დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1459 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 18/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.120.000.05.001.000.375 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (05/12/2003 - 18/05/2004)
საქართველოს კანონი
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ
მუხლი 1
ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
მუხლი 2
1. თუ მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შემძენი ცნობილ იქნეს მესაკუთრედ. (ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53]
2. თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა), მაშინ ასეთი გარიგება წესრიგდება ამ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53
მუხლი 3
1. თუ მოსარგებლეს უკავია ერთ სულზე თორმეტ კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართობის მქონე სადგომი, მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარგებლის მიერ ნამეტი ფართობის გამოთავისუფლება, თუ:
ა) მოსარგებლემ თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები ბრალეულად მნიშვნელოვნად დაარღვია;
ბ) მესაკუთრეს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება თავისთვის ან ახლო ნათესავისათვის.
2. თუ მესაკუთრეს აქვს ერთ სულზე თორმეტ კვ.მ-ზე ნაკლები საცხოვრებელი ფართობი, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოსარგებლეს ერთ სულზე ცხრა კვ.მ-ზე მეტი ფართობის გამოთავისუფლება.
მუხლი 4
1. ბინის ქირის ოდენობა ერთ სულზე თორმეტ კვ.მ-ზე ნაკლებ საცხოვრებელ ფართობზე თვეში შეადგენს დაუბეგრავი მინიმუმის ერთ პროცენტს თითოეულ კვადრატულ მეტრზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ბინის ქირის ოდენობა ერთ სულზე თორმეტ კვ.მ-ზე მეტ საცხოვრებელ ფართობზე თვეში შეადგენს დაუბეგრავი მინიმუმის სამ პროცენტს თითოეულ კვადრატულ მეტრზე.
3. მოსარგებლე მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა შრომისუუნარო პირები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულნი არიან კომუნალური გადასახადებისაგან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიან ბინის ქირას დაუბეგრავი მინიმუმის ათი პროცენტის ოდენობით.
მუხლი 5
მოსარგებლე ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის განთავისუფლებაზე, თუ:
ა) მესაკუთრე მოსარგებლეს საკუთრებაში გადასცემს სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში, ერთ სულზე არანაკლებ ცხრა კვ. მ-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს იმ ფართობისა, რომელიც ეკავა მოსარგებლეს; ან
ბ) მესაკუთრე მოსარგებლეს მისცემს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების კომპენსაციას. (ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53
მუხლი 6
1. მოსარგებლეს აქვს საკუთრების უფლება მესაკუთრის თანხმობით, საკუთარი ხარჯებით განხორციელებულ საცხოვრებელი სადგომის მიშენება-დაშენებაზე.
2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საცხოვრებელი სადგომის მიშენება-დაშენებაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დათმობისას მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს მოსარგებლის მიერ გაწეული ხარჯები.
მუხლი 7
1. მოსარგებლე უფლებამოსილია მესაკუთრის თანხმობის გარეშე გაუკეთოს ქონებას გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული კაპიტალური რემონტი. მესაკუთრის ინიციატივით გარიგების მოშლის შემთხვევაში მოსარგებლეს აქვს ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
2. თუ საცხოვრებელი სადგომი მწვავეავარიულია, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლის თანხმობის გარეშე ჩაატაროს აღდგენითი სამუშაოები ან დაშალოს ნაგებობა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით. (ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53
მუხლი 8
ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე კერძო საცხოვრებელ სადგომში შესახლებულ პირსა და მესაკუთრეს შესაბამისი კანონის მიღებამდე შეუნარჩუნდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 81
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად ქალაქ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის 1 მაისამდე მიღებულ იქნეს ამ კანონში შესატანი ცვლილებები. ამ ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოების მიერ შეჩერებულ იქნეს მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავები და მესაკუთრესა და მოსარგებლეს შეუნარჩუნდეთ უფლება-მოვალეობანი საცხოვრებელ სადგომზე.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3149 – სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.237
მუხლი 9
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 25 ივნისი.
№1459–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53
2. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3149 – სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.237
დოკუმენტის კომენტარები