საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 454
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.04.001.001.570
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
454
01/10/2004
სსმ, 29, 12/10/2004
010.020.000.04.001.001.570
საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (12/10/2004 - 03/06/2005)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად ადგენს საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოსახვის ფორმებს, გამოყენების სფეროს, გამოყენებისა და დაცვის წესს.

2. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი ინახება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ადგილას.

თავი II. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები და აღწერილობა

    მუხლი 2

1. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით.

2. სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების გამოსახულებები ამ კანონს თან ერთვის.

    მუხლი 3

1. სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია. ფარისმტვირთველებად წარმოდგენილია ოქროს ორი ლომი. ფარის საყრდენია ვაზის ქართული, სტილიზებული ორნამენტი, ჩაწნული სადევიზე ბაფთით. სადევიზე ბაფთაზე მხედრული ანბანით აღნიშნულია დევიზი „ძალა ერთობაშია“.

2. მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.

    მუხლი 4

1. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხი) გამოყენებით.

4. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით.

5. შესაძლებელია სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გარეშე (კონტურით) გამოსახვა.

თავი III. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო

    მუხლი 5

1. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების (დაწესებულებების) შენობების ფასადზე:

ა) საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია;

ბ) საქართველოს პარლამენტი;

გ) საქართველოს მთავრობა და სამინისტროები;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურა;

ზ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;

თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

ი) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები;

კ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;

ლ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.

2. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტების შენობების ფასადზე.

3. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში თავსდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების (დაწესებულებების) სხდომათა დარბაზებში:

ა) საქართველოს პარლამენტი;

ბ) საქართველოს მთავრობა;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

4. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში თავსდება შემდეგი სახელმწიფო თანამდებობის პირების სამუშაო კაბინეტებში:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები;

დ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

ე) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები;

ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

თ) საქართველოს გენერალური პროკურორი;

ი) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

კ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველი;

მ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები;

ო) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები და საზღვარგარეთ საქართველოს სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების (მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობების) ხელმძღვანელები.

5. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება:

ა) საქართველოს კანონებზე და პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა სამართლებრივ აქტებზე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებზე, განკარგულებებსა და სხვა სამართლებრივ აქტებზე;

გ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებზე;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

6. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება შემდეგი უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ბლანკებზე:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტი;

გ) საქართველოს მთავრობა;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები.

7. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ბეჭდებზე.

8. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისას.

9. შესაძლებელია სახელმწიფო გერბის სრული სახით, ამ კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმით გამოსახვა საქართველოს ფულადი ერთეულის ნიშნებზე, ბანკნოტებზე ჭვირნიშნის სახით და მონეტებზე.

    მუხლი 6

1. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე.

2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში თავსდება საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) სხდომათა დარბაზებში.

3. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში თავსდება შემდეგი სახელმწიფო თანამდებობის პირების სამუშაო კაბინეტებში:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის უფროსი;

ბ) საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) თავმჯდომარეები;

გ) მინისტრებისა და ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობის პირების მოადგილეები;

დ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები;

ე) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, რომლებსაც კანონით დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება;

ვ) საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელები.

4. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების (დაწესებულებების) და სახელმწიფო თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები;

გ) საქართველოს სამინისტროები;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურა;

ე) საქართველოს სახალხო დამცველი;

ვ) საქართველოს კონტროლის პალატა;

ზ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

თ) საქართველოს ეროვნული ბანკი.

5. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელ დოკუმენტებზე.

6. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება საქართველოს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ბეჭდებსა და შტამპებზე, აგრეთვე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბეჭდებსა და შტამპებზე, რომლებსაც კანონით დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება.

7. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება სამხედრო ხომალდებზე და სხვა მცურავ საშუალებებზე.

    მუხლი 7

საქართველოს სახელმწიფო გერბი ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით გამოისახება:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ორგანოების, საოლქო სასამართლოების, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საზღვარგარეთ საქართველოს სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების ბლანკებზე.

    მუხლი 8

1. საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გარეშე, ოქროცურვილით გამოისახება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ყდაზე.

2. საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში გამოისახება:

ა) სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემულ საერთო-სახელმწიფოებრივი სახის დოკუმენტებზე, რომელთა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების თანამდევ დოკუმენტებზე.

    მუხლი 9

საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სხვა შემთხვევები განისაზღვრება კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

თავი IV. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენებისა და დაცვის წესი

    მუხლი 10

1. სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ.

2. სამი და მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში.

3. ოთხი და მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) ცენტრიდან მარცხნივ (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად).

4. სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ანდა სახელმწიფო გერბს ზომით აღემატებოდეს.

5. დაუშვებელია სახელმწიფო გერბის გამოსახვა ერთ ფირნიშზე შესაბამისი დაწესებულების (ორგანიზაციის) სახელწოდებასთან ერთად.

6. დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს სახელმწიფო გერბს ან სახელმწიფო გერბი წარმოადგენდეს მათ საფუძველს.

7. დაუშვებელია დაზიანებული სახელმწიფო გერბის გამოყენება.

8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

9. სახელმწიფო გერბის გამოყენება ამ კანონის დარღვევით ან სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10. სახელმწიფო გერბის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 11

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1990 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ და 1990 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს 1990 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონის საფუძველზე მოქმედი საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოცხადდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მისი დაცვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება მისი ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

    მუხლი 12

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 1 ოქტომბერი.

№454-IIს

 

საქართველოს სახელმწიფო გერბი

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი

 

 

 

12. 14/11/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3726-Iს - ვებგვერდი, 07/12/2018 11. 27/06/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2634-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 10. 08/07/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3970-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 9. 06/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1069-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 12/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6440-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 7. 25/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6333-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 6. 10/04/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6018-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 5. 01/07/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5005-რს - ვებგვერდი, 110715008, 15/07/2011 4. 01/07/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4993-რს - ვებგვერდი, 110715026, 15/07/2011 3. 22/11/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5496 - სსმ, 42, 06/12/2007 2. 27/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5086 - სსმ, 26, 11/07/2007 1. 03/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1549 - სსმ, 31, 27/06/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას