2022 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 46 - ვებგვერდი, 01/03/2022 3. 31/07/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 128 - ვებგვერდი, 04/08/2020 2. 05/06/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 100 - ვებგვერდი, 09/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 27/11/2019 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 228 - ვებგვერდი, 29/11/2019