სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.020403
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
88
19/02/2018
ვებგვერდი, 20/02/2018
140080000.10.003.020403
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/02/2018 - 18/12/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №88

2018 წლის 19 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულება. 
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №76 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო

ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულება


თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულება (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესსა და პირობებს.

2. წვევამდელის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით და საკონტრაქტო სამსახურის სახით.

მუხლი 2

1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელები სამსახურს გადიან შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის მიხედვით (შემდგომში − მოკლევადიანი კონტრაქტი) ან 4 წლით (შემდგომში − გრძელვადიანი კონტრაქტი).

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოიხადონ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაწვეულმა წვევამდელებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლით.

 

თავი II

  სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და საკონტრაქტო სამსახურში მიღების წესი

მუხლი 3

1. საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის წვევამდელი, ფლობს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

2. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველი წვევამდელი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიმართავს შესაბამისი განცხადებით, რომლის მიღების საფუძველია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა რიცხოვნობას, კანდიდატთა შერჩევის პერიოდსა და კრიტერიუმებს.

3. საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ განცხადება მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში წარსადგენად გაიცემა ცნობა წვევამდელის სპეციალურ შესწავლაში აყვანისა და საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ.

4. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახდენს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში სამსახურისათვის საჭირო წვევამდელთა გათვალისწინების საკითხის ინიციირებას. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხავს მხოლოდ სპეციალური შესწავლის შედეგების მიხედვით შერჩეულ წვევამდელებს.

მუხლი 4

1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის სურვილის მქონე წვევამდელთან ტარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლების დონე და ინტელექტუალური მონაცემები.

2. შერჩეული საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას, ხოლო მისი შევსებიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს სავალდებულო წესით წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) თავისი და ახლო ნათესავების პირადობის, დაბადებისა და ქორწინების მოწმობების, ახლო ნათესავების გარდაცვალების ცნობის, დიპლომის, საბაზო ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს;

ბ) ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, ფორმა №1-ს, ფოტოსურათებს ზომით: 3X4 და 9X12 (2-2 ეგზემპლარსა და ელექტრონულ ვერსიას);

გ) ცნობას სასწავლებლიდან;

დ) პირადი საქმის შედგენისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას − სამსახურის მოთხოვნით.

3. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებთან ერთად (როგორც წესი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტების დედნები, რომლებიც დაუბრუნდება მას ასლების დედნებთან შედარების შემდეგ.

4. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელების მიერ წარსადგენ დოკუმენტებს განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

მუხლი 5

1. საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი შესაბამისი მიმართვით იგზავნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ სპეციალური-საექიმო კომისიის გავლას, აგრეთვე მის წარდგენას ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე. სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია უზრუნველყოფს გულმკერდის რენტგენოსკოპიისა და შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებას და გამოკვლევების შედეგების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გადაგზავნას.

2. საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატის მიერ სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო მთავარი სამმართველო კადრების მთავარ სამმართველოს უგზავნის თითოეული წვევამდელის შესახებ სპეციალური-საექიმო კომისიის დასკვნას.

3. კადრების მთავარი სამმართველოს მიერ წარდგენილი, საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად აბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს.

მუხლი 6

1. სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე ხორციელდება კანდიდატის სპეციალური შესწავლა.

2. გაწვევის დასრულებამდე, სულ ცოტა, ერთი თვით ადრე სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე წვევამდელები  გადიან სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ერთ თვემდე ვადით, რომლის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

3. სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩასარიცხად გაწვეული წვევამდელები და საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხად შესარჩევი კანდიდატები იგზავნებიან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სწავლების დაწყებამდე საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატებთან  იდება კონტრაქტი, რომლის ნიმუშები მტკიცდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით.  

4. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდი არ ითვლება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის ვადაში. სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის დაწყების დღე აითვლება შესაბამისად სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დადების დღიდან. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგებით გავლა როგორც სამხედრო სავალდებულო, ასევე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა.

5. გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, რის საფუძველზეც შესაბამის კანდიდატებს უტარდებათ შესარჩევი ტესტირება თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დაწყებამდე.

6. წვევამდელი, რომელიც ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე ვერ მოხვდება გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთა შორის, საერთო წესით განიხილება  როგორც საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხვის კანდიდატი.

მუხლი 7

სამხედრო სავალდებულო, აგრეთვე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული კანდიდატების სიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამავე სამინისტროს შესაბამის სამსახურს ასევე ეცნობება იმ პირთა შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე სპეციალური შესწავლის ან/და სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების უარყოფითი შედეგების გამო.

 

თავი III

სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი

მუხლი 8

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა, სხვა თანამდებობაზე გადაყვანა და სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,  შესაბამისი წოდებრივი ზღვარის მქონე თანამდებობებზე დანიშვნით.

2. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან რიგითის სამხედრო წოდებით, ხოლო საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხული მოსამსახურეები − უმცროსი სპეციალური წოდებით.  სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ და საკონტრაქტო მოსამსახურეებს ეძლევათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება.

3. გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხული საკონტრაქტო მოსამსახურეები შესაბამის თანამდებობებზე სამსახურს გადიან უმცროსი ან/და საშუალო სპეციალური წოდებით, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის შესაბამისი ანაზღაურებით.

მუხლი 9

1. საკონტრაქტო მოსამსახურე, კონტრაქტის საკუთარი ინიციატივით ან ბრალეულობით ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში:

ა) სამსახურიდან გათავისუფლდება მინიჭებული სპეციალური წოდებ(ებ)ის ჩამორთმევით, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად და საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას;

ბ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს შესაბამისი კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის თანხას (პირგასამტეხლოს), აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალური მომზადებისა და კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეულ ხარჯებს.

2. საკონტრაქტო მოსამსახურეს ფინანსური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან/და სხვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველს.

3. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, სპეციალური მომზადების ხარჯები, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდის გარდა, მოიცავს საკონტრაქტო სამსახურის გავლის დროს ამავე მიზნით გაწეულ ხარჯებსაც.

მუხლი 10

1. ფინანსური პასუხისმგებლობის ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად დაკისრების შემთხვევაში:

ა) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, გადახდის ვალდებულების გადავადება ან განაწილვადება 2 წლამდე ვადით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი სადავოდ არ ხდის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, თანხმობას აცხადებს თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე და წარადგენს სათანადო უზრუნველყოფას;

ბ) პირს გადახდის ვალდებულება გადაუვადდება 2 წლით, თუ იგი არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღები. აღნიშნული საფუძვლით გადახდის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ და არა უმეტეს საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსით ყოფნის ვადისა. ამასთან, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მითითებული სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან;

გ) პირადი პატაკით (განცხადებით) წარდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე პირი თავისუფლდება გადახდის ვალდებულებისაგან, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყვიტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე ოჯახური მდგომარეობის, ხელისუფლების ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის, აგრეთვე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, რომელსაც სამსახური საპატიოდ მიიჩნევს.

2. საკონტრაქტო მოსამსახურის მიერ თავისი ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტად ჩაითვლება:

ა) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;

გ) ფიცის გატეხა, მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა;

დ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.

3. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირს დაეკისრება მისი სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალური მომზადებისა და კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

მუხლი 11

სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 12

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლების მქონე წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება,  სამსახურს გაივლის სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი.  მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი თქვას აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე.

2. საშტატო ერთეულზე განაწილების შემდეგ, სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაწყებამდე, საკონტრაქტო და სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს უშუალო ხელმძღვანელები უტარებენ სათანადო ინსტრუქტაჟს და აცნობენ შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებსა და სამართლებრივ აქტებს.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ სამხედრო და საკონტრაქტო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფულადი სარგოებით, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით. მოსამსახურე ვალდებულია, გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ (მინდობილ) ქონებას, ხოლო აღნიშნული მატერიალური ფასეულობების მისი ბრალეულობით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს ზიანი.

4. სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ, მოსამსახურეები რიგითის სამხედრო წოდებით ირიცხებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ ან კადრის სამსახურში დადგენილი წესით სამსახურის გაგრძელების შემთხვევაში,  აღნიშნული პირები დგებიან სპეციალურ აღრიცხვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი IV

სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო მოსამსახურის შვებულებაში გასვლის, შვებულებიდან გამოძახებისა და სამსახურებრივი მივლინების წესი

მუხლი 13

1. მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ერთჯერადად შეიძლება მიეცეს შვებულება არა უმეტეს ორი კვირის ვადით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა საკონტრაქტო სამსახურის ბოლო თვისა.

2. გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს საკონტრაქტო სამსახურის პირველ წელს შვებულება ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლო თვესთან დაკავშირებული შეზღუდვის გარეშე. საკონტრაქტო სამსახურის პირველი წლის შემდგომ პერიოდში საკონტრაქტო მოსამსახურე შვებულებით ისარგებლებს როგორც საკონტრაქტო-პროფესიული ან/და კადრის მოსამსახურე.

3. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ერთჯერადად შეიძლება მიეცეს შვებულება არაუმეტეს 5 (ხუთი) დღის ვადით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა სამსახურის ბოლო თვისა.

4. სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურესა და საკონტრაქტო მოსამსახურეს (კონტრაქტის ფორმის მიუხედავად) ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით, აგრეთვე შვებულება მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან ან აკადემიურ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

მუხლი 14

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე ან საკონტრაქტო მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სამსახურებრივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში:

ა) სპეციალურ სწავლებებსა და შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად არამუდმივ სამუშაო ადგილზე გაგზავნისას;

გ) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად;

დ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;

ე) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევებში.

2. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის პატაკის საფუძველზე. მოსამსახურის სამივლინებო უზრუნველყოფა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15

საგანგებო გამოძახების შემთხვევაში, თავისუფალ ცვლაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და საკონტრაქტო მოსამსახურეები, სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო გეგმის მიხედვით.

მუხლი 16

1. სამხედრო სავლდებულო სამხედრო მოსამსახურეებსა და საკონტრაქტო მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე ეძლევათ შვებულება ავადმყოფობის გამო, რომელიც ფორმდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. საკონტრაქტო მოსამსახურე სამედიცინო შემოწმებას გადის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამის სამედიცინო დანაყოფში, რისთვისაც უშუალო ხელმძღვანელი დროებით ათავისუფლებს მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს,  მიმართოს სხვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. საკონტრაქტო მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა ხელფასის შენარჩუნებით, სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით.

2. მოკლევადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, ავადმყოფობის გამო  შვებულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს საკონტრაქტო სამსახურის მთელი პერიოდის, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში − საკონტრაქტო სამსახურის თითოეული წლის განმავლობაში.

3. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი მოსამსახურის ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნის ვადა მსახურების პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

4. ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ავადმყოფობის გამო შვებულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით. თუ აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ მოსამსახურე ვერ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მას დაითხოვენ სამსახურიდან კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად.

5. სამხედრო სავლდებულო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო დათხოვნა ხორციელდება გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

 

თავი V

ინფორმაციის მიწოდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის

მუხლი 17

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან და საკონტრაქტო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნისას, აგრეთვე შესაბამისი სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლების შემთხვევაში,  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო დათხოვნილ პირთა შესახებ აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.  

2. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენენ სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებულ მოსამსახურეთა სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვის მიზნით და გასცემენ სამხედრო ბილეთს.