დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2473 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.000.04.001.002.091 |
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
ი) გამოყოფილი ხელფასის ფონდის ფარგლებში ამტკიცებს გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.“.
2. მე-40 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. პროკურატურის მუშაკს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის დადგომიდან ერთი წლის ვადაში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურატურის მუშაკს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დაიჭრა ან დასახიჩრდა, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არა უმეტეს 7 000 ლარისა.“.
3. 401 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებისაგან.“;
ბ) მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2473–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები