„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 240080010.10.003.024020
187
22/05/2023
ვებგვერდი, 23/05/2023
240080010.10.003.024020
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2023 წლის 22 მაისი

 ქ. თბილისი

 

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2018, 240080010.10.003.020742) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის“:

1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შერჩევის პროცესის შესახებ:

გ.ა) შერჩევის პროცესის გამოცხადების სახე (საჯარო/დახურული);

გ.ბ) განაცხადების მიღების დროის პერიოდი;

გ.გ) დოკუმენტაციის წარსადგენად გამოსაყენებელი მისამართი;

გ.დ) ენა/ენები, რომელზეც დოკუმენტაციები უნდა იქნეს წარდგენილი;

გ.ე) მიღებული განაცხადების გახსნის დრო და ადგილი;“.

2.  21-ე მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინადადების წარდგენის ეტაპზე დასაშვებია უფლებამოსილი ორგანოს ან/და შესარჩევი კომისიის მიერ, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება შერჩევის პროცესის მონაწილეებთან, რაც მითითებული უნდა იყოს წინადადების წარსადგენად მიწვევის დოკუმენტაციაში.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინადადებათა წარსადგენად მიწვევის შესახებ დოკუმენტაციაში ცვლილების (განმარტების ან/და დამატების) განხორციელების შემთხვევაში, შერჩევის პროცესის ვადები უნდა გახანგრძლივდეს წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის გაგზავნიდან შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა ან მიზნად ისახავს ტექნიკური ხარვეზის გასწორებას ან დაზუსტებებს.“.

3. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაიხმობს ან შეცვლის (გააუარესებს) წინადადებას წინადადებათა წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ;“;

 ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) უარს იტყვის ამ წესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საუკეთესო და საბოლოო წინადადების წარდგენაზე (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) ან საუკეთესო და საბოლოო წინადადებით გააუარესებს მის მიერ წარდგენილ ძირითად/საწყის წინადადებას.“.

4. 23-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის შესაბამისად, შეფასების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო შესარჩევ კომისიას წარუდგენს ინფორმაციას წარდგენილი წინადადებების შესახებ. შესარჩევი კომისია დადგენილი წესით აფასებს წარდგენილ წინადადებებს და ამტკიცებს შესაბამის შეფასების ანგარიშს ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ კომპონენტთან მიმართებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი გადაწყვეტილების დასაბუთებას.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებების გასამართად მიწვევამდე შერჩევის პროცესის მონაწილეებს, მოკლე სიით განსაზღვრულ კანდიდატებს ან შერჩევის პროცესის გამარჯვებულს შეიძლება, წარედგინოთ მოთხოვნა და განესაზღვროთ ვადა საუკეთესო და საბოლოო წინადადებ(ებ)ის წარდგენის შესახებ, რომელთა შეფასებას უზრუნველყოფს შესარჩევი კომისია. საუკეთესო და საბოლოო წინადადება არ უნდა აუარესებდეს შერჩევის პროცესის შესაბამისი მონაწილის მიერ წარდგენილ ძირითად/საწყის წინადადებას. წინადადების გაუარესების შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები განისაზღვრება წინადადებათა წარსადგენად მიწვევის დოკუმენტაციით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი