დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "მიწების მელიორაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 195 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 27/03/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.120.000.05.001.000.743 |
საქართველოს კანონი
„მიწების მელიორაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სამელიორაციო ასოციაციებზე“.
2. მე-4 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი დაიწყოს სიტყვებით „მელიორირებული მიწებიდან მაღალი და მყარი მოსავლის მიღების მიზნით“;
ბ) „ბ" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ხელი შეუწყოს სამელიორაციო ასოციაციების დაფუძნებასა და მათ ეფექტიან ფუნქციონირებას“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სამელიორაციო ასოციაცია _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად ნებაყოფლობით შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი. ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ირიგაციის, დრენაჟისა და საძოვრების გაწყლოვანების მომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც ფლობს მიწის ნაკვეთს ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე. ასოციაციაში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს ფასიანი. ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები ერთნაირი სტატუსით სარგებლობენ. ასოციაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება. სამელიორაციო ასოციაციებია:
ა) წყალმომხმარებელთა ასოციაცია, რომელიც იქმნება ირიგაციის ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებზე;
ბ) დრენაჟის მომხმარებელთა ასოციაცია, რომელიც იქმნება დრენაჟის სისტემებზე“;
ბ) მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივებისათვის" შეიცვალოს სიტყვებით „სამელიორაციო ასოციაციისთვის“; ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივის“ შეიცვალოს სიტყვებით „სამელიორაციო ასოციაციის“, ხოლო სიტყვა „კოოპერატივის“ _ სიტყვით „ასოციაციის“;
გ) მე-18 პუნქტი ჩაითვალოს 21-ე პუნქტად, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „საცალო ტარიფის დასამტკიცებლად აუცილებელია წევრთა არანაკლებ 2/3-ის გადაწყვეტილება“, ხოლო მე-18-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ასოციაციის მომსახურების ტერიტორია _ არანაკლებ ერთი ჰიდროტექნიკური ერთეულის ზონაში მოქცეული მელიორირებული მიწის ფართობი, რომლის საზღვრები დგინდება ასოციაციის დამფუძნებელთა მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ასოციაციის მომსახურების საზღვრებს ათანხმებს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ სამსახურთან, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიმართვიდან 10 დღეში. ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის საზღვრების შესათანხმებლად რამდენიმე მოთხოვნის (რომლებშიც ფიგურირებს ერთი და იგივე ჰიდროტექნიკური ერთეული) წარდგენისას, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია წარდგენილ იქნეს ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის ყოველ ჰიდროტექნიკურ ერთეულზე მიწის მფლობელთა საერთო რაოდენობის მინიმუმ 51 პროცენტის (რომლებიც ფლობენ ტერიტორიის არანაკლებ 51 პროცენტს) წერილობითი თანხმობა ასოციაციის დაფუძნებასა და მასში გაწევრიანებაზე. ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის საზღვრებზე შეთანხმების მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, როცა ასოციაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. გადაწყვეტილება შეთანხმების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს განცხადების მიღებიდან 20 დღეში, ხოლო შეთანხმებაზე უარი უნდა დასაბუთდეს წერილობით და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. გადაწყვეტილებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
19. ჰიდროტექნიკური ერთეული
ჰიდროტექნიკური ერთეულებია:
ა) ირიგაციის ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემის ჰიდროტექნიკური ერთეული _ ირიგაციის ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემის მეორე და მესამე რიგის გამანაწილებელი და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
ბ) დრენაჟის სისტემის ჰიდროტექნიკური ერთეული _ დრენაჟის სისტემის კოლექტორი, მესამე რიგის შემკრები არხი და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
20. ასოციაციის მმართველი და წევრთა კრების წინაშე პასუხისმგებელი ორგანოა გამგეობა. გამგეობა აირჩევა წევრთა კრებაზე ასოციაციის წევრთაგან, რომელთაც არ გააჩნიათ დავალიანება ასოციაციის მიმართ. გამგეობა აირჩევა არა უმეტეს 4 წლის ვადით, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. გამგეობის მოვალეობებია:
ა) ასოციაციის წევრთა მფლობელობაში არსებული მელიორირებული მიწის რეესტრის წარმოება;
ბ) ასოციაციის ძირითადი მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური, საფინანსო, საბუღალტრო საქმიანობის ორგანიზაცია, შესრულების უზრუნველყოფა, ანგარიშების შედგენა, ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წევრთა კრებაზე განხილვა;
გ) უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული შიდასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების ქსელის, მარტივი ტიპის დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სატუმბი სადგურების, ჭაბურღილებისა და ლოკალური სისტემების მოვლა-შენახვისა და საექსპლუატაციო ღონისძიებების ხარჯების განსაზღვრა და მათი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში წარდგენა ტერიტორიულ ბიუჯეტში გასათვალისწინებლად;
დ) თესვის, წყალსარგებლობისა და წყალგანაწილების კალენდარული გეგმა-განრიგის, ასოციაციის მომსახურებით მოსარგებლეთა სიის შედგენა (უპირატესი მომსახურების მოსარგებლეთა გათვალისწინებით) და წევრთა კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენა. გამგეობა ვალდებულია დააკმაყოფილოს დავალიანების არმქონე მიწის მფლობელის (წევრის და არაწევრის) მოთხოვნა წყლის მიწოდებაზე, მომდევნო ჯერადობის რწყვის დაწყებამდე;
ე) ასოციაციის წევრებისათვის სამელიორაციო მომსახურების საცალო ტარიფის, ხოლო არაწევრებისათვის სახელშეკრულებო საფასურის (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საცალო ტარიფის ორმაგ ოდენობას) განსაზღვრა და წევრთა კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენა.“.
4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სარგებლობის უფლებით გადაეცემა სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივებს“ შეიცვალოს სიტყვებით „უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცემა სამელიორაციო ასოციაციებს“.
5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივების“ შეიცვალოს სიტყვებით „სამელიორაციო ასოციაციების“.
6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივის“ შეიცვალოს სიტყვებით „სამელიორაციო ასოციაციის“.
7. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, მათთვის უფასო კონსულტაციების გაწევა და ზედამხედველობა ტექნიკურ საკითხებში;
ი) ასოციაციების რეგისტრაციის მასალების სისტემატიზაციის მიზნით წესდების, მომსახურების ტერიტორიის რუკის, მიწის მფლობელთა რაოდენობის, დაკავებული მიწის ფართობის, სამელიორაციო ფონდის პასპორტიზაციისა და საბალანსო ღირებულების ოდენობის აღრიცხვა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს რაიონული (საქალაქო) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებთან ერთად.“.
8. მე-12, მე-16-17 მუხლებში სიტყვები „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის მეშვეობით“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:
„თავი IV1. სამელიორაციო ასოციაცია
მუხლი 121. სამელიორაციო ასოციაციის შექმნა
ასოციაციის დაფუძნება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად წყლის მართვისა და სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. ასოციაციის დასაფუძნებლად აუცილებელია:
ა) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე მიწის მფლობელთა ინფორმირება ასოციაციის ჩამოყალიბებაზე და წესდების გაცნობა;
ბ) არანაკლებ ხუთი დამფუძნებელი წევრი;
გ) ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე მიწის მფლობელთა საერთო რაოდენობის მინიმუმ 51 პროცენტის (რომლებიც ფლობენ ტერიტორიის არანაკლებ 51 პროცენტს) წერილობითი თანხმობა ასოციაციის დაფუძნებასა და მასში გაწევრიანებაზე;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებული ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა (სიტუაციური გეგმა), საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ სამსახურთან შეთანხმებული ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის მფლობელთა სია და მათ მიერ დაკავებული მიწის ფართობი.
მუხლი 122. წყლის მართვა და სამელიორაციო მომსახურება
წყლის მართვისა და სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით უნდა განხორციელდეს:
1. ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის მფლობელთა ასოციაციაში მაქსიმალური ოდენობით გაწევრიანება. ასოციაციის წევრთა უპირატესად მომსახურება, ხოლო არაწევრთა მომსახურება ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყალგანაწილების კვანძში მიწოდებული წყლის მიღება-აღრიცხვა და მიწის მფლობელთა შორის რაციონალურად განაწილება-აღრიცხვა.
3. შიდასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების ქსელის, მარტივი ტიპის დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სატუმბი სადგურების, ჭაბურღილებისა და ლოკალური სისტემების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება (გადაიარაღება-რეაბილიტაცია), მშენებლობა, ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა და დაცვა.
4. ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწების მელიორაციული მდგომარეობის შენარჩუნება, გაუმჯობესება, სავარგულების მაღალინტენსიური გამოყენება.
მუხლი 123. ირიგაციის, დრენაჟისა და საძოვრების გაწყლოვანების მომხმარებლის უფლება-მოვალეობები
1. ირიგაციის, დრენაჟისა და საძოვრების გაწყლოვანების მომხმარებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ირიგაცია, დრენაჟი და საძოვრების გაწყლოვანება;
ბ) გახდეს ასოციაციის წევრი, თუ ფლობს მიწის ნაკვეთს ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე. მიწის ნაკვეთის თანამფლობელობის შემთხვევაში ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი თანამფლობელი, რომელსაც დანარჩენი თანამფლობელები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას;
გ) ასოციაციის წევრობის შემთხვევაში ფლობდეს ხმების საერთო რაოდენობის არა უმეტეს 20 პროცენტს და გადასცეს საკუთარი ხმის უფლება წარმომადგენელ პირს, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს არა უმეტეს 10 წევრს;
დ) ასოციაციის წევრობის უფლების მოპოვების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში, მართვაში, ისარგებლოს უპირატესი მომსახურებით, გაეცნოს ასოციაციის საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერებს, ტექნიკურ ანგარიშებს, ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს;
ე) მოითხოვოს ასოციაციის საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. ირიგაციის, დრენაჟისა და საძოვრების გაწყლოვანების მომხმარებელთა მოვალეობებია:
ა) დაიცვას მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამელიორაციო ქსელი და ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს მიწის მელიორაციული ფონი;
ბ) საშუალება მისცეს ასოციაციას, გამოიყენოს მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შიდასასოფლო-სამეურნეო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო ქსელი და დამოუკიდებელი მარტივი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
გ) გადაიხადოს საცალო ტარიფით დადგენილი საფასური ასოციაციის წევრთა კრების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
მუხლი 124. საბითუმო და საცალო ტარიფებით ანგარიშსწორება
1. სარწყავი წყლის მიწოდების ან ჭარბი წყლის მოცილების საჰექტარო მომსახურებისათვის ასოციაცია პირველად წყალ-მოსარგებლესთან ანგარიშსწორებას აწარმოებს საბითუმო ტარიფით. გადაუხდელობის შემთხვევაში პირველადი წყალმოსარგებლე უფლებამოსილია შეუწყვიტოს ასოციაციას სარწყავი წყლის მიწოდება ან ჭარბი წყლის მოცილება და მოითხოვოს უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. ასოციაციის მომსახურების ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საცალო ტარიფით დადგენილი საფასური ასოციაციის წევრთა კრების მიერ დადგენილ ვადაში.
3. ასოციაცია უფლებამოსილია დავალიანების შემთხვევაში ასოციაციის მომსახურების ნებისმიერ მოსარგებლეს შეუწყვიტოს სარწყავი წყლის მიწოდება ან ჭარბი წყლის მოცილება და მოითხოვოს უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
მუხლი 125. ასოციაციის ქონება და ლიკვიდაცია
1. ასოციაციის ქონება იქმნება სამელიორაციო მომსახურებით ამონაგები თანხებით, შემოწირულობებითა და სხვა კანონიერი შემოსავლებით. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.
2. ასოციაცია უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან მიიღოს საკუთრებაში მისი მომსახურების ტერიტორიაზე არსებული შიდასასოფლო-სამეურნეო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო ქსელი, დამოუკიდებელი მარტივი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ლოკალური სისტემა.
3. ასოციაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ქონება რჩება სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს) საკუთრებაში.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 7 მარტი.
№195_IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები