საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 454
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.04.001.001.570
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
454
01/10/2004
სსმ, 29, 12/10/2004
010.020.000.04.001.001.570
საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (12/06/2012 - 06/09/2013)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ

 

თავი I ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად ადგენს საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოსახვის ფორმებს, გამოყენების სფეროს, გამოყენებისა და დაცვის წესს.

2. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი ინახება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ადგილას.

თავი II საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები და აღწერილობა

    მუხლი 2

1. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით.

2. სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების გამოსახულებები ამ კანონს თან ერთვის.

    მუხლი 3

1. სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლმეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.

2. მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187

    მუხლი 4

1. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხი) გამოყენებით.

4. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით.

5. შესაძლებელია სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გარეშე (კონტურით) გამოსახვა.

 

თავი III საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო

მუხლი 5   

1. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოისახება სახელმწიფო გერბი, არიან:

ა) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები;

ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები;

დ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები;

ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები;

ვ) სამხედრო ნაწილები;

ზ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები;

თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;

ი) საქართველოს საერთო სასამართლოები.

2. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობების ფასადზე და სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში.

3. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისას;

ბ) საქართველოს ფულის ნიშნებზე (მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებსა და მონეტებზე);

გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა;

დ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ საქართველოს ვიზაზე.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187

საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №5086 - სსმ I, №26, 11.07.2007 ., მუხ .22 9

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №4993 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5005 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №6440 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

     მუხლი 6

1. საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი.

2. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბეჭდებზე (გარდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) და შტამპებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, არიან:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, რომლებზედაც დელეგირებულია სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობებსა და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.

4. სამხედრო ხომალდებზე და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №4993 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6018 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

     მუხლი 7

1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა, შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოყენება სავალდებულოა.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხას, რომლებზედაც სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოყენება სავალდებულოა, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №4993 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

     მუხლი 8

სახელმწიფო გერბი შესაძლებელია გამოისახოს ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187

    მუხლი 9

საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187

 

თავი IV საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენებისა და დაცვის წესი

    მუხლი 10

1. სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ.

2. სამი და მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში.

3. ოთხი და მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) ცენტრიდან მარცხნივ (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად).

4. სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ანდა სახელმწიფო გერბს ზომით აღემატებოდეს.

5. დაუშვებელია სახელმწიფო გერბის გამოსახვა ერთ ფირნიშზე შესაბამისი დაწესებულების (ორგანიზაციის) სახელწოდებასთან ერთად.

6. დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს სახელმწიფო გერბს ან სახელმწიფო გერბი წარმოადგენდეს მათ საფუძველს.

7. დაუშვებელია დაზიანებული სახელმწიფო გერბის გამოყენება.

8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

9. სახელმწიფო გერბის გამოყენება ამ კანონის დარღვევით ან სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10. სახელმწიფო გერბის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

11. ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ სახელმწიფო გერბის გამოყენება შენობების ფასადზე, ბეჭდებზე, შტამპებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე. სხვა შემთხვევებში ისინი სახელმწიფო გერბს იყენებენ შეუზღუდავად.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187

 

თავი IV1 ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5496 - სსმ I, №42, 06.12.2007 წ., მუხ.386

    მუხლი 10 1

1. სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენცია და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5496 - სსმ I, №42, 06.12.2007 წ., მუხ.386

    მუხლი 102

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

ბ) სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

დ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოების და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების და დასკვნების გაცემა;

ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ანსაცმლისა ( უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების და დასკვნების გაცემა;

ვ) სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკი სა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5496 - სსმ I, №42, 06.12.2007 წ., მუხ.386

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6333 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

 

თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 11

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1990 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ და 1990 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს 1990 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონის საფუძველზე მოქმედი საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოცხადდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მისი დაცვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ჰერალდიკურ კომისიასთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებების ეტაპობრივად გატარება 2007 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187

    მუხლი 12

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი          

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 1 ოქტომბერი.

№454-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187

2. საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №5086 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.229

3. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5496 - სსმ I, №42, 06.12.2007 წ., მუხ.386

4. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №4993 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

5. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5005 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

6. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6018 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

7 . საქართველოს 2012 წლის  25 მაისის ორგანული კანონი № 6333 – ვებგვერდი, 08 .0 6 .2012წ.

8. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი № 6440 – ვებგვერდი, 22 .0 6 .2012წ.

 

საქართველოს სახელმწიფო გერბი

 

 

 

საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი

12. 14/11/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3726-Iს - ვებგვერდი, 07/12/2018 11. 27/06/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2634-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 10. 08/07/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3970-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 9. 06/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1069-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 12/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6440-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 7. 25/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6333-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 6. 10/04/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6018-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 5. 01/07/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5005-რს - ვებგვერდი, 110715008, 15/07/2011 4. 01/07/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4993-რს - ვებგვერდი, 110715026, 15/07/2011 3. 22/11/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5496 - სსმ, 42, 06/12/2007 2. 27/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5086 - სსმ, 26, 11/07/2007 1. 03/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1549 - სსმ, 31, 27/06/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას