ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ

  • Word
ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3511
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 04/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.05.001.002.381
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3511
25/07/2006
სსმ, 36, 04/08/2006
340.170.000.05.001.002.381
ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (04/08/2006 - 16/02/2007)

 

საქართველოს კანონი

ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ბიოლოგიური მეურნეობის მოწყობას, მართვას, ბიოპროდუქციის წარმოებას, გადამუშავებას, რეალიზაციას, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები და ძირითადი ამოცანები

1. ამ კანონის მიზნებია:

ა) საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ბიოლოგიური მეურნეობის სექტორის ჩამოყალიბებით;

ბ) ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და გაუმჯობესების ხელშეწყობა არასინთეზური სისტემებისა და ბუნებრივი სასუქების გამოყენებით;

გ) ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის წესების დადგენა;

დ) ბიოწარმოების, მისი სერტიფიცირებისა და მონიტორინგის პრინციპების ჩამოყალიბება;

ე) მცენარეთა და ცხოველთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენების სტიმულირება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული და ეტიკეტირებული ბიოპროდუქციის არსებულ საერთაშორისო ან/და საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევა;

ზ) ბიოპროდუქციის ბაზრის განვითარება;

თ) ბიოპროდუქციის წარმოების გზით ადგილობრივი კვების მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა და მისი ექსპორტის სტიმულირება;

ი) ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება როგორც კულტურულ, ისე ბუნებრივ ლანდშაფტებში.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისას გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება და ეკოსისტემების წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება;

გ) სოფლის მეურნეობის მდგრადობისა და გარემოს გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს კულტურული და ველური მცენარეების, ასევე შინაური და გარეული ცხოველების სასიცოცხლო პირობების შენარჩუნებას;

დ) ცხოველებისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მათ ბუნებრივ განვითარებას;

ე) ბიოპროდუქციის წარმოებისას განახლებადი რესურსების გამოყენება.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ამ კანონის რეგულირების სფეროა ბიოპროდუქციის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან, შეფუთვასთან, რეალიზაციასთან, იმპორტთან და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

2. ეს კანონი არ ვრცელდება პირადი ან ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილი ბიოპროდუქციის წარმოებაზე.

    მუხლი 3. კანონის სამართლებრივი საფუძვლები

ამ კანონის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“, „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, „სტანდარტიზაციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო აქტები.

    მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბიოლოგიური მეურნეობა – სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების მოწესრიგებული სისტემა, რომელიც მოიცავს მეურნეობის დაგეგმვის, მართვის და პროდუქციის წარმოების მეთოდებს და რომელიც ხელს უწყობს ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას, როდესაც შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა. „ბიოლოგიური მეურნეობის“ სინონიმებია „ეკოლოგიური მეურნეობა“, „ორგანული მეურნეობა“;

ბ) „ბიოპროდუქცია“ (ან სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, რომელშიც გამოყენებულია „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“) – პროდუქცია, რომლის წარმოების და შემდგომი გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის წესები შეესაბამება ბიოწარმოების სტანდარტის მოთხოვნებს და რომლის ეტიკეტზე არსებობს ამ შესაბამისობის დამადასტურებელი ნიშანი და წარწერა. ბიოწარმოების შესაბამის სტანდარტში მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგი პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების წესების მიმართ:

ბ.ა) სასურსათოდ განკუთვნილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი (გადაუმუშავებელი) პროდუქცია;

ბ.ბ) სასურსათოდ განკუთვნილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის გადამუშავებული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ერთი ან რამდენიმე მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტისაგან (ნედლეულისაგან);

ბ.გ) საკვები, კომბინირებული საკვები და ცხოველთა გამოსაკვებად წარმოებული სხვა პროდუქცია, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში;

გ) ბიოწარმოება – სოფლის მეურნეობის პროდუქციის (სურსათისა და საკვების) წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის სისტემა, რომელიც იმართება ბიოწარმოების სტანდარტში მოცემული წესების მიხედვით. ეს სისტემა წარმოადგენს ბიოლოგიური, კულტურული და მექანიკური მეთოდების ერთობლიობას, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას;

დ) ბიოლოგიური მეთოდები – პროდუქციის წარმოების ყველა ის მეთოდი, რომელიც მთლიანად გამორიცხავს სინთეზური საშუალებებითა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით ბიოპროდუქციის წარმოებას და სრულად შეესაბამება ბიოწარმოების სტანდარტს;

ე) ველურად მზარდი მცენარე – არაკულტივირებულ ფართობებზე არსებული მცენარე, რომლის მიმართაც ადამიანის შეხება გამოიხატება მხოლოდ მოსავლის აღებით;

ვ) ეკოსისტემა – ცოცხალ ორგანიზმთა თანასაზოგადოება და ის ფიზიკური გარემო, სადაც ისინი არიან დასახლებულნი;

ზ) განახლებადი რესურსები – ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ხასიათდება თვითგანახლებით;

თ) ბიოდეგრადირებადი მასალა – მასალა, რომელიც ექვემდებარება ბუნებრივი დაშლის პროცესს;

ი) მეორეული გამოყენების მასალა (რეციკლირებადი) – მასალა ან ჭურჭელი, რომლის ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია;

კ) სერტიფიცირების წესი – პროცედურა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) ბიოწარმოების სერტიფიცირება – სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ განაცხადში მითითებული პროდუქციის წარმოებისათვის გამოყენებული საწარმოო პროცესისა და საწარმოს ფარგლებში არსებული წარმოების შემდგომი საფეხურების (გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის) ბიოწარმოების სტანდარტში მოცემულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

მ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანო (სერტიფიკაციის ორგანო) – „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანო, რომლის აკრედიტაციასაც ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი;

ნ) აკრედიტაცია – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საექსპერტო შეფასება, რომლის განხორციელების შემდეგაც აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი შესაბამისი მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას;

ო) გენური ინჟინერია – ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდით მცენარეული, ცხოველური, უჯრედული და სხვა ბიოლოგიური ორგანიზმების ისეთი მიღების საშუალებას, რომელიც ვერ მიიღწევა ბუნებრივი სელექციით ან რეკომბინაციით.

თავი II

ბიოწარმოება მემცენარეობაში

    მუხლი 5. ბიოპროდუქციის წარმოების პირობები

1. ბიოლოგიურ მეურნეობაში აუცილებელია დაცული იქნეს ყველა შესაძლო პირობა, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება.

2. ბიომეწარმე ვალდებულია დაიცვას ბიოპროდუქციის წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით და ბიოწარმოების სტანდარტით დადგენილი ნორმები და წესები.

3. ბიოპროდუქციის წარმოებისათვის დაცული უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი პირობები:

ა) მხოლოდ ის პროდუქტები შეიძლება იქნეს გამოყენებული ბიოლოგიურ მეურნეობაში, როგორც მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და ნიადაგის გამაუმჯობესებლები, რომლებიც შეიცავს ბიოწარმოების სტანდარტით ნებადართულ ნივთიერებებს;

ბ) მოსავლის აღების შემდგომ არ უნდა მოხდეს მცენარეული ნარჩენების დაწვა ფართობის გასუფთავების მიზნით;

გ) სათესლე და სარგავი მასალის გამოყვანა და გამოყენება უნდა ხდებოდეს ბიოწარმოების დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;

დ) მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისაგან მცენარეთა დაცვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ აგროტექნიკური, მექანიკური, თერმული და ბიოლოგიური მეთოდებით და ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული პრეპარატების გამოყენებით;

ე) უნდა განხორციელდეს თესლბრუნვების დანერგვა და დაცვა.

4. ბიოპროდუქციის წარმოებისას აკრძალულია:

ა) მცენარეთა დაცვისათვის ისეთი ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც არ არის ნებადართული ბიოწარმოების სტანდარტით;

ბ) გენური ინჟინერიის მეთოდებით მიღებული კულტურებისა და პრეპარატების გამოყენება;

გ) ზრდის სინთეზური სტიმულატორების გამოყენება;

დ) საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალული ემულგატორების გამოყენება.

5. ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული პრეპარატების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებთან შეთანხმებით.

    მუხლი 6. ველურად მზარდი მცენარეების და მათი ნაყოფის გამოყენება ბიოლოგიური მეურნეობის პირობებში

1. ველურად მზარდი მცენარეების და მათი ნაყოფის შეგროვება ისე უნდა მოხდეს, რომ შეგროვებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ეკოსისტემებზე.

2. საზაფხულო საძოვრებად და სათიბებად უნდა შეირჩეს ველურად მზარდი მცენარეებით დაფარული ფართობები, რომლებიც არ მუშავდება ქიმიური პრეპარატებით.

თავი III

ბიოწარმოება მეცხოველეობაში

    მუხლი 7. პირუტყვის შეძენა

პროდუქტიული პირუტყვის შეძენა ნებადართულია მხოლოდ ბიოლოგიურ მეურნეობაში, გარდა ბიოწარმოების სტანდარტით დაშვებული გამონაკლისებისა.

    მუხლი 8. ცხოველთა კვება და მოვლა-შენახვა

1. ბიოწარმოებაში გამოყენებული ცხოველთა საკვები წარმოებული უნდა იყოს ბიოლოგიურ მეურნეობაში, გარდა ბიოწარმოების სტანდარტით დაშვებული გამონაკლისებისა.

2. აკრძალულია ცხოველთა საკვები დანამატების სახით ზრდისა და მადის სინთეზური რეგულატორების, ჰორმონების, კონსერვანტების, საღებავების, ყველა ტიპის ექსკრემენტების, გამხსნელებისა და სხვა ქიმიური აგენტების, ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათი პროდუქტების გამოყენება.

3. ცხოველთა მოვლა-შენახვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს მათ ბუნებრივ ინსტინქტებს, როდესაც ცხოველებს აქვთ თავისუფლად მოძრაობის საშუალება. აკრძალულია მთელი დღე-ღამის განმავლობაში ცხოველთა დაბმა და მათი საცხოვრებელი გარემოს დაბინძურება ტოქსიკური სამშენებლო და სხვა მასალებით.

    მუხლი 9. ცხოველთა გამრავლება

ცხოველთა გამრავლება და ახალი თაობის მიღება უნდა შეესაბამებოდეს მხოლოდ ბუნებრივ პროცესს.

    მუხლი 10. ცხოველთა სამკურნალო საშუალებების გამოყენება ბიოლოგიური მეურნეობის პირობებში

ცხოველთა დაავადებების მკურნალობისას და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებისას სავალდებულოა ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებით ვერ ხერხდება დაავადებების მკურნალობა.

თავი IV

ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვისა და რეალიზაციის წესები

    მუხლი 11. ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესები

1. ბიოპროდუქციის გადამუშავება უნდა ხდებოდეს ცალკე, სხვა პროდუქციისაგან გამოყოფილად.

2. აკრძალულია ბიოპროდუქციის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია სხვა პროდუქციასთან ერთად, თუ ისინი არ არის ერთმანეთისაგან განცალკევებული და ნიშანდებული.

3. გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, ბიოპროდუქციის გადამუშავების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს მკაცრად უნდა იქნეს დაცული საერთაშორისოდ აღიარებული და საქართველოში მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, ნორმები და ჰიგიენური ნორმატივები, საქართველოს კანონმდებლობა და ბიოწარმოების სტანდარტები.

4. ბიოლოგიური მეურნეობის პირობებში მკაცრად უნდა იყოს დაცული ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ბიოწარმოების სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები.

    მუხლი 12. ბიოპროდუქციის შეფუთვის წესი

1. ბიოწარმოებაში დასაშვებია მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული, განახლებადი, მეორეული გამოყენების ან ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალის, შესანახი კონტეინერის ან ჭურჭლის გამოყენება, რომლებიც სერტიფიცირებულია და უზრუნველყოფს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

2. ბიოწარმოებაში გამოყენებული შესაფუთი მასალები, შესანახი კონტეინერები და ჭურჭელი უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისოდ აღიარებულ და საქართველოში მოქმედ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებს, ნორმებსა და ჰიგიენურ ნორმატივებს.

თავიV

 ბიოწარმოების სერტიფიცირება

    მუხლი 13. ბიოწარმოების სერტიფიცირება

1. ბიოწარმოების სერტიფიკაციას ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უფლება აქვს მიიღოს განაცხადი, განახორციელოს სერტიფიკაცია და გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი. ამ კანონის მიზნებისათვის დასაშვებია საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის არსებობა.

2. პროდუქცია შეიძლება იყოს ნიშანდებული (ეტიკეტირებული), როგორც ბიოპროდუქცია, მხოლოდ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ახორციელებს მონიტორინგს ბიომეწარმის მიერ ბიოწარმოების წესების დაცვაზე და სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიოპროდუქციის წარმოების პირობები შეესაბამება ამ კანონისა და შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

თავი VI

 ბიოპროდუქციის იმპორტი

    მუხლი 14. ბიოპროდუქციის იმპორტი

1. იმპორტირებული პროდუქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბიოპროდუქციად, თუ იგი წარმოებულია იმ ქვეყნებში, სადაც ბიოწარმოებას აკონტროლებს შესაბამისი სამსახური.

2. ბიოპროდუქციას თან უნდა ახლდეს იმპორტიორი ქვეყნის სერტიფიკაციის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი.

თავი VII

 ბიოპროდუქციის ეტიკეტირების წესი

    მუხლი 15. ბიოპროდუქციის ეტიკეტირების წესი

1. ბიოპროდუქციის ეტიკეტირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბიოპროდუქციის ეტიკეტი დამატებით უნდა შეიცავდეს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს სამარკო ნიშანს და წარწერას „ბიოპროდუქცია“ (ან სიტყვათა ნებისმიერ კომბინაციას, რომელშიც გამოყენებულია „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“).

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს სამარკო ნიშნის და წარწერის „ბიოპროდუქცია“ (ან სიტყვათა ნებისმიერი კომბინაციის, რომელშიც გამოყენებულია „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“) გამოყენება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, ამ ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის გარეშე, წარმოადგენს ფალსიფიკაციას.

თავი VIII

კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

    მუხლი 16. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IX

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 17. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და გასატარებელი ღონისძიებები

1. 2007 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს ბიოპროდუქციისადმი ძირითად მოთხოვნებზე და წარმოების პირობებზე შესაბამისი სტანდარტების შემუშავებისა და რეგისტრაციის პროცესის წარმართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. 2007 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებთან შეთანხმებით, გამოსცემს ბრძანებას ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული პრეპარატების ნუსხის შესახებ.

3. მწარმოებლები, რომელთა მიერ წარმოებული სასურსათო პროდუქციის დასახელება არის „ბიოპროდუქცია“ (ან სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, რომელშიც გამოყენებულია „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“), ვალდებული არიან კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობა.

თავი X

დასკვნითი დებულება

    მუხლი 18. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 მარტს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3511–რს