საპარლამენტო მდივნის შესახებ

საპარლამენტო მდივნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 15/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.000.05.001.001.521
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
246
25/06/2004
სსმ, 19, 15/07/2004
010.190.000.05.001.001.521
საპარლამენტო მდივნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/09/2018 - 06/12/2018)

საქართველოს კანონი

საპარლამენტო მდივნის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მათ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას.

2. ეს კანონი განსაზღვრავს საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებებს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობებისას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1259 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 2. საპარლამენტო მდივანი

საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ან სამინისტროს თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2364 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს უწყობს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

2. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს:

ა) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირებისათვის;

[ ა) (ამოღებულია - 05.09.2018, №3376);  (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე) ]

 ბ) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს;

 გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლში მითითებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის შესახებ;

[ გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული კონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ;  (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე) ]

დ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტებს;

ე) იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელთა პარლამენტისათვის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

ვ) სათანადო დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თანხმობის მისაღებად.

 4. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი:

ა) საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს და უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას;

 ბ) საჭიროების შემთხვევაში ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომებს და მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკითხების განხილვაში;

 გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებს;

დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის/საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას;

[ გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებს, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას/წარდგინებას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას;

დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის მისაღებად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენას;  (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე) ]

ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს;

 ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. ცალკეული საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.

6. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს.

7. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1259 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3376 - ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 4. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

1. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

2. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საპარლამენტო მდივნის დანიშვნა და განთავისუფლება ფორმდება პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

3. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროების საქმიანობას კანონპროექტების მომზადების სფეროში.

4. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს:

ა) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტებს;

ბ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმებისათვის.

5. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი:

ა) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზე;

ბ) (ამოღებულია – 20.10.2013, №1259);

გ) ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს და საქართველოს მთავრობის სხდომებს;

დ) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვაში;

ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს მთავრობის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას;

ზ) საქართველოს მთავრობის თანხმობით გამოითხოვს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებსა და სხვა საკითხებს;

თ) კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობას კანონპროექტების მომზადების სფეროში;

ი) აკონტროლებს სამინისტროების მიერ კანონპროექტების მომზადების დაგეგმვასა და წარმართვას, კანონპროექტების მომზადების გეგმის შესრულებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარადგენს საქართველოს მთავრობის შენიშვნებს განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;

ლ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას;

[ ლ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას;  (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე) ]

მ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. ცალკეული კანონპროექტების ან სხვა საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.

7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.

8. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1259– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2364 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

საქართველოს 2018 წლის  სექტემბრის  კანონი №3376   –  ვებგვერდი, 21.09.2018წ.

    მუხლი 5. სამინისტროს საპარლამენტო მდივანი

1. სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას ასრულებს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

2. სამინისტროს საპარლამენტო მდივანი:

ა) ორგანიზებას უწევს კანონპროექტების მომზადების სფეროში სამინისტროს საქმიანობის დაგეგმვას და ყოველწლიურად უზრუნველყოფს შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის წარდგენას საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს მიერ კანონპროექტების მომზადების გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

გ) აკონტროლებს სამინისტროს მიერ კანონპროექტების მომზადების გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტას;

დ) საჭიროების შემთხვევაში აყენებს წინადადებებს ცალკეული კანონპროექტების მომზადების, განხილვის ან შეთანხმების მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ;

ე) აკონტროლებს საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ პეტიციებზე, საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირების მდგომარეობას.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1259 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და სამინისტროების საპარლამენტო მდივნების ურთიერთობა

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობას. იგი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად:

ა) სამინისტროების საპარლამენტო მდივნებს აძლევს რეკომენდაციებს კანონპროექტების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების მონაწილეობას მათ მიერ მომზადებული კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე განხილვაში;

გ) იღებს ინფორმაციას სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 8. საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობას უზრუნველყოფენ, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროს აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფები.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2364 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 2001 წლის 14 მარტის კანონი „საპარლამენტო მდივნის შესახებ“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 ივნისი.

№246–რს