„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1815
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 02/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 040.120.000.05.001.001.938
  • Word
1815
30/06/2005
სსმ, 34, 02/07/2005
040.120.000.05.001.001.938
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

     „მუხლი 11

კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსარგებლე – პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით;

ბ) რეგისტრაცია – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის №323 კანონის (პარლამენტის უწყებანი, 30.07.96, გვ. 28) მიღებამდე არსებული წესით საცხოვრებელ ფართში რეგისტრაცია (ჩაწერა).“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

„1. თუ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე (სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე), მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდის შემთხვევაში.

2. თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.

3. თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში.

4. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).

5. თუ მოსარგებლეს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოპოვებული აქვს ქირავნობის საფუძველზე, ის არ ჩაითვლება ამ კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლედ და მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლებები.

6. თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.

7. თუ მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული, დავა გადაწყდება სასამართლო წესით.

8. იმ მესაკუთრეს, რომლის საცხოვრებელ სადგომშიც ადმინისტრაციული აქტით შესახლებულ იქნა მოსარგებლე, შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას.

9. მოსარგებლე ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ კომპენსაციას სახელმწიფოსგან მიიღებს მესაკუთრის ან მოსარგებლის მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

10. მესაკუთრეს უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია თავად აუნაზღაუროს მოსარგებლეს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია სასამართლო წესით მოითხოვოს მე-8 პუნქტით დადგენილი კომპენსაციის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება.

11. ამ მუხლით საცხოვრებელ სადგომად განისაზღვრება ის ფართი, რომელზედაც თავდაპირველად არსებობდა გარიგება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ან გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული აქტით.“.

3. მე-3 და მე-4 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

მესაკუთრე, რომელიც მოსარგებლეს მოსთხოვს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტას, ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარგებლეს მის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და არსებითი გაუმჯობესების ხარჯები საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

თუ ამ კანონით დადგენილი უფლებები არ განხორციელდება 2010 წლის 1 იანვრამდე, მესაკუთრეს უფლება აქვს უპირობოდ მოსთხოვოს მოსარგებლეს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა.“.

6. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81

ამ კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის გადახდის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება 2007 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

№1815–რს