საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

  • Word
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 040.120.000.05.001.000.375
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1459
25/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
040.120.000.05.001.000.375
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/07/1998 - 07/06/2001)

საქართველოს კანონი

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

მუხლი 1

ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

მუხლი 2

1. თუ მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შემძენი ცნობილ იქნეს მესაკუთრედ.

2. თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა), მაშინ ასეთი გარიგება წესრიგდება ამ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 3

1. თუ მოსარგებლეს უკავია ერთ სულზე თორმეტ კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართობის მქონე სადგომი, მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარგებლის მიერ ნამეტი ფართობის გამოთავისუფლება, თუ:

ა) მოსარგებლემ თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები ბრალეულად მნიშვნელოვნად დაარღვია;

ბ) მესაკუთრეს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება თავისთვის ან ახლო ნათესავისათვის.

2. თუ მესაკუთრეს აქვს ერთ სულზე თორმეტ კვ.მ-ზე ნაკლები საცხოვრებელი ფართობი, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოსარგებლეს ერთ სულზე ცხრა კვ.მ-ზე მეტი ფართობის გამოთავისუფლება.

მუხლი 4

1. ბინის ქირის ოდენობა ერთ სულზე თორმეტ კვ.მ-ზე ნაკლებ საცხოვრებელ ფართობზე თვეში შეადგენს დაუბეგრავი მინიმუმის ერთ პროცენტს თითოეულ კვადრატულ მეტრზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ბინის ქირის ოდენობა ერთ სულზე თორმეტ კვ.მ-ზე მეტ საცხოვრებელ ფართობზე თვეში შეადგენს დაუბეგრავი მინიმუმის სამ პროცენტს თითოეულ კვადრატულ მეტრზე.

3. მოსარგებლე მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა შრომისუუნარო პირები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულნი არიან კომუნალური გადასახადებისაგან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიან ბინის ქირას დაუბეგრავი მინიმუმის ათი პროცენტის ოდენობით.

მუხლი 5

მოსარგებლე ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის განთავისუფლებაზე, თუ:

ა) მესაკუთრე მოსარგებლეს საკუთრებაში გადასცემს სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში, ერთ სულზე არანაკლებ ცხრა კვ. მ-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს იმ ფართობისა, რომელიც ეკავა მოსარგებლეს; ან

ბ) მესაკუთრე მოსარგებლეს მისცემს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების კომპენსაციას.

მუხლი 6

1. მოსარგებლეს აქვს საკუთრების უფლება მესაკუთრის თანხმობით, საკუთარი ხარჯებით განხორციელებულ საცხოვრებელი სადგომის მიშენება-დაშენებაზე.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საცხოვრებელი სადგომის მიშენება-დაშენებაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დათმობისას მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს მოსარგებლის მიერ გაწეული ხარჯები.

მუხლი 7

1. მოსარგებლე უფლებამოსილია მესაკუთრის თანხმობის გარეშე გაუკეთოს ქონებას გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული კაპიტალური რემონტი. მესაკუთრის ინიციატივით გარიგების მოშლის შემთხვევაში მოსარგებლეს აქვს ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

2. თუ საცხოვრებელი სადგომი მწვავეავარიულია, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლის თანხმობის გარეშე ჩაატაროს აღდგენითი სამუშაოები ან დაშალოს ნაგებობა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

მუხლი 8

ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე კერძო საცხოვრებელ სადგომში შესახლებულ პირსა და მესაკუთრეს შესაბამისი კანონის მიღებამდე შეუნარჩუნდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობანი.

მუხლი 9

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 25 ივნისი.

№1459–IIს