„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 484
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 240080010.10.003.023040
484
30/09/2021
ვებგვერდი, 01/10/2021
240080010.10.003.023040
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №484

2021 წლის 30 სექტემბერი 

   ქ. თბილისი

 

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2018, 240080010.10.003.020742) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესში“:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ენერგეტიკის სექტორში პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, ან „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით გათვალისწინებულ მხარდაჭერას, კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს კონცესიას.“.

2. 24-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 26-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შერჩევის პროცესი წარიმართება ამ წესის 261 მუხლის შესაბამისად.“.

4 . დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 და 262 მუხლები:

„მუხლი 261. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შერჩევის წესი

1. უფლებამოსილი ორგანო პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შერჩევის პროცესის დაწყებისთვის უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი ინფორმაციის, პოტენციური კერძო პარტნიორისა და შერჩევის პროცესის პირდაპირი წესით წარმართვის მიზანშეწონილობის შესახებ წინადადების წარდგენას, შერჩევის პროცესის პირდაპირი წესით წარმართვისთვის თანხმობისა და პოტენციური კერძო პარტნიორის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მოპოვების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს პოტენციურ კერძო პარტნიორთან გასაფორმებელი საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად  წარმოდგენას.

3. წარმოდგენილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს  საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის  საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დადებას.

4. საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებამდე, ნებისმიერ ეტაპზე, უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პირდაპირი მოლაპარაკების გზით კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის  შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 262. ენერგეტიკის სექტორში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებასა (პროექტის მომზადების ხელშეკრულება) და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებასთან (საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება) დაკავშირებით წარსადგენი საბანკო გარანტიები

1. კერძო ინიციატორი/კერძო პარტნიორი, ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღეზე მეტი, დადგენილი პირობებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ან/და ხელშეკრულების დადებამდე მთავრობის სასარგებლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებისთვის საბანკო გარანტია ან პროექტის განხორციელების საბანკო გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის/სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის/სადაზღვევო ორგანიზაციის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. ამასთან, საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 5 (ხუთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტიაში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად), ხოლო პროექტის განხორციელების გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და ვადაში საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულება წყდება, რის თაობაზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცნობებს პროექტის განმახორციელებელ პირს.

4. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და პირობებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, გამოიწვევს დამრღვევი კერძო ინიციატორისთვის/კერძო პარტნიორისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების ან/და პროექტის განხორციელების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს პროექტის განმახორციელებელი კერძო ინიციატორის/კერძო პარტნიორის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა, საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელი ოდენობის თანხა გამოითხოვოს საბანკო გარანტიიდან. საბანკო გარანტიის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, 30 კალენდარული დღის ვადაში შეავსოს საბანკო გარანტია.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე კერძო ინიციატორზე/კერძო პარტნიორზე დაკისრებული პირგასამტეხლოების ჯამი შეადგენს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50%-ს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის გამოთხოვა.

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე კერძო ინიციატორზე/კერძო პარტნიორზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა გამოთხოვილია საბანკო გარანტიიდან და არ განხორციელდა 30 კალენდარულ დღეში საბანკო გარანტიის შევსება გამოთხოვილი თანხის ოდენობით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის გამოთხოვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი