დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 690 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/03/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 290.090.000.05.001.000.103 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (21/03/1995 - 28/05/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
სამედიცინო გადასახადის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს კანონი შემუშავებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის კონცეფციის საფუძველზე და „საგადასახადო სისტემის საფუძვლის შესახებ“ საქართველოს რესპრუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში საქართველოს რესპუბლიკის იურიდიულ პირთა და დასაქმებულ მოქალაქეთა მატერიალური მონაწილეობის წესს.
2. სამედიცინო გადასახადი არის რესპუბლიკური მიზნობრივი გადასახადი, რომელიც უშუალოდ ირიცხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში და გამიზნულია ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
მუხლი 2. სამედიცინო გადასახადის გადამხდელები
1. სამედიცინო გადასახადის გადამხდელებად ითვლებიან:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა იურიდიული პირი განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე მათი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს ცალკე ბალანსი და ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის ის ორგანიზაციები, რომელთაც ბანკში მხოლოდ ხელფასისათვის აქვთ გახსნილი ანგარიში და ამავე დროს თავად აკავებენ ხელფასიდან სახელმწიფო გადასახადებს. თუ ხელფასიდან ანგარიშსწორება რაიონულ და სასოფლო ორგანიზაციაში, რომელიც სხვადასხვა ბიუჯეტზეა, გამგეობის მეშვეობით ხდება, სამედიცინო გადასახადის გადამხდელად ითვლება აღნიშნული გამგეობა;
ბ) ყველა კატეგორიის დასაქმებული მოქალაქე, მათ შორის შტატგარეშე, სეზონურ-დროებითი, შეთავსებით სამუშაოზე, აგრეთვე სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით და ერთჯერად, მოკლევადიან სამუშაოზე დასაქმებული პირები.
მუხლი 3. დაბეგვრის ობიექტი
1. დაბეგვრის ობიექტად იურიდიული პირებისათვის ითვლება მათი ყველა სახის შემოსავალი, რომლის მიღებისთვის აუცილებელია შრომითი დანახარჯები, რომლებიც ანაზღაურდება დადგენილი წესით.
2. ყველა კატეგორიის დასაქმებული მოქალაქის შემოსავალი, გარდა შემდეგი შემოსავლებისა:
- გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია;
- სამუშაოდან გათავისუფლების დროს გამოსასვლელი დახმარება;
- საკომპენსაციო გაცემა (მივლინების დღიური ანაზღაურებანი, სამუშაოსთან დაკავშირებული დასახიჩრების და ჯანმრთელობის დაზიანების გამო ზარალის ანაზღაურება);
- სამკურნალო-პროფილაქტიკური მკურნალობის,გაცემული სპეცტანსაცმლის, სპეცფეხსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების, რძის და სხვა ღირებულება;
- მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიებისათვის უფასოდ გათვალისწინებული ბინების, კომუნალური მომსახურების, საწვავის, მგზავრობის ღირებულების და სხვა სახის ანაზღაურება;
- უფასო კოლექტიური კვების ღირებულება;
- ორგანიზაციების სოციალური განვითარების სახსრებიდან მიღებული სადილების დოტაციის და სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის და დასასვენებელი სახლების საგზურების ღირებულება;
- სხვა სამუშაოზე ან სხვა ადგილებზე მგზავრობის, ტვირთის გადაზიდვის და ბინის ხარჯების ანაზღაურება;
- ფულადი დანამატი და ხელფასის წანამატი, რომელიც გაიცემა დღიური ანაზღაურების ნაცვლად იმ შემთხვევაში, როცა მუდმივი სამუშაოები ხორციელდება გზაში ან აქვს მგზავრობის ხასიათი ან მომსახურების უბნის ფარგლებში სამსახურებრივი მოგზაურობის გამო;
- ხელფასები, რომლებიც მომუშავეებს არ აუნაზღაურდებათ და გადაირიცხება სათანადო ბიუჯეტში ან საქველმოქმედო ფონდებში;
- მაკონტროლებელ ორგანოთა მატერიალური სტიმულირების ფონდიდან გაცემული ანაზღაურებები, რომლებიც იქმნება საფინანსო სანქციებისა და ჯარიმების სახით ბიუჯეტში და არასაბიუჯეტო ფონდებში ჩარიცხული სახსრებიდან;
- საიბილეო თარიღებთან, დაბადების დღესთან დაკავშირებით ფულადი წახალისება ან წახალისება,რომელიც გაიცემა ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისათვის და სხვა ანალოგიურ შემთხვევაში;
- შეჯიბრებებზე, დათვალიერებებზე, კონკურსებზე საპრიზო ადგილებისათვის ფულადი ჯილდოები;
- წარმოებისაგან მოწყვეტით და მის მიერ სასწავლებლად გაგზავნილი მოსწავლეების (ასპირანტების) სტიპენდიები;
- სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული სტიპენდიები;
- დაზღვევის სახსრებიდან გაცემული დახმარებები და პენსიები.
მუხლი 4. დასაბეგრი თანხა და გადასახადის განაკვეთები
ა) იურიდიული პირისთვის გადასახადი წესდება მათი შემოსავლებიდან სავალდებულო დანარიცხის წესით. გადასახადი დაერიცხება ყველა სახის შრომით გასამრჯელოს, მათ შორის ხელფასზე დანამატებს, შრომის ანაზღაურების ხარჯზე გაცემული პროდუქციის ღირებულების ჩათვლით, საავტორო ჰონორარს, მატერიალური წახალისების და სხვა ფონდებიდან გაცემული დამატებითი ანაზღაურების თანხებსა და პრემიებს.
სამედიცინო გადასახადი დაერიცხება მთლიანად ხელფასსა და დანამატებს სახელმწიფო გადასახადების (საშემოსავლო და სხვა) დაუქვითავად. ამასთან მნიშვნელობა არა აქვს აღნიშნული გაცემების წყაროებს, მუხლებს, გადასახადების საბუთების ფორმებს (საანგარიშო-გადასახდელი უწყისი, პირადი აღრიცხვის ბარათი და სხვა), რომლის მიხედვითაც მოხდა ხელფასისა და სხვა გადასახადების ანგარიშსწორება.
შრომის ანაზღაურების ხარჯზე გაცემული პროდუქციის ღირებულება შეფასდება სახელმწიფო ან იმ დროისათვის დადგენილი შესყიდვის ფასებით, რაც აღირიცხება შრომის ანაზღაურების შესაბამის უწყისში.
სამედიცინო გადასახადის ოდენობა დადგენილია აღნიშნული ანაზღაურების ფაქტობრივი ოდენობის 3 პროცენტის ოდენობით.
დარიცხვა არ განხორციელდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ შემოსავლებზე.
ბ) სამედიცინო გადასახადს იხდის ყველა კატეგორიის მომუშავე მოქალაქე ყოველგვარი ფიქსირებული შემოსავლიდან, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევებისა. გადასახადი დადგენილია ერთი პროცენტის ოდენობით.
მუხლი 5. გადასახადის გადახდის წესი
1. სამედიცინო გადასახადი მოქალაქეებს ექვითებათ სავალდებულო წესით დასაბეგრი შემოსავლის მიღებისთანავე და ცენტრალიზებულად გადაირიცხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში დარიცხულ სავალდებულო გადასახადთან ერთად.
არაძირითად სამუშაო ადგილას, შეთავსებით ან დროებით მომუშავეებს სამედიცინო გადასახადი დაეკავებათ ხელფასის (შემოსავლის) გაცემის ადგილას.
მოქალაქეთა მიერ სამედიცინო გადასახადის გადახდისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გასცემს დასაბეგრ ხელფასს (შემოსავალს). გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის გადახდისათვის პასუხისმგებელია ხელფასის (შემოსავლის) გამცემი.
2. იურიდიული პირები სამედიცინო გადასახადს იხდიან თვეში ერთხელ ხელფასიდან გადასახადების გადახდის ვადებში, გადამხდელები სამედიცინო გადასახადებს იხდიან უნაღდო ანგარიშსწორებით ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდის ანგარიშზე კუთვნილი საგადასახადო თანხის ჩარიცხვით.
3. ბანკში საგადასახადო დავალიანება გადასახადის გადარიცხვის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს მთლიანად კუთვნილ თანხაზე, ანგარიშზე სახსრების არსებობის მიუხედავად.
გადასახადების გადარიცხვის შესახებ საგადასახადო დავალებებს ბანკი ასრულებს საანგარიშო დოკუმენტების მიღების თარიღის თანამიმდევრობით (ხელფასის მიღების დადენილი ვადების მიხედვით).
თუ მიმდინარე ან ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული სახსრების მიხედვით შეუძლებელი ხდება საბანკო დაწესებულებების მიერ ერთდროულად ხელფასის, გადასახადებისა და შენატანების გადარიცხვის დაკმაყოფილება, პირველ რიგში გაიცემა ხელფასის თანხა და ხელფასიდან დაკავებული გადასახადები, ხოლო დანარჩენი თანხა გადაირიცხება ჯანმრთელობის დაცვის ფონდში სამედიცინო გადასახადის სახით.
საგადასახადო დავალებები, ნაწილობრივ ან შესრულებული მთლიანად, საბანკო დაწესებულება რჩება და სრულდება გადამხდელის ანგარიშზე სახსრების შემოსვლისთანავე.
4. გადამხდელი ორგანიზაცია ლიკვიდაციის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს ეს საგადასახადო ინსპექციის იმ რაიონულ (საქალაქო) განყოფილებას სადაც იგი რეგისტრირებულია, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. აღნიშნულ ორგანიზაციაში სალიკვიდაციო კომისიები პასუხს აგებენ სამედიცინო გადასახადის სრული დაფარვისათვის.
მუხლი 6. საურავის დარიცხვა
1. წარდგენილი საგადასახადო დავალებების მიუხედავად, დადგენილ ვადაში გადაუხდელი თანხა დავალიანებად ითვლება და საურავის დარიცხვით გადაიხდება. გადამხდელის მიერ საურავი უვადო წესით დაერიცხება დავალიანების თანხას მისი 0,2 პროცენტის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის.
2. საურავი დაერიცხება გადასახადის გადახდის დადგენილი ვადის მომდევნო დღიდან.
საურავზე საურავი არ დაერიცხება.
საურავი დაერიცხება:
- საბანკო დაწესებულებებიდან ხელფასის ფაქტობრივად მიღების დღიდან;
- ნაღდი ფულის გადახდის დროს - ბანკის შესაბამის განყოფილებაში ფულის შეტანის დღიდან;
- ფულის ფოსტით გადაგზავნის დროს ან საკრედიტო დაწესებულებების მეშვეობით ფოსტაში ან საბანკო დაწესებულებაში ფულის შეტანის დღიდან.
თუ გადახდის თარიღი უქმე დღეს ემთხვევა, საურავი ირიცხება უქმე დღის მომდევნო დღიდან.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაარიცხოს საურავი დავალიანების მთლიან თანხას და პერიოდისათვის, რომელიც აღირიცხება ანგარიშსწორების უწყისში. თუ საურავს გადამხდელი არ დაარიცხავს ანგარიშსწორების უწყისის შემოწმების დროს, საურავს დაარიცხავს საგადასახადო ინსპექცია.
4. ვადაგადაცილებული დავალიანების თანხის ამოღება დარიცხული საურავისა და ჯარიმის სახით ხდება გადასახადისათვის დადგენილი უვადო წესით.
5. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდის შემოსავალში უდავო წესით ამოიღება დავალიანების ის თანხები, რომლებიც ირიცხება გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან ანგარიშსწორების ანგარიშზე საბანკო დაწესებულებაში.
გადამხდელის ანგარიშზე არსებული თანხის ჩამოწერას დავალიანების, ჯარიმისა და საურავის დასაფარავად საბანკო დაწესებულების საინკასო დავალებების საფუძველზე, ახდენს საგადასახადო ინსპექციის რაიონული (საქალაქო) განყოფილება საგადასახადო მოთხოვნის ბლანკზე. ამისათვის გამოიყენება უაქცენტო საინკასო დავალების ფორმები, რომლებიც შემუშავებულია რესპუბლიკაში მოქმედი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
6. სამედიცინო გადასახადის დავალიანება ამოიღება ხანდაზმულობის მიუხედავად.
მუხლი 7. გადასახადის გადამხდელთა პასუხისმგებლობა და მისი კონტროლი
1. სამედიცინო გადასახადის გამოანგარიშების სისწორისთვის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში დროულად ჩარიცხვის და საგადასახადო ორგანოებში გაანგარიშების დადგენილ ვადებში წარდგენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ გადამხდელ ორგანიზაციებს და მათს თანამდებობის პირებს საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საგადასახადო ორგანოებს და საბანკო დაწესებულებებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ გადამხდელთა მიერ სამედიცინო გადასახადების მოქმედი კანონმდებლობის სათანადო დაცვისა და მისი გამოყენებისადმი კონტროლისათვის "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" და "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად.
მუხლი 8. დასკვნითი დებულება
ამ კანონით გათვალისწინებული სამედიცინო გადასახადის ოდენობის, აგრეთვე საგადასახადო შეღავათების შეცვლა შეუძლია საქართველოს პარლამენტს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
ქ.თბილისი,
1995 წლის 21 მარტი.
№690–IIს
დოკუმენტის კომენტარები