საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1742-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010330000.05.001.018701
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1742-Iს
14/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
010330000.05.001.018701
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/12/2017 - 14/11/2018)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ

 საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები, მედლები და პრემიები – დაწესებულია იმ პირთა დასაჯილდოებლად, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გმირობა და მამაცობა გამოიჩინეს, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესებისა და მინიჭების საფუძვლების, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობების და შესაბამისი ფულადი გასაცემლების ოდენობების განსაზღვრა.

მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობები

 საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობებია:

 ა) ორდენები:

 ა.ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი;

 ა.ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

 ა.გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

 ა.დ) თამარ მეფის ორდენი;

 ა.ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;

 ა.ვ) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;

 ა.ზ) ოქროს საწმისის ორდენი;

 ა.თ) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I ხარისხის, II ხარისხის, III ხარისხის;

 ა.ი) ღირსების ორდენი;

 ბ) მედლები:

 ბ.ა) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;

 ბ.ბ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

 ბ.გ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

 ბ.დ) ღირსების მედალი;

 გ) პრემიები:

 გ.ა) შოთა რუსთაველის სახელობის პრემია;

 გ.ბ) საქართველოს ეროვნული პრემია;

 გ.გ) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია.

მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების პირობები

 1. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება.

 2. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 3. დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდება სამოქალაქო, სასულიერო ანდა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე საქართველოსთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და მის აღორძინებაში, საზოგადოების კონსოლიდაციასა და დემოკრატიის დამკვიდრებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის.

 4. თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდება ქალი საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

 5. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ჯილდოვდება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგის გამოჩენილი მოღვაწე საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისათვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის.

 6. წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდება პირი ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.

 7. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 8. ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისათვის, მამაცობისათვის, თავდადებისათვის, უნარიანი ხელმძღვანელობით სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო ოპერაციების მომზადებისა და განხორციელებისათვის. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა:

 ა) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის;

 ბ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის;

 გ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

 9. ღირსების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში − შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

 10. მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ჯილდოვდება პირი სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის − თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისას.

 11. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი საქართველოს დაცვისას გამოჩენილი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის.

 12. მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ანდა სამოქალაქო პირი საქართველოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

 13. ღირსების მედლით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული სამსახურისათვის.

 14. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრული ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

 15. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების განვითარებაში, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

 16. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი პროზაული, პოეტური ან პუბლიცისტური ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრული ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

 მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი

 1. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის შესაბამისად.

 2. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი), როგორც წესი, ჯილდოვდება საქართველოს მოქალაქე. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი შეიძლება დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი. ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

 3. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 5-ისა, საქართველოს ეროვნული პრემია − ყოველწლიურად, არაუმეტეს 2-ისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია − 2 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1-ისა.

 4. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდო გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების მიხედვით. კონკურსის ჩატარების წესი მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი პირის გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები

 1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთან (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ვ“, „ა.ზ“, „ბ.გ“ ან „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით:

 ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენისათვის – 15 000 ლარი;

 ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისათვის – 6 000 ლარი;

 გ) დავით აღმაშენებლის ორდენისათვის – 4 000 ლარი;

 დ) თამარ მეფის ორდენისათვის – 1 000 ლარი;

 ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისათვის – 1 000 ლარი;

 ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენისათვის – 2 000 ლარი;

 ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისათვის – 1 000 ლარი;

 თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისათვის – 600 ლარი;

 ი) ღირსების ორდენისათვის – 600 ლარი;

 კ) მედლისათვის „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;

 ლ) მედლისათვის „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი;

 მ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისათვის − 10 000 ლარი;

 ნ) საქართველოს ეროვნული პრემიისათვის − 10 000 ლარი;

 ო) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიისათვის − 5 000 ლარი.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი − საქართველოს მოქალაქეს, უცხოელს, მოქალაქეობის არმქონე პირს.

 3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“ ან „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებულ პირს გადაეცემა შესაბამისი პრემიის ლაურეატის დიპლომი და სამკერდე ნიშანი.

 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

მუხლი 6. სოციალური შეღავათები

 საქართველოს მთავრობა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ა“−„ა.დ“, „ა.თ“, „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებულ პირთათვის დაამტკიცონ სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები.

 მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

 1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი.

 2. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი

 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

 ა) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს 1992 წლის 24 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100);

 ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულება „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“;

 გ) საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554-რს დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“;

 დ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №362 დადგენილება „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.

 2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-6 მუხლებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 3. ამ კანონის პირველი−მე-6 მუხლები და ამ მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 დეკემბერი 2017 წ.

N1742-Iს