დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 725 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/05/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 02/05/1995 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.05.001.000.108 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (02/05/1995 - 11/11/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებსაც შემფასებელი ექსპერტიზით აქვთ ისტორიული, კულტურული, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ღირებულება.
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი მისი წარმოქმნის, ადგილსამყოფელისა და კუთვნილების განურჩევლად მუდმივად ინახება და სახელმწიფო ზრუნავს მასზე.
მუხლი 2
ეროვნული საარქივო ფონდი იქმნება მისთვის მიკუთვნებული დოკუმენტების დაცვის, ცენტრალიზებული აღრიცხვის, აღწერის სრულყოფისა და ფართო გამოყენების მიზნით.
მუხლი 3
სახელმწიფო ორგანო ან უწყება, რომელიც თავისი საქმიანობის პროცესში ქმნის დოკუმენტებს, ვალდებულია შეინახოს და დაიცვას ისინი საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად,ხოლო დოკუმენტების შენახვის ვადის გასვლის შემდეგ უზრუნველყოს მათი წარდგენა შემფასებელ ექსპერტიზაზე. სახელმწიფო არქივი ვალდებულია დროულად მოაწყოს აღნიშნული დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა.
მუხლი 4
დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა სახელმწიფო ორგანოს ან უწყების საქმიანობის პროცესში, სახელმწიფო საკუთრებაა. ფიზიკური ან იურიდიული პირის შექმნილი დოკუმენტი კი ამ პირის საკუთრება.
დაუშვებელია სახელმწიფო საკუთრების ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება.
დოკუმენტი, რომელსაც არ ჰყავს პატრონი ან რომლის პატრონმაც დაკარგა მასზე საკუთრების უფლება, გადაეცემა სახელმწიფოს.
თავი II
საარქივო საქმის მართვა
მუხლი 5
სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ეროვნული საარქივო ფონდის შევსების, შენახვის, დაცვისა და გამოყენებისათვის. სახელმწიფო ამ ვალდებულებას ასრულებს და საარქივო საქმეს მართავს სპეციალური სახელმწიფო მმართველობის ორგანოს მეშვეობით (შემდგომში "კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო").აღნიშნული ორგანო უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შექმნას და შევსებას, დოკუმენტების აღრიცხვას,აღწერას,დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციას და მიკროფილმირების საშუალებით სადაზღვევო ფონდების შექმნას, აგრეთვე ეროვეული საარქივო ფონდის დოკუმენტების ხელმისაწვდომობას კანონით დადგენილ ფარგლებში.
მუხლი 6
მე-5 მუხლში მითითებული სახელმწიფო ორგანო ექვემდებარება მინისტრთა კაბინეტს. მისი უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, ხოლო სტატუსი - მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 7
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო არქივები, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებია.სახელმწიფო არქივებს ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო.
თავი III
ეროვნული საარქივო ფონდის დაკომპლექტება
მუხლი 8
ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტის მიკუთვნება ხდება დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტიზის საფუძველზე, რომელსაც აწყობს სახელმწიფო არქივის საექსპორტო კომისია.
დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტიზის წესებს ადგენს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო.
მუხლი 9
ეროვნული საარქივო ფონდი შეივსება ყველა იმ დოკუმენტისაგან, რომელიც:
ა) წარმოიქმნა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე სხვა უწყებების საქმიანობის პრცესში;
ბ) გადაეცა საქართველოს რესპუბლიკას სამართალმემკვიდრეობის საფუძველზე;
გ) გადასულია სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების, ანდერძის გადაცემის, შესყიდვის ან სხვა კანონიერ საფუძველზე;
დ) წარმოიშვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში;
ე) წარმოიშვა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის პროცესში;
ვ) წარმოიშვა კონფესიური გაერთიანების საქმიანობის პრცესში;
ზ) წარმოიშვა იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ან შეძენილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ან ამ პირთა საკუთრებაა.
დოკუმენტის მიკუთვნება ეროვნული საარქივო ფონდისათვის არ ნიშნავს მასზე საკუთრების ფორმის შეცვლას.
მუხლი 10
ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნების მიზნით შემფასებელ ექსპერტიზაზე აუცილებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი მე-9 მუხლის "ა". "ბ" და "გ" პუნქტებში მითითებული დოკუმენტები, დანარჩენი დოკუმენტები შემფასებელ ექსპერტიზას წარედგინება მათი მესაკუთრეების სურვილისამებრ.
მუხლი 11
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, აგრეთვე სხვა უწყებები საკუთარი სახსრებით ახორციელებენ მათი საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას.
სახელმწიფო თავისი სახსრებით უზრუნველყოფს მე-9 მუხლის "ბ" და "გ"პუნქტებში მითითებული დოკუმენტების შერჩევას და დამუშავებას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური და კონფესიური გაერთიანებები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული არიან საკუთარი სახსრებით განახორციელონ მათი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და ექსპერტიზა, თუ სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან დადებული ხელშეკრულებით.
დოკუმენტის შერჩევა, დამუშავება და ექსპერტიზა ხორციელდება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ დადგენილი წესებითა და კრიტერიუმებით.
თავი IV
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა
მუხლი 12
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო არქივები.
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქივს და ხელნაწერთა ინსტიტუტს;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმებს;
გ) საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტს - გეოლოგიური და კარტოგრაფიულ-გეოდეზიური ფონდის დოკუმენტების;
დ) საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს - ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ფონდის დოკუმენტებს:
ე) საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტს -რესპუბლიკური სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების საინფორმაციო ფონდის დოკუმენტების;
ვ) კერძო არქივებს.
იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული სუბიექტი უარს განაცხადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მუდმივ შენახვაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი გადასცეს სახელმწიფო არქივს. გადაცემის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ და კონფესიურ გაერთიანებას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, უფლება აქვს შეინახოს ეროვნულ საარქივო ფონდს მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ იგი უზრუნველყოფს მის დაცვას.
დოკუმენტის შენახვისა (მათ შორის მუდმივად შენახვის) და დაცვის ნორმებსა და წესებს ადგენს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო. ამ ორგანოს უფლება აქვს გააკონტროლოს დოკუმენტის შენახვისა და დაცვის პირობები.
მუხლი 13
ეროვნული საარქივო ფონდის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა.
იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს მის შენახვასა და დაცვას, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს კომისიის აქტის საფუძველზე აღნიშნული დოკუმენტი გადაეცემა სახელმწიფო არქივს დეპოზიტური დაცვისათვის. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით.
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელის მიერ დოკუმენტის შენახვისა და დაცვის წესების განზრახ დარღვევის შემთხვევაში, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას სარჩელი მისთვის დოკუმენტის ჩამორთმევისა და სახელმწიფო არქივისათვის გადაცემის შესახებ.
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების ან ადგილსამყოფელის შეცვლის შემთხვევაში დოკუმენტის მფლობელმა (მესაკუთრემ) უნდა აცნობოს ამის შესახებ მითითებულ სახელმწიფო ორგანოს.
მუხლი 14
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია დეპოზიტური დაცვისათვის გადასცეს არქივს თავისი დოკუმენტი. სახელმწიფო არქივი ვალდებულია მიიღოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი დეპოზიტური დაცვისათვის. თუ ამ დოკუმენტის მფლობელი (მესაკუთრე) ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას.
მუხლი 15
სახელმწიფო ორგანოებსა და უწყებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვისათვის იქმნება საუწყებო არქივი. ამ ორგანოებსა და უწყებებში დოკუმენტის შენახვის ფუნქცია შეიძლება დაეკისროს სხვა სტრუქტურულ ქვეგანაყოფებსაც. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა საუწყებო არქივებსა ან სტრუქტურულ ქვეგანაყოფებში ხორციელდება დადგენილი წესით. შენახვის ვადებს კი განსაზღვრავს მინისტრთა კაბინეტი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს წინადადებების გათვალისწინებით.
სახელმწიფო ორგანოები და უწყებები უზრუნველყოფენ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვას მუდმივ შესანახად მათ გადაცემამდე.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტს შეექმნა დაკარგვის ან დაზიანების საფრთხე, მაშინ იგი მუდმივად შესანახად გადაეცემა საუწყებო შენახვის ვადის გასვლამდე.
მუხლი 16
იმ ფიზიკური პირის გარდაცვალების ან იურიდიული პირის რეორგანიზაციის დროს, რომელთანაც ინახებოდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, მისი მემკვიდრე (უფლებამონაცვლე) ვალდებულია აცნობოს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს თავისი ვინაობადა დოკუმენტის შენახვის ადგილი. მემკვიდრე (უფლებამონაცვლე) ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა დადგენილი წესით.
იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის დროს, რომელთანაც ინახებოდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, სალიკვიდაციო კომისიამ (ლიკვიდატორებმა) უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის თავისუფლად დაშვება ამ დოკუმენტთან.
თავი V
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დამუშავება და შენახვა
მუხლი 17
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, განურჩევლად შენახვის ადგილისა, აღირიცხება ცენტრალიზებულად. დოკუმენტები აღირიცხება ფონდებად (კოლექციებად) და შესანახ ერთეულებად. საქართველოს ცენტრალურ საფონდო კატალოგში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს აღრიცხავენ სახელმწიფო არქივები.
პირი, რომელიც ინახავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს, ვალდებულია დამუშავოს იგი და შეადგინოს ღნობა მისი ცენტრალიზებული აღრიცხვის მიზნით.
დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესს, აგრეთვე აღრიცხვისათვის საჭირო ცნობის ფორმას ადგენს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო.
მუხლი 18
სახელმწიფო არქივს შეუძლია გაუწიოს ფასიანი ან უფასო მომსახურება ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მისი კუთვნილი იმ დოკუმენტების დამუშავებისა და აღრიცხვის მიზნით, რომელიც წეიძლება მიეკუთვნოს ეროვნულ საარქივო ფონდს.
თავი VI
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობა
მუხლი 19
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტით სარგებლობა თავისუფალია. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს ამორნაწერები მისგან, აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის პირი. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს განსაზღვრავს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან კი-ეს პირი; დოკუმენტთან დაშვების წესით დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა.
სარგებლობის უფლება შეზღუდულია:
ა) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტებისა - სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონით განსაზღვრული ვადით;
ბ) მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტებისა, მათ შორის სისხლის სამართლის პროცესის მასალებისა სხვა პირთავის - მათი შექმნიდან 75 წლის ვადით.
მუხლი 20
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს მოსთხოვოს არქივს არ დაუშვას მისი კუთვნილი დოკუმენტის გამოყენება ან საჯაროდ ჩვენება მის მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ამ დოკუმენტის შექმნიდან 75 წლისა.
აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება წამოყენებულ იქნეს აგრეთვე დოკუმენტის გასხვისების, სარგებლობაში ან დეპოზიტური შენახვისთვის გადაცემის დროს.
მუხლი 21
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტით სარგებლობისას ფიზიკური ან იურიდიული პირი პასუხს აგებს დოკუმენტის შინაარსის დამახინჯებისა და ფალსიფიკაციისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 22
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს დოკუმენტის შენახვის ადგილი და მესაკუთრე.
მუხლი 23
სახელმწიფო არქივს შეუძლია განახორციელოს თავისი ფუნქციების შესაბამისი პროფილური სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო მიღებული მოგება განკარგოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების, დოკუმენტების შენახვისა და დაცვის გაუმჯობესების, აგრეთვე მუშაკთა დამატებითი ანაზღაურების მიზნით. მას შეუძლია უფასოდ მომსახურებაც, თუ ამ კანონით სხვა რამ არის განსაზღვრული.
კერძო არქივს შეუძლია სამეწარმეო მიზნით გამოიყენოს დოკუმენტი, თუ ექნება მისი მესაკუთრის წინასწარი თანხმობა.
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მესაკუთრეს უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამისი წილი არქივს, რომელიც სამეწარმეო მიზნით გამოიყენებს მის დოკუმენტს. წილის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 24
პირი, რომელთანაც ინახება ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, ვალდებულია მოთხოვნისთანავე უფასოდ გასცეს სოციალურ-უფლებრივი ხასიათის დოკუმენტის დამოწმებული პირი ან ამონაწერი მისგან.
თავი VII
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების განკარგვა
მუხლი 25
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს თავისუფლად განკარგოს ეროვნულ საარქივო ფონდს მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 26
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისებამდე მისმა მესაკუთრემ წინასწარ უნდა აცნობოს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს გასაყიდი ფასი და გასხვისების სხვა პირობები, ხოლო გასხვისების შემდეგ - დოკუმენტის ახალი მფლობელის ვინაობა.
პირი, რომელიც ვაჭრობს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით ან ეწევა ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ სხვა სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია წარუდგინოს აღნიშნულ სახელმწიფო ორგანოს ვაჭრობისათვის ან სხვა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დოკუმენტის მონაცემები.
თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი ყიდის თავის დოკუმენტს, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს აქვს მისი შესყიდვის უპირატესი უფლება.
ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ფიზიკური ან იურიდიული პირის დადებული გარიგება ჩაითვლება ბათილად, ხოლო დოკუმენტი შეიძლება ჩამოერთვას მას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 27
აკრძალულია სახელმწიფო საკუთრების ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის საზღვარგარეთ გატანა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს შეუძლია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით გასცეს აღნიშნული დოკუმენტის საზღვარგარეთ დროებით გატანის ნებართვა.
დასაშვებია ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დროებით გატანა საზღვარგარეთ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ნებართვის საფუძველზე, თუ საქართველოში რჩება ამ დოკუმენტის პირი.
თავი VIII
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების განადგურება
მუხლი 28
აკრძალულია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის განადგურება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს უნებართვოდ. აღნიშნული ორგანო ადგენს დოკუმენტის განადგურების წესს.
თავი IX
საერთაშორისო თანამშრომლობა
მუხლი 29
საქართველოს რესპუბლიკა საარქივო საქმის განვითარების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობა ხორციელდება როგორც ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებისა და მათი პირების ურთიერთგაცვლით, ისე უცხოელი მოქალაქეებისა ან იურიდიული პირების, საერთაშოროსო ორგანიზაციების დაშვებით ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან ამ კანონით დადგენილი წესით.
თავი X
პასუხისმგებობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 30
ამ კანონის დამრღვევი პირი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 2 მაისი.
№725-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები