საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 240080010.10.003.020742
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
426
17/08/2018
ვებგვერდი, 17/08/2018
240080010.10.003.020742
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/08/2018 - 30/09/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №426

2018 წლის 17 აგვისტო

 ქ. თბილისი

 

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს  „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



 

 

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის განსაზღვრა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი – საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა;

ბ) მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო – საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განსახორციელებლად შემუშავებული მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც შესაძლებელია, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით და შემუშავდეს და პერიოდულად განახლდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობით;

გ) პროექტი – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი;

დ) პროექტის კონცეფციის ბარათი – პროექტის აღწერა, რომელიც მზადდება პროექტის იდენტიფიცირების ეტაპზე, პროექტის სიღრმისეული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ე) პროექტის ღირებულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭირო ყველა ხარჯი, პროექტით დაგეგმილი შედეგების მისაღებად საჭირო მთლიანი ფინანსური რესურსი, რაც მოიცავს, როგორც საწყისი ინვესტიციის ხარჯს, ასევე ყველა სხვა ხარჯს, რომლის გაწევაც საჭირო გახდა პროექტის მიმდინარეობის/განხორციელების პროცესში;

ვ) სააგენტო – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო;

ზ) საუკეთესო სტანდარტები და საერთაშორისო გამოცდილება – საუკეთესო სტანდარტები, რაც დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) მიერ შემუშავებული, კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პერიოდულად განახლებადი საკანონმდებლო გზამკვლევის, კონცესიების გაცემის შესახებ ევროკავშირის 2014/23/EU დირექტივის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხებზე შემუშავებული პუბლიკაციებისა და შესწავლილი საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად;

თ) ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების ეტაპზე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით და ამ წესის მიხედვით განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა;

ი) ხარისხის ფასთან თანაფარდობის მეთოდოლოგია – მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სექტორის შესადარებელი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა შედარდეს საზოგადოებისათვის ერთისა და იმავე შედეგების სპეციფიკაციის მომტანი პროექტის განხორციელება საჯარო და კერძო თანამშრომლობით და სახელმწიფო შესყიდვის გზით, უზრუნველყოფილ იქნეს რისკის ოპტიმალური განაწილება და  დადასტურდეს, რომ დასახული მიზნების მისაღწევად საჯარო და კერძო თანამშრომლობა იძლევა წმინდა ეკონომიკურ სარგებელს, წარმოადგენს ოპტიმალურ გზას ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის თვალსაზრისით და უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის ფასთან შეფარდებას. აღნიშნული შეფასების მეთოდოლოგია, მათ შორის, შეფასების მეთოდები, პროცესი, სახელმწიფო სექტორის შესადარებელი ინსტრუმენტის გამოყენების წესი და გამოთვლის სპეციფიკაციები შესაძლებელია, დაზუსტდეს მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოთი;

კ) ხელშეკრულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, რომლებიც განმარტებულია კანონში, აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეგულირების სფერო

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს საჯარო ინფრასტრუქტურისა და საჯარო მომსახურების ნებისმიერ სექტორში, გარდა წიაღის, ნავთობისა და გაზის სექტორებისა და მასთან დაკავშირებული კვლევა-განვითარების ან/და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სექტორებთან დაკავშირებული სამშენებლო ან/და სხვა სახის სამუშაო ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს აღნიშნულ სექტორებში ძირითად საქმიანობას, წესრიგდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონმდებლობით.

3. ენერგეტიკის სექტორში პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს კონცესიას.

4. სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის მხრიდან კერძო პარტნიორისთვის სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება/სარგებლობაში გადაცემა/მართვის უფლებით გადაცემა ან/და პროექტის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საჭირო ლიცენზიის ან ნებართვის აღებაში მხარდაჭერა არ განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლობად.

5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება 5 წლით.

მუხლი 4. პროექტის ეტაპები

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული პროცესის შესაბამისად, მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) პროექტის იდენტიფიცირება და ინიციირება;

ბ) პროექტის მომზადება;

გ) კერძო პარტნიორის შერჩევა;

დ) პროექტის განხორციელება;

ე) პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება.

მუხლი 5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის  მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ, სააგენტოსთან შეთანხმებით, შესაძლებელია, გამოიცეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს უფლებამოსილი ორგანოსთვის მეთოდური და სახელმძღვანელო მიმართულების მიწოდებას ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების თითოეული ეტაპისათვის და რომელიც შესაბამისობაშია საუკეთესო სტანდარტებთან და საერთაშორისო გამოცდილებასთან.

მუხლი 6. პროექტის იდენტიფიცირება

1. პოტენციური პროექტის იდენტიფიცირებას, საჭიროების მიხედვით, ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან სააგენტო.

2. პოტენციური პროექტის იდენტიფიცირება ხორციელდება სახელმწიფო განვითარების გეგმის/სტრატეგიის ან/და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, ან/და აჭარის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების გეგმით/სტრატეგიით გათვალისწინებულ მიმართულებებთან ან/და შესაბამის სექტორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ/გამოვლენილ საჭიროებებთან ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორში, რომელიც ემსახურება საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას.

3. პოტენციური პროექტის იდენტიფიცირება შესაძლებელია განხორციელდეს საინიციატივო შეთავაზების გზით.

4. ენერგეტიკის სექტორში დარგობრივი სამინისტროს მიერ საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში ობიექტის ასახვა ან/და საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დარგობრივი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება არ წარმოადგენს პოტენციური პროექტის იდენტიფიცირებას.

მუხლი 7. პროექტის კონცეფციის ბარათი და წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება

1. პროექტის იდენტიფიცირების ეტაპზე, ამ წესის მე-6 მუხლის მიხედვით იდენტიფიცირებული პოტენციური პროექტისათვის უფლებამოსილი ორგანო ამზადებს პროექტის კონცეფციის ბარათს.

2. პროექტის კონცეფციის ბარათი უნდა მოიცავდეს წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებიდან, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროექტის განხორციელების საჭიროების წინარე შეფასებას, რომლის დროსაც უნდა დასაბუთდეს პროექტის შესაბამისობა საჯარო ინტერესთან, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების პრიორიტეტულ სექტორებთან ან/და სახელმწიფო განვითარების გეგმით/სტრატეგიით ან/და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიით/სამოქმედო გეგმით ან/და აჭარის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების განვითარების გეგმით/სტრატეგიით გათვალისწინებულ მიმართულებებთან ან/და შესაბამის სექტორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ/გამოვლენილ საჭიროებებთან, რაც მიზნად ისახავს საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნით ან/და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით ან/და საჯარო მომსახურების მიწოდებით საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას;

ბ) პროექტის ღირებულების წინასწარ შეფასებას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროექტის ზომის/მოცულობის, მახასიათებლების შესახებ, ასევე პროექტის განხორციელებისთვის (მათ შორის: მშენებლობისთვის, წლიური მოვლა-პატრონობის ან/და ოპერირებისთვის) საჭირო ფინანსების შესახებ ინფორმაციას. პროექტის წინასწარი ღირებულების შეფასებისას ასევე უნდა განისაზღვროს პროექტით შემოსავლების გენერირების შესაძლებლობა;

გ) პროექტის საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით განხორციელების წინარე შეფასებას, რომლის დროსაც უნდა განისაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახე (კონცესიური/არაკონცესიური), საჯარო და კერძო პარტნიორების ფუნქციები, ასევე უნდა შეფასდეს პროექტის განხორციელების შედეგად მისაღები სარგებელი. ამასთანავე, აღნიშნულ ეტაპზე ფასდება პროექტთან დაკავშირებული შესაძლო რისკები და განისაზღვრება პროექტის მომზადებისას განსახორციელებელი კვლევები;

დ) ფინანსების ხელმისაწვდომობისა და ფისკალური რისკების წინასწარ შეფასებას, რომლის დროსაც უნდა განისაზღვროს პოტენციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის გავლენა საჯარო პარტნიორის/უფლებამოსილი ორგანოს ბიუჯეტზე, პროექტის ყველა ეტაპის მიმდინარეობისას. შესაძლებლობის შემთხვევაში, კერძო პარტნიორისთვის პროექტის განსახორციელებლად მისაღები პირობების შექმნის მიზნით, ასევე უნდა შეფასდეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ფისკალური რისკები.

3. პროექტის კონცეფციის ბარათი შესაძლებელია მომზადდეს მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოთი შემუშავებული ფორმის მიხედვით.

მუხლი 8. პროექტის ინიციირება

1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ყველა პროექტზე, გარდა მცირე პროექტებისა, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციის ბარათს წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსახილველად.

3. უფლებამოსილი ორგანოს მიერ პროექტის კონცეფციის ბარათის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში სააგენტო ამზადებს რეკომენდაციებს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს დასკვნას პროექტის კონცეფციის ბარათის თაობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სააგენტო უფლებამოსილნი არიან, მოსთხოვონ უფლებამოსილ ორგანოს, შეიტანოს შესწორებები და ხელახლა წარადგინოს პროექტის კონცეფციის ბარათი, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ კონცეფციის ბარათი არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას სააგენტოს რეკომენდაციებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.

5. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროექტის კონცეფციის მოწონების, პროექტის კონცეფციის მოწონებაზე უარის თქმის ან პროექტის კონცეფციის გადამუშავების შესახებ, რაც უნდა ეფუძნებოდეს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მოითხოვოს პროექტის კონცეფციასთან დაკავშირებით უფრო ღრმა ანალიზის ჩატარება ან/და მოსთხოვოს უფლებამოსილ ორგანოს პროექტის კონცეფციის გადამუშავება სააგენტოს რეკომენდაციების ან/და ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით.

7. ბათილია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულება და ის არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

მუხლი 9. პროექტის მომზადების შესახებ გადაწყვეტილება

1. პროექტის კონცეფციის საქართველოს მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათში სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. პროექტის მომზადების ეტაპზე, ამ წესის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო ამზადებს ფინანსურ, ტექნიკურ და ეკონომიკურ კვლევებს/ანალიზს, რომლ(ებ)ითაც, მათ შორის, შეფასდება:

ა) პროექტის ღირებულება და მისი განხორციელების მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური შედეგები;

ბ) სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობის შემთხვევაში პროექტის განხორციელებისთვის უფლებამოსილი ორგანოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა;

გ) პროექტის განხორციელების სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება და უარყოფითი ზემოქმედების შედეგების შესამცირებლად განსახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.

3. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიზანია, დაადასტუროს და განავითაროს წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების თითოეული ასპექტი, რის საფუძველზეც მზადდება დაზუსტებული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეფასება, ფისკალური რისკების შეფასება, ასევე ხარისხის ფასთან თანაფარდობის შეფასება.

4. ენერგეტიკის სექტორში 100 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის პროექტებთან მიმართებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა მომზადდეს დამოუკიდებელი მხარის მიერ.    

მუხლი 10. პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შეფასება

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა მოიცავდეს პროექტის სოციალურ-ეკონომიკური შედეგის ხარისხობრივ შეფასებას, ასევე ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს, რომელიც ადგენს და, რამდენადაც შესაძლებელია, რაოდენობრივად და ფულად გამოსახულებაში ზომავს პროექტის ზეგავლენას (პროექტის საზოგადოებრივ ხარჯსა და სარგებელს, ალტერნატიული ღირებულების შეფასების საფუძველზე) საზოგადოებაზე, მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, მათ შორის, დასაქმებაზე გავლენის ჩათვლით და დაადასტურებს შემდეგს:

ა) პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი დადებითი ხარისხობრივი სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი;

ბ) პროექტის დადებითი წმინდა სარგებელი (სარგებელი შესაბამისი ხარჯების გამორიცხვით), მათ შორის, რაოდენობრივად შეფასებული დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები;

გ) შეთავაზებული ტარიფის/მომსახურების ღირებულების/ფასის/ მოსაკრებლის, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა, იმ შემთხვევაში, როდესაც კერძო პარტნიორი საბოლოო მომხმარებლისგან იღებს ანაზღაურებას.

მუხლი 11. გარემოზე ზემოქმედების შეფასება

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა მოიცავდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად მომზადებულ, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რომელსაც, არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ამავე კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

მუხლი 12. პროექტის სიცოცხლისუნარიანობა და მომგებიანობა

1. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა მოიცავდეს პროექტის ფინანსურ მოდელს, რომელიც მხედველობაში მიიღებს და გაითვალისწინებს შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ყველა ასპექტს. მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოთი შესაძლებელია დადგინდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტში გასათვალისწინებელი სხვა საკითხების ჩამონათვალი.

2. პროექტი დადებითად შეფასდება სიცოცხლისუნარიანობის ანალიზის შედეგად, თუ კვლევის შედეგად დადგინდება, რომ:

ა) პროექტი ტექნიკურად განხორციელებადია;

ბ) არსებობს ტექნიკური კვლევა, რომლითაც დგინდება, რომ პროექტი მზად არის განხორციელებისთვის;

გ) საჯარო პარტნიორის ან/და საბოლოო მომხმარებლების მიერ გასაწევი ხარჯი შესაბამისობაშია პროექტის განხორციელების შედეგად მისაღები საჯარო მომსახურებით ან შექმნილი/გაუმჯობესებული საჯარო ინფრასტრუქტურით მისაღებ სარგებელთან;

დ) პროექტის ფასთან თანაფარდობა მისაღებია.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი დადებითად შეფასდება მომგებიანობის ანალიზის შედეგად, თუ კვლევის შედეგად დადგინდება, რომ:

ა) პროექტი კომერციული თვალსაზრისით განხორციელებადია;

ბ) არსებობს კერძო პარტნიორისა და კერძო დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა;

გ) მხარეთა შორის რისკების განაწილება სავარაუდოდ მისაღებია პოტენციური კერძო პარტნიორისთვის.

მუხლი 13. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მოცემული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეფასებით დგინდება ფინანსური თანამონაწილეობის შემთხვევაში პროექტის განსახორციელებლად უფლებამოსილი ორგანოსთვის საბიუჯეტო სახსრების ხელმისაწვდომობა.

მუხლი 14. საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზანშეწონილობა

1. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად, რომელიც ჩატარდა კანონით და ამ წესის თანახმად ან „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების შესაბამისად დადგინდება პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს შესყიდვის რომელი მეთოდი არის უპირატესი პროექტის განხორციელებისათვის, მათ შორის, უნდა შეაფასოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზანშეწონილობა იმ შემთხვევაში, თუ პროექტს აქვს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმები. აღნიშნული შეფასება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებთან ერთად უნდა დაეფუძნოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროექტის საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით განხორციელების წინარე შეფასებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი აკმაყოფილებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმებს, უფლებამოსილი ორგანო ადგენს და ასაბუთებს პროექტის განხორციელების შესყიდვის მეთოდებს შორის უპირატესობას, კერძოდ, ადგენს, რამდენად ოპტიმალური იქნება პროექტის განხორციელება საჯარო და კერძო თანამშრომლობის (კონცესიური ან არაკონცესიური) გზით, სახელმწიფო შესყიდვასთან შედარებით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთების შესაბამისად უმჯობესია პროექტის საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით განხორციელება, უფლებამოსილი ორგანო ადგენს და ასაბუთებს კონცესიურ და არაკონცესიურ საჯარო და კერძო თანამშრომლობას შორის უპირატესობას კონკრეტული პროექტისათვის.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დასაბუთება უნდა ეფუძნებოდეს ხარისხის ფასთან თანაფარდობის მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებული ანალიზის შედეგებს.

მუხლი 15. პროექტის მომზადების შედეგების შესახებ დასკვნა

1. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პროცესში უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღნიშნული კვლევა წინასწარი შეფასებისათვის და განხორციელების პროცესში რეკომენდაციებისთვის შესაძლებელია წარედგინოს სააგენტოს.

2. დასრულების შემდეგ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სხვა დამხმარე კვლევებსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან ერთად უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსახილველად და შესაფასებლად. აღნიშნული დოკუმენტაციის ასლი ასევე წარედგინება სააგენტოს.

3. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაზე, ასევე სხვა დამხმარე კვლევებსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა აუცილებელია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და შესაბამისი კვლევების საქართველოს მთავრობისთვის საბოლოო მოწონების მიზნით წარმოდგენამდე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის ასლი ასევე წარედგინება სააგენტოს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარადგენს დასკვნას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და შეთავაზებული პროექტის ფინანსური და ეკონომიკური ელემენტების შესახებ, განსაკუთრებით პირდაპირ და არაპირდაპირ ფისკალურ ვალდებულებებზე. ფისკალური ვალდებულებები მოიცავს ყველა იმ ფისკალურ რისკსა და პირობით ვალდებულებას, გარანტიების ჩათვლით, რომელსაც შეუძლია საჯარო პარტნიორის ან/და მასზე ფინანსურად დამოკიდებული ორგანოს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა და რომელიც წარმოადგენს ისეთი ფაქტორების შედეგს, როგორებიცაა პროექტთან დაკავშირებული დაფინანსება და გარანტიების გაცემა. ამ პუნქტში მითითებული გარანტიები შესაძლებელია პირდაპირ იყოს მითითებული პროექტში ან/და გამომდინარეობდეს პროექტის არსიდან ან/და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევიდან.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ეფუძნებოდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დამოუკიდებელ შეფასებას.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დასკვნას იმის შესახებ, არის თუ არა პროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმით განსახორციელებლად მიზანშეწონილი მისი ეკონომიკური და სოციალური ღირებულებიდან და მთლიანი მდგრადობიდან გამომდინარე, საჯარო დაფინანსების ან გარანტიების გათვალისწინებით.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლით გათვალისწინებულ დასკვნას ამზადებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 16. პროექტის მოწონება, დამტკიცება

1. ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს მთავრობას წარმოედგინება:

ა) პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები და შესაბამისი კვლევები;

ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის მომზადების შედეგების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა.

2. საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროექტის მოწონების, პროექტის მოწონებაზე უარის თქმის ან პროექტის გადამუშავების (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის შედეგად გამოვლენილი საკითხების გათვალისწინებით) შესახებ.

მუხლი 17. შერჩევის პროცესის პრინციპები და შეზღუდვები

1. კონცესიონერის შერჩევა ხორციელდება კანონისა და ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, ხოლო კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ წესით გათვალისწინებული შერჩევის პროცედურები ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში ვრცელდება აგრეთვე ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორის შერჩევაზე, მათ შორის, არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის დროს, თუ აღნიშნული ვერ განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. გარდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შერჩევის პროცესის ეტაპზე დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შეყვანილია შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში ან უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელებისას არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები. გარდა ამისა, დაუშვებელია იმ სუბიექტის მონაწილეობა შერჩევის პროცესში, რომლის დირექტორს, პარტნიორს, საბოლოო ბენეფიციარს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შესაძლებელია ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელ პირთან. ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს, თუ პირებს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, კანონისა და ამ წესის თავისებურებების გათვალისწინებით.

4. შერჩევის პროცესი მოიცავს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ეტაპებს.

5. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 30 პროცენტს ან ნაკლებ წილებს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შერჩევის პროცესში, როგორც კერძო პარტნიორმა.

6. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო(ებ)ის წილობრივი მონაწილეობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორში არ უნდა აღემატებოდეს წილების 30%-ს კუმულატიურად და ამასთან ასეთი მონაწილეობა შესაბამისობაში უნდა იყოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს საინვესტიციო სტრატეგიასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რისკის პროფილთან და მისი საპროგნოზო უკუგება კაპიტალსა და ვალზე შესადარისია კერძო ინვესტორისა და მსესხებლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მსგავსი პროექტებისა თუ ინსტრუმენტებისთვის.

7. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო(ები), რომელიც/რომლებიც მონაწილეობს/მონაწილეობენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაში უნდა განიხილებოდეს/განიხილებოდნენ, როგორც კერძო პარტნიორ(ებ)ი და არ ჰქონდეს/ჰქონდეთ უპირატესი წვდომა ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან შერჩევის პროცესის სხვა მონაწილეებთან შედარებით.

8. ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს მთავრობის თანხმობით ან/და გადაწყვეტილებით, უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შერჩევის პროცესი, რის შესახებაც ეცნობებათ შერჩევის პროცესის შესაბამის ეტაპზე მყოფ მონაწილეებს და გამოქვეყნდება იმავე საშუალებით, როგორც გამოცხადდა შერჩევის პროცესი.

მუხლი 18. შესარჩევი კომისია

1. კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, კონცესიონერის შერჩევის პროცედურის დაწყების წინ, გარდა მცირე პროექტებისა, უფლებამოსილი ორგანო ქმნის შესარჩევ კომისიას, რომლის უფლებამოსილება წყდება შერჩევის პროცესის მონაწილის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ან კონცესიონერის შერჩევის პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებით. შესარჩევი კომისიის წევრებად ინიშნებიან კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირები.

2. შესარჩევი კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმის უფლების მქონე ყველა წევრის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. შესარჩევი კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც უნდა დაერთოს შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას.

3. სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შესარჩევი კომისიის წევრების დასახელების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო მოთხოვნას წარუდგენს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს წერილობით, შერჩევის პროცესის დაწყებამდე არანაკლებ 8 კალენდარული დღით ადრე.

4. შესარჩევი კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობას შერჩევის პროცესის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე.

5. შესარჩევი კომისიის სხდომების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

6. შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, შესარჩევმა კომისიამ შესაძლებელია უზრუნველყოს შესაბამისი დამოუკიდებელი კონსულტანტების ჩართულობა.

7. შესარჩევი კომისიის ფუნქციებია:

ა) უფლებამოსილ ორგანოსთან შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შედგენისა და ყველაზე მისაღები პრეტენდენტის შესაფერისობისა და შერჩევის კრიტერიუმის განსაზღვრის პროცესში თანამშრომლობა;

ბ) ამ წესის შესაბამისად, განაცხადის დამტკიცება კონცესიონერის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ;

გ) ამ წესის შესაბამისად, საკვალიფიკაციო კრიტერიუმების განსაზღვრა და შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასება;

დ) ამ წესის შესაბამისად, შერჩევის პროცესის ფარგლებში წარმოდგენილი წინადადებების შეფასება და შეფასების შედეგად შერჩევის პროცესის გამარჯვებულის გამოვლენა;

ე) ყველა სხვა საქმიანობის განხორციელება, რაც საჭიროა კონცესიონერის შერჩევის პროცესის წარმართვისთვის კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 19. შერჩევის პროცესის გამოცხადება და საკვალიფიკაციო ეტაპი

1. შერჩევის პროცესის გამოცხადების მიზნით, შესარჩევი კომისია ამტკიცებს განაცხადს კონცესიონერის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ და უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას.

2. კონცესიონერის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა;

ბ) კონცესიის შესახებ:

ბ.ა) ხელშეკრულების სახე და კონცესიის საგანი;

ბ.ბ) კონცესიის განხორციელების სფერო და ადგილი;

ბ.გ) კონცესიის ვადა;

ბ.დ) კონცესიის შეფასებული საპროექტო ღირებულება;

გ) შერჩევის პროცესის შესახებ:

გ.ა) შერჩევის პროცესის გამოცხადების სახე (საჯარო/დახურული);

გ.ბ) განაცხადების მიღების დროის პერიოდი;

გ.გ) დოკუმენტაციის წარსადგენად გამოსაყენებელი მისამართი;

გ.დ) ენა/ენები, რომელზეც დოკუმენტაციაიი უნდა იქნეს წარდგენილი;

გ.ე) განაცხადების მიღების საჯარო გახსნის დრო და ადგილი;

დ) კანდიდატების დისკვალიფიკაციის საფუძვლები, მათ შორის:

დ.ა) უარს იტყვის საკუთარ წინადადებაზე;

დ.ბ) მის მიერ წარმოდგენილი წინადადება არ შეესაბამება შერჩევის დოკუმენტაციის მოთხოვნილ პირობებს;

დ.გ) არ დააზუსტებს დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შემდგომ არსებითად შეცვლის დოკუმენტაციას;

დ.დ) უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

დ.ე) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ე) ბიზნესის შესაძლებლობების, ფინანსური, ტექნიკური, პროფესიული და სამართლებრივი შესაბამისობის კრიტერიუმებსა და ინფორმაციას/დოკუმენტებს, რომელიც მოეთხოვება კანდიდატს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების დასადასტურებლად;

ვ) თუ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ იქნა განსაზღვრული, უფლებამოსილი ორგანოს უფლებას:

ვ.ა) საქართველოს მთავრობის თანხმობით ან/და გადაწყვეტილებით ნებისმიერ დროს უარი თქვას შერჩევის პროცესზე;

ვ.ბ) არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად, ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, ან გაუგზავნოს კანდიდატებს მოთხოვნა წინადადებების წარდგენის თაობაზე;

ვ.გ) არ აუნაზღაუროს შერჩევის პროცესში მონაწილე ან სხვა პირს ამ შერჩევის პროცესთან დაკავშირებით შერჩევის პროცესის გამოცხადებამდე ან მას შემდეგ გაწეული რაიმე სახის ხარჯი;

ვ.დ) არ აუნაზღაუროს შერჩევის პროცესში გამარჯვებულ პირს ან სხვა პირს შერჩევის პროცესში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების შემდგომ გაწეული რაიმე სახის ხარჯი.

3. პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონცესიონერის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ განაცხადი შეიძლება შეიცავდეს სხვა დამატებით ინფორმაციასაც. დახურული შერჩევის პროცესის შესახებ განაცხადი არ ექვემდებარება ამ მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნებას.

4. კონცესიონერის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ განაცხადი ქვეყნდება შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის დაწყებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს უფლებამოსილი ორგანოს, სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე, ხოლო შესაბამისი ელექტრონული სისტემის შექმნის შემდეგ, აღნიშნული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, განაცხადის გამოქვეყნება უზრუნველყოს სხვა ალტერნატიული მეთოდების/წყაროების გამოყენებით.

6. შესარჩევმა კომისიამ შეიძლება დაადგინოს, რომ განაცხადი შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, გამოქვეყნებულ იქნეს ერთ-ერთ იმ ენაზე, რომელიც ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობის სფეროს პერიოდულ ან სპეციალურ გამოცემებში და რომლებიც ფართოდ არის გამოცემული საერთაშორისო დონეზე.

7. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია, შეიტანოს ცვლილებები შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში, გარდა კანონით გათვალისწინებული პირობებისა. ამ შემთხვევებში, შერჩევის პროცესის ვადები უნდა გახანგრძლივდეს შერჩევის პროცესის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა ან მიზნად ისახავს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას ან დაზუსტებებს.

8. უფლებამოსილი ორგანო შესარჩევი კომისიის მეშვეობით უზრუნველყოფს შერჩევის პროცესში მონაწილეთა გამოვლენას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

9. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება შესარჩევი კომისიის მიერ, შერჩევის პროცესის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაციაში, სააგენტოს ჩართულობით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს:

ა) პროექტის განსახორციელებლად საჭირო პროფესიული და ტექნიკური კვალიფიკაცია და ადამიანური რესურსები, მათ შორის, პროექტირების, მშენებლობის, ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სფეროში;

ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფინანსური ასპექტების მართვის უნარი და პროექტის დაფინანსების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა;

გ) პროექტის განსახორციელებლად საჭირო მენეჯერულ და ორგანიზაციულ შესაძლებლობებს, მათ შორის, მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილებას.

10. საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო მოთხოვნების პრიორიტეტულობის განსაზღვრას.

11. საკვალიფიკაციო მოთხოვნები წინასწარ უნდა იყოს გაცხადებული ყველა პოტენციური შერჩევის პროცესში მონაწილე პირისთვის, უნდა უკავშირდებოდეს ხელშეკრულების საგანს და არ უნდა იძლეოდეს მათი ინტერპრეტირების საშუალებას კერძო პარტნიორისთვის. ამასთან, საკვალიფიკაციო შეფასების კრიტერიუმები ისე უნდა განისაზღვროს, რომ ხელი შეუწყოს კონკურენციას და უზრუნველყოს შერჩევის პროცესში მონაწილე პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა.

12. შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს შერჩევის პროცესში მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასებას, აფასებს შერჩევის პროცესში მონაწილე თითოეულ სუბიექტს და იღებს გადაწყვეტილებას პირის კვალიფიკაციის ან დისკვალიფიკაციის შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას შესარჩევი კომისია ხელმძღვანელობს მხოლოდ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკვალიფიკაციო კრიტერიუმებით.

13. შერჩევის პროცესის მონაწილის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც საქართველოს სახელმწიფო, ისე უცხოურ ენებზე, შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საკვალიფიკაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტი მიენიჭება დედანს.

მუხლი 20. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია

1. შესარჩევი კომისიის მიერ შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის დამტკიცებამდე უფლებამოსილი ორგანო დოკუმენტაციას აგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი რეკომენდაციებისთვის.

2. შესარჩევი კომისია უფლებამოსილია, დაადგინოს გონივრული საფასური შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის მონაწილისათვის გადაცემისათვის.

3.  უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის შესარჩევი პროცესის დოკუმენტაციის გადაცემას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით არის განთავსებული საჯაროდ) მოთხოვნიდან, ხოლო, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საფასურის დადგენის შემთხვევაში, საფასურის გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

4. კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს:

ა) შერჩევის პროცესში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენის ინსტრუქციებს;

ბ) წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს და აღნიშნული კრიტერიუმების პრიორიტეტულობას;

გ) პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

დ) წარმოსადგენი წინადადების უზრუნველყოფის ფორმას;

ე) საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში, შერჩევის პროცესში გამარჯვებული მონაწილის მიერ კერძო ინიციატორისთვის ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობასა და გადახდის გრაფიკს;

ვ) შესარჩევი კომისიის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ სხვა დოკუმენტს.

მუხლი 21. წინადადებების წარსადგენად მიწვევა, წინადადების წარდგენა

1. შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს წინადადების წარსადგენად მიწვევის დოკუმენტაციის დამტკიცებასა და გაგზავნას/ატვირთვას ელექტრონულ სისტემაში (ასეთის შექმნის შემდგომ) იმ პრეტენდენტებისათვის, რომელთაც წარმატებით გადალახეს საკვალიფიკაციო ეტაპი. მოწვეულ პრეტენდენტებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადება/განაცხადი წინადადების წარსადგენად მიწვევით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით. გამარჯვებულის ან მოკლე სიის კანდიდატის გამოვლენა ხორციელდება წარდგენილი წინადადებების/განაცხადების შეფასების შედეგად.

2. წინადადების წარდგენის ვადა შერჩევის პროცესის მონაწილეს უნდა აძლევდეს საკმარის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის შესამოწმებლად და წინადადებების მოსამზადებლად.

3. წინადადების წარდგენის ეტაპზე დასაშვებია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება შერჩევის პროცესის მონაწილეებთან შესარჩევი კომისიის მიერ, რაც მითითებული უნდა იყოს წინადადების წარსადგენად მიწვევის დოკუმენტაციაში.

4. წინადადების წარსადგენად მიწვევის დოკუმენტაციას, სააგენტოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს შესარჩევი კომისია პროექტის მომზადების ეტაპზე განხილული და დამტკიცებული დოკუმენტების გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) წინადადების წარსადგენად საჭირო ზოგადი ხასიათის ინფორმაციას, მათ შორის, პროექტის სპეციფიკური მახასიათებლების აღწერას, პროექტის აქტივებთან/ქონებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ წინადადებების წარდგენის ინსტრუქციასა და პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრული ვადების შესახებ ინფორმაციას;

ბ) პროექტის სპეციფიკაციასა და შესრულების მაჩვენებლებს, ნებისმიერი ან ყველა მომსახურების დონეზე აუცილებელი მინიმალური რაოდენობრივი და ხარისხობრივი მოთხოვნებისა და შედეგების მითითებით;

გ) ხელშეკრულების პროექტს.

5. მონაწილის მიერ წარსადგენი წინადადების/განაცხადის შინაარსი მტკიცდება შესარჩევი კომისიის მიერ და წარმოადგენს წინადადების წარსადგენად მიწვევის დოკუმენტაციის ნაწილს.

6. მონაწილის მიერ წარდგენილი წინადადება/განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციასა და დოკუმენტებს:

ა) შერჩევის პროცესის წინადადების უზრუნველყოფის გარანტია;

ბ) პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი ტექნიკური წინადადება/განაცხადი, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველას ან ნაწილს:

ბ.ა) ტექნიკური გადაწყვეტა წინადადების წარსადგენად მიწვევით განსაზღვრული საჯარო მომსახურების უზრუნველსაყოფად;

ბ.ბ) შეთავაზებული სამუშაოების აღწერა;

ბ.გ) შეთავაზებულ საოპერაციო გადაწყვეტა;

გ.დ) მომსახურების, მოთხოვნილი შედეგების უზრუნველსაყოფად საჭირო შესაძლებლობების ჩვენება რაოდენობრივ და ხარისხობრივ გამოხატულებაში;

ბ.ე) გარემოსდაცვით სტანდარტებთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები;

გ) პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი ფინანსური წინადადება/განაცხადი, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველას ან ნაწილს:

გ.ა) სამშენებლო და საპროექტო საქმიანობის ღირებულება, წლიური ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი, კაპიტალური და ოპერირების და მოვლა-პატრონობის ხარჯი;

გ.ბ) შეთავაზებული ფინანსური გადაწყვეტა შესაბამისი მომსახურების უზრუნველსაყოფად;

გ.გ) მომსახურების მიწოდების შედეგად მისაღები სავარაუდო შემოსავლები;

გ.დ) ტარიფი/მომსახურების ღირებულება/ფასი/მოსაკრებლი საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ვადის განმავლობაში;

გ.ე) ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა, თუ ასეთი რამ მოსალოდნელია საჯარო ორგანოს მიერ;

გ.ვ) განაკვეთი ან მოგების განაწილების გეგმა, რომლის ფარგლებშიც კერძო პარტნიორი ახორციელებს გადახდებს საჯარო პარტნიორისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების უფლებისთვის;

გ.ზ) შეთანხმების ძირითადი პირობები და ვადები, რომლის საფუძველზეც საჯარო ორგანომ უნდა მიიღოს ან გადაიხადოს პროდუქციის ღირებულება სრულად ან ნაწილობრივ;

გ.თ) პროექტის ერთიანი ფინანსური მაჩვენებლები/შედეგები, პროგნოზირებული ფულადი ნაკადები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პერიოდში;

დ) პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სამართლებრივი/კომერციული წინადადება/განაცხადი, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველას ან ნაწილს:

დ.ა) შერჩევაში მონაწილე სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

დ.ბ) კერძო პარტნიორის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

დ.გ) მთლიანი კონცესიის პროექტის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ხელშეკრულებას სხვადასხვა მხარეებს შორის;

დ.დ) პროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

დ.ე) ხელშეკრულების პროექტზე კომენტარები, თუ ნებადართულია წინადადების წარსადგენად მოწვევის შესახებ დოკუმენტაციის შესაბამისად.

მუხლი 22. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია

1. შერჩევის პროცესის ფარგლებში წინადადებების წარსადგენად მიწვევის შესახებ დოკუმენტაცია უნდა ითვალისწინებდეს შერჩევის პროცესის მონაწილეთა მიერ წინადადებების წარდგენის ეტაპზე წარსადგენი წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის სახეს, ოდენობას, ფორმას, ვადასა და მის ძირითად პირობებს.

2. წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის აღსრულება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის პროცესის მონაწილე:

ა) გაიხმობს ან შეცვლის წინადადებას, წინადადებათა წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) უარს იტყვის უფლებამოსილ ორგანოსთან მოლაპარაკებებზე;

გ) უარს იტყვის, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებაზე, მას შემდეგ, რაც მისი წინადადება მოწონებული იქნება დადგენილი წესით;

დ) უარს იტყვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენაზე, მას შემდეგ რაც მისი წინადადება მოწონებული იქნება დადგენილი წესით, ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ვერ შეასრულებს ნებისმიერ სხვა პირობას, რომელიც დადგენილი იყო წინადადების წარდგენის შესახებ მიწვევით;

ე) ვერ დააკმაყოფილებს ნებისმიერ სხვა პირობას, რომელიც გათვალისწინებული იყო მონაწილის წინადადების წარდგენაზე მიწვევის ან/და გამარჯვებულად გამოვლენის დოკუმენტში წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის გამოხმობის საფუძვლად.

მუხლი 23. წინადადების შეფასება

1. წინადადებების შეფასების კრიტერიუმებსა და წესებს განსაზღვრავს შესარჩევი კომისია, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შორის, წინადადებების შეფასების კრიტერიუმებად შეიძლება განისაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ვადა, განსახორციელებელი კერძო დაფინანსების ოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ხარისხი ან/და სხვა კრიტერიუმები ან მათი კომბინაცია.

2. ტექნიკური წინადადების შეფასება უნდა მოიცავდეს შემდეგი მონაცემების შეფასებას (პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში):

ა) ტექნიკური სიმყარე (მდგრადობა);

ბ) გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობა;

გ) საოპერაციო მიზანშეწონილობა;

დ) მომსახურების ხარისხი და მისი შესაბამისობა პროექტის მოთხოვნებთან/სპეციფიკაციებთან/შედეგებთან და მათი განგრძობადობისთვის საჭირო ღონისძიებები;

ე) ტექნიკური წინადადების ურთიერთმიმართება ფინანსურ და სამართლებრივ წინადადებებთან.

3. ფინანსური წინადადების შეფასება უნდა მოიცავდეს შემდეგი მონაცემების შეფასებას (პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში):

ა) ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, გათვალისწინებული ანაზღაურება (ტარიფი/ მომსახურების ღირებულება /ფასი/ მოსაკრებელი);

ბ) უფლებამოსილი ორგანოს ან/და საჯარო პარტნიორის მიერ გადასახდელი თანხები (არსებობის შემთხვევაში);

გ) პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, წლიური ოპერირებისა და მოვლა/პატრონობის ხარჯები, კაპიტალური ხარჯები და ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები;

დ) სახელმწიფოსგან მოსალოდნელი ფინანსური მხარდაჭერის ფარგლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მოგების განაწილებასთან დაკავშირებული გადასახდელი, რომლის ფარგლებშიც კერძო პარტნიორი უზრუნველყოფს სახელმწიფოსთვის გარკვეული საფასურის გადახდას, პროექტის განხორციელების უფლების მინიჭების სანაცვლოდ;

ვ) დროში დაგეგმვა, თანმიმდევრობა და ხელმისაწვდომობა;

ზ) ფინანსური წინადადების ურთიერთმიმართება ტექნიკურ და სამართლებრივ წინადადებებთან.

4. სამართლებრივი წინადადების შეფასება უნდა მოიცავდეს შემდეგი მონაცემების შეფასებას (პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში):

ა) შერჩევის პროცესში მონაწილეების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა/სამართლებრივი სტატუსი;

ბ) კერძო პარტნიორის დაგეგმილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

გ) პროექტის შედეგად მიღებული ინფრასტრუქტურის/მომსახურების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან;

დ) ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები (თუ ეს დაშვებულია წინადადებათა წარმოდგენაზე მიწვევის შესახებ დოკუმენტაციით);

ე) სამართლებრივი წინადადების ურთიერთმიმართება ტექნიკურ და ფინანსურ წინადადებებთან.

5. ამ მუხლის შესაბამისად, შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, შესარჩევი კომისია უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს დეტალურ შეფასების ანგარიშს ამ პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ კომპონენტთან მიმართებით და მათი გადაწყვეტილების დასაბუთებას.

მუხლი 24. მოლაპარაკება და გამარჯვებულად გამოცხადება

1. უფლებამოსილი ორგანო, არაუადრეს 5 დღისა მოიწვევს შერჩევის პროცესის მონაწილეებს, მოკლე სიით განსაზღვრულ ან გამარჯვებულ შერჩევის პროცესის მონაწილეს ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად.

2. მოლაპარაკებები არ შეეხება იმ საკითხებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც წინადადებათა წარმოდგენის თაობაზე მიწვევის დოკუმენტაციის თანახმად, არ ექვემდებარებოდა მოლაპარაკებას, ასევე წინადადების თაობაზე მიწვევის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ძირითად/მთავარ ასპექტებს.

3. შესარჩევი კომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანგარიში და ხელშეკრულების საბოლოო, შეთანხმებული (მოლაპარაკებული) პირობები უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა წარედგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსახილველად, კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს თავის დასკვნას ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს აღნიშნული ხელშეკრულების პირობების წარდგენას საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად.

5. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების პირობების მოწონებასა და მის გაფორმებაზე, ან უბრუნებს საკითხს უფლებამოსილ ორგანოს ხელშეკრულების პროექტში დამატებითი ცვლილებების შეტანის, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნით გათვალისწინებული საკითხების/შენიშვნების ასახვის მიზნით.

6. თუ უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ შერჩევის პროცესის მონაწილესთან/მოკლე სიით განსაზღვრულ ან გამარჯვებულ შერჩევის პროცესის მონაწილესთან მოლაპარაკების შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების გაფორმება, იგი წყვეტს მასთან მოლაპარაკებას. უფლებამოსილი ორგანო, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებაზე მოიწვევს შემდგომი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს და გამართავს მასთან მოლაპარაკებას შეთანხმების მიღწევამდე ან უარს იტყვის ყველა დანარჩენ განაცხადზე. უფლებამოსილი ორგანო არ განაახლებს მოლაპარაკებას იმ მონაწილესთან, რომელთანაც მოლაპარაკების პროცესი შეწყვიტა ამ მუხლის შესაბამისად. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, მოკლე სიით განსაზღვრულ შერჩევის პროცესის მონაწილეებთან მოლაპარაკებები აწარმოოს პარალელურ რეჟიმში. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ წერილობით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოკლე სიით განსაზღვრულ შერჩევის პროცესში მონაწილეებს.

7. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს მონაწილის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნას/ატვირთვას ელექტრონულ სისტემაში (ასეთის შექმნის შემდგომ) გამარჯვებული მონაწილისათვის და განთავსებას საკუთარ და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე. აღნიშნული შეტყობინება მოიცავს კერძო პარტნიორის დასახელებასა და ხელშეკრულების ძირითად პირობებს.

8. სააგენტო უზრუნველყოფს თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით შერჩევის პროცესსა და გამარჯვებულად გამოცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვას.

9. პირდაპირი მოლაპარაკებების შემთხვევაში, საჯარო ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდება უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს ვებგვერდზე, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების პროექტს, ასევე საბოლოო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, დამოუკიდებელ კვლევას/შეფასებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროექტის ძირითადი ფინანსური ინდიკატორების შეჯამებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით დაცული საიდუმლო ინფორმაციისა.

მუხლი 25. დახურული შერჩევის წესი

1. დახურული შერჩევის პროცესი ტარდება შერჩევის პროცესის გამოცხადების ეტაპის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, შერჩევის პროცესისთვის იდენტიფიცირებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებათ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

2. უფლებამოსილი ორგანო დახურული შერჩევის პროცესის დაწყებამდე უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენასა და შერჩევის პროცესის დახურული წესით გამოცხადების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებას, დახურული შერჩევის პროცესის განხორციელებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით;

ბ) შერჩევის პროცესში, სულ მცირე, 3 კანდიდატის მონაწილეობას.

მუხლი 26. საინიციატივო შეთავაზება

1. კერძო ინიციატორს უფლება აქვს, მოამზადოს და შესაბამის დარგობრივ სამინისტროს წარუდგინოს საინიციატივო შეთავაზება კონცესიის თაობაზე ენერგეტიკის სექტორში. საინიციატივო შეთავაზების ასლი უნდა წარედგინოს სააგენტოს კერძო ინიციატორის მიერ.

2. საინიციატივო შეთავაზება ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ შეთავაზებული პროექტისა და მისი პოტენციალის წინარე შეფასებისა და მისი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სახით განხორციელების შეფასების საშუალებას იძლეოდეს.

3. საინიციატივო შეთავაზების მიღებისა და მისი წინარე შეფასების შემდგომ დარგობრივი სამინისტრო სააგენტოს ჩართულობით შეისწავლის წარდგენილ შეთავაზებას და დაადგენს, აკმაყოფილებს თუ არა პროექტი შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) შეესაბამება თუ არა სახელმწიფოს ან საზოგადოების საჭიროებებს, საჭიროებების ანალიზის მიხედვით;

ბ) უზრუნველყოფს თუ არა დამატებულ ღირებულებას ან/და ინოვაციას სახელმწიფოს მიერ ინიციირებულ პროექტებთან შედარებით.

4. დარგობრივი სამინისტრო უფლებამოსილია, კერძო ინიციატორს მოსთხოვოს წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დარგობრივმა სამინისტრომ სრულყოფილად შეაფასოს ინიციატორის კვალიფიკაცია და შეთავაზებული პროექტის განხორციელებადობა და ასევე შეაფასოს, რამდენად რეალურია წარდგენილი პროექტის წარმატებით განხორციელება, საჯარო პარტნიორისთვის მისაღები ფორმით.

5. თუ წარდგენილი საინიციატივო შეთავაზება აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და დარგობრივი სამინისტროსთვის მისაღებია პროექტი, დარგობრივი სამინისტრო უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებულ ღონიძიებებს პროექტის ინიციირების მიზნით.

6. პროექტის კონცეფციის საქართველოს მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, მოსთხოვოს ინიციატორს, როგორც პირდაპირი მოლაპარაკებების, ასევე სხვა შემთხვევაში, თავისი ხარჯით მოამზადოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კვლევები. განხორციელებული კვლევები წარედგინება დარგობრივ სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს მოსამზადებელი ეტაპით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით პროექტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენას. აღნიშნულ შეფასებებს ასევე უნდა დაერთოს დარგობრივი სამინისტროს დასკვნა პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ წესის მე-16 მუხლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მიღებულიი უნდა იქნეს ინიციატივის წარმოდგენიდან 120 დღის ვადაში.

7. საინიციატივო შეთავაზების წარდგენამდე, კერძო ინიციატორი უფლებამოსილია, განიხილოს ან გაცვალოს ინფორმაცია პოტენციური პროექტის სპეციფიკასთან დაკავშირებით შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს პროექტის მოდიფიცირება.

8. შეთავაზებული პროექტისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად შეფასების მიზნით, დარგობრივი სამინისტრო, სააგენტოს ჩართულობით, უფლებამოსილია, დაიქირაოს კონსულტანტები, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების განხორციელებისთვის, ან კერძო ინიციატორის მიერ წარდგენილი შეფასების შესწავლისათვის და შერჩევის პროცესში დახმარების უზრუნველსაყოფად.

9. კერძო ინიციატორი, მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს კონცესიის ძირითადი პირობების თაობაზე შეთანხმების პროექტს. კერძო ინიციატორი ასევე წარადგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რომლებიც გაღებულ იქნა ან გაღებულიი უნდა იქნეს პროექტთან დაკავშირებით საბოლოო წინადადების შემოტანამდე (შიდა საინჟინრო, სამართლებრივი და ფინანსური ხარჯების გარდა).

10.      საინიციატივო შეთავაზების უარყოფა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით.

11.      საინიციატივო შეთავაზების უარყოფა შესაძლებელია:

ა) თუ იგი დაკავშირებულია ისეთ პროექტთან, რომლის ფარგლებში შერჩევის პროცესი უკვე დაწყებული ან/და გამოცხადებულია;

ბ) თუ არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

გ) თუ პროექტი სათანადოდ ვერ დააკმაყოფილებს განხორციელებადობისა და ფინანსური კუთხით ანალიზის შეფასებას;

დ) თუ პროექტი არ არის ფინანსურად ხელმისაწვდომი ან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, საჯარო პარტნიორის შესაბამისი თანამონაწილეობის კუთხით, მის მიერ ფინანსების ან გარანტიების უზრუნველყოფის ან მის მიერ ასაღები სხვა ვალდებულებების გამო, ან თუ შეთავაზებული ძირითადი პირობების შეთანხმების პროექტი არ არის სათანადოდ დაბალანსებული და ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაცემული აქვს უარყოფითი დასკვნა პროექტთან დაკავშირებით, პროექტი არ არის მოწონებული საქართველოს მთავრობის მიერ.

12. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იქნება მოწონებული და დარგობრივი სამინისტრო გადაწყვეტს ინიციირებული პროექტის განხორციელებას, იგი უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის დაწყებას შერჩევის ეტაპების გათვალისწინებით ან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში. 

13. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შერჩევის პროცესი წარიმართება დახურული შერჩევის პროცედურით და მასზე არ გავრცელდება 3 კანდიდატის შერჩევის მოთხოვნა. პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და იმგვარად, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად იქნეს მიღწეული კონკურენტული შერჩევის პირობების ანალოგიური შედეგი.

14.      იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის პროცესი გამოცხადებულია კერძო ინიციატორის მიერ წარდგენილი საინიციატივო განაცხადის შედეგად, შერჩევის პროცესის გამოცხადების ეტაპზე უნდა მიეთითოს, რომ აღნიშნული შერჩევის პროცესი ტარდება საინიციატივო შეთავაზების საფუძველზე.

15.      კერძო ინიციატორს შესაძლებელია მიეცეს უპირატესობა, რომელიც განსაზღვრულიი უნდა იქნეს შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში და რომლის თანახმადაც, თუ შერჩევის პროცესის შედეგად შეირჩა შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც არ არის კერძო ინიციატორი ან მასთან აფილირებული პირი, გამარჯვებული მონაწილე კერძო ინიციატორს აუნაზღაურებს გონივრულ, დასაბუთებულ და სათანადოდ დოკუმენტირებულ პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც მან საინიციატივო შეთავაზების მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით გასწია. ამ ხარჯების ოდენობა საჯარო გახდება შერჩევის პროცესის ეტაპზე. იგი არ უნდა აღემატებოდეს მონაწილეთა მიერ წარსადგენი წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობას.

მუხლი 27. მცირე პროექტები

1. მცირე პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

2. შესაძლო ფისკალური რისკების შეფასებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან სააგენტო უფლებამოსილია, უფლებამოსილ ორგანოს მოსთხოვონ ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების განხორციელება, რის საფუძველზეც უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სააგენტოსთან კონსულტაციით, უნდა განხორციელდეს გამარტივებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შემუშავების ფორმა და წესი სააგენტოს მიერ შესაძლოა განისაზღვროს მეთოდოლოგიურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოთი.

3. სათანადო შეფასებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური რისკების შესამცირებლად განსახორცილებელი ღონისძიებების თაობაზე დასკვნას წარუდგენს სააგენტოსა და უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები.

4. თუ მცირე პროექტი შეიცავს ფისკალურ რისკებს, მცირე პროექტის განსახორციელებელი ხელშეკრულების პროექტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

5. ენერგეტიკის სექტორში მცირე პროექტის განსახორციელებელი ხელშეკრულების პროექტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

6. მცირე პროექტის კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო კონცესიონერის შერჩევა − კანონის მე-18 მუხლის პირველი − მე-4 პუნქტების შესაბამისად, შესარჩევი კომისიის შექმნის ვალდებულების გარეშე.

7. უფლებამოსილი ორგანო, მცირე პროექტებთან დაკავშირებულ შერჩევის პროცედურას ახორციელებს გამარტივებულად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების დაცვით (მათ შორის, დახურული შერჩევის პროცესის მეშვეობით).

მუხლი 28. ცვლილებები

1. ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტი, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან, ასევე მცირე პროექტთან დაკავშირებით ამ დადგენილების ამოქმედებამდე დადებულ მოქმედ მემორანდუმში/ხელშეკრულებაში ცვლილების პროექტი  საჯარო პარტნიორის მიერ უნდა წარედგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და საქართველოს მთავრობას კანონითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტი არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პირობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამის შესახებ აცნობებს საჯარო პარტნიორს, რის შემდეგაც, ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან, გააფორმონ ხელშეკრულებაში ცვლილება (გარდა მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).

2. საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარმოედგინება ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტი შემდეგ შემთხვევებში:

ა) ცვლილება შეეხება ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაადგენს ფისკალურ რისკებს ან ფუნდამენტურ ცვლას/და ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილება გავლენას ახდენს პროექტის თავდაპირველ ღირებულებაზე 20%-ზე მეტით, ან/და თუ შეთავაზებული ცვლილების ღირებულება აღემატება მცირე პროექტებისთვის განსაზღვრულ ზღვარს;

გ) ხელშეკრულების მხარეა საქართველოს მთავრობა.

3. წარდგენილ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობის თანხმობა უნდა დაეფუძნოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განახლებულ ნაწილს (თუ ცვლილება გავლენას ახდენს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის კომპონენტებზე), რომელშიც ასახული იქნება შეთავაზებული ცვლილებები, იმავე კომპონენტების მიხედვით, როგორც თავდაპირველი კვლევა იქნა განხორციელებული; ასევე ეკონომიკური უპირატესობების ან ცვლილებების გამომწვევ მიზეზებს, მის სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, პროექტის ცვლილების ზეგავლენას ფინანსურ და ფისკალურ მდგრადობაზე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ცვლილება ეხება ზემოხსენებულ ასპექტებს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, წარადგინოს წინადადებები ხელშეკრულების ცვლილების პროექტის გადამუშავების მიზნით უფლებამოსილ ორგანოსთან იმის შესახებ, განხორციელდეს თუ არა ხელშეკრულების ცვლილების შეტანა არსებული პირობებით თუ გათვალისწინებულ იქნეს სხვა პირობები. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადებასათან ერთად ხელშეკრულების ცვლილების პროექტი წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების ცვლილების გაფორმებაზე ან უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ცვლილებების შეტანა შეთანხმებულ პირობებში, რათა პროექტში ასახულ იქნეს შესაბამისი საკითხები, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული წინადადებები.

მუხლი 29. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა

1. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში დასაფუძნებელ ან დაფუძნებულ ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაში კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება კონცესიონერის ან კონტრაქტორის შერჩევისათვის განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

2. კანონით განსაზღვრული დებულებები, რომლებიც ეხება კონცესიონერს ან კონტრაქტორს, ვრცელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაზე იმ ურთიერთობების დროს, როდესაც იგი არის კონცესიონერი ან კონტრაქტორი.

3. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში სკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებში, კერძო პარტნიორის მიერ უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულიი უნდა იქნეს საჯარო პარტნიორის წილის მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც შესაძებელია ფლობდეს საჯარო პარტნიორი, იმ პირობით, რომ საჯარო პარტნიორის მონაწილეობა არ იქნება 50%-ზე მეტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული წარმოადგენს შერჩევის პროცესის ერთ-ერთ კრიტერიუმს ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის პარტნიორთა შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად პირობას. ხელშეკრულება და პარტნიორთა შორის შეთანხმება წარმოადგენს პროექტის დოკუმენტაციის არსებით და განუყოფელ ნაწილებს.

4. პარტნიორთა შეთანხმება უნდა შეიცავდეს თითოეული მხარის უფლება-მოვალეობათა აღწერას ხელშეკრულების შესრულებისას, კერძო პარტნიორის მმართველობით ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაში.

მუხლი 30. ხელშეკრულება

1. პროექტის ფარგლებში, მათ შორის, ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებით ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირველადი პროექტი უნდა იყოს კანონის საფუძველზე გამოცხადებული წინადადების წარსადგენად მიწვევის შემადგენელი ნაწილი. ხელშეკრულების პროექტი მოიცავს კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, ასევე საკითხებს, რომლებიც გამომდინაროებს პროექტის სპეციფიკიდან. ხელშეკრულებაში ასევე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა საკითხები.

2. ხელშეკრულებაში შესაძლებელია განსაზღვრულ იქნეს კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული მხარდაჭერისა და ანაზღაურების სახეები.

3. კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარანტიები გარკვეული სახის საქონლისა და მომსახურების გრძელვადიან შესყიდვაზე შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ფასით შესაძლოა გაიცეს ენერგეტიკის სექტორში.

4. ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. აღნიშნული პირგასამტეხლოს მინიმალური ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ პროექტის სრული ღირებულების 0.01%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ისეთი ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო/ერთჯერადად ან მრავალჯერადად დაკისრებული/დასაკისრებელი სანქცია, რომელიც არ არის დაკავშირებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებასთან, განისაზღვრება წინადადების წარსადგენად მიწვევის დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით.

5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მაქსიმალური ოდენობა პროექტის ღირებულების 10%-ით.

6. კერძო პარტნიორისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს პატიება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის მიერ, რომელსაც საფუძვლად უნდა დაედოს საჯარო პარტნიორისა და კერძო პარტნიორის ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის დასაბუთებული შუამდგომლობა დარიცხული პირგასამტეხლოს პატიების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ვადაგადაცილება გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებით. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად შექმნას კომისია.

7. არაკონცესიურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოების/ ჯარიმის დაკისრება და შესაძლო ანაზღაურება უნდა გამომდინარეობდეს შესრულების შედეგებიდან. პირგასამტეხლომ კერძო პარტნიორისთვის უნდა გამოკვეთოს მნიშვნელოვანი განსხვავება შემოსავლებში, შესრულების ოდენობისა და ხარისხის შესაბამისად.

8. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება უფლებამოსილი უწყების მიერ, მოთხოვნილი მომსახურების ან/და შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად. კონცესიის მაქსიმალური ვადა არ უნდა აჭარბებდეს გონივრულ ვადას, რა პერიოდშიც მოსალოდნელია, რომ კონცესიონერი მის მიერ შესრულებული სამუშაოების ან/და გაწეული მომსახურების სანაცვლოდ სრულად შეძლებს განხორციელებული ინვესტიციებისა და ამონაგების ამოღებას (ისე რომ გათვალისწინებულ იქნეს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საჭირო/მოთხოვნილი ინვესტიციის ოდენობა). ინვესტიციის ოდენობის დაანგარიშების მიზნებისთვის ინვესტიცია მოიცავს კონცესიის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განსახორციელებელ სრულ ინვესტიციას. 

9. ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებულ პრინციპებთან ერთად უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ მიდგომებს:

ა) შესრულების მიზნობრივი მაჩვენებლები/გეგმები: საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს შედეგობრივ მაჩვენებლებსა და შენატანებს;

ბ) ერთჯერადად ან მრავალჯერადად დაკისრებული/დასაკისრებელი სანქცია და ანაზღაურება: ერთჯერადად ან მრავალჯერადად დაკისრებული/დასაკისრებელი სანქცია და ანაზღაურება დაკავშირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულებასთან;

გ) დაზღვევა: საჯარო და კერძო თანამშრომლობით გათვალისწინებულიი უნდა იქნეს დაზღვევა ბაზარზე არსებული პრაქტიკის და დაზღვევადი რისკების ხელმისაწვდომობის შესაბამისად;

დ) ფორსმაჟორი: საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშკრულებით გათვალისწინებულიი უნდა იქნეს რეჟიმი, როდესაც მხარე გათავისუფლებულია ვალდებულების შესრულებისგან და გარკვეული პერიოდის შემდეგ უფლებამოსილი ხდება, შეწყვიტოს ხელშკრულება, თუ სახეზეა გაუთვალისწინებელი გარემოება, რომელიც არ არის მხარის კონტროლის ქვეშ და რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას;

ე) ვადამდე შეწყვეტა: ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისთვის კომპენსაცია ან/და ერთჯერადად ან მრავალჯერადად დაკისრებული/დასაკისრებელი სანქცია საჯარო პარტნიორს შესაძლებელია დაეკისროს მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის ოდენობა ან/და გამოთვლის ფორმულა პირდაპირ უნდა იყოს გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით.

მუხლი 31. საჯარო და კერძო თანამშრომლობის დაფინანსების ზედა ზღვარი

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულების ზედა ზღვარი დგინდება სახელმწიფო ფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობით, რომლის განსაზღვრის და სახელმწიფო ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2018 წლის 31 დეკემბრამდე ასახვის მიზნით, წინადადებების მომზადებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. დაუშვებელია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტით დადგენილი ზედა ზღვრის დარღვევა.

მუხლი 32. მონიტორინგი

1. საჯარო პარტნიორის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ჩართულობით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მონიტორინგის მიზნით, საჯარო პარტნიორი ქმნის პროექტის მონიტორინგის ჯგუფს ან სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს ან აღნიშნული ფუნქციის განხორციელებას აკისრებს არსებულ სტრუქტურულ ერთეულს. აღნიშნული ჯგუფის/სტრუქტურული ერთეულის საქმიანობა მოიცავს დადებული ხელშეკრულებების შესრულებაზე მიმდინარეობის სათანადო კონტროლს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

2. მონიტორინგის ჯგუფის/სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული და საჯარო პარტნიორის მიერ ხელმოწერილი წლიური ანგარიში პროექტების მიმდინარეობაზე წარედგინება სააგენტოს, რომლის ფორმა და შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნის ფორმა შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მეთოდურ-პრაქტიკულ სახელმძღვანელოში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ანგარიში იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი საჯარო პარტნიორის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 33. პროექტის შემდგომი შეფასება

1. პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების ანგარიში, რომელიც მზადდება კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, საჯარო პარტნიორის მიერ წარედგინება სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

2. სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფენ წარდგენილი ანგარიშის ანალიზს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს, კერძოდ:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს სააგენტოს საჯარო პარტნიორების გაერთიანებულ შეფასებებს, რეკომენდაციებთან ერთად, თუ რა გზით შეიძლება სამომავლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შეფასებისა და განხორციელების პროცესის გაუმჯობესება;

ბ) სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შეფასების საფუძველზე ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ერთიან შეფასებას რეკომენდაციებთან ერთად იმის თაობაზე, თუ რა გზით შეიძლება სამომავლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შეფასებისა და განხორციელების პროცესის გაუმჯობესება.

მუხლი 34. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

პროექტის, აგრეთვე მისი შემუშავებისა და განხორციელების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საიდუმლო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული დოკუმენტაციისა და ასევე თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან ან კერძო პარტნიორის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ მონაცემებს.