დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მიწების მელიორაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 938 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/10/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.120.000.05.001.000.254 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2004 - 08/06/2007)
საქართველოს კანონი
მიწების მელიორაციის შესახებ
კარი I
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი
ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მიწების მელიორაციის სფეროში.
მუხლი 2. კანონმდებლობის სისტემა მიწების მელიორაციის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობა მიწების მელიორაციის სფეროში ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) მიწების მელიორაციაზე;
ბ) სამელიორაციო ღონისძიებებზე;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების წყალდიდობისა და სხვა სტიქიური მოვლენებისაგან დაცვის ღონისძიებებზე;
დ) სამელიორაციო ასოციაციებზე.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზნები
1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) მელიორირებული მიწებიდან მაღალი და მყარი მოსავლის მიღების მიზნით განსაზღვროს მიწების კომპლექსური მელიორაციის დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპები და ნორმები, ხელი შეუწყოს ამ სფეროში სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) დააჩქაროს მიწების მელიორაციის პრიორიტეტული განვითარება, სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია, მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში რეფორმების განხორციელება;
გ) ხელი შეუწყოს სამელიორაციო ასოციაციების დაფუძნებასა და მათ ეფექტიან ფუნქციონირებას.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
მუხლი 5. ტერმინთა განმარტება
1. მიწების მელიორაცია _ ჰიდრომელიორაციული, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ნიადაგდაცვითი და სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს გამოუსადეგარი მიწების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ათვისებას, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, წყალ-ჰაეროვანი თვისებების გაუმჯობესებას, ნაყოფიერების ამაღლებას და მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნას.
2. ჰიდრომელიორაცია_ სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და მათზე მოწყობილი ან დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობის მეშვეობით წყლის რეგულირების კომპლექსური ღონისძიება, რომლის სახეებია: მორწყვა, დაშრობა, ორმხრივი რეგულირება, საძოვრების გაწყლოვანება, აგრეთვე ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებები და სხვა.
3. კულტურ-ტექნიკა და რეკულტივაცია _ მიწების ძირეული გაუმჯობესების ღონისძიება, რომლის სახეებია: ტყე-ბუჩქნარის ამოძირკვა, კორძების, ქვებისა და სხვა ნარჩენებისაგან მიწის ნაკვეთის გაწმენდა, ნიადაგის პირველადი დამუშავება-პლანტაჟი, გაფხვიერება, ფართობის მოშანდაკება ან სხვა სახის კულტურ-ტექნიკური და რეკულტივაციის სამუშაოები.
4. ქიმიური მელიორაცია – თაბაშირის, კირის, ტორფ-კომპოსტების, ბენტონიტური თიხების და სხვა ქიმიური მელიორანტების გამოყენებით ნიადაგის ქიმიური და ფიზიკური თვისებების გაუმჯობესება, ბიცობი ნიადაგების აგრომელიორაციული დამუშავება.
5. სატყეო მელიორაცია _ ქარსაფარი ზოლებისა და ტყის ნარგავების გაშენებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ნიადაგების, წყალსატევების, ხევების და ხრამების ეროზიის, ქარისა და გამოშრობისაგან დაცვა და კლიმატურ-ჰიდროგეოლოგიური პირობების გაუმჯობესება.
6. მელიორირებული მიწები – მიწები, რომლებზედაც ჩატარებულია სამელიორაციო ღონისძიებები.
7. სამელიორაციო მიწები – მიწები, რომელთა ათვისება, მაღალინტენსიური სავარგულების კატეგორიაში გადაყვანა და ნაყოფიერების ამაღლება ხდება სამელიორაციო ღონისძიებების განხორციელებით.
8. სამელიორაციო ღონისძიებები – სამელიორაციო სისტემებისა და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ექსპლუატაცია, საძოვრების გაწყლოვანება, სატყეო მელიორაციის, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, აგროტექნიკური, ნიადაგდაცვითი და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარება, მათი მეცნიერული და საწარმოო-ტექნიკური უზრუნველყოფა.
9. სამელიორაციო სისტემა (სარწყავი, დამშრობი, ორმხრივი რეგულირების) – ურთიერთდაკავშირებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარისათვის ნიადაგში წყლის, ჰაერაციის, სითბური ოპტიმალური რეჟიმის შექმნას და ნაყოფიერების ამაღლებას.
10. სარწყავი სისტემა – წყალსაცავის, სათავე ნაგებობის, მაგისტრალური არხის, მილსადენის, გამანაწილებელი და სხვადასხვა რიგის სარწყავი ქსელის, ღრმა დრენაჟის, სადრენაჟო-საკოლექტორო ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილის, საექსპლუატაციო გზების, ხიდების, მილხიდების ან სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსი, რომელიც მცენარის ზრდა-განვითარების გარკვეულ ფაზაში, წყლის მოთხოვნილების მიხედვით, უზრუნველყოფს წყლის დაგროვებას, მიღებას, ტრანსპორტირებას და ფართობში განაწილებას.
11. დამშრობი სისტემა – ჰორიზონტალური და ვერტიკალური დრენაჟის, სარეგულაციო და გამყვანი ღია არხის, წყალმიმღების, მთისძირა არხის, დამბის, სატუმბი სადგურის ან სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსი, რომელიც მცენარის ზრდა-განვითარების გარკვეულ ფაზაში, წყლის მოთხოვნილების მიხედვით, უზრუნველყოფს ჭარბი წყლების მოცილებას.
12. საძოვრების გაწყლოვანების სისტემა – სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილსადენი, სარეგულაციო რეზერვუარი, გამანაწილებელი ქსელი ან სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს პირუტყვის სარწყულებლების, მეცხოველეობის ფერმების და სხვა ობიექტების სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგებას.
13. დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობა – საინჟინრო ნაგებობა, რომელიც არ წარმოადგენს სამელიორაციო სისტემის შემადგენელ ნაწილს და დამოუკიდებლად უზრუნველყოფს წყლის რეგულირებას, ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობისაგან დაცვას.
14. პირველადი წყალმოსარგებლე – ლიცენზიატი, რომელსაც წყლის ობიექტი გადაცემული აქვს განკერძოებულ სარგებლობაში და უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას.
15. სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო სისტემა და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობა (სამელიორაციო ინფრასტრუქტურა) – სახელმწიფო სახსრებით აშენებული (მშენებარე) სარწყავი, დამშრობი, ორმხრივი რეგულირების, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების სათავე ნაგებობა, წყალსაცავი, მაგისტრალური არხი, მილსადენი, წყალგამანაწილებელ ან წყალმიმღებ ნაგებობამდე მოწყობილი სხვადასხვა რიგის მარეგულირებელი, შემკრებ-საკოლექტორო და დრენაჟის ქსელი, სატუმბი სადგური, ფრონტალური და რეჟიმული დაკვირვების ჭაბურღილები, აგრეთვე ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნისა და წყალდიდობის საწინააღმდეგო რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რომლებიც ემსახურება ორი ან მეტი რაიონის, ან რაიონის ტერიტორიის დიდი ნაწილის (მასივის) ჰიდრომელიორაციას.
16. შიდასასოფლო-სამეურნეო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო ქსელი, დამოუკიდებელი მარტივი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ლოკალური სისტემა (სამელიორაციო ინფრასტრუქტურა) – სახელმწიფო სამელიორაციო სისტემის წყალგამანაწილებელი ან წყალმიმღები ნაგებობის შემდეგ მოწყობილი სამელიორაციო ქსელი, აგრეთვე ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობის საწინააღმდეგო მარტივი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატუმბი სადგური, მცირე მელიორაციის ჭაბურღილები და ლოკალური სისტემა, რომლებიც ემსახურება რაიონის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს.
17. სამელიორაციო ასოციაცია – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აქტით შექმნილი, პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯარო სამართლის კორპორაცია). სამელიორაციო ასოციაციებია:
ა) წყალმომხმარებელთა ასოციაცია, რომელიც იქმნება ირიგაციის ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების ზონაში არსებული მიწის მფლობელთა მიერ;
ბ) დრენაჟის მომხმარებელთა ასოციაცია, რომელიც იქმნება დრენაჟის სისტემების ზონაში არსებული მიწის მფლობელთა მიერ.
18. ასოციაციის მომსახურების ტერიტორია – ასოციაციის წევრთა მიერ განსაზღვრული მელიორირებული მიწის ფართობი, რომელიც უნდა მოიცავდეს ერთ ჰიდროტექნიკურ ერთეულს მაინც.
19. ჰიდროტექნიკური ერთეული
ჰიდროტექნიკური ერთეულებია:
ა) ირიგაციის ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემის ჰიდროტექნიკური ერთეული _ ირიგაციის ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემის მეორე და მესამე რიგის გამანაწილებელი და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები ან/და ლოკალური სისტემები;
ბ) დრენაჟის სისტემის ჰიდროტექნიკური ერთეული _ დრენაჟის სისტემის კოლექტორი, მესამე რიგის შემკრები არხი და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები ან/და ლოკალური სისტემები.
20. გამგეობა – ასოციაციის მმართველი და წევრთა კრების წინაშე პასუხისმგებელი ორგანო; გამგეობას ირჩევენ წევრთა კრებაზე ასოციაციის წევრთაგან არა უმეტეს 4 წლის ვადით, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, რომელთაც არა აქვთ დავალიანება ასოციაციის მიმართ. გამგეობის (ასოციაციის) თავმჯდომარეს ირჩევენ გამგეობის წევრები თავიანთ წევრთაგან და იგი წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
21. სარწყავი წყლის მიწოდების და დამშრობი სისტემებით საჰექტარო მომსახურების ტარიფები:
ა) საბითუმო ტარიფი – სახელმწიფო სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებიდან სამელიორაციო ასოციაციისთვის და სხვა წყალმომხმარებლებისათვის მიწოდებული წყლის და სახელმწიფო დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლების მოცილების მომსახურების საჰექტარო ღირებულება;
ბ) საცალო ტარიფი – საბითუმო ტარიფს დამატებული მიწათმოსარგებლეთა (წყალმომხმარებელთა) სამელიორაციო ასოციაციის საერთო კრების მიერ დადგენილი ასოციაციის შენახვის (გაწეული მომსახურების) ხარჯები. საცალო ტარიფის დასამტკიცებლად აუცილებელია წევრთა არანაკლებ 2/3-ის გადაწყვეტილება.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
კარი II
ძირითადი ნაწილი
თავი II
სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სარგებლობის (გამოყენების) პირობები
მუხლი 6. სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სარგებლობა (გამოყენება)
1. სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემები და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები შეიძლება არსებობდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სამელიორაციო ასოციაციას დაფუძნებიდან ორი კვირის ვადაში უვადო უზუფრუქტის ხელშეკრულებით უსასყიდლოდ გადაეცემა მისი მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრების სამელიორაციო ინფრასტრუქტურა.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
მუხლი 7. სამელიორაციო სისტემებით და ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სარგებლობის (გამოყენების) პირობები
1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათ საკუთრებაში არსებული სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების დანიშნულებით გამოყენება, მოვლა-პატრონობა და დაცვა.
2. სატყეო მელიორაციის, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, ნიადაგდაცვითი, ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნისა და წყალდიდობის საწინააღმდეგო და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებების, სამელიორაციო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
თავი III
მიწების მელიორაციის ღონისძიებების დაფინანსება
მუხლი 8. სამელიორაციო ღონისძიებების დაფინანსება
1. საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით ამტკიცებს სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-შენახვის და ექსპლუატაციის მიზნობრივ ხარჯებს.
2. სახელმწიფო საკუთრების შიდასასოფლო-სამეურნეო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო ქსელის, მარტივი ტიპის დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სატუმბი სადგურების, მცირე მელიორაციის ჭაბურღილების და ლოკალური სისტემების მოვლა-შენახვის და ექსპლუატაციის, აგრეთვე მიწების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებით და მიწათმოსარგებლეთაგან (წყალმომხმარებელთაგან) ამონაგები თანხებით. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტიდან დაფინანსების ნორმებს განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები.
მუხლი 9. სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და გაწყლოვანების სისტემებით მიწოდებული წყლის და დაშრობილი მიწების საჰექტარო მომსახურების ტარიფები და გამოყენების წესი
1. სახელმწიფო საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით შიდასასოფლო-სამეურნეო ქსელებისათვის და სხვა წყალმომხმარებლებისათვის წყლის მიწოდებაზე და დამშრობი სისტემებით საჰექტარო მომსახურებაზე საქართველოში დადგენილია მომსახურების ტარიფები.
2. (ამოღებულია).
3. სამელიორაციო ასოციაციების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების დაფარვა ხდება ასოციაციის წევრების და არაწევრების მიერ გადახდილი სამელიორაციო მომსახურების საფასურიდან და საწევრო შენატანებიდან.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №877 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.36
მუხლი 10. მომსახურების ტარიფების დამდგენი ორგანოები
1. მომსახურების საბითუმო ტარიფი და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მომსახურების საცალო ტარიფს და მისი გამოყენების წესს ამტკიცებს სამელიორაციო ასოციაციის საერთო კრება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
თავი IV
მიწების მელიორაციის სახელმწიფო მართვა
მუხლი 11. მიწების მელიორაციის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა
მიწების მელიორაციის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საფუძველია საკუთრების ფორმა, რომელიც რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 12. მიწების მელიორაციის სახელმწიფო მართვა და კონტროლი
მიწების მელიორაციის სფეროში სახელმწიფო მართვას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, რომლის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) მიწების მელიორაციის სფეროში ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი;
ბ) მიწების მელიორაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო პროგრამების დამუშავება, ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ნორმების, წესების დამუშავება, დამტკიცება, მათი რეალიზაცია და კონტროლი;
გ) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ნიადაგდაცვითი, ქიმიური მელიორაციის, ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის სახელმწიფო მართვა, რეგულირება და საწარმოო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყლის მოხმარების ლიმიტების განსაზღვრა, განაწილება და მართვა-რეგულირება;
ე) სახელმწიფო დანიშნულების საირიგაციო წყალსაცავების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური მდგომარეობის და კეთილმოწყობის უზრუნველსაყოფ ღონისძიებათა ორგანიზაცია, კოორდინაცია და მართვა-რეგულირება;
ვ) ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის, წყალდიდობის, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ნიადაგდაცვითი და ქიმიური მელიორაციის ღონისძიებების ჩატარება და ნაგებობების ექსპლუატაცია;
ზ) მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში მელიორირებული მიწების კადასტრის მონაცემთა შემუშავება, ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული მომსახურება;
თ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა, უფასო კონსულტაციების გაწევა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მათზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
ი) (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
თავი IV1. სამელიორაციო ასოციაცია
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
მუხლი 121. სამელიორაციო ასოციაციის შექმნა
ასოციაციის დაფუძნება, წყლის მართვისა და სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ხდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აქტით. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო სამელიორაციო ასოციაციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის დამფუძნებელთა განცხადების მიღებიდან ორი კვირის ვადაში. დაფუძნებაზე უარი უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. უარის გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მფლობელი (მესაკუთრე, მოიჯარე ან სხვა) ფიზიკური და იურიდიული პირი. ასოციაციაში გაწევრიანება უსასყიდლოა. მისი დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი სტატუსით. ასოციაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა ასოციაციის წევრთა კრება. ასოციაციის დასაფუძნებლად აუცილებელია:
ა) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე მიწის მფლობელთა ინფორმირება ასოციაციის ჩამოყალიბებაზე და წესდების გაცნობა;
ბ) (ამოღებულია);
გ) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე მიწის მფლობელთა საერთო რაოდენობის მინიმუმ 51 პროცენტის (რომლებიც ფლობენ ტერიტორიის არანაკლებ 51 პროცენტს) წერილობითი თანხმობა ასოციაციის დაფუძნებასა და მასში გაწევრიანებაზე;
დ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციის შესაბამის რაიონულ სამსახურთან შეთანხმებული ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა (სიტუაციური გეგმა), საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ სამსახურთან შეთანხმებული ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის მფლობელთა სია და ინფორმაცია დაკავებული ფართობის შესახებ. მომსახურების ტერიტორიის საზღვრები თანხმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან (ჰიდროტექნიკური ერთეულის მდებარეობის მიხედვით), რომელსაც წარედგინება გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ადგილობრივი მმართველობის ორგანო 10 დღის ვადაში ათანხმებს მომსახურების ტერიტორიის საზღვრებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ სამსახურებთან და განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში იღებს შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას. შეთანხმებაზე უარი უნდა დასაბუთდეს წერილობით და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. შეთანხმებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის საზღვრების შესათანხმებლად რამდენიმე მოთხოვნის არსებობისას (რომლებშიც ერთი და იგივე ჰიდროტექნიკური ერთეული ფიგურირებს) გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია წარდგენილ იქნეს ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის ყოველ ჰიდროტექნიკურ ერთეულზე მიწის მფლობელთა საერთო რაოდენობის მინიმუმ 51 პროცენტის (რომლებიც ფლობენ ტერიტორიის არანაკლებ 51 პროცენტს) წერილობითი თანხმობა ასოციაციის დაფუძნებასა და მასში გაწევრიანებაზე.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
მუხლი 122. სამელიორაციო ასოციაციის საქმიანობა და მართვა
1. წყლის მართვისა და სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამელიორაციო ასოციაციის საქმიანობის საგანია:
ა) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის მფლობელთა ასოციაციაში მაქსიმალური ოდენობით გაწევრიანება, ასოციაციის წევრთა უპირატესი მომსახურება, ხოლო არაწევრთა –ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურება;
ბ) სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყალგანაწილების კვანძში მიწოდებული წყლის მიღება-აღრიცხვა და მიწის მფლობელთა შორის რაციონალურად განაწილება-აღრიცხვა, მომსახურების საფასურის ამოღება და წყალმიმწოდებელ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორება;
გ) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება (ხელახლა აღჭურვა-რეაბილიტაცია), მშენებლობა, ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა და დაცვა;
დ) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწების მელიორაციული მდგომარეობის შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და სავარგულების მაღალინტენსიური გამოყენების მიზნით სამელიორაციო ღონისძიებების განხორციელება.
2. გამგეობის მოვალეობანია:
ა) ასოციაციის წევრთა მფლობელობაში არსებული მელიორირებული მიწების რეესტრის წარმოება;
ბ) ასოციაციის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური, საფინანსო, საბუღალტრო საქმიანობის ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა, ანგარიშების შედგენა, ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წევრთა კრებაზე განხილვა;
გ) უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული შიდასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების ქსელის, მარტივი ტიპის დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სატუმბი სადგურების, ჭაბურღილებისა და ლოკალური სისტემების მოვლა-შენახვისა და საექსპლუატაციო ღონისძიებების ხარჯების განსაზღვრა და ტერიტორიულ ბიუჯეტში გასათვალისწინებლად მათი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში წარდგენა;
დ) თესვის, წყალსარგებლობისა და წყალგანაწილების კალენდარული გეგმა-განრიგის, ასოციაციის მომსახურებით მოსარგებლეთა სიის შედგენა (უპირატესი მომსახურების მოსარგებლეთა გათვალისწინებით) და წევრთა კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენა, მომდევნო ჯერადობის რწყვის დაწყებამდე დავალიანების არმქონე მიწის მფლობელის (წევრის და არაწევრის) მოთხოვნის დაკმაყოფილება წყლის მიწოდებაზე;
ე) ასოციაციის წევრებისათვის სამელიორაციო მომსახურების საცალო ტარიფის, ხოლო არაწევრებისათვის სახელშეკრულებო საფასურის (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საცალო ტარიფის ორმაგ ოდენობას) განსაზღვრა და წევრთა კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც არ შედის წევრთა კრების ფუნქციებში.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
მუხლი 123. ირიგაციის, დრენაჟისა და საძოვრების გაწყლოვანების მომხმარებლის უფლება-მოვალეობები
1. ირიგაციის, დრენაჟისა და საძოვრების გაწყლოვანების მომხმარებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ირიგაცია, დრენაჟი და საძოვრების გაწყლოვანება;
ბ) გახდეს ასოციაციის წევრი, თუ ფლობს მიწის ნაკვეთს ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე. მიწის ნაკვეთის თანამფლობელობის შემთხვევაში ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი თანამფლობელი, რომელსაც დანარჩენი თანამფლობელები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას;
გ) ასოციაციის წევრობის შემთხვევაში ფლობდეს მინიმუმ ერთ ხმას და ხმების საერთო რაოდენობის არა უმეტეს 20 პროცენტს და გადასცეს საკუთარი ხმის უფლება წარმომადგენელ პირს, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს არა უმეტეს 10 წევრს;
დ) ასოციაციის წევრობის უფლების მოპოვების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში, მართვაში, ისარგებლოს უპირატესი მომსახურებით წევრთა მეათედის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გაეცნოს ასოციაციის საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერებს, ტექნიკურ ანგარიშებს, ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს;
ე) მოითხოვოს ასოციაციის საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. ირიგაციის, დრენაჟისა და საძოვრების გაწყლოვანების მომხმარებელთა მოვალეობებია:
ა) დაიცვას მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამელიორაციო ქსელი და ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს მიწის მელიორაციული ფონი;
ბ) საშუალება მისცეს ასოციაციას, გამოიყენოს მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შიდასასოფლო-სამეურნეო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო ქსელი და დამოუკიდებელი მარტივი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
გ) გადაიხადოს საცალო ტარიფით დადგენილი საფასური ასოციაციის წევრთა კრების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
მუხლი 124. საბითუმო და საცალო ტარიფებით ანგარიშსწორება
1. სარწყავი წყლის მიწოდების ან ჭარბი წყლის მოცილების საჰექტარო მომსახურებისათვის ასოციაცია პირველად წყალ-მოსარგებლესთან ანგარიშსწორებას აწარმოებს საბითუმო ტარიფით. გადაუხდელობის შემთხვევაში პირველადი წყალმოსარგებლე უფლებამოსილია შეუწყვიტოს ასოციაციას სარწყავი წყლის მიწოდება ან ჭარბი წყლის მოცილება და მოითხოვოს უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. ასოციაციის მომსახურების ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საცალო ტარიფით დადგენილი საფასური ასოციაციის წევრთა კრების მიერ დადგენილ ვადაში.
3. ასოციაცია უფლებამოსილია დავალიანების შემთხვევაში ასოციაციის მომსახურების ნებისმიერ მოსარგებლეს შეუწყვიტოს სარწყავი წყლის მიწოდება ან ჭარბი წყლის მოცილება და მოითხოვოს უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
მუხლი 125. ასოციაციის ქონება და ლიკვიდაცია
1. ასოციაციის ქონება იქმნება სამელიორაციო მომსახურებით ამონაგები თანხებით, შემოწირულობებითა და სხვა კანონიერი შემოსავლებით. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
თავი V
წყლის რესურსებით და საირიგაციო წყალსაცავებით სარგებლობა
მუხლი 13. წყლის რესურსებით სარგებლობა
1. სარწყავად და საძოვრების გაწყლოვანებისათვის წყლის რესურსებით სარგებლობაზე ლიცენზიის აღება, წყლის მართვა, რაციონალურად გამოყენება და დაცვა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სარწყავად და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების საწარმოებისათვის წყლის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 14. საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავებით სარგებლობა
1. ერთობლივი გამოყენების სახელმწიფო დანიშნულების საირიგაციო წყალსაცავებით სარგებლობა მათი უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების დაცვით ხორციელდება წყალმოსარგებლეების მიერ, პრიორიტეტულად საირიგაციო დანიშნულებით გამოსაყენებლად.
2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრების საირიგაციო წყალსაცავში მისდევენ თევზის, წყლის სხვა ცხოველებისა და მცენარეთა მოპოვებას ან გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, ვალდებულნი არიან წყალსაცავით, აგრეთვე საირიგაციო სისტემებიდან მიწოდებული წყლის მეორეული სარგებლობის პირობები შეუთანხმონ პირველად წყალმომხმარებელს.
თავი VI
სამელიორაციო სისტემებისა და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის მიწის გამოყოფა და გამოყენება
მუხლი 15. მიწის გამოყოფა და გამოყენება
1. სახელმწიფო საკუთრების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის და ამ ნაგებობების შენახვისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი მიწების მიწათმოწყობის წესით გამოყოფა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სახსრებით აშენებული /მშენებარე/, აგრეთვე პრივატიზებული სამელიორაციო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებისა და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების შენახვისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი და მიწათმოწყობის წესით გამოყოფილი მიწები მათ ეძლევათ სპეციალური საჭიროებისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებისა და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების განსხვისების ზოლის პარამეტრები განისაზღვრება სამშენებლო ნორმებისა და წესის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით.
4. წყალსაცავებისა და რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონებით სარგებლობა /გამოყენება/ ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებისა და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებული მიწის მფლობელობის უფლების და სერვიტუტების დადგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. მიწის ნაკვეთი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სამელიორაციო, ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და ნიადაგდაცვით-სარეკულტივაციო ზონაში სამუშაოთა ჩასატარებლად გამოყოფილ ტერიტორიას, განსაზღვრული დროით, სპეციალური სარგებლობისათვის გადაეცემა სამუშაოთა შემსრულებელ ორგანიზაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII
მელიორირებული მიწებისა და სამელიორაციო სისტემების პასპორტიზაცია, ინვენტარიზაცია და მონიტორინგი
მუხლი 16. მელიორირებული მიწების კადასტრი
მელიორირებული მიწების დამლაშებაზე, ბიცობიანობაზე, მჟავიანობაზე, დაჭაობებაზე, გრუნტის წყლების დინამიკაზე და სხვა ჰიდროგეოლოგიურ-სამელიორაციო მახასიათებლებზე რეჟიმულ დაკვირვებებს და მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში მელიორირებული მიწის კადასტრის მონაცემთა შემუშავებას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
მუხლი 17. სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებისა და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების პასპორტიზაცია, ინვენტარიზაცია და მონიტორინგი
სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებისა და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ძირითადი ფონდის პასპორტიზაციას, ინვენტარიზაციას და მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
თავი VIII
საერთაშორისო თანამშრომლობა მიწების მელიორაციის სფეროში
მუხლი 18. საერთაშორისო თანამშრომლობა მიწების მელიორაციის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველო ახორციელებს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებას, რატიფიცირებას, დენონსაციას ან მათთან შეერთებას, რომლებიც არეგულირებენ მიწების მელიორაციის სფეროში საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს.
თავი IX
პასუხისმგებლობა მიწების მელიორაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის
მუხლი 19. პასუხისმგებლობა მიწების მელიორაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი IX1
გარდამავალი დებულება
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
მუხლი 191. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტი
სამელიორაციო ასოციაციების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამელიორაციო ასოციაციების სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები.
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
კარი III
დასკვნითი ნაწილი
თავი X
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 20. საქართველოს ნორმატიული აქტების „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა
ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1962 წლის 27 დეკემბრის №846 დადგენილებით დამტკიცებული დებულება „იმ მიწების შესახებ, რომლებიც საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებს ეძლევათ სპეციალური საჭიროებისათვის“ (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
ბ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1968 წლის 14 მარტის №111 დადგენილებით დამტკიცებული დებულება „ეროზიისა და ღვარცოფის საწინააღმდეგო ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ტყესაცავი ნარგავების მშენებლობის, ექსპლოატაციისა და რემონტის წესის შესახებ“ (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
გ) „ბუნების დაცვის გაძლიერებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1973 წლის 15 მაისის №352 დადგენილების მე-3 პუნქტი (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
დ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 19 მაისის №324 დადგენილება „მშენებლობადამთავრებული სარწყავი და საშრობი სისტემებისა და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობების საექსპლუატაციოდ მიმღები კომისიების დანიშვნის წესის შესახებ“ (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
ე) საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 28 ოქტომბრის №659 დადგენილება „რესპუბლიკაში მცირე მელიორაციის განვითარების ღონისძიებათა შესახებ” (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
ვ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 2 ივნისის №382 დადგენილება „1976 წელს რწყვის სეზონისათვის რესპუბლიკის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობების მზადყოფნის შემოწმება-დათვალიერების შედეგების შესახებ“ (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
ზ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 7 ივნისის №398 დადგენილება „წყლის ობიექტების განკერძოებული სარგებლობისათვის გადაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრისა და განხილვის წესის შესახებ“ (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
თ) საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 28 დეკემბრის №900 დადგენილება „სოფლის მეურნეობის მეცნიერების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლებისა და წარმოებასთან მისი კავშირის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
ი) საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 21 ივნისის №479 დადგენილება „კოლხეთის დაბლობის მიწების დაშრობისა და სასოფლო-სამეურნეო ათვისების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
კ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 13 დეკემბრის №805 დადგენილება „კოლხეთის დაბლობზე მოწყობილი შიდასამეურნეო სამელიორაციო ქსელისა და გზების მდგომარეობის და მათი მოვლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7);
ლ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 30 დეკემბრის №843 დადგენილება „საქართველოს სსრ წყალსამეურნეო ორგანიზაციების ჰიდრომელიორაციისა და წყალსამეურნეო სამუშაოთა მექანიზაციის კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობის კრებული, 1980 წ. ტ.7).
მუხლი 21. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 16 ოქტომბერი.
№938-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №195 - სსმ I, №12, 27.03.2000 წ., მუხ.27
2. საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1205 - სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.2
3. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №877 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.36
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები