დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 279 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 04/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.000.04.001.001.530 |
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პროკურატურა (შემდგომში – პროკურატურა) თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურორს (შემდგომში – გენერალურ პროკურორს) შეუძლია დროებით შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა და კანონით დადგენილი წესით განსაზღვროს მისი საქმიანობის მიმართულებები და ფუნქციონირების ვადა.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომში – გენერალური პროკურატურა), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული (საქალაქო) პროკურატურები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურები.‘‘.
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, უფროსი თანაშემწეები და თანაშემწეები. გენერალური პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველს.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გენერალურ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები, განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. გენერალურ პროკურატურაში არის საგამოძიებო ნაწილი, რომელსაც ჰყავს უფროსი და მისი მოადგილეები, უფროსი პროკურორები და პროკურორები, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებლები.“;
გ) მე-6 პუნქტის:
გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს;“;
გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კანონით დადგენილი წესით აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში ჩამოთვლილი პირების, პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის და პროკურატურის მრჩევლის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალების იმ ოფიცრების მიმართ, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულნი არიან საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ, აგრეთვე უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მთავრობათა წევრების მიერ დანაშაულის ჩადენისას;“;
გ.გ). „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ პროკურატურის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებას;“;
გ.დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს;“;
გ.ე) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, აგრეთვე ინსტრუქციებსა და მითითებებს;“;
გ.ვ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტი
1. გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტია ბრძანება, რომელიც გამოიცემა ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
2. გენერალური პროკურორის ნორმატიული ხასიათის ბრძანების პროექტი სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.
3. გენერალური პროკურორის ნორმატიული ხასიათის ბრძანება საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციამდე საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.
4. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე თუ ბრძანებაში სხვა ვადა არ არის მითითებული. დაუშვებელია გენერალური პროკურორის ბრძანება გამოქვეყნდეს მის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციამდე.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გენერალური პროკურატურის კოლეგიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გენერალური პროკურატურის კოლეგია განიხილავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობას, საკადრო საკითხებს, ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ყველა ქვემდგომი პროკურორის ანგარიშებს და პროკურატურის საქმიანობის სხვა საკითხებს.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გენერალური პროკურორის და გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი.“.
6. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, უფროსი თანაშემწეები და თანაშემწეები.“;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, მათ მოადგილეებს, უფროს თანაშემწეებსა და თანაშემწეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფის უფროსსა და მის მოადგილეს, საგამოძიებო ნაწილის უფროსს, მის მოადგილეს, საგამოძიებო ნაწილის პროკურორს, პროკურორ-კრიმინალისტს, განყოფილებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფის უფროს პროკურორებსა და პროკურორებს, უფროს გამომძიებლებს, გამომძიებლებსა და მრჩევლებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონულ (საქალაქო) პროკურორებს, მათ მოადგილეს, უფროს თანაშემწესა და თანაშემწეს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს, აგრეთვე პროკურატურის მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.“;
ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურორებისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისათვის.“.
9. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საოლქო პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქ. თბილისის პროკურორს და საოლქო პროკურორებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, უფროსი თანაშემწეები და თანაშემწეები.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.“.
10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) პროკურატურები
1. რაიონულ (საქალაქო) პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი პროკურორები, რომელთაც შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, უფროსი თანაშემწეები და თანაშემწეები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
2. რაიონულ (საქალაქო) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, უფროს თანაშემწეებსა და თანაშემწეებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. რაიონული (საქალაქო) პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისთვის.“.
11. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გენერალური პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო) პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სპეციალიზებული პროკურატურის უფლებამოსილების ვადით.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გენერალური პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო) და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით.“.
12. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ გენერალურ პროკურორს და მის მიერ განსაზღვრულ პროკურორებს.“.
13. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია
1. პროკურატურა კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდაცვის ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის დროული გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღების, დანაშაულის მიზეზებისა და მათი ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.
2. გენერალური პროკურორი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო) პროკურორები ხელმძღვანელობენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოების საქმიანობას.
3. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
14. 31-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან: გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, პირები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, აგრეთვე პირები, რომელსაც მინიჭებული აქვთ სამეცნიერო ხარისხი სამართლის დარგში. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, თუ მათ არ აქვთ ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ აქვთ მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი სამართლის დარგში, საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი წლის განმავლობაში.“;
ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს გენერალურ პროკურორად, მის მოადგილედ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებად და მათ მოადგილეებად, ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ (საქალაქო) პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ პროკურატურის ორგანოებში, მოსამართლედ, გამომძიებლად, ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურატურის მუშაკებს, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მუშაკებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა საჯარო დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.“.
15. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:
„მუხლი 34. პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება
1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
ბ) დანიშვნის, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო;
დ) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
ე) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევის გამო;
ვ) შტატების შემცირებისას;
ზ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათა სხვა დარღვევის გამო;
თ) საკუთარი ნება-სურვილით;
ი) ფიცის გატეხვის, სამსახურებრივი საიდუმლოს გახმაურების და პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის გამო;
კ) დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, 33-ე მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხდომილების არსებობისას;
ლ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას.
მ) სამსახურში მიღებისას ან თანამდებობაზე დანიშვნისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
ნ) საპენსიო ასაკის გამო.
2. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ან ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურის მუშაკები გენერალური პროკურორის ბრძანებით შესაძლებელია გადაყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში ან/და დაეკისროთ დროებით მოვალეობის შესრულება. პროკურატურის მუშაკის კადრების განკარგულებაში ყოფნისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკებს უნარჩუნდებათ ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
3. კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკს უნდა შესთავაზონ მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უნდა დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში.“.
16. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური საშუალებები კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
17. 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თანამდებობიდან გათავისუფლება;“.
18. 39-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;“.
19. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა
1. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. პროკურატურის მუშაკის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
2. პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის მუშაკს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში მის არასრულწლოვან შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე ენიშნებათ პენსია პროკურატურის გარდაცვლილი მუშაკის ხელფასის სრული ოდენობით.
5. პროკურატურის მუშაკს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დაიჭრა, დასახიჩრდა ან დაავადდა, სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხარისხის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1-დან 5 წლამდე ხელფასის ოდენობით.
6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკის შრომის უნარის ისეთი დაკარგვის შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს მის შემდგომ შრომით საქმიანობას, პროკურატურის მუშაკს ენიშნება სამისდღემშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად.
7. პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 45 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. შვებულებაში გასვლისას მას დამატებით მიეცემა ერთი თვის ხელფასი.
8. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობს შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები სარგებლობენ შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.
9. პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია პროკურორად, პროკურატურის გამომძიებლად, პროკურატურის მრჩევლად ან მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი და არ მიუღწევია საპენსიო ასაკისათვის, ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პროკურატურიდან დათხოვნის შემთხვევაში უფლება აქვს მიიღოს პენსია მისი ხელფასის 60 პროცენტის ოდენობით, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მას განესაზღვრება პენსია ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.
10. პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია სამართალდაცვის, იუსტიციის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში (მათ შორის, 4 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი, პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღემშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ოთხწლიანი ვადა არ ვრცელდება გენერალურ პროკურორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე.
11. პროკურატურის მუშაკს, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პენსია დაენიშნება სათანადო ორგანოსათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის დღიდან.
12. პროკურატურის მუშაკს აუნაზღაურდება საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) მგზავრობის ხარჯები.“.
20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:
„მუხლი 401. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება
1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისაგან.
2. პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი.
3. პროკურატურის მუშაკები სარგებლობენ დანამატებით სახელმწიფო სპეციალური წოდებების, სპეციალობით წელთა ნამსახურობისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილის შესაბამისად, აგრეთვე, ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. გენერალური პროკურატურის პროკურორის, გამომძიებლის და მრჩევლის თანამდებობრივი სარგო არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო გენერალური პროკურატურის სხვა მუშაკების თანამდებობრივი სარგო არ უნდა იყოს 250 ლარზე ნაკლები.
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული (საქალაქო) პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების, გამომძიებლების და მრჩევლების თანამდებობრივი სარგო არ შეიძლება იყოს 400 ლარზე ნაკლები, ხოლო პროკურატურის სხვა მუშაკების თანამდებობრივი სარგო არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები.
6. სპეციალობით წელთა ნამსახურობისათვის პროკურატურის მუშაკებს დანამატი ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 5 წლამდე – 10 პროცენტი;
ბ) 5-დან 10 წლამდე – 20 პროცენტი;
გ) 10-დან 15 წლამდე – 25 პროცენტი;
დ) 15 წელი და მეტი – 30 პროცენტი.
7. სახელმწიფო სპეციალური წოდებებისათვის პროკურატურის მუშაკებს დანამატი ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) საშუალო სპეციალური წოდებისთვის – 10 პროცენტი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდებისთვის – 15 პროცენტი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდებისთვის – 20 პროცენტი.
8. დანამატი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილის მიხედვით, თანამდებობრივი სარგოს 15 პროცენტის ოდენობით განესაზღვრებათ პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, დუშეთის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, შუახევის, მესტიის, ლენტეხის, წალენჯიხის, ონის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონებში.“.
21. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო სპეციალური წოდებები
1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის მრჩეველს, დაკავებული თანამდებობის, სამეცნიერო ხარისხის, კვალიფიკაციის, სამუშაო სტაჟის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების თანამშრომლებისათვის.“.
22. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე სტრიქონით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
23. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს პროკურატურას წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის თანხები მიეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
24. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
25. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება
1. პროკურატურის მუშაკები კვალიფიკაციას იმაღლებენ შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.
2. საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საერთაშორისო პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკებს შეუძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთის ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდაცვით უწყებებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.“.
26. 45-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროკურატურის მუშაკი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებს დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს გენერალური პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
27. 49-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პროკურორი – გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, უფროსი თანაშემწე და თანაშემწე, ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო), სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილების და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი და მისი მოადგილე, რომელიც უშუალოდ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევაში პროკურატურის ის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე და პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე;“;
გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პროკურატურის სტაჟიორი – გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ (საქალაქო) და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, პროკურორის უფროსი თანაშემწისა და თანაშემწის, უფროსი გამომძიებლისა და გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე სტაჟირებაზე დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.“.
28. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ე) პროკურატურის მრჩეველი – პირი, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციას არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელება და არ განეკუთვნება პროკურატურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის კატეგორიას;
ვ) პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პროკურატურის შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;
ზ) პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება პროკურატურის სისტემაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.“.
29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 542 მუხლი:
„მუხლი 542. პროკურატურის მუშაკთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრა
პროკურატურის მუშაკებს ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების ოდენობა განესაზღვროთ 2004 წლის 1 ივლისიდან.“;
30. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 55. საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება
ამ კანონის მე-40, 401 და 542 მუხლების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ.“.
31. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:
„მუხლი 551 კანონის ცალკეული მუხლების ამოქმედება
ამ კანონის მე-40, 401 და 542 მუხლები ამოქმედდეს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „პროკურატურის მუშაკთა სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება.
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოადგინოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამ კანონის პირველი მუხლის 31-ე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კანონის პროექტი.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 30 ივნისი.
№279–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები