იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1054
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 17/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.001.001.726
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1054
25/02/2005
სსმ, 9, 17/03/2005
470.230.000.05.001.001.726
იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/03/2005 - 29/12/2006)

საქართველოს კანონი

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

ამ კანონის მიზანია საქართველოში იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ხელშემწყობი პირობების შექმნა.

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და შედგება ამ კანონისაგან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებები – ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით;

ბ) იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა – სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების თავიდან აცილება;

გ) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაცია – საკვები პროდუქტების მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის;

დ) იოდირებული მარილი – იოდით გამდიდრებული მარილი;

ე) ფორტიფიკანტი – დანამატი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციისათვის;

ვ) რეიოდირება – იოდირებული მარილის ან სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტის განმეორებითი იოდირება.

    მუხლი 3. იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპებია:

ა) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების შემუშავება;

გ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის სისტემაზე სახელმწიფო ზედამხედველობის და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება;

დ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების დასაცავად სახელმწიფო ორგანოთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა;

ე) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში მოსახლეობის, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობის ხელშეწყობა.

თავი II. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტები

    მუხლი 4. მოთხოვნები იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების მიმართ

1. იოდირებული მარილი და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები (საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული) უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სტანდარტებს.

2. საქართველოში იკრძალება არაიოდირებული მარილის იმპორტირება და რეალიზაცია, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი მარილი იოდირებული უნდა იყოს ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

    მუხლი 5. არაიოდირებული მარილის საქართველოში იმპორტირება და რეალიზაცია

1. არაიოდირებული მარილის საქართველოში იმპორტირება და რეალიზაცია დასაშვებია:

ა) სამედიცინო მიზნით;

ბ) ტექნიკური დანიშნულებით და არასაკვები პროდუქციის წარმოებისათვის.

2. არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე.

3. არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ სააფთიაქო ქსელიდან.

    მუხლი 6. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების სერტიფიცირება და ლიცენზირება

1. საქართველოში იკრძალება იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია სავალდებულო სერტიფიკატის გარეშე და წარმოება ლიცენზიის გარეშე.

2. საქართველოში იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტირებისას საბაჟო ორგანოებს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება შესაბამისობის სერტიფიკატი.

3. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების წარმოების ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო სავალდებულო სერტიფიცირებას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. მოთხოვნები იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების დაფასოების, შეფუთვის, მარკირების, ტრანსპორტირებისა და შენახვის მიმართ

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების დაფასოება, შეფუთვა, მარკირება, ტრანსპორტირება და შენახვა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სტანდარტებს.

    მუხლი 8. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტია

1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტირებას, წარმოებასა და რეალიზაციას, პასუხისმგებელნი არიან მომხმარებლის წინაშე იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასა და ხარისხზე ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

2. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების რეალიზაცია დაუშვებელია და ისინი ექვემდებარება სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას.

თავი III. კონტროლი

    მუხლი 9. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს.

 

თავი IV. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 10. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 11. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ“;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირებისა და რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“;

გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების გადამუშავების, რეიოდირების, ტექნიკური დანიშნულებით გამოყენებისა და განადგურების წესის შესახებ“;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „იოდირებულ მარილსა და სხვა ფორტიფიცირებულ საკვებ პროდუქტებში ფორტიფიკანტების შემცველობისა და ფორტიფიცირების მეთოდის შესახებ“.

2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი იოდირებული მარილის დაფასოების, შეფუთვის, მარკირების, ტრანსპორტირების და შენახვის ეროვნული სტანდარტი.

3. „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის (საქართველოში იმპორტირებულისა და წარმოებულის) ეროვნული სტანდარტი.

თავი VI. დასკვნითი დებულება

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 თებერვალი.

№1054-Iს