დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 472 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020788 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (17/09/2018 - 26/07/2019)
|
ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი
|
მუხლის 1. რეგულირების სფერო
ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს. მუხლი 2. მიზანი და რეგულირების ობიექტი 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პლასტიკის პარკი − პლასტიკისგან დამზადებული პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს საქონლის ან პროდუქტის გაყიდვის ადგილზე; ბ) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი − პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას; გ) პლასტიკი − სინთეზური ორგანული პოლიმერი (ქიმიური ნივთიერება), რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები; დ) ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი − მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული, ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საქართველოს სტანდარტი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული, ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი სტანდარტი − „შესაფუთი მასალა − მოთხოვნები შესაფუთი მასალის მიმართ, რომლის აღდგენა შესაძლებელია კომპოსტირებითა და ბიოდაშლით − გამოცდის სქემა და შეფუთვის საბოლოო შეფასების კრიტერიუმები“. 2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 4. პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ბაზარზე განთავსების პირობები 1. საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია: ა) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია; ბ) 2018 წლის 1 ოქტომბრიდან − 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია; გ) 2019 წლის 1 აპრილიდან − ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. 3. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია საქართველოს სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. მუხლი 5. შესაბამისობის შეფასება 1. ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით. 2. ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების იმპორტის შემთხვევაში, ტვირთს თან უნდა ახლდეს პარკის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 6. ნიშანდება 1. პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) პლასტიკის პარკის მწარმოებელი; ბ) პლასტიკის პარკის სისქე; გ) პლასტიკის პარკის შემადგენლობა. 2. ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“; ბ) ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი; გ) ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა. 3. წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“ პარკზე შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შესაბამისობის შეფასება განხორციელებულია უფლებამოსილი შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ და პარკი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 4. ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით. 5. პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. 6. პარკზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას. მუხლი 7. შესაბამისობის კონტროლი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას, იმპორტისას და რეალიზაციისას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − პარკების წარმოებისას; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტისას; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციისას. მუხლი 8. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. |
დოკუმენტის კომენტარები