დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პროკურატურის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/11/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.000.04.001.000.302 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (03/12/1997 - 12/06/1998)
საქართველოს ორგანული კანონი
პროკურატურის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს პროკურატურა
1. საქართველოს პროკურატურა (შემდგომში – პროკურატურა) არის სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
2. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა.
3. საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა რეგიონული ან რაიონის (ქალაქის) პროკურატურის უფლებამოსილებით.
მუხლი 2. პროკურატურის ამოცანები
1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;
ე) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობის და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;
ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით.
მუხლი 3. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება;
ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 4. პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 5. პროკურატურის საერთაშორისო ვალდებულებები
პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.
თავი II
პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია
მუხლი 6. პროკურატურის ორგანოები
1. საქართველოში პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურა, საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რეგიონული სამხედრო და სატრანსპორტო პროკურატურები, რაიონის (ქალაქის) პროკურატურები და სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურატურები.
2. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას და საშტატო ერთეულებს დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
მუხლი 7. საქართველოს გენერალური პროკურორი
1. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თანამდებობაზე ნიშნავს პარლამენტი.
2. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს გენერალურ პროკურორად ორ ვადაზე მეტი ხნით.
3. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე (ერთი მათგანია საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი), უფროსი თანაშემწეები, თანაშემწეები და მრჩევლები. გენერალური პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.
4. გენერალურ პროკურატურაში არის სამმართველოები, განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. გენერალურ პროკურატურაში არის საგამოძიებო ნაწილი, რომელსაც ჰყავს უფროსი და მისი მოადგილეები, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებლები.
5. გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
6. გენერალური პროკურორი:
ა) კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას;
ბ) პირადად ან გენერალური პროკურატურის მეშვეობით ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურებს, ადგენს მათ სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, პროკურატურის მუშაკებს და სხვა თანამშრომლებს;
ე) ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრებს;
ვ) კანონით დადგენილი წესით აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში ჩამოთვლილი პირების, პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალების იმ ოფიცრების მიმართ, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულნი არიან საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ; ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მთავრობათა წევრების მიერ დანაშაულის ჩადენისას;
ზ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებასა და პრაქტიკაში დანერგვას;
თ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
ი) გამოყოფილი ხელფასის ფონდის ფარგლებში ამტკიცებს გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და ხელფასის ოდენობას;
კ) განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები (გარდა საქართველოს სამხედრო პროკურორისა) ხელმძღვანელობენ პროკურატურის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებას;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროკურატურის თანამშრომლებს, დადგენილი წესით ანიჭებს მათ სპეციალურ წოდებებს;
მ) წარმოადგენს საქართველოს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოების სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობებში;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, სპეციალური წოდების ჩამორთმევის საკითხებს;
ო) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
პ) ხელმძღვანელობს და წარმართავს საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის მუშაობას;
ჟ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
რ) განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებს, იღებს მოქალაქეებს;
ს) ამტკიცებს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესს, გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას, პროკურატურის ბეჭდვითი გამოცემების რედაქტორებს;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. გენერალური პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე.
8. გენერალური პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი, კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში, განსჯადობის მიხედვით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 8. საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგია
1. საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოა გენერალური პროკურატურის კოლეგია.
2. გენერალური პროკურატურის კოლეგიას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.
3. გენერალური პროკურატურის კოლეგიის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან: გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის პროკურორი, გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული პროკურატურის სხვა მუშაკები. კოლეგიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრები, საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები, გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები და სხვა პირები.
4. გენერალური პროკურატურის კოლეგია განიხილავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობას, საკადრო საკითხებს, ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ყველა სხვა ქვემდგომი პროკურორის ანგარიშებს და პროკურატურის საქმიანობის სხვა საკითხებს.
5. გენერალური პროკურორის და გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი. კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება გენერალური პროკურორის ბრძანებით.
მუხლი 9. სამხედრო პროკურატურა
1. სამხედრო პროკურატურა არის სპეციალიზებული პროკურატურა, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ამ კანონით და კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, იმ დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, რომლებიც ჩადენილია სამხედრო მოსამსახურის, მასთან გათანაბრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა მიერ; აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალებში მომსახურე სამოქალაქო პირის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება სამსახურში ან სამხედრო ნაწილის, სამხედრო დაწესებულების ტერიტორიაზე დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა; ასევე იმ სამოქალაქო პირთა საქმეებზე, რომლებიც მონაწილეობენ სამხედრო მოსამსახურესთან ან მასთან გათანაბრებულ პირთან ერთად დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
2. სამხედრო პროკურატურა ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ჰაუპტვახტსა და სადისციპლინო სამხედრო ნაწილში.
3. სპეციალიზებული სამხედრო პროკურატურებია: საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურა და რეგიონული სამხედრო პროკურატურები.
4. საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი, რომელიც თანამდებობის მიხედვით არის საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.
5. მთავარ სამხედრო პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
6. მთავარ სამხედრო პროკურორს ჰყავს ორი მოადგილე, უფროსი თანაშემწე და თანაშემწეები.
7. მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილეს, უფროს თანაშემწესა და თანაშემწეს, აგრეთვე რეგიონულ სამხედრო პროკურორს მთავარი სამხედრო პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
8. მთავარ სამხედრო პროკურატურაში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტი და პროკურორები. მთავარ სამხედრო პროკურატურაში არის საგამოძიებო ნაწილი, რომელსაც ჰყავს უფროსი და მისი მოადგილე, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
9. მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების ან საგამოძიებო ნაწილის უფროსს და მის მოადგილეს, განყოფილების უფროს პროკურორს, პროკურორს, პროკურორ-კრიმინალისტს, უფროს გამომძიებელსა და გამომძიებელს, რეგიონული სამხედრო პროკურორის მოადგილეს, უფროს თანაშემწესა და თანაშემწეს, უფროს გამომძიებელს, გამომძიებელსა და სტაჟიორს მთავარი სამხედრო პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
10. მთავარ სამხედრო პროკურატურაში იქმნება სათათბირო ორგანო - მთავარი სამხედრო პროკურატურის კოლეგია, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი სამხედრო პროკურორი.
11. მთავარი სამხედრო პროკურატურის კოლეგიის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან: მთავარი სამხედრო პროკურორის ორივე მოადგილე, მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილებათა უფროსები, საგამოძიებო ნაწილის უფროსი, პროკურორ-კრიმინალისტი და ქ. თბილისის რეგიონული სამხედრო პროკურორი.
12. მთავარი სამხედრო პროკურატურის კოლეგიის შემადგენლობას მთავარი სამხედრო პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
13. მთავარი სამხედრო პროკურატურის კოლეგია მოქმედებს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
14. მთავარი სამხედრო პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამხედრო პროკურატურის მუშაკებისათვის.
მუხლი 10. სატრანსპორტო პროკურატურა
1. სატრანსპორტო პროკურატურა არის სპეციალიზებული პროკურატურა, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ამ კანონით და კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, იმ დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, რომლებიც ჩადენილია მეტროპოლიტენში, სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტში.
2. სპეციალიზებული სატრანსპორტო პროკურატურებია: საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურა და რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურები.
3. საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს ტრანსპორტის პროკურორი.
4. საქართველოს ტრანსპორტის პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
5. საქართველოს ტრანსპორტის პროკურორს ჰყავს ორი მოადგილე, უფროსი თანაშემწე და თანაშემწეები.
6. საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის მოადგილეს, უფროს თანაშემწესა და თანაშემწეს, აგრეთვე რეგიონულ ტრანსპორტის პროკურორს საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
7. საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურაში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტი და პროკურორები. საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურაში არის საგამოძიებო ნაწილი, რომელსაც ჰყავს უფროსი და მისი მოადგილე, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
8. საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურის განყოფილების, საგამოძიებო ნაწილის უფროსს და მის მოადგილეს, განყოფილების პროკურორს, უფროს გამომძიებელსა და გამომძიებელს, რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის მოადგილეს, უფროს თანაშემწესა და თანაშემწეს, უფროს გამომძიებელს, გამომძიებელსა და სტაჟიორს საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
9. საქართველოს ტრანსპორტის პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სატრანსპორტო პროკურატურის მუშაკებისათვის.
მუხლი 11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ ორ-ორი მოადგილე, უფროსი თანაშემწეები და თანაშემწეები.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების მოადგილეებს შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის საგამოძიებო ნაწილები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების უფროს თანაშემწეებსა და თანაშემწეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებისა და საგამოძიებო ნაწილის უფროსს და მის მოადგილეს, პროკურორ-კრიმინალისტს, განყოფილების უფროს პროკურორებსა და პროკურორებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს, სტაჟიორებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონის (ქალაქის) პროკურორებს და მათ მოადგილეებს, უფროს თანაშემწეებსა და თანაშემწეებს შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში იქმნება სათათბირო ორგანოები – შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის კოლეგია, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.
8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კოლეგიათა შემადგენლობაში არიან: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებათა და საგამოძიებო ნაწილთა უფროსები, პროკურორ-კრიმინალისტები, აფხაზეთისა და აჭარის დედაქალაქების პროკურორები.
9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კოლეგიათა შემადგენლობას შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კოლეგიები მოქმედებენ ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ბრძანებებსა და სხვა აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურორებისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისათვის.
მუხლი 12. ქ. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები
1. ქ. თბილისის პროკურატურას და საოლქო პროკურატურებს ხელმძღვანელობს შესაბამისად ქ. თბილისის ან საოლქო პროკურორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. საოლქო პროკურატურები იქმნება საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.
3. ქ. თბილისის პროკურორს და საოლქო პროკურორებს ჰყავთ ორ-ორი მოადგილე, უფროსი თანაშემწეები და თანაშემწეები.
4. ქ. თბილისის პროკურატურაში და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელთაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. ქ. თბილისის პროკურატურაში და საოლქო პროკურატურებში არის საგამოძიებო ნაწილები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
5. ქ. თბილისის პროკურატურის და საოლქო პროკურატურების მუშაკებს ქ. თბილისის და შესაბამისი საოლქო პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
6. ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ბრძანებებსა და სხვა აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.
მუხლი 13. რაიონის (ქალაქის) და სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურატურები
1. სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურატურა არის სპეციალიზებული პროკურატურა, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ამ კანონით და კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, საგამოძიებო იზოლატორში და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.
2. რაიონის (ქალაქის) და სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი პროკურორები, რომელთაც შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, უფროსი თანაშემწეები და თანაშემწეები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
3. რაიონის (ქალაქის) პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორის და საოლქო პროკურორების წარდგინებით. სასჯელაღსრულებით პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
4. რაიონის (ქალაქის), სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურორების მოადგილეებს, უფროს თანაშემწეებსა და თანაშემწეებს, უფროს გამომძიებლებს, გამომძიებლებსა და სტაჟიორებს შესაბამისი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონის (ქალაქის) პროკურატურის უფროს გამომძიებლებს და გამომძიებლებს თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები და ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
მუხლი 14. პროკურატურის ორგანიზაციის სხვა საკითხები
1. საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რეგიონული სამხედრო და ტრანსპორტის, რაიონის (ქალაქის), სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურორების უფლებამოსილების ვადა 5 წელია.
2. ერთი და იგივე პირი საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რეგიონული სამხედრო და ტრანსპორტის, რაიონის (ქალაქის), სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურორის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ორ ვადაზე მეტი ხნით.
3. ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება ზემდგომისადმი გულისხმობს:
ა) ქვემდგომი პროკურორისათვის ზემდგომის მიერ პროკურატურის ორგანიზაციის და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას;
ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას;
დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორების მიღებული გადაწყვეტილებებისა და აქტების გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებებით ან სხვა აქტებით შეცვლას;
ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორების მიღებულ აქტებზე გადაწყვეტილებებისა და საჩივრების განხილვას;
ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმეებისა და მასალების წარდგენას.
ზ) საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს დააწესოს ქვემდგომი პროკურორების დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს.
თ) ქვემდგომი პროკურორი ან პროკურატურის სხვა მუშაკი ვალდებულია შეასრულოს ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება.
თავი III
პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები
მუხლი 15. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება
1. პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.
2. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების სტადიაზე.
მუხლი 16. წინასწარი გამოძიება
პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას.
მუხლი 17. ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას
1. პროკურორი მოკვლევის ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობს:
ა) მოკვლევის ორგანოებში დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შემოსული განცხადებებისა და შეტყობინებების რეგისტრაციის, განხილვის და შესაბამისი ზომების მიღების კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვას;
ბ) მოკვლევის ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებათა ჩატარებისა და ამ საქმიანობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.
2. პროკურორი ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ამ საქმიანობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.
3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების, გაგრძელების და შეწყვეტის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.
4. მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზაცია, ოპერატიული დამუშავების საქმე და სხვა ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.
5. ოპერატიული დამუშავების საქმის და სხვა ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს და მის მიერ განსაზღვრულ ერთ მოადგილეს.
მუხლი 18. ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების სხვა შეზღუდვის ადგილებში, აგრეთვე სასჯელისა და სასამართლოს მიერ დანიშნულ იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას
1. პროკურორი ზედამხედველობს:
ა) დაკავებულთა მოთავსების ადგილებში პირთა ყოფნის, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის და თავისუფლების სხვა შეზღუდვის ადგილებში სასჯელის ან სასამართლოს მიერ დანიშნული სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიების აღსრულების კანონიერებას;
ბ) აღნიშნულ დაწესებულებებში პირთა ყოფნის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვას.
2. პროკურორს უფლებამოსილების განხორციელებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ჩაატაროს შემოწმებები დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შევიდეს შესაბამის დაწესებულებებში ნებისმიერ დროს;
გ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული პირები და პირები, რომელთაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ხასიათის ღონისძიებანი;
დ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზეც ეს პირები არიან დაკავებულნი, დაპატიმრებულნი, იხდიან სასჯელს ან შეფარდებული აქვთ იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებანი;
ე) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებით ღონისძიებებს დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად;
ვ) გააუქმოს დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პირისათვის უკანონოდ დადებული დისციპლინური სახდელი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი საჯარიმო იზოლატორიდან, კარცერიდან;
ზ) კანონით დადგენილ შემთხვევებში თანხმობა მისცეს ზემოხსენებულ დაწესებულებათა ადმინისტრაციის აქტებს;
თ) შეამოწმოს ზემოხსენებულ დაწესებულებათა ადმინისტრაციის ბრძანებების, განკარგულებებისა და დადგენილებების კანონთან შესაბამისობა, შეაჩეროს მათი მოქმედება და გააპროტესტოს უკანონო აქტები, შესაბამის თანამდებობის პირს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები.
3. პროკურორი ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. პროკურორის მოთხოვნა ზემოხსენებულ დაწესებულებებში პირთა მოთავსების, ყოფნის, სხვა იძულებით ღონისძიებათა აღსრულების კანონიერებასთან დაკავშირებით სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი დაწესებულებების ადმინისტრაციისათვის.
მუხლი 19. პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი
1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.
2. პროკურორს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებს ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქმის წინასწარ მოსმენაში. ამასთან, მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებითობის შესახებ საკითხთა განხილვაში, საქმის შეწყვეტის, საქმის წარმოების შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვისა და სხვა საკითხების განხილვაში.
4. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. მას უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებანი და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განსასჯელის გათავისუფლების შესახებ.
5. საკასაციო და სარევიზიო წარმოების სტადიებზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს, როგორც მხარე, იმ საჩივრების შესახებ, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.
მუხლი 20. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია
1. პროკურატურა აანალიზებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მონაწილეობს მათ სხდომებში, შეიმუშავებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის ღონისძიებებს. იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას.
2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
თავი IV
საპროკურორო აქტები
მუხლი 21. საპროკურორო აქტების სისტემა
პროკურორი უფლებამოსილების განხორციელებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს შემდეგ აქტებს: მოთხოვნას, წარდგინებას, პროტესტს, დადგენილებას, თანხმობას, საჩივარს, მითითებას და ინფორმაციას.
მუხლი 22. პროკურორის მოთხოვნა
1. პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს:
ა) სისხლის სამართლის საქმეზე საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის ჩატარება;
ბ) კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების გასარკვევად სპეციალისტების გამოყოფა;
გ) ზედამხედველობის ან საპროცესო ხელმძღვანელობის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტების, მასალების, საქმეების, მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა.
2. გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურორს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, მიუხედავად ამ ინფორმაციის რეჟიმისა.
3. დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეიძლება შემოწმდეს პროკურორის მოთხოვნით მათ სამყოფელ ადგილას, პროკურორის ან მისი დავალებით – სპეციალისტების, ექსპერტებისა და სხვა პირების მიერ.
4. პროკურორის მოთხოვნით, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს პროკურატურაში ან მის მიერ მითითებულ სხვა ადგილას.
5. პროკურორი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს გამოთხოვილ ინფორმაციაში მოცემული სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების დაცვა.
6. აკრძალულია სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა და რაიმე მასალების ან საქმის გამოთხოვა სასამართლოდან, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 23. წარდგინება
1. პროკურორს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის მე-16–18 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებულნი არიან 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.
2. წარდგინების განხილვისას სხდომის დღე უნდა ეცნობოს პროკურორს, რომელსაც განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს.
მუხლი 24. პროტესტი
1. პროკურორს წერილობითი პროტესტი შეაქვს ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეების აქტებისა და ქმედებების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.
2. პროტესტში პროკურორმა შეიძლება მოითხოვოს:
ა) უკანონო აქტების მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმება ან კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
ბ) უკანონო ქმედების შეწყვეტა;
გ) დარღვეული უფლებების აღდგენა;
დ) კანონის დამრღვევის დასჯა.
3. პროტესტი უკანონო სამართლებრივი აქტის გამო შეიტანება მის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში. იმავე წესით ხდება თანამდებობის პირების უკანონო მოქმედებათა გაპროტესტება.
4. პროკურორის პროტესტი განხილულ უნდა იქნეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
5. პროტესტის განხილვის დღე უნდა ეცნობოს პროკურორს, რომელსაც უფლება აქვს პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით დაუჭიროს მხარი პროტესტს.
6. პროტესტი განხილვამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.
7. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს პროტესტის განხილვის დაწყებამდე შეიტანოს მასში ცვლილებები ან შეცვალოს იგი ახალი პროტესტით.
მუხლი 25. დადგენილება
1. მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ დაშვებული კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის მიხედვით, კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში და წესით, პროკურორს გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოებისა და დისციპლინური წარმოების აღძვრის შესახებ.
2. პროკურორის დადგენილებები დისციპლინური წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ წარმოების აღძვრის თაობაზე განხილულ უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
მუხლი 26. თანხმობა
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი აძლევს წერილობით თანხმობას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მოქმედებებზე.
მუხლი 27. მითითება
1. პროკურორს უფლება აქვს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მისცეს წერილობითი მითითება მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებს.
2. პროკურორის მითითება მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების საკითხებზე სავალდებულოა შესასრულებლად.
მუხლი 28. საჩივარი
1. პროკურორი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია:
ა) გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შეუსვლელი აქტი ზემდგომ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში, როგორც მხარემ;
ბ) გაასაჩივროს სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული აქტი სარევიზიო წესით ან ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში, როგორც მხარემ.
2. პროკურორის მიერ შეტანილი საჩივარი სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოთხოვილ იქნეს იმავე ან ზემდგომი პროკურორის მიერ.
მუხლი 29. ინფორმაცია
პროკურორს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებში შეაქვს ინფორმაცია კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 30. საპროკურორო აქტების გასაჩივრება
1. პროკურორის წარდგინება, პროტესტი, დადგენილება, მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით ან ზემდგომ პროკურორთან 10 დღის ვადაში იმ ორგანოსა და თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც გაეგზავნა ეს აქტი.
2. გასაჩივრება არ აჩერებს საპროკურორო აქტების აღსრულებას, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი V
პროკურატურის პერსონალი
მუხლი 31. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნ პირს
1. პროკურორად, პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს 2 წლამდე სტაჟირება პროკურატურაში, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები (სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში, კრიმინალისტიკაში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ინფორმატიკის საფუძვლებში) საქართველოს იუსტიციის საბჭოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიაში, მიღებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან გამომძიებლის მოვალეობები.
2. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან საქართველოს გენერალური პროკურორი და პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულებითი სამართლის, კრიმინოლოგიის ან კრიმინალისტიკის სპეციალობით.
3. საქართველოს გენერალურ პროკურორად, მის მოადგილედ, საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურორად, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებად და მათ მოადგილეებად, ქ. თბილისის პროკურორად, საოლქო პროკურორად და მათ მოადგილეებად, რეგიონულ სამხედრო და ტრანსპორტის, რაიონის (ქალაქის), სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურორებად ინიშნება პირი, რომელსაც შეუსრულდა 30 წელი და აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ, გამომძიებლად, ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
4. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელში ერთხელ მაინც უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
5. მრჩევლები და ტექნიკური პერსონალი პროკურატურაში სამუშაოდ მიიღებიან საკონტრაქტო საფუძველზე. მათი სამუშაოზე მიღებისა და დათხოვნის წესს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
6. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან, სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა.
7. პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.
8. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.
მუხლი 32. პროკურატურის მუშაკის ფიცი
1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესებისას გენერალური პროკურორის წინაშე დებს ფიცს: „მე............. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს პროკურატურის მუშაკის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს“.
2. პროკურატურის მუშაკის ფიცის დადება შეიძლება ჩატარდეს რელიგიური ფიცის გარეშე. ფიცის ტექსტს ხელს აწერს ფიცის დამდები და იგი ინახება მის პირად საქმეში.
მუხლი 33. პროკურატურაში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;
გ) სასამართლო წესით ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად ცნობილი პირი;
დ) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძვლით დათხოვნილი პირი.
მუხლი 34. პროკურატურიდან დათხოვნის წესი
1. პროკურატურის მუშაკს სამსახურიდან დაითხოვენ:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
ბ) დანიშვნის, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო;
დ) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
ე) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევის გამო;
ვ) შტატების შემცირებისას;
ზ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათა სხვა დარღვევის გამო;
თ) საკუთარი ნება-სურვილით;
ი) ფიცის გატეხვის, სამსახურებრივი საიდუმლოს გახმაურების და პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის გამო;
კ) დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, 33-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხდომილების არსებობისას;
ლ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას.
2. გენერალურ პროკურორს უფლება აქვს დაითხოვოს პროკურატურის ორგანოებიდან განსაზღვრულ ასაკს (მამაკაცებისათვის – 65, ქალებისათვის – 60 წელი) მიღწეული პროკურატურის მუშაკი.
თავი VI
პროკურატურის მუშაკთა სამართლებრივი დაცვა
მუხლი 35. პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა
1. პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და წესისა.
2. პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებაში ხელის შეშლა, მისი ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. პროკურატურის მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ განცხადების ან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.
3. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს შეინახოს და ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური საშუალებები, რომელთა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.
მუხლი 36. პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა
პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილნი ჩაერიონ პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის საქმიანობისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
მუხლი 37. პროკურატურის მუშაკის უფლება სასამართლო დაცვაზე
1. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა
1. პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.
2. აკრძალულია საქართველოს გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილეების, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორის, გენერალური პროკურატურის კოლეგიის სხვა წევრის ადმინისტრაციული წესით დაპატიმრება, იძულებით მოყვანა, დაკავება, დაპატიმრება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა, სატელეფონო ან სხვა სახის სალაპარაკო ტექნიკური საშუალებით წარმოებული საუბრის კონტროლი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე; გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ მისცემს თანხმობას, გენერალური პროკურატურის კოლეგიის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
3. პროკურატურის დაკავებული, დაპატიმებული ან მსჯავრდებული მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.
4. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს მხოლოდ გენერალური პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს მხოლოდ გენერალური პროკურატურა.
5. პროკურატურის მუშაკის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დადგენილი წესით დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებს გენერალური პროკურორი.
6. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან განთავისუფლება (პროკურატურის მუშაკი, რომელიც განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, კადრების განკარგულებაშია 3 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს პროკურატურიდან დათხოვნის საფუძველი, პირი უნდა დაინიშნოს პროკურატურის ორგანოებში);
ე) პროკურატურიდან დათხოვნა.
მუხლი 39. წახალისება მუშაობაში წარმატებისათვის
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის, პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) 10 დღე-ღამის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;
დ) მორიგი სპეციალური საკლასო წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის” წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
თავი VII
პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვა
მუხლი 40. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პროკურატურის მუშაკის სოციალურ დაცვას.
2. პროკურატურის მუშაკის ხელფასს, მატერიალურ შეღავათებს და საპენსიო უზრუნველყოფას განსაზღვრავს კანონი.
3. პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის მუშაკს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს დადგენილი წესით.
5. პროკურატურის მუშაკს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა, დასახიჩრდა ან დაავადდა, სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხარისხის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1-დან 5 წლამდე ხელფასის ოდენობით.
6. პროკურატურის მუშაკს აუნაზღაურდება საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) მგზავრობის ხარჯები.
7. სამხედრო პროკურატურის თანამდებობის პირებს, დაკავებული თანამდებობისა და სამუშაო სტაჟის შესაბამისად, ენიჭებათ სპეციალური წოდებები. მათზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და უზრუნველყოფის ნორმა, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებისათვისაა დადგენილი.
მუხლი 41. პროკურატურის მუშაკთა საკლასო წოდებები
1. პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს, დაკავებული თანამდებობების, სამეცნიერო ხარისხის, კვალიფიკაციისა და სამუშაო სტაჟის შესაბამისად, ენიჭებათ საკლასო წოდებები.
2. საკლასო წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. საკლასო წოდების მქონე პირებს ეძლევათ თანამდებობრივი ხელფასის დანამატი.
4. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის საკლასო წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის და სამხედრო მოსამსახურეთათვის.
თავი VIII
პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება
მუხლი 42. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება
1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
2. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
3. პროკურატურის მიწის ნაკვეთები, შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი უძრავი და მოძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებაა.
თავი IX
პროკურატურის საქმიანობის და ორგანიზაციის სხვა საკითხები
მუხლი 43. პროკურატურის ბეჭდვითი გამოცემები
პროკურატურა გამოსცემს ჟურნალს, გაზეთს, კრებულებს და საინფორმაციო ბიულეტენებს პროკურატურის საქმიანობის პრობლემებზე.
მუხლი 44. პროკურატურის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებები
1. პროკურატურის მუშაკები კვალიფიკაციას იმაღლებენ საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრში. გენერალურ პროკურატურაში ფუნქციონირებს სამეცნიერო-ტექნიკური სამსახური.
2. გენერალურ პროკურატურასთან მოქმედებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
3. სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
მუხლი 45. ბეჭედი, პირადობის მოწმობა, ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები
1. გენერალურ პროკურატურას და ქვემდგომ პროკურატურებს აქვთ მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და პროკურატურის დასახელებით.
2. გენერალურ პროკურორს დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტი.
3. პროკურატურის სხვა მუშაკებს პირადობის მოწმობას აძლევს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე.
4. სამხედრო პროკურორი და სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი ატარებენ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს.
5. სამხედრო პროკურატურის მუშაკი, რომელსაც მინიჭებული აქვს საკლასო წოდება, ფორმის ტანსაცმელზე დადგენილი წესისამებრ ატარებს განმასხვავებელ ნიშნებს.
მუხლი 46. სტატისტიკური ანგარიშები
პროკურატურა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად გამოიმუშავებს სტატისტიკური ანგარიშის ერთიანი აღრიცხვის ფორმებს, ადგენს პროკურატურის ორგანოებში სტატისტიკური ანგარიშების შედგენის ერთიან წესებს.
მუხლი 47. პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი
საქართველოს გენერალურ პროკურატურას უფლება აქვს კავშირი დაამყაროს სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 48. განცხადებებისა და საჩივრების განხილვა პროკურატურაში
1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.
2. პროკურატურაში შემოსული განცხადება ან საჩივარი დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება.
3. პროკურატურაში შემოსული ანონიმური განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.
მუხლი 49. ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი, ყველა ქვემდგომი პროკურორი, პროკურორის მოადგილე, უფროსი თანაშემწე, თანაშემწე, სამმართველოს, განყოფილების, ნაწილის უფროსი ან მისი მოადგილე, პროკურორ-კრიმინალისტი და პროკურორ-სტაჟიორი;
ბ) პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;
გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი;
დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის, საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის, საოლქო, რეგიონული სამხედრო და სატრანსპორტო, რაიონის (ქალაქის) და სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურატურების გამომძიებლის, პროკურორის თანაშემწის ან სამმართველოს (განყოფილების, ნაწილის) პროკურორის თანამდებობაზე სტაჟირებაზე დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი.
თავი X
კონტროლი და ზედამხედველობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე
მუხლი 50. საპარლამენტო კონტროლი
პროკურატურის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციის მოსმენით.
მუხლი 51. საქართველოს პრეზიდენტის კონტროლი
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, პერიოდულად ისმენს საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციას.
მუხლი 52. სასამართლო კონტროლი
პროკურატურის მიერ იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 53. ზედამხედველობა სახელმწიფო სახსრების გამოყენებაზე
პროკურატურისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს კონტროლის პალატა.
თავი XI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 54. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების წესი
1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ძალაშია დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ კანონის ამოქმედებამდე.
2. პროკურორად და პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნად ამ კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა ძალაში შედის 1999 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს იუსტიციის საბჭომ 1999 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების პროგრამების შემუშავება და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება.
3. პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია 1999 წლის 1 ივლისამდე, ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა 2001 წლის 1 იანვრამდე.
4. პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ვადამდე არ ექნება ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, განთავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
5. 1999 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს კანონი, რომელიც გაითვალისწინებს პროკურატურასა და საერთო სასამართლოებში მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობაზე გადასვლის გამარტივებულ წესს.
6. საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრამდე საოლქო პროკურატურები მოქმედებენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე არსებულ სამხარეო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიებზე.
7. სამხედრო პროკურატურის სამსახურებრივი შენობების დაცვა და საბადრაგო მომსახურება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს.
თავი XII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 55. ძალადაკარგული აქტების ნუსხა
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 11 ივნისის №49 დეკრეტით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის დროებითი დებულება“ (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1995 წ., ტ. I, მუხ. 78);
ბ) „სამხედრო პროკურატურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 133).
მუხლი 56. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-15 მუხლი ამოქმედდეს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 21 ნოემბერი.
№1112–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები