საპარლამენტო მდივნის შესახებ

საპარლამენტო მდივნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 15/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.000.05.001.001.521
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
246
25/06/2004
სსმ, 19, 15/07/2004
010.190.000.05.001.001.521
საპარლამენტო მდივნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/07/2004 - 20/09/2013)

საქართველოს კანონი

საპარლამენტო მდივნის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივათა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობებისას მათ სხვა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას.

2. ეს კანონი განსაზღვრავს საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებებს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობებისას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 2. საპარლამენტო მდივანი

საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის ან სამინისტროს თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

    მუხლი 3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს უწყობს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

2. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს:

ა) კონსტიტუციურ კანონთა პროექტებს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირებისათვის;

გ) საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტებს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს;

ე) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლში მითითებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის შესახებ;

ვ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტებს;

ზ) იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელთა პარლამენტისათვის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

თ) სათანადო დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თანხმობის მისაღებად.

4. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი:

ა) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის თაობაზე;

გ) ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს და საქართველოს მთავრობის სხდომებს;

დ) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვაში;

ე) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებსა და სხვა საკითხებს;

ზ) საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს;

თ) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს;

ი) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროების საქმიანობას საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების მომზადების სფეროში.

5. ცალკეული კანონპროექტების ან სხვა საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.

6. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს.

7. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

    მუხლი 4. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

1. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

2. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საპარლამენტო მდივნის დანიშვნა და განთავისუფლება ფორმდება პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

3. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროების საქმიანობას კანონპროექტების მომზადების სფეროში.

4. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განსახილველად წარადგენს:

ა) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტებს;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირებისათვის.

5. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი:

ა) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზე;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის საქართველოს პრეზიდენტთან შესათანხმებლად წარდგენას;

გ) ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს და საქართველოს მთავრობის სხდომებს;

დ) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვაში;

ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს მთავრობის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას;

ზ) საქართველოს მთავრობის თანხმობით გამოითხოვს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებსა და სხვა საკითხებს;

თ) კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობას კანონპროექტების მომზადების სფეროში;

ი) აკონტროლებს სამინისტროების მიერ კანონპროექტების მომზადების დაგეგმვასა და წარმართვას, კანონპროექტების მომზადების გეგმის შესრულებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარადგენს საქართველოს მთავრობის შენიშვნებს განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;

ლ) საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

6. ცალკეული კანონპროექტების ან სხვა საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.

7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს.

8. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

    მუხლი 5. სამინისტროს საპარლამენტო მდივანი

1. სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას ასრულებს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

2. სამინისტროს საპარლამენტო მდივანი:

ა) ორგანიზებას უწევს კანონპროექტების მომზადების სფეროში სამინისტროს საქმიანობის დაგეგმვას და ყოველწლიურად უზრუნველყოფს შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის წარდგენას საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს მიერ კანონპროექტების მომზადების გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

გ) აკონტროლებს სამინისტროს მიერ კანონპროექტების მომზადების გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტას;

დ) საჭიროების შემთხვევაში აყენებს წინადადებებს ცალკეული კანონპროექტების მომზადების, განხილვის ან შეთანხმების მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ;

ე) აკონტროლებს საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ პეტიციებზე, საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირების მდგომარეობას.

    მუხლი 6. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ურთიერთობა

1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინირებულად განხორციელების მიზნით ერთმანეთს წარუდგენენ ინფორმაციას საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.

2. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს წარუდგენს კვარტალურ ინფორმაციას და წლიურ ანგარიშს კანონპროექტების მომზადების სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.

    მუხლი 7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და სამინისტროების საპარლამენტო მდივნების ურთიერთობა

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობას. იგი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად:

ა) სამინისტროების საპარლამენტო მდივნებს აძლევს რეკომენდაციებს კანონპროექტების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების მონაწილეობას მათ მიერ მომზადებული კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე განხილვაში;

გ) იღებს ინფორმაციას სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 8. საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობას უზრუნველყოფენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სამინისტროს აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფები.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 2001 წლის 14 მარტის კანონი „საპარლამენტო მდივნის შესახებ“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 ივნისი.

№246–რს