სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
ძალაში შესვლის თარიღი 16/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
27/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
010240060.57.069.016055
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/02/2015 - 08/07/2015)

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №1

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 41 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი“;

ბ)  საჩივრის ელექტრონული ფორმა და მისი შევსების ინსტრუქცია (დანართი).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ“.

3. ბრძანება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვაზე. ასეთი საჩივრები განიხილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ შესაბამისად.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 16 მარტიდან.



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობის წესსა და სამართლებრივ საფუძვლებს.

2. წესი ვრცელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებულ დავებზე.

3. საბჭოს მიერ დავების განხილვის მიზანია მათი სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე.

4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს.

5. წესის ფარგლებში ნებისმიერი ინფორმაციის მიღება/გაგზავნა შესაძლებელია განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებებით, ვებგვერდის https://tenders.procurement.gov.ge/dispute ან/და კომუნიკაციის სხვა თანამედროვე საშულებებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, მოკლეტექსტური შეტყობინება).

6. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით. საჩივარს დასაშვებად ცნობს საბჭოს აპარატი.

7. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი).

 

მუხლი 2. საბჭოში გასაჩივრების უფლება

1. სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია, ამ წესის შესაბამისად, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საბჭოში, თუ მიაჩნია, რომ დაირღვა კანონით ან/და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.

2. საბჭოში გასაჩივრება შესაძლებელია:

ა) ტენდერის ჩატარების შედეგად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე;

ბ) ტენდერისათვის სტატუსის „ტენდერი არ შედგა“ მინიჭების შემთხვევაში – სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან მიმართებით;

გ) ტენდერისათვის სტატუსის „ტენდერი შეწყვეტილია“ მინიჭების შემთხვევაში – შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში – ამ ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტენდერს მინიჭებული აქვს სტატუსი „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“, რა დროსაც საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ამ სტატუსის მინიჭებიდან ხელშეკრულების დადებამდე.

4. საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში, შესყიდვების პროცედურები სისტემაში შეჩერდება მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომ.

5. გასაჩივრებას არ ექვემდებარება გადაწყვეტილება/ქმედება, თუ პრეტენზია ეხება:

ა) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ, რომელიც მიღებულია კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

6. საჩივარი საბჭოში წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონულად, სისტემაში სატენდერო განცხადებაში არსებული სისტემური ღილაკის მეშვეობით. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და საბჭოში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 3. საბჭო

1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით. მის შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

2. საბჭოს თავმჯდომარეობს სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს თავმჯდომარე სააგენტოს თანამშრომელთა შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს ორ წევრს ერთი წლის ვადით. არასამთავრობო სექტორიდან საბჭოს წევრები შეირჩევიან და ინიშნებიან ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 4. არასამთავრობო სექტორიდან საბჭოს წევრების არჩევა

1. არასამთავრობო სექტორის სამი წარმომადგენელი საბჭოს წევრად არასამთავრობო სექტორის მაქსიმალურად ფართო შემადგენლობის მიერ შეირჩევა როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით. არასამთავრობო სექტორის ერთი და იგივე წარმომადგენელი საბჭოს წევრად შესაძლოა არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. არასამთავრობო სექტორიდან საბჭოს წევრების შესარჩევად საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციათა ინფორმირებას საბჭოს წევრობის ვაკანსიის შესახებ კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით, მათ შორის, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.procurement.gov.ge გამოყენებით.

3. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საბჭოს წევრის ვაკანტური ადგილის რაოდენობას;

ბ) საბჭოს წევრის ფუნქციების აღწერას;

გ) საბჭოს წევრისადმი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) განაცხადების წარმოდგენის ვადასა და პირობებს;

ე) განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი მონაცემების ჩამონათვალს;

ვ) დამატებით ინფორმაციას.

4. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის მიერ საბჭოს წევრის ვაკანსიის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების წესით.

5. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენა.

6. საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) იყოს პროფესიით იურისტი ან ეკონომისტი;

ბ) ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

გ) ფლობდეს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის საბაზისო ცოდნას.

7. განაცხადების მიღების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 სამუშაო დღეს.

8. განაცხადი უნდა შეიცავდეს კანდიდატის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია გამოცხადებულ ვაკანსიაში. განაცხადების დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და გადარჩევას უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი.

9. საბჭოს წევრთა არჩევნები ინიშნება განცხადებების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

10. საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს საბჭოს წევრთა არჩევნების მხოლოდ ორგანიზაციულ მხარდაჭერას. დაუშვებელია სააგენტოს ან/და საბჭოს აპარატის წარმომადგენლის მიერ საბჭოს წევრთა არჩევნებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ან/და ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება.

11. არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საბჭოს აპარატის წევრი (სხდომის მდივანი). არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

12. საბჭოს წევრებად ინიშნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც აირჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. არჩეული კანდიდატების სია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც სიის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს წარდგენილ კანდიდატებს საბჭოს წევრებად.

13. სააგენტოს თავჯდომარე არ არის უფლებამოსილი, უარი თქვას წარდგენილ კანდიდატთა დანიშვნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოიშობა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ ან/და „თ“–„კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.

14. საბჭოს არჩევნები ტარდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სულ მცირე ოცდაათი დღით ადრე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ვერ ჩატარდა ან საბჭოს წევრი ვერ შეირჩა, საბჭოს შესაბამის წევრს უფლებამოსილება უგრძელდება ახლადარჩეული წევრის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის ვადით.

 

მუხლი 5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

გ) თუ საბჭოს წევრი საბჭოს სხდომაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ მიიღებს მონაწილეობას;

დ) ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

ე) გარდაცვალება;

ვ) მისი არასამთავრობო ორგანიზაციიდან გათავისუფლება, თუ ეს ორგანიზაცია არის მისი წარმომდგენი;

ზ) მისი სააგენტოში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;

თ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება;

ი) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.

კ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

2. საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებად ან შეუთავსებელ საქმიანობად ითვლება:

ა) შემსყიდველ ორგანიზაციაში დასაქმება ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველობა/პრეტენდენტობა/მიმწოდებლობა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის/პრეტენდენტის/მიმწოდებლის წარმომადგენლობა;

გ) კონსულტაციის გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/მიმწოდებლისთვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბჭოს იმ წევრებზე, რომლებიც საბჭოში წარმოადგენენ სააგენტოს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ვრცელდება საბჭოს მხოლოდ იმ წევრებზე, რომლებიც საბჭოში წარმოადგენენ სააგენტოს.

4. საბჭოს წევრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობა შეივსება ამ წესის შესაბამისად.

6. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს:

ა) ერთსა და იმავე არასამთავრობო ორგანიზაციაში მისი თანამდებობრივი პოზიციის ცვლილება;

ბ) სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმავე არასამთავრობო ორგანიზაციიდან წარმოდგენილია საბჭოს სხვა წევრი.

 

მუხლი 6. საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი

1. საბჭოს აპარატის ფუნქციას ასრულებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს აპარატი ახორციელებს დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივ პროცედურებს.

2. საბჭოს აპარატი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) საჩივრის დასაშვებობის დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, განიხილავს სააგენტოში შემოსულ საჩივრისა და თანდართული მასალების შესაბამისობას კანონის 23-ე მუხლითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ეცნობება მომჩივანს ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდება ვებგვერდზე https://tenders.procurement.gov.ge/dispute. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად გაგზავნილად ჩაითვლება მისი ვებგვერდზე განთავსებისთანავე;

ბ) ამ წესის დანართის დაუცველად წარმოდგენილი საჩივრის შემთხვევაში, საბჭოს აპარატი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობებს აღნიშნულის თაობაზე მომჩივანს ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და განუსაზღვრავს მას ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას, მაგრამ არაუმეტეს მომდევნო სამუშაო დღისა. მომჩივანის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საბჭოს აპარატი საჩივარს ცნობს დაუშვებლად, რის შესახებაც დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობებს მომჩივანს ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდება ვებგვერდზე https://tenders.procurement.gov.ge/dispute. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად გაგზავნილად ჩაითვლება მისი ვებგვერდზე განთავსებისთანავე. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების ვადის ათვლა იწყება ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, მისი დასაშვებად ცნობის მომენტიდან;

გ) საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის ზომებს, რათა სისტემის მეშვეობით შეჩერდეს შესაბამისი შესყიდვის პროცედურები;

დ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზებას, მხარეების (მომჩივანი, მოპასუხე) და დაინტერესებულ პირთა (არსებობის შემთხვევაში) საბჭოს სხდომაზე მოწვევას.

3. საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, თუ:

ა) საჩივარი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის არასათანადო გადაწყვეტილებას/ქმედებას;

ბ) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;

გ) საჩივარი ეხება საკითხს, რომელზეც არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) საჩივარი ეხება საკითხს, რომელისაც განიხილავს საბჭო იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ე) ტენდერისთვის სტატუსის „ტენდერი არ შედგა“ ან „ტენდერი შეწყვეტილია“ მინიჭების შემთხვევაში – საჩივარი არ ეხება წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს;

ვ) მომჩივანი არ დააზუსტებს საჩივარს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე, აღნიშნულის თაობაზე ეცნობებათ საბჭოს წევრებს ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და მიეთითებათ საჩივრის, აგრეთვე მასზე თანდართული მასალის (არსებობის შემთხვევაში) გაცნობის შესაძლებლობის თაობაზე.

5. საბჭოს აპარატის წევრი საბჭოს წევრებს მოახსენებს ინფორმაციას საქმის შინაარსის, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობისა და მათი უფლებამოსილების თაობაზე.

6. საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები, მათ შორის, იმავე შესყიდვის ობიექტის შესყიდვასთან დაკავშირებით არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი ტენდერი (ასეთი არსებობის შემთხვევაში).

7. საბჭოს აპარატის წარდგინების საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ერთი და იმავე შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ წარდგენილი საჩივრების განხილვის გაერთიანების შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობებათ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

8. საბჭოს აპარატი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს შემოსულ საჩივრებზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგს. საბჭოს აპარატს უფლება აქვს, მოითხოვოს ნებისმერი ინფორმაცია (დოკუმენტაცია), რაც დაკავშირებულია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებასთან.

 

მუხლი 7. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ სამი წევრი.

3. საბჭო საჩივარს განიხილავს ღია სხდომაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამავე პერიოდში ტარდება საჩივრის განხილვის სხდომა. საბჭოს უფლება აქვს, გამართოს მოსამზადებელი სხდომა.

5. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტი, ექსპერტი ან/და თარჯიმანი შესაბამისი მხარის მოთხოვნით ან საბჭოს ინიციატივით. სპეციალისტის, ექსპერტი ან/და თარჯიმნის საბჭოს სხდომაზე მოწვევის საკითხს წყვეტს საბჭო.

6. ხარჯები სპეციალისტის, ექსპერტის ან/და თარჯიმნის მომსახურებისათვის ეკისრება იმ პირს, რომელიც იშუამდგომლებს მათი მოწვევის შესახებ, ხოლო თუ სპეციალისტი, ექსპერტი ან/და თარჯიმანი მოწვეულია საბჭოს ინიციატივით, ხარჯები მხარეებს დაეკისრებათ თანაბრად.

7. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის განსაზღვრული 10 სამუშაო დღის ვადაში ექპერტის დასკვნის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელება დასკვნის მომზადებისათვის საჭირო დროით, მაგრამ არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.

8. სხდომაზე მხარეები და დაინტერესებული პირები შესაძლებელია წარმოდგენილი იყვნენ, როგორც პირადად, ასევე უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენელი ვალდებულია, წარადგინოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი – მინდობილობა.

9. საბჭოს სხდომაზე სხდომის მდივანი უზრუნველყოფს მომჩივანისა და მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოცხადების დამოწმებას.

10. ვიდეოკონფერენციის საშუალებით დასწრების შემთხვევაში, დამსწრე პირთა ვინაობას ამოწმებს იმ ორგანიზაციის თანამშრომელი, საიდანაც ხდება ჩართვა.

11. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საბჭოს სხდომა დაატოვებინოს წესრიგის დამრღვევს.

12. ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მომჩივანი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საბჭოს მოახსენებს პოზიციას იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც იგი მოითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას.

13. მომჩივანის მოხსენების შემდეგ, მოპასუხე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი მოახსენებს საბჭოს საკუთარ პოზიციას მტკიცებულებებზე მითითებით.

14. თუ საქმეში ჩაბმულია დაინტერესებული პირი, იგი ან მისი წარმომადგენელი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს მომჩივნისა და მოპასუხის მოხსენებების შემდეგ.

15. მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვები სხდომის თავმჯდომარის თანხმობით. საბჭოს წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დაუსვას მხარეს კითხვა.

16. მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭოს წევრების მონაწილეობით იმართება თათბირი.

17. საბჭოს სხდომა შესაძლებელია წარიმართოს ელექტრონული კომუნიკაციების ისეთი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ყველა მონაწილის ერთდროულ აუდიო-ვიდეო კავშირსა და დოკუმენტების გადაგზავნის შესაძლებლობას ონლაინრეჟიმში (ვიდეოკონფერენცია).

 

მუხლი 8. საბჭოს სხდომის ჩატარების დრო და ადგილი

1. მხარეებსა და დაინტერესებულ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბჭოს სხდომის გამართვის დრო და ადგილი ეცნობებათ ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

2. საბჭოს სხდომაზე მხარეთა და დაინტერესებულ პირთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

3. საბჭოში წარდგენილი საჩივრის განხილვის სხდომის დღეს ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს აპარატის წარდგინების საფუძველზე.

4. საბჭოს სხდომა ტარდება საბჭოში (ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8). იმ შემთხვევაში, თუ სხდომა ტარდება წესის მე-7 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს წევრს/წევრებს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომაში ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

 

მუხლი 9. საბჭოს გადაწყვეტილება

1. საბჭო უფლებამოსილია:

ა) სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;

ბ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი.

2. თუ საბჭოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, საბჭო უფლებამოსილია:

ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ გადაწყვეტილებაზე/ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება;

ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების/ქმედების გადასინჯვა ან გაუქმება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.

3. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მისი მიღების დრო და ადგილი, საბჭოს წევრთა ვინაობა, მომჩივნისა და მოპასუხის, მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა და დავის საგანი;

ბ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოება ან/და მტკიცებულება, რის საფუძველზეც დადასტურდა ან უარყოფილ იქნა ესა თუ ის მტკიცებულება, ასევე, სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა, რომლითაც ხელმძღვანელობდა საბჭო;

გ) საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ;

დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი.

4. საბჭოს ყოველი წევრი საჩივარსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რაც უნდა ემყარებოდეს დავის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

5. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რაც დაერთვება მიღებულ გადაწყვეტილებას.

6. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე ყველა წევრი. იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი არ ესწრება გადაწყვეტილების მიღებას, ამის შესახებ გადაწყვეტილებაში კეთდება აღნიშვნა. ამ წესის მე-7 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვიდეოკონფერენციაში მონაწილე საბჭოს წევრს გადაწყვეტილება ეგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით საბჭოს აპარატის მიერ, რომელშიც აისახება საბჭოს თითოეული წევრის მიერ სხდომაზე გამოხატული პოზიცია.

7. ვიდეოკონფერენციაში მონაწილე საბჭოს წევრი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ადასტურებს, რომ გადაწყვეტილებაში ასახულია მის მიერ საბჭოს სხდომაზე გამოხატული პოზიცია, რაც უთანაბრდება მის მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერას.

8. საბჭოს გადაწყვეტილება მისი მიღებისთანავე განთავსდება ვებგვერდზე https://tenders.procurement.gov.ge/dispute და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

მუხლი 10. საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება

1. საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა.

2. ნებისმიერ დაინტერესებულს პირს უფლება აქვს, მიმართოს საბჭოს აპარატს და მიაწოდოს მას ინფორმაცია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების შეფერხების შესახებ.

3. საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 11. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

მხარეები და დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან, გაასაჩივრონ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


7. 08/02/2018 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 1 - ვებგვერდი, 08/02/2018 6. 15/06/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 22 - ვებგვერდი, 16/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 14/03/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 7 - ვებგვერდი, 15/03/2017 4. 30/12/2016 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 17 - ვებგვერდი, 03/01/2017 3. 26/10/2016 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 12 - ვებგვერდი, 27/10/2016 2. 11/01/2016 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 1 - ვებგვერდი, 12/01/2016 1. 08/07/2015 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 12 - ვებგვერდი, 10/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას