სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08858/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 23/07/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.58.070.016059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
08858/21
23/07/2018
ვებგვერდი, 24/07/2018
010320040.58.070.016059
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/07/2018 - 02/10/2018)

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №08858/21

2018 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 4 აპრილის №64/37 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი




სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) სტაჟირების გავლის წესს.

მუხლი 2

სტაჟირების მიზანია, ერთი მხრივ, სამსახურის ეფექტიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა პერსპექტიული კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული მომზადების გზით, და, მეორე მხრივ, სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის მხარდაჭერა შესაბამისი თეორიული განათლების მქონე სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობის მიცემით.

მუხლი 3

1. სამსახურში სტაჟირების გავლა მოიცავს ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟირებას.

2. ანაზღაურებადი სტაჟირება გულისხმობს ანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სტაჟიორად დანიშვნით (აუდიტორ-სტაჟიორი).

3. არაანაზღაურებადი სტაჟირება გულისხმობს არაანაზღაურებად საქმიანობას სამსახურის საშტატო თანამდებობაზე დანიშვნის გარეშე (სტაჟიორი).

4. აუდიტორ-სტაჟიორთა და სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

თავი II

აუდიტორ-სტაჟიორად მიღება

მუხლი 4

1. აუდიტორ-სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წელს, იცის სახელმწიფო ენა, აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.

2. პირი აუდიტორ-სტაჟიორად მიიღება ღია კონკურსით, ამ თავით დადგენილი წესით.

მუხლი 5

1. სამსახური აუდიტორ-სტაჟიორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს ვებგვერდის – www.hr.gov.ge მეშვეობით. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეიძლება დამატებით განთავსდეს სამსახურის ვებგვერდზე, ასევე შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.

2. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და შემდეგ მონაცემებს:

ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და სამუშაო აღწერილობას;

ბ) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;

დ) კონკურსის პროგრამას;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;

ვ) კონკურსის ეტაპებს;

ზ) ინფორმაციას კანდიდატის შეფასებისა და საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ;

თ) საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;

ი) საკონკურსო კომისიის მისამართს;

კ) სხვა ინფორმაციას, საჭიროებისამებრ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირობებს განსაზღვრავს:

ა) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებსა და კონკურსის პროგრამას – გენერალური აუდიტორი;

ბ) კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს, კონკურსის ჩატარების გრაფიკს, კანდიდატის შეფასებისა და საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმებს – საკონკურსო კომისია.

4. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.

5. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ხასიათის ცვლილების შეტანა გულისხმობს სამსახურის მიერ ახალი კონკურსის გამოცხადებას. ამ შემთხვევაში, ცვლილებისა და კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, უნდა გაეგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ხასიათის ცვლილების შეტანამდე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკურსის გამოცხადებისას, კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.

მუხლი 6

1. კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განცხადებას წარადგენს ელექტრონული ფორმით, ვებგვერდის – www.hr.gov.ge მეშვეობით.

2. კანდიდატი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

3. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.

4. კანდიდატი უფლებამოსილია, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება საკონკურსო კომისიის მიერ განცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 7

1. აუდიტორ-სტაჟიორის თანამდებობაზე სტაჟიორად დასანიშნად კანდიდატის შერჩევას ახორციელებს საკონკურსო კომისია.

2. საკონკურსო კომისიის შექმნის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 8

1. საკონკურსო კომისიის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. საკონკურსო კომისიის სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს სხდომის ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

მუხლი 9

კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) კანდიდატის შეფასება;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

მუხლი 10

1. კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.

2. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული.

3. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ადგენს განცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4.   განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული წარუდგენს საკონკურსო კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება საკონკურსო კომისიის წევრების ხელმოწერით.

5. კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, საკონკურსო კომისია ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის შესახებ.

6. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში საკონკურსო კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მისი განცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი.

მუხლი 11

1. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. კანდიდატის შეფასება შესაძლებელია შემდეგი ფორმით: წერითი დავალება, გასაუბრება ან/და

შეფასების სხვა ფორმა, რომელიც გულისხმობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის სამუშაო აღწერილობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნების გადამოწმებას.

3. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასება განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.

4. საკონკურსო კომისია კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის ან კენჭისყრის საფუძველზე.

5. საკონკურსო კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

მუხლი 12

1. საკონკურსო კომისია აუდიტორ-სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე სტაჟიორად დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

2. საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, გენერალურ აუდიტორს წარუდგენს სხდომის ოქმს და თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

3. კონკურსის შედეგები აისახება ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

მუხლი 13. კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 14

კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:

ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი;

ბ) საკონკურსო კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა აუდიტორ-სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.

მუხლი 15

1.    სამსახური ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

2. კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება ეცნობება კანდიდატებს.

თავი III

ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის პირობები

მუხლი 16

1. საკონკურსო კომისიის მიერ აუდიტორ-სტაჟიორის თანამდებობაზე სტაჟიორად დასანიშნად წამოყენებულ კანდიდატთან იდება შრომითი ხელშეკრულება, ამ დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.

2. სამსახურსა და აუდიტორ-სტაჟიორს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული უზრუნველყოფს სტაჟირების ვადით აუდიტორ-სტაჟიორზე შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობის გაცემას, რომლის ფორმას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

მუხლი 17

1.აუდიტორ-სტაჟიორს განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი. გენერალური აუდიტორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც აუდიტორ-სტაჟიორი გადის სტაჟირებას.

2. სტაჟირების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამის განხორციელებას, რომელიც მოიცავს თეორიული სწავლებისა და პროფესიული პრაქტიკის კურსებს.

3. სტაჟირების პროგრამას შეიმუშავებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

მუხლი 18

1. სტაჟირების საერთო ვადაა 12 თვე. აუდიტორ-სტაჟიორთან შრომითი ხელშეკრულება იდება ექვს-ექვსი თვით.

2. სტაჟირების პირველი ექვსი თვის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე ხორციელდება აუდიტორ-სტაჟიორის შეფასება ორ ეტაპად, შემდეგი ფორმით:

ა) I ეტაპზე – სტაჟირების ხელმძღვანელი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აუდიტორ-სტაჟიორს ანიჭებს საკვალიფიკაციო ქულას;

ბ) II ეტაპზე – აუდიტორ-სტაჟიორის მიმართ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ქულათა სისტემის გამოყენებით. საკონკურსო კომისიის შეფასება ეფუძნება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებულ საკვალიფიკაციო ქულასა და ამ კომისიის მიერ აუდიტორ-სტაჟიორთან გასაუბრების ან/და მისთვის მიცემული წერითი დავალების შედეგების შეფასებას. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება – დამაკმაყოფილებელი ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების შესახებ, სტაჟირების 6–თვიანი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე, წარედგინება გენერალურ აუდიტორს, რომლის საფუძველზეც გრძელდება ან წყდება შრომითი ურთიერთობა.

3. სტაჟირების 12-თვიანი ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საკონკურსო კომისია აფასებს სტაჟირება გავლილი კანდიდატის შესაბამისობას სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის ან/და უფროსი აუდიტორ–ასისტენტის თანამდებობ(ებ)ისთვის დადგენილ მოთხოვნებთან. კანდიდატის შეფასება ხდება ქულათა სისტემის საფუძველზე. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატ(ებ)ი წარედგინება გენერალურ აუდიტორს ამ დებულების მე-19 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის აუდიტორ-სტაჟიორის შეფასების კრიტერიუმები და გამსვლელი ქულა განისაზღვრება სტაჟირების პროგრამით.

5. ამ თავის მიზნებისათვის საკონკურსო კომისიის შექმნისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად.

მუხლი 19

1. გენერალური აუდიტორი საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ საუკეთესო კანდიდატ(ებ)ს ნიშნავს აუდიტორ-ასისტენტის ან/და უფროსი აუდიტორ–ასისტენტის ვაკანტურ თანამდებობაზე/თანამდებობებზე.

2. ვაკანსიის არ არსებობის შემთხვევაში, იმ კანდიდატის (კანდიდატების) მონაცემები, რომელმაც გამსვლელი ქულა მიიღო, რეგისტრირდება სამსახურის საინფორმაციო ბანკში, რომელსაც აწარმოებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული. საინფორმაციო ბანკში რეგისტრირებული მონაცემები მოიცავს ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შეფასების შედეგებს, რომლებიც ინარჩუნებს ძალას არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული შეფასების შედეგების მიხედვით დგება სარეიტინგო სია, რომლის საფუძველზეც გენერალური აუდიტორი იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორ-ასისტენტის ან/და უფროსი აუდიტორ-ასისტენტის ვაკანტურ თანამდებობაზე/თანამდებობებზე უმაღლესი ქულის მქონე კანდიდატ(ებ)ის დანიშვნის შესახებ. თუ კანდიდატთა შეფასების შედეგები თანაბარია, გენერალური აუდიტორი კანდიდატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გასაუბრების საფუძველზე.

მუხლი 20

1. სტაჟირების გავლის ვადა ჩაითვლება სამსახურის სტაჟში.

2. სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

თავი IV

არაანაზღაურებადი სტაჟირება

მუხლი 21

1. სამსახური ამ თავით გათვალისწინებულ სტაჟირებაზე მიღებას:

ა) აცხადებს სამსახურის ვებგვერდის – www.sao.ge მეშვეობით ან

ბ) ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სტაჟირებაზე მიღების პირობებს ამტკიცებს გენერალური აუდიტორი, რომელიც ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე. კანდიდატი მიიღება გასაუბრების საფუძველზე, რომელსაც ატარებს გენერალური აუდიტორის მიერ უფლებამოსილი პირი.

მუხლი 22

1. სტაჟირების ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება სამი თვით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით.

2. სტაჟიორს ეძლევა დროებითი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

3. სტაჟირების პროგრამას შეიმუშავებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

4. სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომლის ფორმას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.