„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 571
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023782
571
14/12/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
300160070.10.003.023782
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №571

2022 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2018  წლის  14  სექტემბრის №472 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 300160070.10.003.020788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2023 წლის 2 იანვრიდან.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

„ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების

რეგულირების წესი


მუხლი 1. რეგულირების სფერო

„ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს.

მუხლი 2. მიზანი და რეგულირების ობიექტი

1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.

2. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.

3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);

ბ) პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);

გ) არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა  და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის  (იმ შემთხვევაში, თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე;

დ) პოლიპროპილენის ძაფისგან მოქსოვილ პარკებზე (ტომრებზე, ჩანთებზე);

ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“;

ვ) ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა).

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პლასტიკის პარკი − პლასტიკისგან დამზადებული პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც განკუთვნილია საქონლის ან/და პროდუქტის მოსათავსებლად, მისი გადატანის მიზნით. მათ შორის, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის ან რეალიზატორის მიერ დაუფასოებელი/დაფასოებული პროდუქტის ან/და საქონლის მოსათავსებლად, ასაწონად ან რეალიზაციის ადგილზე პროდუქტის დასაფასოებლად;

ბ) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი ან ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი − პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას;

გ) პლასტიკი − სინთეზური ორგანული პოლიმერი (ქიმიური ნივთიერება), რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება, დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები;

დ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკი − ბიოდეგრადაციას ან/და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ  მოთხოვნებს;

ე) სტანდარტი – ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტი ან/და  ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტი;

ვ) შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი − საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც გამოიყენება მწარმოებლის/დამფასოებლის მიერ,  როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის ან/და საქონლის  შესაფუთად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის/საქონლის  მოხმარების დროს ხდება;

ზ) ნარჩენებისთვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, თასმით ან უთასმოდ, რომელიც გამოიყენება  ნარჩენების  მოსათავსებლად და გადასატანად.

2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 4. პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ბაზარზე განთავსების პირობები

1. საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით  განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია:

 ა) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკებისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა;

ბ)  ნებისმიერი სისქისა და ზომის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა;

გ) შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის საქონლის ან/და პროდუქტის მიწოდების ადგილზე გამოყენება ან/და განთავსება, მასში საქონლის ან/და პროდუქტის მოთავსების მიზნით.

3. საქართველოში ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოება და მათი რეალიზაცია დასაშვებია მათი „სტანდარტთან“ შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

მუხლი 5. პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ექსპორტის მიზნით წარმოება

ექსპორტის მიზნით პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია, პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოების დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების რაოდენობის, ზომების, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.

მუხლი 6. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა

1. საქართველოში დასაშვებია სტანდარტთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალის გამოყენება.

2. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების საწარმოებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი მასალის შემთხვევაში:

ა.ა) მის მწარმოებელზე გაცემულია სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა;

ა.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემულია პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტის შესაბამისი მასალის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 7. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი

1. საქართველოში დასაშვებია სტანდარტთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი.

2. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტისას ტვირთს უნდა ახლდეს:

ა) სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების  შემთხვევაში:

ა.ა) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები;

ა.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 8. შესაბამისობის შეფასება

ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება  ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 9. ნიშანდება

1. პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

ა)  პლასტიკის პარკის  მწარმოებელი;

ბ) პლასტიკის პარკის სისქე;

გ) პლასტიკის პარკის შემადგენლობა.

 2. ბიოდეგრადირებად პარკებზე ან/და კომპოსტირებად პარკებზე  ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

 ა) წარწერა − „ბიოდეგრადირებადი პარკი“ ან/და „კომპოსტირებადი პარკი“;

 ბ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი.

3. შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი.

4. ნარჩენებისთვის  განკუთვნილ პლასტიკის პარკზე  ქართულ  ან ინგლისურ  ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლო.

5. წარწერა − „ბიოდეგრადირებადი პარკი“ ან/და „კომპოსტირებადი პარკი“ პარკზე შეიძლება, გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარკი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რაც დადასტურებელია ამავე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

6. ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით.

7. პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.

8. პარკზე შეიძლება, დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.

მუხლი 10. შესაბამისობის კონტროლი

პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას, იმპორტისას და რეალიზაციისას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − პარკების წარმოებისას;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტისას;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციისას.

მუხლი 11. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.“.