შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ

შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016772
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
81
13/07/2018
ვებგვერდი, 13/07/2018
140130000.22.034.016772
შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/07/2018 - 20/08/2020)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №81

2018 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 

შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) შემაკავებელი ორდერის თანდართული ფორმა (დანართი №1);

ბ) შემაკავებელი ორდერის ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №2).

მუხლი 2
შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემდეგი თანამდებობის პირები:

ა.ა) ოცეულის მეთაური;

ა.ბ) ათეულის მეთაური;

ა.გ) პატრულ-ინსპექტორი;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შემდეგი თანამდებობის პირები:

ბ.ა) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;

ბ.ბ) უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

ბ.გ) მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი;

ბ.დ) მართლწესრიგის ოფიცერი;

ბ.ე) დეტექტივ-გამომძიებელი;

ბ.ვ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი.

მუხლი 3
ამ ბრძანების მეორე მუხლით განსაზღვრული პირები:

ა)  ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, შემაკავებელი ორდერის ოქმის კითხვარების საშუალებით ახორციელებენ განმეორებითი ძალადობის  რისკების სიმძიმის შეფასებას;

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობისას გამოსცემენ შემაკავებელ ორდერს;

გ) უზრუნველყოფენ შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვას და ერთიანი აღრიცხვის მიზნით სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა, წარდგენას.

მუხლი 4
1. განმეორებითი ძალადობის რისკებისა და რისკის სიმძიმის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახული კითხვების საშუალებით.

2. განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო და მაღალი, რომლის განსაზღვრა ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე.

3. განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვაზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 5 ქულა; განმეორებითი ძალადობის საშუალო რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 3 ქულა; განმეორებითი ძალადობის დაბალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ მხოლოდ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 1 ქულა.

4. როცა სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი ან საშუალო რისკი, ორდერი გამოიცემა 1 თვის ვადით, ხოლო როცა სახეზეა დაბალი რისკი, ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს უფრო მცირე ვადითაც.

მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანება.
მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია